Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბულგარეთი - დაკარგული სამოთხე

ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით ბულგარეთი მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა. ამ მხრივ იგი მხოლოდ საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, ესპანეთსა და არგენტინას ჩამოუვარდება. დღესდღეობით სწორედ ბულგარული ღვინოებია საუკეთესო ფასისა და ხარისხის შეფარდების თვალსაზრისით. მეღვინეობა – ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია. ქვეყანაში ვენახები 130 000 ჰა-ზეა გადაჭიმული. თეთრი ჯიშები ოდნავ ჭარბობს წითელს. ძირითადი წითლებია კაბერნე და მერლო, დანარჩენი – პამიდი, გამზა, მელნიკი, მავრუდი. თეთრი ჯიშები ძირითადად ადგილობრივი საჭიროებისთვისაა განკუთვნილი. ნარგავების დიდი ნაწილი რქაწითელს უჭირავს, დანარჩენი - იუნი ბლანს, რიზლინგს, წითელ მისკეტს, დიმიატსა და მუსკატ ოტონელს. ბოლო წლებში ვინიფიკაციის პროცესზე გაუმჯობესებულმა კონტროლმა დაამტკიცა, რომ თეთრი ჯიშები აქ ისევე კარგად იკიდებს ფეხს, როგორც წითელი.

ვაზი ბულგარეთში პრაქტიკულად ყველგან იზრდება, სახლებისა და აგარაკების ფასადებზეც კი. ადგილობრივ მევენახეობას არაერთი პრობლემა აქვს, მაგრამ ეს ნამდვილად არ ეხება კლიმატს. ზაფხული ყოველთვის ცხელი და ნოტიოა. მეღვინეობის ხუთი ძირითადი რეგიონიPკლიმატის თვალსაზრისით დიდად არ განსხვავდება. რასაკვირველია, ჩრდილოეთით უფრო ცივა, მაგრამ აქაც და სამხრეთშიც კარგი, ხარისხიანი ყურძენი მოდის. აღმოსავლეთის (შავიზღვისპირა) რეგიონი უმეტესად ცქრიალა ღვინოებსა და ბრენდიზეა ორიენტირებული. ძირითადი ჯიშებია: რისლინგი, რქაწითელი, ალიგოტე, შარდონე, მისეტი, მუსკატი ოტონელი, იუნი ბლანი, დიმიატი და ფეტიასკა. ჩრდილოეთ (დუნაის) რეგიონი გამზის (კადარკი), კაბერნე სოვინიონისა და მერლოსგან დამზადებული წითელი ღვინითაა ცნობილი. ურიგო არც ცქრიალა ღვინოებია, რომელთაც მაღალი მჟავიანობა მხოლოდ რგებს. სამხრეთი სახელგანთქმულია ტრადიციული ჯიშებით, როგორიცაა მავრუდი. აქვე მოჰყავთ კაბერნე, ცოტაოდენი პინო ნუარი და მერლო. სამხრეთ-დასავლეთში მელნიკის ჯიშისგან ლეგენდარულ წითელ ღვინოს ამზადებენ. მასზე ამბობენ, ისეთი სქელია, ცხვირსახოცით შეიძლება ტარებაო. სუბბალკანური რეგიონისთვის დამახასიათებელია წითელი მისკეტი, მუსკატი და რქაწითელი.

"თითოეული მწარმოებელი წინაპრების რეცეპტით საკუთარ სასმელს ამზადებს და მიიჩნევს, რომ ბაბუამისის ღვინო დედამიწის ზურგზე საუკეთესოა" - ამბობს Boyar Estates-ის მთავარი მენეჯერი, პლამენ გროზდანოვი. ბულგარეთში მეღვინეობის საიდუმლოებანი თაობიდან თაობას ლამის ნეოლითის პერიოდიდან გადაეცემოდა. ბერძნები აქაურ ღვინოებს ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან აქებდნენ, როდესაც ქვეყანას თრაკია ერქვა. ადგილობრივებში ვაზის სიყვარული ოსმალმა დამპყრობლებმაც ვერ დაჯაბნეს. თურქები ამ დარგის განვითარებას ხელს იმ მიზეზით არ უშლიდნენ, რომ სუფრის ყურძენი სჭირდებოდათ. რასაკვირველია, თანამედროვე ღვინის ინდუსტრია ბაბუის დაწურული ღვინისგან მკვეთრად განსხვავდება. მას ჯერ საუკუნოვანი ისტორიაც არა აქვს, მაგრამ ეს ხანმოკლე პერიოდი საინტერესო მოვლენებითაა დატვირთული. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანა საერთაშორისო კლასიკური ჯიშებითაა სახელგანთქმული – მერლო და კაბერნე ბულგარეთში XIX საუკუნის დასასრულიდან მოჰყავთ.

ძალა ერთობაშია?

XX საუკუნის დასაწყისში ბულგარულ ღვინის საწარმოთა უმეტესობა კოოპერატივების სახით არსებობდა, სადაც მრავალი წვრილი მევენახე იყო გაერთიანებული. კერძო ფირმები იშვიათობას წარმოადგენდა. 1930-იან წლებში ღვინის ექსპორტსა და იმპორტზე ყველა უფლება სახელმწიფოს გადაეცა და იგი ამ სფეროს მონოპოლისტი გახდა. კომუნისტურმა მთავრობამ, რომელიც ქვეყანას 1947 წლიდან მართავდა, ღვინის წარმოებისა და ვენახების ნაციონალიზაცია მოახდინა. 1960-იან წლებში მეღვინეობა ინდუსტრიულ რელსებზე გადავიდა, 1971 წლიდან კი ბულგარეთში უზარმაზარი აგროსამრეწველო კომპლექსები ჩამოყალიბდა. დარგი მეტწილად საბჭოთა კავშირიდან შემოსულ ინვესტიციებს ეფუძნებოდა, ამიტომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ აქ წარმოებული ღვინოები საშუალო საბჭოთა მომხმარებლის უპრეტენზიო გემოვნების შესაბამისი იყო. თუმცა ბულგარელები, რომელთაც თავის დროზე გმირულად გაუძლეს თურქულ შემოტევას, მეღვინეობასა და ღვინით ვაჭრობაში ვაზის ლერწზე მოქნილნი აღმოჩნდნენ. სწორედ მაშინ, როდესაც ავსტრალიურმა და კალიფორნიულმა ღვინოებმა ბრიტანელ მომხმარებელში ინტერესი დაკარგა, ქვეყანა მოულოდნელად დასავლურ ბაზარზე შეიჭრა.

სიახლე ახალ სამყაროში

ბულგარულმა ღვინომ ბრიტანელ ღვინის მოყვარულებში ფურორი მოახდინა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისელები ერთხელ ყველაფერს სინჯავენ. თუ ღვინო სტანდარტებს შეესაბამება და ფასიც ხარისხის შესაბამისია, მისი ერთგულნი რჩებიან. ასე მოხდა 1970-იანების ბოლოს კალიფორნიისა და ავსტრალიის შემთხვევაში. იგივე მექნიზმმა იმოქმედა 25 წლის წინათ, როდესაც მაღაზიებში სამ დოლარზე ნაკლებფასიანი ბულგარული ღვინოები გამოჩნდა. მათი აღიარება იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც ახალი სამყაროს ღვინოებზე ფასებმა აიწია. განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობდა კაბერნე სოვინიონი შავი მოცხარის არომატით და რბილი, სხეულიანი მერლო. 1984-დან 1996 წლამდე აქაურმა ღვინოებმა დიდი წარმატებით მოიკიდა ფეხი ბრიტანეთში. ამას ხელი შეუწყო სერიოზულმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა კატაკლიზმებმა, რაც 1989 წელს კომუნიზმის დაცემითა და 1991-1994 წლებში ევროპული ეკონომიკური კრიზისით გამოიხატა. 1996 წლის ექსპორტი 12-ჯერ აღემატებოდა 1984 წლის მაჩვენებელს. ამ პერიოდში ბულგარული ღვინოები უკვე ახალ, ხუთდოლარიან ნიშნულზე ავიდა. მაშინ აქაური კაბერნე არა მხოლოდ მისაღები, მოდურიც კი იყო, მაგრამ ბულგარულმა ღვინის ინდუსტრიამ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, როდესაც მიიჩნია, რომ ეს სიყვარული უსასრულოდ გაგრძელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 1996 წელს გაყიდვების მაჩვენებელმა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია, დაღმასვლის პერიოდი დაიწყო. პროცესს გარკვეულწილად ახალი სამყაროს ღვინოებისადმი ინტერესმაც შეუწყო ხელი, რასაც ამ სასმელთათვის დამახასიათებელი ხილის ბუკეტი აძლიერებდა. სამწუხაროდ, ადგილობრივმა მეღვინეებმა ბულგარულ სასმელში ეს თვისება სრულად ჩახშეს. ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლის, დიმიტრი დრაგიევის თქმით, ისინი ღვინოს ძველი წესით ამზადებდნენ, რომლის თანახმადაც "სარეზერვო" კლასის სასმელი კასრში სამ წელიწადს უნდა გაეჩერებინათ. შედეგად, ხილის არომატი საერთოდ აღარ რჩებოდა. მოგვიანებით ეს ვადა შემცირდა: "სარეზერვო" ღვინოს კასრში მხოლოდ ერთ წელიწადს ამყოფებდნენ. სულ უფრო მეტად იყენებდნენ ბარიკებს ათასი ლიტრის მოცულობის უზარმაზარი კასრების ნაცვლად, მაგრამ მომენტი ხელიდან იყო გაშვებული.

შეცდომების გასწორება: მშვენიერი ახალი სტილი

ბულგარელი მწარმოებლები შეცდომას თავადაც აღიარებენ, თუმცა ახლა მათი მიზანი იმის დაამტკიცებაა, რომ განვლილი პერიოდის განმავლობაში რაღაც ისწავლეს. კომპანია Boyar Estates, წარსულში Domaine Boyar – რამდენიმე ბულგარული საწარმოს აგენტის როლს ასრულებდა, მაგრამ 1995 წლიდან აქცენტი საკუთარი ღვინის დამზადებაზე გადაიტანა. კერძო ინვესტიციებითა და ევროპული ბანკებისგან აღებული სესხით კომპანიამ შუმენესა და იამბოლეში ორი მზა ღვინის საწარმო შეიძინა. პარალელურად 1998 წელს სლივენაში ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საწარმო - Blueridge ააშენა. სწორედ ასეთ ქარხნებს უნდა დაფუძნებოდა ბულგარული ღვინის მომავალი, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მეღვინეობის შემაფერხებელი მხოლოდ ტექნიკური პროგრესი არ იყო. პრობლემები წარმოიშვა ვენახებთან დაკავშირებითაც. 1978 წლიდან ქვეყანაში არსებობდა კლასიფიკაცია, რომელიც ადგილობრივ ღვინოს ოთხ ხარისხობრივ კატეგორიად ყოფდა. უმაღლესი - "კონტროლირან რეგიონი" ფრანგულ appellation controlee-ს შეესატყვისებოდა. რამდენიმე წლის წინ ძალაში შევიდა ახალი დადგენილება, რომლის თანახმადაც "კონტროლირანის" ღვინოთა კლასიფიკაცია ორსაფეხურიანი გახდა, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ზომები უშედეგოა, რადგან კანონი რეგიონებზე კონცენტრირდება და ნაკლებ ყურადღებას აქცევს წარმოების მოცულობასა და ხარისხს. ზოგიერთის აზრით, ბულგარული კანონები ნაკლებეფექტურია და უფრო ევროკავშირის საამებლადაა მიმართული.  

მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლებიცა და სახელმწიფოც ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისკენ ილტვიან, წარსულის მძიმე მემკვიდრეობისგან თავის დაღწევა ადვილი არ არის. სოციალისტური რეჟიმი ბულგარეთში 1989 წელს დაეცა, მაგრამ 100 000 ჰა ვენახის რესტიტუცია ძველ მფლობელებზე ძალიან ნელა მიმდინარეობს. შედეგად, ვენახიც ზარალდება და ღვინოც.

რთველის დასრულების შემდეგ მევენახეები ღვინის საწარმოებში ჩადიან და დაბალხარისხიანი პროდუქციის გასაღებას ცდილობენ. ამისგან თავდასაცავად ზოგიერთი კომპანია ხანგრძლივ კონტრაქტს დებს კონკრეტულ ვენახებთან და ყურძნის მოვლისა და კრეფის წესებსაც უსაზღვრავს. ასეთი პოლიტიკით წახალისებული ოჯახები, რომლებიც სოციალიზმის შემოსვლამდე მევენახეობას მისდევდნენ, ტრადიციულ საქმიანობას უბრუნდებიან. საბოლოო ჯამში ეს დარგის განვითარებას უწყობს ხელს.

განგაში: გლობალიზაცია

ბულგარელი მწარმოებლები ყველაფერს აკეთებენ დასავლელი მომხმარებლის კეთილგანწყობის დასაბრუნებლად. რამდენიმე წლის წინათ ადგილობრივმა ღვინის გილდიამ ლონდონში გრანდიოზული დეგუსტაცია გამართა, რომელზეც 15 საწარმოს 150-ზე მეტი ღვინო იყო წარმოდგენლი. მათ უმეტესობას ორი მსხვილი ჯგუფი წარმოადგენდა – Boyar Estate და ბულგარეთის მეღვინეობის კომპანია. აქ შეხვდებოდით სრულიად განსხვავებული სტილის სასმელს: ხილის ბუკეტის მქონე ახალგაზრდა ღვინოებს, რომელნიც კასრში არ იყო დაძველებული, მომწიფებულ წითელ ღვინოს ამერიკული მუხის არომატით, დახვეწილ თეთრ ღვინოებს, რომელთაც ფერმენტაცია კასრში ჰქონდათ გავლილი. ბევრი მათგანი ძალიან კარგი იყო, განსაკუთრებით "კლასიკური" ჯიშებისგან მიღებული სასმელი, მაგრამ რა დაემართა ადგილობრივ ჯიშებს? დეგუსტაციაზე ისინიც იყო გამოტანილი, მაგრამ ისევ ხუთდოლარიან ნიშნულში, თითქოს ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას არ იმსახურებდნენ. მავანი ამაში "გლობალიზაციას" ადანაშაულებდა, რომელმაც ღვინის საწარმოებშიც შეაღწია და სასმელს ნაციონალური ხასიათი დაუკარგა. სამწუხაროა, რომ ამ დეგუსტაციაზე არ იყო წარმოდგენილი ადგილობრივი ჯიშებისგან დამზადებული "პრემიუმ" კლასის ღვინოები, მაგრამ ამ სფეროში მიმდინარე პროგრესის გათვალისწინებით, ეს დრო არც ისე შორსაა. მართალია, ბულგარელ მეღვინეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ვაზის ადგილობრივ ჯიშებში არ გაუმართლათ, მაგრამ ზოგიერთი სახეობა მაინც აკეთებს ხმამაღალ განაცხადს. მათ შორისაა მავრუდი და გამზა, რომელიც ერთ-ერთი მწარმოებლის აზრით, მისი კომპანიის ღვინოებს დამახასიათებელ გემოსა და არომატს აძლევს.

ბულგარეთში მეღვინეობის აღორძინება სწრაფი ტემპით დაიწყო. ქვეყანა, რომელმაც ერთხელ უკვე წააგო ბრძოლა ახალი სამყაროს ღვინოებთან, მოდერნიზაციის სწორ გზაზე დგას და ახალი შერკინებისთვის ემზადება. ამისათვის "აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნის" არასასიამოვნო იმიჯის მოიშორებას ცდილობს. სხვათა შორის, ურიგოდ არ გამოსდის. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შორს არ არის დღე, როდესაც ერთ დროს წარმატებული ბულგარული ღვინო განახლებული სახით წარსდგება ღვინის მოყვარულთა წინაშე და საკუთარ სათქმელს მთელი მსოფლიოს წინაშე იტყვის.

მოამზადა ნანა კობაიძემ

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული