მოამზადა ნანა კობაიძემ
ერთხელ მაინც თუ აგიტანიათ მეორე სართულზე ღვინის ბოთლებით სავსე ყუთი, არ გაგიჭირდებათ იმის წარმოდგენა, რამდენი ენერგია, ფული და ძალისხმევა იხარჯება იმ 3 მილიარდი ყუთი ღვინის გადასაზიდად, რომელსაც მსოფლიოში ყოველწლიურად აწარმოებენ.
ღვინის გადასატანად ყველანაირ ტრანსპორტს იყენებენ: სატვირთო მანქანებს, მატარებლებს, თვითმფრინავებს, ორთქლმავლებს. დანიშნულების ადგილზე მიღწევამდე სასმელს არაერთხელ უწევს გაჩერება და გადატვირთვა. ღვინის ტრანსპორტირება ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ატმოსფეროში გამოტყორცნილი მავნე აირებისა, რომლებიც დედამიწაზე სათბურის ეფექტს აძლიერებს. გასაკვირი არ არის, რომ ეკოლოგიურად მოაზროვნე მწარმოებლები დიდი ხანია მინის ბოთლის ალტერნატივას ეძებენ. კონკურენტი შეფუთვა ხელმისაწვდომი უნდა იყოს, იოლად გადასამუშავებელი, ადვილად ხდებოდეს მისი უტილიზაცია ან განმეორებით გამოყენება.
თავდაპირველად მინის ტარა მრავალჯერადი მოხმარებისთვის იყო გამიზნული, თუმცა დღეს ასეთ ბოთლებს პირველივე გამოყენების შემდეგ აგდებენ. ვერ ვიტყვით, რომ ამის გამო მწარმოებლებმა შუშაზე უარი თქვეს. უბრალოდ, სხვა მიმართულებით წავიდნენ – ბოთლის წონა მაქსიმალურად შეამცირეს. გაჩნდა ალტერნატიული ვარიანტებიც – ლუდის კეგების მსგავსი პატარა კასრები, მუყაოს ყუთები პლასტიკური შიგთავსით (bag-in-box), პლასტიკისა და ალუმინის ბოთლები, მუყაოს შეფუთვა, პლასტიკური პაკეტები და სხვა. ყველა მათგანს საერთო ნაკლი აქვს - ღვინოს წელიწადზე მეტხანს ვერ ინახავს, ამის შემდეგ სასმელის ხარისხი უარესდება. ჟურნალი Wine Spectator სხვადასხვა სახეობის შესაფუთი მასალის დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენას შეეცადა და აი, როგორი შედეგი მიიღო:
შეფუთვის დასასახელება |
აღდგენის უნარი |
გადამუშავება |
ხელახალი გამოყენება |
ბიოლოგიური დაშლა |
9 ლ ღვინის შესანახი ჭურჭლის წონა |
მინის ბოთლი
|
არა |
კი |
კი |
არა |
3,6-10,8 კგ 9-ლიტრიანი ყუთისთვის |
მუყაოს ყუთი (bag-in-box)
|
კი |
კი |
არა |
კი |
450გ ეკვივალენტით 9-ლიტრიანი ყუთისთვის |
მუყაოს ტეტრაპაკი
|
კი |
შესაძლებელია |
არა |
შესაძლებელია |
300-400 გ |
პლასტიკის პაკეტი (pouch)
|
არა |
შესაძლებელია |
არა |
არა |
300 გრამამდე |
პლასტიკის ბოთლები |
არა |
კი |
არა |
არა |
540 გ |
ალუმინის შეფუთვა
|
არა |
კი |
არა |
არა |
500 გ-მდე |
კასრისმაგვარი ტარა (keg)
|
არა |
შესაძლებელია |
კი |
არა |
4,5 კგ 10-ლიტრიანი ჭურჭლისთვის |
ქაღალდის ტარა
|
კი |
კი |
არა |
კი |
660 გ |
|
|
მინის ჭურჭელი
მინას ბევრი უპირატესობა აქვს, რის გამოც ფართოდ მოიხმარენ: სასმელს დიდი ხნის განმავლობაში ინახავს, იცავს ჟანგბადის, გარეშე სუნისა და ბაქტერიებისგან. იაფი და ხელმისაწვდომი მასალით იწარმოება (ქვიშა, სოდა, კირი). მისი გადამუშავება მრავალგზის შეიძლება, ამასთან, ნარჩენებისა და გვერდითი პროდუქტების გარეშე.
მეორე მხრივ, მინის დამზადება დიდ ენერგიას მოითხოვს. ამას ემატება წონაც – სტანდარტული 750-მილილიტრიანი ბოთლი 480-575 გრამს იწონის, შამპანურის კი 900 გრამამდე აღწევს. თანამედროვე ტექნოლოგიები გაცილებით მსუბუქი (300 გრამამდე) ბოთლების წარმოების საშუალებას იძლევა, რომელთა დამზადება ნაკლებ ხარჯსა და ენერგიას მოითხოვს.
ზოგიერთ ქვეყანაში მინის ტარის წარმოება დამატებით პრობლემებს უკავშირდება: როგორც წესი, ულტრაიისფერი სხივებისგან ღვინის დასაცავად მინას მწვანე შეფერილობას აძლევენ. ბრიტანეთში, რომელიც გაცილებით მეტი ღვინის იმპორტს ახდენს, ვიდრე თავად აწარმოებს, დიდი რაოდენობით ასეთი შუშა გროვდება, მისი გაუფერულება კი ძალიან რთულია (გამაგრილებელი სასმელის ბოთლებისთვის). დღესდღეობით განვითარებულ ქვეყნებში ხელახლა მინის ტარის 23%-ს ამუშავებენ, რაც ბევრი არ არის.
მუყაოს ყუთები
ჰერმეტულად დახურული bag-in-box, რომელთა გამოყენება 1970-იანი წლებიდან დაიწყო, დღეს ყველაზე სერიოზული ალტერნატიული შეფუთვაა. 1,5-დან 5 ლიტრამდე მოცულობის "ჭურჭელი" ბევრად ეფექტურია, რადგან გადაზიდვის და შენახვისას ბევრად ნაკლებ ადგილს იკავებს, ვიდრე იმავე რაოდენობის ბოთლის ღვინო. მუყაოს ყუთი სრულად ექვემდებარება გადამუშავებას, ნაწილობრივ გადამუშავდება პლასტიკის შიგთავსიც. ასეთი შეფუთვის ნაკლი ის არის, რომ ხანგრძლივი შენახვისთვის გამოუსადეგარია. გახსნილი ღვინო 2-3 კვირის განმავლობაში უნდა დაილიოს, გაუხსნელი ყუთის შენახვის ვადა კი ჩამოსხმის თარიღიდან ერთი წელია.
დიდი ხნის განმავლობაში bag-in-box-ის ღვინოს მომხმარებელი ეჭვის თვალით უყურებდა. ეს სტერეოტიპი ბოლო პერიოდში შეიცვალა, როდესაც მსგავს შეფუთვაში საკმაოდ ხარისხიან ღვინოთა ჩამოსხმა დაიწყეს. რესტორნებს, სადაც ღვინო ბოკალებით იყიდება, პლასტიკის დიდ პაკეტებს (10 ლიტრამდე) აწვდიან, რომელიც შესაბამისი ზომის კასრში დევს. დაცლის შემდეგ შეფუთვას აგდებენ, კასრში კი ახალ პაკეტს ამატებენ.
მუყაოს ტეტრაპაკები
ამ ტიპის ტარისთვის დამახასიათებელია ღვინისა და შეფუთვის წონის მაღალი შეფარდება - 96:4. მინის ბოთლისთვის ეს ციფრი 60:40-ია. ტეტრაპაკები, როგორც წესი, 1ლ ან 500 მლ-იანი მოცულობით გამოდის. ბრტყელი ზედაპირის წყალობით ერთმანეთს მჭიდროდ ეკვრის, რაც გადაზიდვისას ძალზე მოსახერხებელია. თანაბარი რაოდენობის ღვინოს თუ შევადარებთ, ერთი სატვირთო მანქანა ცარიელი ტეტრაპაკები 26 სატვირთო ცარიელ ბოთლებს უდრის.
ეს მასალა ღვინის ტარად პირველად 2004 წელს აშშ-ში გამოიყენეს. მისი 70% გადამუშავებას ექვემდებარება. ალუმინის ფოლგისა და პოლიეთილენის შრეები ჰერმეტულობას უზრუნველყოფს და სასმელში ჰაერის შეღწევას აბრკოლებს, იცავს სინათლისა და ბაქტერიებისგან. გაუხსნელ ყუთში ღვინის შენახვა 12-18 თვეზე მეტხანს არ არის რეკომენდებული.
პლასტიკის პაკეტები (pouch)
ფაქტობრივად, ეს ძალზე მჭიდრო პლასტიკის პაკეტია მუყაოს გარეკანის გარეშე. მსგავს შეფუთვაში მაიონეზს ან კეტჩუპს ასხამენ. გაყიდვაში სხვადასხვა მოცულობის (3 ლიტრამდე) შეფუთვას შეხვდებით, ონკანითა და მის გარეშე. გაუხსნელ ყუთში სასმელის შენახვა ერთ წელზე მეტხანს არ შეიძლება. იმის გამო, რომ ასეთი პარკი გამძლეა და სწრაფადაც ცივდება, მოსახერხებელია მისი წაღება პლაჟზე, აუზზე, ლაშქრობაში.
პლასტიკის პაკეტები პირველად 2008 წელს გამოიყენეს. მისი მთავარი უპირატესობა სიმსუბუქეა. 10 ცარიელი შეფუთვა ერთი მინის ბოთლის ადგილს იკავებს.
ალუმინის შეფუთვა
ალუმინის ქილებში დღეს იმდენად ბევრ სასმელს ასხამენ, ჩნდება კითხვა - რატომ არ შეიძლება მისი გამოყენება ღვინისთვის? ისინი არ იმტვრევა, სწრაფად ცივდება, სასმელში სინათლის შეღწევა გამორიცხულია და კარგადაც გადამუშავდება. მაგალითად, აშშ-ში ალუმინის გადამუშავების მაჩვენებელი გაცილებით დიდია, ვიდრე პლასტიკის ბოთლებისა და მინის. ალუმინის 187 მლ-იან ქილებში, რომელზეც პლასტიკის მილაკია დამაგრებული, ფრენსის ფორდ კოპოლას კალიფორნიული ღვინის საწარმო ცქრიალა ღვინოებს უშვებს. მსგავსი ტიპის, ოღონდ მოზრდილ ქილებში იტალიურ პროსეკოსაც ასხამენ. შენახვის ვადა ერთ თვემდეა.
პლასტიკური ბოთლები
მათ РЕТ-საც ეძახიან, რადგან polyethylene terephthalate-სგან არის დამზადებული. მაღაზიის თაროებზე ბევრს ჩვეულებრივი ბოთლები ჰგონია. ამის მიუხედავად, იმიჯთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს, რადგან მომხმარებელში სასმელი წყლის ბოთლის ასოციაციას იწვევს.
ასეთი ტარა ბიოლოგიურ განადგურებას არ ექვემდებარება, მაგრამ ხელმეორედ გადამუშავება შესაძლებელია ისევ პლასტიკურ ბოთლებად ან იატაკის საფარად. ისინი მეტ ჰაერს ატარებს, ვიდრე მინა, ამიტომ ღვინისთვის იდეალურ შეფუთვას არ წარმოადგენს. მსგავს ბოთლებში ღვინის შენახვის ვადა 6 თვიდან 2 წლამდეა.
კეგი
ასეთ ჭურჭელში ღვინის ჩამოსხმა 1980-იან წლებში დაიწყეს, თუმცა მაინცდამაინც წარმატებული არ ყოფილა. ბოლო რამდენიმე წელია ამ "კონცეფციამ" ისევ გამოიწვია ინტერესი. უჟანგავი ლითონისგან დამზადებული კეგი 26 ბოთლ ღვინოს იტევს და ზედგამოჭრილია რესტორნებისთვის, სადაც სასმელს დოქებით ან ჭიქებით ყიდიან. ასე "დაფასოებული" ღვინო გაცილებით იაფი გამოდის და ბოთლების უტილიზაციის პრობლემაც ქრება. გარდა ამისა, ინერტული აირის წყალობით კასრში სასმელი არ მჟავდება: გახსნილ კეგში ღვინო ორი თვის განმავლობაში ინახება, გაუხსნელში - ერთი წელი. ცარიელ კასრს ღვინის მწარმოებელს უგზავნიან, რეცხავენ, ასტერილებენ და ხელახლა ავსებენ. ასეთი კასრების სიცოცხლის ხანგრძლივობა 30 წელია.
ქაღალდის ბოთლი
ამ ტიპის შეფუთვა ბაზარზე მხოლოდ გასულ წელს გამოჩნდა. ფორმით ჩვეულებრივ ბოთლს ჰგავს. დამზადებულია სქელი ქაღალდისგან, რომლის შიგნით თხელი პლასტიკის ფენაა. ქაღალდის ბოთლს ბევრი პლუსი აქვს: ძალზე მსუბუქია, კარგად გადამუშავდება და ბიოლოგიურადაც იშლება. რთულია იმის თქმა, რამდენად მიიღებს ღვინის ინდუსტრია ასეთ "ჭურჭელს". იმიჯის თვალსაზრისით, ჯერჯერობით ნეგატიურ ასოციაციას არ იწვევს. ფორმა კლასიკური ღვინის ბოთლს უახლოვდება.
დღესდღეობით მსოფლიო ღვინის ინდუსტრიას შესაფუთი ტარის დიდი არჩევანი აქვს. თითოეული მწარმოებელი თავის ვარიანტს ირჩევს. რასაკვირველია, საუკეთესო მწარმოებლები უახლოესი ათწლეულის განმავლობაში მინის ბოთლებზე უარს არ იტყვიან, მით უმეტეს, რომ მათ მფლობელებს და სავარაუდოდ, ამ პროდუქციის მყიდველებსაც კარგა ხანია კიბეზე ღვინის ბოთლებით სავსე ყუთი არ უთრევიათ.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი