Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის მეოთხე საერთაშორისო გამოფენა

ნინა ახლოური

2 ივნისიდან 4 ივნისამდე საგამოფენო ცენტრი "ექსპო ჯორჯია", უკვე მეოთხედ, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეოთხე საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს.

WinExpo Georgia 2011 "ექსპო ჯორჯია"-ს ტერიტორიაზე, მეთერთმეტე პავილიონში გაიმართება. გამოფენა დიდ როლს თამაშობს ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური პროდუქტების პოპულარიზაციის საქმეში და უცხოელი მყიდველის მოზიდვასა და ახალი კონტაქტების დამყარებას უწყობს ხელს.

წელს გამოფენაზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ქართული და ევროპული (იტალიური, ავსტრიული) ღვინოები, გაეცნონ ღვინის ტურებს საქართველოში, მიიღონ სპეციალისტებისა და კონსულტანტების რჩევები ღვინის სხვა პროდუქტებთან შეხამების თაობაზე და სხვადასხვა საკითხებზე, ასევე დაათვალიერონ ქართული ხელნაკეთობის მრავალფეროვანი ნიმუშები. პავილიონში შესვლა ფასიანია და გამოფენაზე მოხვედრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ხოლო პრეზენტაციებსა და ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ სპეციალისტებს, მყიდველებსა და მედიის წარმომადგენლებს შეეძლებათ სპეციალური მოსაწვევების საშუალებით. გამოფენაზე უცხოელი სტუმრების სიმრავლეა მოსალოდნელი. აქ ელოდებიან როგორც ექსპერტებს, ისე მყიდველებს, ექსპორტიორებს, იმპორტიორებს, ღვინის ცნობილ ჟურნალისტებს, სავაჭრო ასოციაციებს.

გამოფენის ერთ-ერთი ცენტრალური ღონისძიება ღვინის მესამე საერთაშორისო დეგუსტაციაა, რომელიც სამ ივნისს გაიმართება. იმავე დღეს მოეწყობა გამარჯვებული კომპანიების დაჯილდოება სხვადასხვა სინჯის მედლითა და დიპლომებით. დეგუსტაციაზე ექვსი სხვადასხვა კატეგორიის ღვინო იქნება წარმოდგენილი: წითელი მშრალი, თეთრი მშრალი, წითელი ნახევრად მშრალი, თეთრი ნახევრად მშრალი, ქვევრის წითელი ღვინო, ქვევრის თეთრი ღვინო. წარმოდგენილ ნიმუშებს შეაფასებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექსპერტები ავსტრიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და ჰოლანდიიდან. "დეგუსტაცია იმით არის საინტერესო, რომ წელს ის პირველად ტარდება საქართველოში OIV-ის (L’Organisation Internationale de la Vigne et du Vin) პატრონაჟით. ორწლიანი დაკვირვების შედეგად ჩვენს ორგანიზაციას მიეცა უფლება ჩააატაროს დეგუსტაცია OIV-ის სტანდარტებით. ისინი გვიგზავნიან ოფიციალურ წარმომადგენელს, რომელიც გაუწევს ღონისძიებას მონიტორინგს და იქნება დეგუსტაციის ზედამხედველი, ეს არის თინათინ ხუციშვილი, რომელიც არის OIV-ის პრესცენტრის ხელმძღვანელი. ამასთან, ჟიურის წევრები დაკომპლექტებულია ძალიან ცნობილი და გავლენიანი ღვინის ჟურნალისტებით ევროპიდან. დეგუსტაციის თავმჯდომარე იქნება დეკანტერის თანაგამომცემელი სტივენ ბრუკი.”- ამბობს თიკო ჩიქვანაია, გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

გამოფენაზე სამი დღის განმავლობაში ქვევრის ღვინის და საფერავის პრეზენტაცია გაიმართება. წლევანდელი WinExpo იმითაც არის საინტერესო, რომ წინა წლებისგან განსხვავებით კატეგორიებში შესულია ქვევრის ღვინო. გამოფენის სტუმრებს ექნებათ საშუალება, რომ ქართული ტრადიციული ღვინოები იტალიურ და ავსტრიულ ქვევრის ღვინოებს შეადარონ. ამასთან, როგორც პროექტის ორგანიზატორი, ნინო გამრეკელი აღნიშნავს, წელს ძალიან ბევრი მცირე ოჯახური მარანი იქნება წარმოდგენილი. "ეს არის მარნები, რომლებიც უნიკალურ ღვინოებს აწარმოებენ და მხოლოდ რამდენიმე ათას ბოთლს ასხამენ. მათი პროდუქცია უცხოეთში ძალიან კარგად იყიდება, რადგან ევროპაში ბიო-ღვინოზე დიდი მოთხოვნილებაა", - უთხრა "მარანს" ნინო გამრეკელმა.

WinExpo 2011 სხვა საინტერესო ღონისძიებებსაც გვთავაზობს. მათ შორისაა ორ ივნისს, “ღვინის კლუბისა” და “ასოციაცია ქართული ღვინის” მიერ ორგანიზებული ეთნოგრაფიულ კუთხეში დაგეგმილი "ღვინისა და ყველის ქორწილი", რომელზეც ოცდახუთი სახეობის ქართული ყველი იქნება წარმოდგენილი. ღონისძიების განმავლობაში სპეციალისტი სტუმრებს აუხსნის მათ თვისებებს და ღვინოსთან შესაბამისობას. როგორც ენოლოგი და “ღვინის კლუბის” წევრი გიორგი სამანიშვილი აღნიშნავს, სტუმრები ბევრ ისეთ ქართულ ყველს დააგემოვნებენ, რომლებიც ბაზარზე არ არის წარმოდგენილი ან საკმაოდ იშვიათად გვხვდება. ოთხ ივნისს ასევე გაიმართება მსგავსი ხასიათის ღონისძიება, რომელზეც მოხდება ცქრიალა, კახური, თეთრი, წითელი და ვარდისფერი ღვინოების ოცამდე ქართულ კერძთან შეხამება. აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებასაც ორგანიზებას “ღვინის კლუბი” გაუწევს.

გამოფენაზე ორმოც საგამოფენო სტენდზე ორმოცდაათზე მეტი კომპანია იქნება წარმოდგენილი შემდეგი სახის პროდუქტითა თუ მომსახურებით: ღვინო, ცქრიალა ღვინო, სხვადასხვა სპირტიანი სასმელი, საწარმოო დანადგარები, ვაზისა და ვენახის მოვლის ტექნიკა, შესაფუთი ტექნოლოგიები, ინგრედიენტები, სასუქები, დანამატები, აქსესუარები, ნერგები და ა.შ.

გამოფენის ორგანიზატორი, ცხადია, ექსპო ჯორჯია გახლავთ, ოფიციალურ მხარდამჭერებს შორის კი არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო და მისი ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის პროგრამა, ასევე ქართული ღვინის ასოციაცია და ღვინის კლუბი.

© ღვინის კლუბი/Weekend



მოგესალმებით, შემიძლია თუ არა მოსაწვევის გარეშე მოვიდე ღვინის გამოფენაზე?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული