Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პრეზიდენტი ვენახში

AUDIO

ჯიმშერ რეხვიაშვილი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა კახეთში ვენახი შეიძინა. ყვარელში, მდინარე დურუჯის პირას, ნახევარ ჰექტარზე გაშენებულ საფერავში მიხეილ სააკაშვილმა 33 ათასი ლარი გადაიხადა. იქვე აიშენა სახლი მარნით და ვენახის შეძენიდან სამი თვის თავზე წარჩინებულ აბიტურიენტებს წალამზე შემწვარი მწვადითაც გაუმასპინძლდა.
ყვარელში, დურუჯის მახლობლად, ლამიანში გაშენებული თამაზ ჯოხარიძის ნახევარი ჰექტარი საფერავი თხას ნამდვილად არ შეუჭამია. ვენახის ყოფილი მეპატრონის რძალმა ნელი ჯოხარიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გარიგება სამი თვის წინ შედგა:
„ვალების გამო ჩემ მაზლს უნდოდა ვენახის გაყიდვა. ასე რომ, დაძალება არ ყოფილა. ეგ კი არა, ბევრ ჩვენ მეზობელსაც უნდა გაყიდვა. ამბობენ, ნეტა, ჩვენიც შეიძინოსო. ისე, როგორც ჩანს, ჩვენს პრეზიდენტს ყვარელი მოსწონს...“
ნელი ჯოხარიძეს გაუჭირდა იმის თქმა, თუ რატომ შეაჩერა პრეზიდენტმა ყურადღება მაინცდამაინც ყვარელზე, თუმცა საკითხში სიცხადე შეიტანა თავად მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც 12 სექტემბერს ახალშეძენილ მამულში წარჩინებულ აბიტურიენტებს უმასპინძლა.
მიხეილ სააკაშვილი: „საოცარი სილამაზეა საქართველოში. რამდენიმე თვის წინ აქ ვიყავი და როგორც კი შევხედე ამ სილამაზეს, ვთქვი, რამე პატარა მიწის ნაკვეთი მიპოვეთ, უნდა ვიყიდოო. ეს ვენახი შევიძინე და ეს პატარა სახლი ჩავდგი.“
პატარა მიწის ნაკვეთსა და პატარა სახლის მშენებლობაში ფული  პრეზიდენტმა გადაიხადა. ამასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანმა მანანა მანჯგალაძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა:
„საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში მიწის ნაკვეთი პირადი დანაზოგით შეიძინა. ნახევარ ჰექტარზე გაშენებული ვენახის ფასი 33 ათასი ლარია, სახლის მშენებლობა კი 45 ათასი ლარი დაჯდა. შენობის ფართობი 60 კვადრატულ მეტრს შეადგენს. პრეზიდენტმა საკუთარი ღვინის წარმოებისთვის საფერავის ჯიშის ვაზი შეარჩია, მარანი კი სახლის სარდაფში განათავსა.“
მანანა მანჯგალაძის თქმით, შენობის ფართობი 60 კვადრატული მეტრია, თუმცა კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი გელა მთივლიშვილი ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრების საფუძველზე  ვარაუდობს, რომ შენობა გაცილებით დიდი უნდა იყოს და, შესაბამისად, მისი მშენებლობაც დასახელებულ თანხაზე მეტი დაჯდებოდა.
„სატელევიზიო კადრებში ჩანს ერთსართულიანი, რაღაც გაურკვეველი შენობა, მაგრამ ამბობენ, რომ ამ სახლს მიწის ქვეშ აქვს ძალიან დიდი ფართობი. ჩვენი ჟურნალისტი იყო მისული, მაგრამ დაცვამ ახლოს არ მიუშვა“, უთხრა გელა მთივლიშვილმა რადიო თავისუფლებას.
ოფიციალური ინფორმაციით კი, პრეზიდენტმა საკუთარი დანაზოგიდან, ჯამში, 78 ათასი ლარი გადაიხადა. პრეზიდენტის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 14 მაისსაა შევსებული, პრეზიდენტსა და მის მეუღლეს კახეთში მამულის შეძენა ნამდვილად არ გაუჭირდებოდათ. საქმე ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელფასო და მიმდინარე ანგარიშებზე „საქართველოს ბანკში“ ირიცხება, შესაბამისად, 67 ათასი ლარი და 52 ათასი დოლარი,  ბანკ “სოსიეტე ჟენერალში” კი –  30 ათასი ევრო. 21 ათასი დოლარი და 85 ათასი ევრო აქვს შენახული პრეზიდენტის მეუღლეს ანაბრებზე “თიბისი ბანკსა” და ING Bank–ში. ამ მონაცემების გათვალისწინებით,  თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელს თეა თუთბერიძეს პრეზიდენტის შენაძენის კანონიერებაში ეჭვი არ ეპარება:
„პრეზიდენტის შემოსავალი ამ თანხას აღემატება ბევრად. ეს რომ ყოფილიყო 7 მილიონიანი შენაძენი, მაშინ ნამდვილად გამიჩნდებოდა კითხვა, საიდან? მაგრამ 70 ათასი ლარის ღირებულების ქონება არ ბადებს ჩემში ეჭვს.“-  თეა თუთბერიძეს ასევე უადგილოდ მიაჩნია მოქმედი პრეზიდენტისა და სხვა მოხელეების შედარება წინამორბედი ხელისუფლების წარმომადგენლებთან:
„იმ დროს ნებისიმერი NGO-ს თანამშრომლის ხელფასი გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე მინისტრებისა. ამის გამო ბევრი კითხვა ჩნდებოდა, როცა სახელმწიფო მოხელეები უზარმაზარ სასახლეებს იშენებდნენ ან ყიდულობდნენ.“
2003 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციებზე პრეზიდენტ შევარდნაძეს ბადენ-ბადენში წასვლას ურჩევდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ბადენ–ბადენში სახლის შეძენის თაობაზე არ დადასტურდა. ათი წლის წინ პრეზიდენტის ხელფასი მართლაც უმნიშვნელო თანხა იყო, თუმცა, როგორც გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტი და მოხელეთა  ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი რუსიკო მაჩაიძე ამბობს, მოქმედი პრეზიდენტის დანაზოგის წარმომავლობაც ბუნდოვანია:
„არ ჩანს... ბუნდოვანია! 2010 და 2011 წლების დეკლარაციები შევადარეთ. 2011 წელს უცბათ გაუჩნდა დანაზოგი, თუმცა საიდან, არ ჩანს. თანაც პრეზიდენტის წლიური ხელფასი 60 ათას ლარამდეა და ამხელა დანაზოგის გაჩენაც არალოგიკურია.“
საინტერესოა, რა თანხას ფლობდა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად არჩევამდე, ანუ შვიდი წლის წინ. 2004 წლის თებერვალში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, პრეზიდენტისა და მისი მეუღლის დანაზოგი სულ რაღაც 13 ათას ევროს შეადგენდა, მაგრამ ბევრისთვის პრეზიდენტის შემოსავლის თვლაზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი მეურნეობის მხარდაჭერაა. ცხადია, კახეთში ვენახის შეძენით მიხეილ სააკაშვილი ქართული ღვინის პოპულარიზაციასაც ეწევა, თუმცა ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია მიიჩნევს, რომ ამგვარი სარეკლამო სვლით არსებითად არაფერი შეიცვლება.
„უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ამას აკეთებს პრეზიდენტი, რომლის ინიციატივაც არის ბოლო წლებში კახეთში გლეხის გაზარმაცება იმ გაგებით, რომ ქვეყანა ბოლო 4-5 წელია განუწყვეტლივ სუბსიდიებს იძლევა რთვლის პერიოდში, ანუ, ფაქტობრივად, იქრთამება გლეხი იმის ნაცვლად, რომ რაღაც ინტერესი გაუჩნდეს და იყოს დამოკიდებული საკუთარ თავზე, ანუ შრომა დაუფასდეს იმის ნაცვლად, რომ სუბსიდიებითა და დახმარებით გაიტანოს თავი შემოდგომიდან შემოდგომამდე“, უთხრა მალხაზ ხარბედიამ რადიო თავისუფლებას.
წლის განმავლობაში ხელისუფლება რთვლის სუბსიდირებაზე 11 მილიონამდე ლარს ხარჯავს, მაშინ როცა გლეხებს არ აქვთ ვენახის მოვლისა და ღვინის წარმოების ჯეროვანი ცოდნა, არ იზრდება მცირე მარნების რაოდენობა და აუთვისებელ–ჩამოუყალიბებელია ღვინის ადგილობრივი ბაზარი. სპეციალისტების აზრით, თუ არსებული ვითარება არ შეიცვლება, არა აქვს მნიშვნელობა ვენახს ვინ შეიძენს – ადგილობრივი გამგებელი თუ ქვეყნის პრეზიდენტი, ან ვენახი შეჭამს სუბსიდიას, ან, როგორც სიმღერაშია, თხა  – ვენახს.
© radiotavisupleba.ge



ძალიან ამაზრზეანია ამ პრეზიდენტის "მამულში" ჩვენი "წარჩინებულების" ვიზიტები და მათი ვითომც დალხინებული, გაცისკროვნებული, მლიქვნელი მზერის ყურება... და ამ პრეზიდენტის საუბარები ისეთ თემებზე (უფრო კი ლაზღანდარობა), რომელზეც საერთოდ აზრზე არ არის...


თქვენი მოსაწონი ხომ ვეღარაფერი გაუკეთებია კაცს. ან ბავშვებს რატომ მოიხსენიებთ ასეთი ზიზღით:( ღვინო და ვენახი ყვარებია ადამიანს რას ერჩით


kaci sheikris tvalshi nacars simartlis naxva tu ar unda... zogic shejdeba ertxel virze mere chamosvla agar unda...sabralo kaco,virma nacars tu migabruna,axi ikneba im nacarshi xelis ceceba.........


samcuxaroa...imasac ki ver xvdebit rom is kartuli gvinis popularizaciistvis aketebs amas......

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული