Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორი იღბლიანი ვარ - თაკო ჟურულის ბლოგი

წერა ასე ძალიან არ მომნდომებია და არც ასე გამჭირვებია. მაინც ჯიუტად ვცდილობ გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობები შევუთვალო ყველას - „ღვინის კლუბით“ დაწყებული, სამყაროთი დამთავრებული. ჩემგან დამოუკიდებლად, ჩემთვის შეუცნობელი გზით, აქ რომ მომახვედრა - საქართველოში ყველაზე საინტერესო ადგილას, ლეგენდებთან და ლეგენდარულ ინტერნეტგამოცემა „მარანთან“, რომელიც წლებია მიყვარს, რომლის თითქმის ყველა ნომერი ზეპირად ვიცი, დაკონსპექტებული და გადაწერილიც კი მაქვს. ახლა, მალხაზ ხარბედიამ მთლად აქ მუშაობა, „მარნისთვის“ წერა შემომთავაზა!

   თავიდან ძალიან გამიხარდა, ვერც აღვწერ როგორ, მერე შევშინდი, უკან დავიხიე. ვიფიქრე, რა უნდა დამეწერა დამწყებ მევენახე-მეღვინეს ისეთი, რომ ვინმეს წაკითხვა მონდომებოდა, მით უფრო, ჩემს უსაყვარლეს მევენახე-მეღვინეებს. შემდეგ გავთავისუფლდი ამ ფიქრისგან, გამახსენდა, რომ სტატიის კი არა, ბლოგის დაწერას მთხოვენ, ბლოგი კი მეტი თავისუფლებაა და რაღაც-რაღაცებსაც გპატიობს... კიდევ რატომ მინდა მადლობები ვიხადო, იცით? ძალიან იღბლიანი მგონია თავი - „მარნამდე“ იყო მაღაზია „ღვინო ანდერგრაუნდი“, სადაც ჩემი ღვინო, ჩემი პირველი ბოთლი - 2017 წლის რქაწითელი, ლეგენდების ღვინოებს გვერდით მიუდგეს. მაშინ დავწერე ჩემთვის „შორით ბნედა, შორით დაგვა მჭიდრო კავშირად გარდაიქცა. "ჟუკა-სანოს" რქაწითელი დღეიდან „ღვინო ანდერგრაუნდშია“! ეს ადგილი დააფუძნა ძალიან კარგმა ხალხმა, ნატურალისტმა მეღვინეებმა. მათ შექმნეს ამ ბარის ისტორია, იმ დიდი და პატარა ამბებით, რაც იქ წლების განმავლობაში დატრიალებულა. ამ ხალხს მას მერე შევნატრი, რაც მათი არსებობა გავიგე და „ანდერგრაუნდიც“ აღთქმული ქვეყანასავით მესახებოდა. ჰოდა, ახლა ჩემი ღვინით აქ ვარ, უბედნიერესი და მადლიერი.“ ხუთი წლის წინ დაწერილი ჩემივე სიტყვები, რომ მოვიყვანე, ცოტა მეცინება საკუთარ თავზე. თუმცა, ამით იმის თქმას ვცდილობ, რომ ოდნავაც არ გამნელებია აღფრთოვანება, სიხარული და მადლიერება.

  ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჩემმა დეიდაშვილმა აკო ნარიმანიძემ, - სოფლად სახლი თუ გინდათ, კახეთზე უკეთეს ადგილს ვერ ნახავთო და ჩვენც დავიწყეთ ძებნა საოცნებო ადგილის. ვიპოვეთ ორი კვირის თავზე, როცა თითქმის მთელი კახეთი მოვლილი გვქონდა და იმედი თითქმის გადაწურული. რუისპირში მიმიყვანა იღბალმა. სახლთან, მიწით ამოვსებული ძველი მარნით, მოუვლელი, გავერანებული ვენახით და დიდი, დიდი ეზოთი. რისი ინტერესიც არასდროს მქონია, სწორედ იმან გამაგიჟა და შემცვალა - ვენახმა და ღვინომ. უფრო ვენახმა... ყველაფერში ასე ვარ - ჩემით თუ არ ვაკეთე, ბოლომდე თუ არ ჩავები, მგონია, რომ ჩემ მიღმა მიდის ცხოვრება. ამიტომ, დავიწყე სიარული რიგებს შორის და ვცდილობდი გამეცნო ვაზები, მინდოდა ჩემკენ მოეხედათ. ეს იცით როგორ არის? სახარების კითხვას, რომ იწყებ, პირველად ფურცლავ თავებს და კითხულობ, არაფერი გრჩება, თითქოს ტექსტი კი არა, ცარიელი ფურცლებია. ასე ჩადიხარ ბოლოში და ისევ იწყებ თავიდან, მერე ისევ უბრუნდები, ისევ და ისევ. ნელ-ნელა ხვდები, რომ გიპასუხა, გაგიხსნა კარი, ჯერ შეიჭყიტები, მერე შეიხედავ და ბოლოს შედიხარ კიდეც და აღარ გინდა გამოსვლა, ყველა სიტყვა ცოცხალია და შენთვისაა. ვენახიც ასეა. აი, როგორც სახარებაზე ვერ იტყვი: „უჰ, წაკითხული მაქვს“, რადგან ეს დაუსრულებელი პროცესია, ვენახზეც ვერ დაიკვეხნი, ვიციო. არც მის „წაკითხვას“ აქვს დასასრული. უცხოობს თავიდან, ერთი ჩავლით არაფერს მოგცემს, როგორც შეხვალ, ისევე ცარიელი გამოხვალ. თუ არ შეეშვები, აუცილებლად გიპასუხებს. ზოგჯერ მთელი კვირა თუ არ გამოვჩნდი, გაუცხოვდება ხოლმე და რაც არ უნდა ვეძახო, სალამი გოგოებო-მეთქი, ჩემკენ არ იყურება. მაგრამ, მე არ ვეშვები. რუისპირელები ამბობენ - „შვილო, შეხვალ ვენახში, შემოგყვება თვითონაც, გამოხვალ - გამოგყვება“, ეს ალბათ საუკუნეების გამოცდილებაა.

  მოკლედ, ასე ვცხოვრობთ, მთავარია ერთად ვცხოვრობთ. ხვალ უმნიშვნელოვანესი დღეა ჩემთვის, პირველად მარტო ვსხლავ ვენახს! სეკატორები გალესილია, წინ მიწყვია ორი ცალი და მთელი დღე მათკენ გამირბის თვალი, ვენახის ხერხიც ახალი მაქვს. გათენდება თუ არა, ავისხამ იარაღს და წინ! დღეს დილიდან გასხვლაზე ვკითხულობ ლიტერატურას, ძველ ამობეჭდილ წიგნებს. იმ წიგნებს, „მარანი“ რომ გვთავაზობდა წლების განმავლობაში, გადაწერეთო. ახლებიც მაქვს, იქ უფრო ზოგადად არის ახსნილი, პოპულარული ენით. უცხოელი ავტორებიც ძალიან საინტერესოდ ჰყვებიან, თავისუფლად, დიდაქტიკის გარეშე. მსუბუქად ხსნიან, თან ისე, რომ შენს თავსაც ხედავ იმ წიგნში, მევენახეებსა და მეღვინეებს შორის. ძველები კი სულ სხვანაირად წერენ, ძალიან გამოწვლილვით მისდევენ თემას, დეტალურად, სქემებით, ნახატებით, ათასნაირი ვარიანტის განხილვით, მაგრამ თითქოს უფრო მძიმედ. ესაა განსხვავება. სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, ოღონდ, რაც მეტს ვსწავლობ და ვკითხულობ, მგონია, მით არაფერი ვიცი. მხოლოდ წიგნების იმედად არ ვარ, აქამდე ჩემი ვენახის არც ერთი გასხვლა არ გამომიტოვებია, კარგი მასწავლებელიც მყავდა, მაგრამ დროა მარტომ მივხედო გოგოებს. წავალ-წამოვალ, „მარნამდე“ და „ღვინის კლუბამდე“ მივდივარ ისევ, „ღვინის კლუბიდან“ კი „ბუნებრივი ღვინის ასოციაციამდე“. ჩემი, როგორც მევენახე-მეღვინის, მთავარ გამართლებამდე! ამასაც მოვყვები როდისმე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



მშვენიერი ნაწერია, წარმატებები მოგცეთ ღმერთმა!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული