Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის თაროებიდან ჭიქაში

ნინა ახლოური

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ გიყვართ ღვინო. ამის გასაკეთებლად, პირადად მე, მცირე ძალისხმევაც არ მჭირდება. თქვენ გაზეთ "მარანს" კითხულობთ, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ღვინის მიმართ მცირე ინტერესი მაინც გაგაჩნიათ. ამ, ჩემი აზრით, საფუძვლიანი ვარაუდის თანახმად, სახლში ალბათ გექნებათ თუ რამდენიმე ათეული ბოთლისაგან შემდგარი კოლექცია არა, ერთი ბოთლი ღვინო მაინც. პირველ შემთხვევაში, შესაძლოა, რომ ღვინისთვის პატარა ოთახი ან სარდაფიც გაქვთ გამოყოფილი, სადაც  სასმელის შენახვის პირობები იდეალურად არის დაცული. თუმცა, თუ ღვინის ბოთლების რაოდენობა ორ ათეულს არ აჭარბებს, თქვენთვის უფრო მისაღები მათ შესანახად განკუთვნილი თაროები თუ პატარა ნაკეთობები იქნება.

ღვინის შესანახი თაროებისა და დასადგამების ქონა რამდენიმე მიზეზის გამო არის აუცილებელი. პირველ რიგში, მათი მთავარი ფუნქციის გამო. შესაძლოა იფიქროთ, რა განსხვავებაა სამზარეულოს კარადის და ღვინის ბოთლისთვის სპეციალურად შექმნილ თაროებს შორის, თუ ორივე მათგანს შეუძლია, ძალიან მარტივად რომ შევხედოთ, მისი დატევა? ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ღვინის თაროები შეიქმნა, იყო ის, რომ სასმელის ბოთლის შენახვისას სწორი კუთხე და მდგომარეობა უნდა ყოფილიყო დაცული, ანუ კორპის შიდა ნაწილი მუდმივად ღვინოსთან შეხებაში უნდა იყოს. ეს მას გამოშრობისგან იცავს. კორპის გამოშრობის თავიდან აცილება, პირველ რიგში, იმისთვისაა საჭირო, რომ არ დაირღვეს ჟანგბადის ბალანსი ბოთლის შიგნით, რაც ღვინის დაძველებას აფერხებს და ხშირ შემთხვევაში აფუჭებს სასმელს. ამასთან, გამომშრალი, გამხმარი კორპი ხშირად დაშლას იწყებს, რის შემდეგაც მისი ნაწილები სასმელში იყრება, გახსნისას და მთლიანად იფშვნება. სწორედ ამის გამო, ნაკლებად მიმზიდველი ხდება ღვინის ბოთლის დასადგამების შეძენის იდეა (მიუხედავად მათი სილამაზისა), რადგან, უმეტეს შემთხვევაში, მათში ჭურჭელი ვერტიკალურ მდგომარეობაში იმყოფება და კორპიც გამოშრობისთვისაა განწირული.

ღვინის თაროს მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქცია, ბუნებრივია, იმაში მდგომარეობს, რომ ბოთლების სურვილისამებრ განლაგების საშუალებას იძლევა, რაც თავისთავად ქმნის იმის წინაპირობას, რომ სასურველ სასმელს იოლად მივაგნოთ. თუმცა ეს ფუნქციაც ვიზუალური ესთეტიკის ჭეშმარიტ დამფასებლებს შესაძლოა უმნიშვნელოდ მოეჩვენოთ მას შემდეგ, რაც თანამედროვე დიზაინის მქონე თაროებს ნახავენ. მათი მრავალფეროვნება, ისევე, როგორც სილამაზე, თვალწარმტაცია. შესაბამისად, მათი არჩევა და შეძენაც  ინდივიდუალურ გემოვნებაზეა დამოკიდებული, ისევე როგორც ღვინის. თუმცა მე მაინც გადავწყვიტე გამერკვია, რა გარემოებების გათვალისწინებაა მართებული ღვინის ბოთლების სათავსოების შეძენის დროს, როდესაც მათი არჩევანი ასეთი მრავალფეროვანია.

ღვინის თაროები, როგორც დიდი მარნებისთვის, ისე პატარა, კერძო კოლექციებისთვისაც იქმნება და მათი ფორმა, სიდიდე და მოცულობა მართლაც ძალიან მრავალფეროვანი გახლავთ. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რისგან მზადდება ეს თაროები თუ სათავსოები.

ძირითადად ღვინის თაროები ხის, ლითონის, უჟანგავი ფოლადის, ნაჭედი რკინისაგან მზადდება. ყველაზე გავრცელებულია და მომხმარებელშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ხისგან დამზადებული ღვინის ბოთლის სათავსოები. ამგვარი კონსტრუქციის დასამზადებლად გამოიყენება ხის მრავალი ჯიში: წითელი ხე, კედარი, ფიჭვი, ნაძვი, წითელი მუხა... აღსანიშნავია, რომ ხის მასალისგან დამზადებული სათავსოების არჩევისას დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ასე, მაგალითისთვის, კედრის სუნი, რომელიც საკმაოდ ძლიერია, დროთა განმავლობაში შეიძლება გადავიდეს ბოთლის კორპზე და ამან შემდეგ ღვინის გემოს შეცვლაც გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა, კედარი (ისევე როგორც ნაძვი) ყველაზე მოთხოვნადია, რადგან გარეგნულად ამ მასალით შექმნილი თაროები კარგად გამოიყურება და თანაც ბუნებრივი სიმაგრით გამოირჩევა. ზოგადად ხის მასალის პოპულარობას განაპირობებს ის გარემოებაც, რომ ადვილად შეიძლება მისი მოხატვა და შესაბამისად, იგი დიზაინის გამრავალფეროვნების კარგ საშუალებას იძლევა. ამასთან, ინტერნეტ სივრცეში წააწყდებით დიდი რაოდენობით ინსტრუქციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაამზადოთ საკუთარი ხელით ღვინის ბოთლების შესანახი თაროები, რაც შეუძლებელია, როდესაც საუბარი ლითონის კონსტრუქციას ეხება.

სამაგიეროდ, ხის მასალასთან შედარებით, ლითონი ფორმის გამრავალფეროვნებისთვის გაცილებით მოსახერხებელია. უჟანგავ ფოლადს კიდევ დამატებითი უპირატესობა გააჩნია - ის იდეალურია სამზარეულოსთვის, რადგან, გარდა იმისა, რომ დაჟანგვის საფრთხეს გამორიცხავს, მასზე არც ლაქები შეიძლება დარჩეს. ძალიან ეფექტიანია უჟანგავი ლითონისგან დამზადებული თაროები შუშის კარით, რომელიც ვაკუუმს ქმნის და არეგულირებს შიდა ტემპერატურას, ასევე იცავს ღვინოს არასაჭირო სინათლისაგან. ასე რომ, ეს ერთადერთი მასალაა, რომელიც საშუალებას იძლევა მისაღებ (ან სხვა ნებისმიერ) ოთახში მოაწყო მცირე ზომის მარანი, სადაც ღვინის შესანახად იდეალური პირობები იქნება შექმნილი.

რაც შეეხება ნაჭედ რკინას, მისი პირველი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ გამძლეა, ხანგრძლივად ინახება და ღვინის ბოთლების შესანახადაც უსაფრთხო პირობებს ქმნის. ნაჭედი რკინისაგან დამზადებული თაროები თუ კონსტრუქციები ყველაზე მრავალფეროვანი ფორმებით გამოირჩევა და როგორც წესი, ნამდვილი ხელოვნების ნიმუშის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ამ მიზეზის გამო, ნაჭედი რკინა ყველაზე პოპულარულია, როდესაც საქმე ინტერიერის გასალამაზებელი სათავსოების დამზადებაზე მიდგება ხოლმე. ისიც აღსანიშნავია, რომ უმეტესწილად, ამ მასალას ისეთი მოწყობილობის დასამზადებლადაც იყენებენ, რომელიც მხოლოდ ერთი ბოთლი ღვინის შესანახავად გამოდგება.

როდესაც მასალასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია, დგება დრო დაფიქრდე სტილზეც. ამ ნივთის არჩევის პროცესში ეს, ალბათ, ყველაზე სასიამოვნო მომენტია, რადგან ხშირად მისი დანიშნულება სცილდება ღვინის შენახვის საზღვრებს და ოთახის შესანიშნავი დეკორაციის ფუნქციასაც ითავსებს. ფორმები შეიძლება ყველაზე მოულოდნელი იყოს, ღვინის პატარა მაგიდებში გამოთლილი თაროებით დაწყებული, სასანთლეებით, ეიფელის კოშკის მსგავსი კონსტრუქციებითა და ასე განსაჯეთ, სამიზნეებით დამთავრებული. ბუნებრივია, კედელზე ჩამოსაკიდებელი თაროები ყველაზე საიმედოა და პირველ რიგში, სწორედ მათ სასარგებლოდ ღირს არჩევანის გაკეთება, მითუმეტეს, რომ დიზაინის ორიგინალურობით ისინი არ ჩამოუვარდება მაგიდაზე დასადგამ დეკორაციულ სათავსოებს. ყველაზე ფუნქციონალური მათგან ისინია, რომლებშიც ღვინის ბოთლის ჩაწყობის გარდა, ბოკალების მიმაგრებაც შეიძლება.

ზოგადად, ღვინის თაროებისა და დასადგამების სტილი შეიძლება იყოს ტრადიციული, თანამედროვე, თანამედროვე-დეკორატიული და ანტიკური. ტრადიციული ყველაზე მარტივი და უბრალო დიზაინით გამოირჩევა. მას არც აქვს იმის პრეტენზია, რომ ინტერიერი გაალამაზოს, უფრო იმისთვისაა შექმნილი, რომ ჰარმონიულად შეერწყას გარემოს. მარტივად რომ ვთქვათ, ტრადიციული სტილის თაროების ძირითადი ფუნქცია ღვინის ბოთლების შენახვაა და მეტი არაფერი. სრულიად საპირისპირო შემთხვევაა ანტიკური სტილის სათავსოები, რომლებიც თავიანთი ორნამენტებით თუ მოხატულობით ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებად გვევლინებიან. თანამედროვე სტილში შესრულებული თაროები თუ დასადგამები ყველაზე თამამი და მოულოდნელი დიზაინით გამოირჩევა. თანამედროვე-დეკორატიული სტილი კი სპეციალურად ინტერიერის გასალამაზებლად შეიქმნა, რომელიც ნაკლებად გულისხმობს პრაქტიკულობას, თუმცა გარემოს ლამაზად გაფორმებისთვის ძალიან კარგია, ისევე როგორც ანტიკური სტილის ნაკეთობები.

როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, სტილისა და დიზაინის შერჩევა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. აქ მხოლოდ ერთი გარემოების გათვალისწინება გვმართებს: ღვინის ბოთლის შესანახი თაროების და სხვა მსგავსი ნაკეთობის განთავსება არაა სასურველი ისეთ ადგილას, სადაც ინტენსიური განათებაა. მხედველობაშია მისაღები ტემპერატურაც - ის საშუალოზე ოდნავ დაბალი უნდა იყოს და არ ხვდებოდეს მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ. ღვინის შენახვის დანარჩენი პირობების შექმნას კი თავის თავზე სწორედ ის სათავსოები აიღებენ, რომლებზეც უკვე ამდენი გესაუბრეთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული