Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ამბები – გადაცემა "ღვინის გზამკვლევი" (21) 08.02.2013

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ბოლო ინფორმაციით, ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე გაზაფხულის ბოლოს დაბრუნდება. ამ და დარგის სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, პირველი ოფიციალური შეხვედრა ქართველ და რუს კოლეგებს შორის 4 თებერვალს, მოსკოვში შედგა. შეხვედრების პირველ რაუნდს ორივე მხარე წარმატებულად აფასებს. შეთანხმების თანახმად, მომდევნო კვირაში საქართველოს „როსპოტრებნადზორის“ წარმომადგენლები ეწვევიან, რომლებიც ქართული ღვინის წარმოების პროცესზე დაკვირვების პირველ ეტაპს შეუდგებიან. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ღვინის ქართული კომპანიების აღრიცხვას თავად სააგენტო უხელმძღვანელებს, რის შემდეგაც, რუსული მხარე ღვინის აღნიშნული საწარმოების რეგისტრაციის პროცესს დაიწყებს. ქართული ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის შემოწმება კი რუსი სპეციალისტების მომდევნო ვიზიტების  დროსაც გაგრძელდება.

ქართული ღვინის კომპანიების რეგისტრაციის პროცესი გუშინ დაიწყო. სპეციალური განცხადებების შევსება ღვინის ქართველ მწარმოებლებს ღვინის ეროვნულ სააგენტოში შეეძლებათ. ლევან დავითაშვილის თქმით, ეს პროცესი დაახლოებით ერთ თვეს გასტანს.

ასევე ერთი თვე უნდა გაგრძელდეს ქართული ღვინის კომპანიების შემოწმების პროცესი, რომელზეც „ქართული ღვინის ასოციაციის“ ხელმძღვანელმა თინა კეზელმა, გუშინ „ექსპოჯორჯიაში“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა:

„ნებისმიერი შემოწმება ნიშნავს იმას, რომ იქნება ხარისხის კონტროლი. ყველა საწარმოსთვის ეს დაახლოებით ერთნაირი პროცესია. ჩვენ არანაირ მოულოდნელობას არ ველით. იქნებიან რუსი ინსპექტორების ჯგუფები, რომლებიც ადგილზევე გაეცნობიან ჩვენი ხარისხის სისტემას“

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ქართული დელეგაცია საქართველოში გუშინწინ საღამოს დაბრუნდა. ინფორმაცია, „როსპოტრებნადზორის“ უწყებასთან მიღწეული შეთანხმებისა და სამომავლო ეტაპების შესახებ, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ასოციაცია „ქართული ღვინის“ წარმომადგენლებმა, ღვინის ქართველ მწარმოებლებს გუშინვე გააცნეს. „ესპოჯორჯიაში“ გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე და რუსეთთან ურთერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძეც დაესწრნენ. დახურული შეხვედრის შემდეგ, ქართული მხარის რუსეთში ვიზიტი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტებთან შეაფასა:

„ღვინო, რომელიც აკმაყოფილებს ისეთი ბაზრის მოთხოვნილებებს, როგორიცაა ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, დარწმუნებული ვარ რომ რუსული ბაზრის მოთხოვნილებებსაც დააკმაყოფილებს. ამას სამუშაო პროცესის დროს დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ სეგმენტი ათვისებული იქნას. ერთბაშად ყველაფერი ვერ მოხდება, მაგრამ მე ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ წელს ეს იქნება მზარდი პროცესი. ის რაც დღეს ბიზნესს ხელში უჭირავს, ყველაფერი იქნება შენარჩუნებული. დივერსიფიცირებული ბაზარი გარანტიაა იმისა, რომ ბაზართან დაკავშირებით არაფერი არ მოხდება.“

რუსეთის ბაზარზე დაბრუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა სააქციო საზოგადოება „სარაჯიშვილის“ ხარისხის დირექტორმა დავით აბზიანიძემ, რომელიც სხვა კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად გუშინდელ შეხვედრას ესწრებოდა:

„მოგეხსნებათ, რომ რუსული ბაზარი ჩვენთვის ძალიან საინტერესო ბაზარია. ჩვენ ამ ბაზარზე დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით წარმოდგენილი და ძალიან წარმატებითაც. ასე რომ რუსეთის ბაზარზე დაბრუნება და მოუმზადებლობა ნამდვილად არასწორი ნაბიჯი იქნებოდა ჩვენგან. საინტერესოა ონიშჩენკოსთან შეხვედრის შედეგებიც, რომლის თანახმადაც უკვე ნათელია, რომ რუსეთში ჩვენი პროდუქციის მიმართ უკვე დადებითი განწყობა არსებობს. ძალიან სწორად აღნიშნა მინისტრმა, რომ ერთი თვის წინ რომ დალაპარაკებოდნენ, ონიშჩენკო ალბათ სულ სხვა პასუხს გასცემდა.“

<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ისევ რუსეთში გამართულ შეხვედრას რომ დავუბრუნდეთ, ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე, გენადი ონიშჩენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ემბარგო პირველ რიგში ბოთლში ჩამოსხმულ და საბოლოო სახით შეფუთულ ღვინოს მოეხსნება. რუსეთის მთავარი სანიტარის განცხადებით, „როსპოტრებნადზორი“ ჯერ ვერ მისცემს უფლებას ქართულ მხარეს, იმისათვის, რომ რუსულ ბაზარზე დაუფასოებელი, ნახევარფაბრიკატი ღვინო შეიტანოს და მისი ჩამოსხმა რუსეთის ტერიტორიაზე აწარმოოს. ამის მიზეზი პროდუქციის ფალსიფიკაციის ხელახალი საფრთხეა, რომელიც ამ ტიპის ექსპორტირების პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ქართული დელეგაციის რუსეთში ვიზიტი რამდენიმე ტაბლოიდური მედიასაშუალების განხილვის თემა გახდა მიმდინარე კვირის განმავლობაში. განსაკუთრებული ოპერატიულობით რუსული მედია გამოირჩეოდა, რომელიც 4 თებერვალს გამართული შეხვედრის შესახებ სხვადასხვა აქცენტებს სვამდა. ერთ-ერთი ასეთია რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ მიერ გავრცელებული გენადი ონიშჩენკოს  შეფასება, რომლის თანახმადაც, ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების პროცესის დაწყება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქართველოსთვის შეიძლება იყოს და არა რუსეთისთვის, რადგან რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქცია მხოლოდ 3-4%-ს დაიკავებს, რაც ონიშჩენკოს თქმით ძალიან უმნიშვნელო ცვლილებაა მათი ეკონომიკისთვის.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ონიშჩენკოს უწყებაში გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერეფერენცია გაიმართა, რომელზეც ლევან დავითაშვილს კითხვები ქართული ღვინის საფასო ღირებულებაზეც დაუსვეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, ქართული ღვინის ფასი ისეთი იაფი აღარ იქნება, როგორც ეს ემბარგოს დაწესებამდე იყო. რუსეთის ბაზარზე შესვლის შემდეგ, მისი ფასი საშუალო კლასის ევროპული ღვინოების ფასს გაუტოლდება. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რუსული ვალუტის მიხედვით, ერთი ბოთლი ქართული ღვინის ფასი დაახლოებით 300 რუბლიდან დაიწყება, რაც დაახლოებით 10$-ს უტოლდება.  ამავე პრესკონფერენციაზე, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა უარყო რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულ ბაზარზე პირველად ის კომპანიები შევლენ, რომლებიც რუსული კაპიტალით ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. ეს ინფორმაცია „ალკოჰოლური სასმელების ბაზრის რეგიონალური და ფედერალური კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელის ვაძიმ დრობიზის შეფასებას უკავშირდება, რომელმაც ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება ე.წ. „მოლდავურ სცენარს“ შეადარა. ამ სცენარის თანახმად, 2007 წელს, მოლდავურ ღვინოზე აკრძალვების გაუქმების შედეგად, რუსეთის ბაზარზე პირველად ის კომპანიები შევიდნენ, რომელიც მთლიანად, ან ნაწილობრივ რუსულ კაპიტალთან იყვნენ დაკავშირებული. ლევან დავითაშვილის თქმით, რუსული მხარის მიერ ქართული კომპანიების რეგისტრაციის პროცესი ძალიან დაბალანსებული იქნება და ყველა კომპანიას თანაბარი შესაძლობლები ექნება იმისთვის, რომ საკუთარი პროდუქცია რუსულ ბაზარზე შეიტანონ.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ქართული ქვევრის ღვინო მსოფლიო ასპარეზეზე სულ უფრო აქტიურად მიიწევს წინ. ამას მოწმობს იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში საფრანგეთში გამართული ღვინის დეგუსტაციების სერია, რომელზეც ჩვენ წინა გადაცემებშიც გესაუბრეთ. ქვევრის ღვინის ქართველი მწარმოებლები საქართველოში კვირის დასაწყისში დაბრუნდნენ. დეგუსტაციების მნიშვნელობის შესახებ „იაგოს ღვინის“ მწარმოებელი იაგო ბიტარიშვილი რადიო „ცხელ შოკოლადს“ ესაუბრა:

„დეგუსტაციების პირველი სერია პარიზის ძალიან ცნობილ რესტორანში გაიმართა. იქ უშუალოდ მოსულები იყვნენ არა უბრალოდ მოყვარულები, არამედ პროფესიონალები - სომელიეები, დეგუსტატორები, ღვინის მარნებისა და ბარების მფლობელები და ა.შ. ვთვლით, რომ ყველაზე მეტად სასიამოვნო შედეგი ის არის, რომ ზუსტად, კონკრეტული ბარებიდან და რესტორნებიდან წამოვიდა შეკვეთები. ეს იყო არა კერძო შეკვეთა, რომლებმაც იქვე შეუკვეთეს, არამედ მათი შეკვეთა, რომლებმაც ჩვენი ღვინოები საკუთარ ბარებსა და რესტორნებში დადეს გასაყიდად. ამ ყველაფერს დავამატებ, რომ ყველა, ვინც ნატურალურ ღვინოს ყიდის, ყიდულობს, აწარმოებს ან უბრალოდ ამ თემით ინტერესდება, ამ ღონისძიებამ ყველა მათგანი შეკრიბა. ნატურალური ღვინოების მთელი სეგმენტი იყო წარმოდგენილი“

ამ ღონისძიების შემდეგ, ქართველი მეღვინეები ნატურალური ღვინის ფრანგმა მწარმოებლებმა საკუთარ მარნებში მიიწვიეს, სადაც ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. პარიზიდან, ქართული ღვინის გამოფენა-დეგუსტაციამ „შატო დანჟერში“ (Chateau D’Angers) გადაინაცვლა, რომელში მონაწილეობაც ქვევრის ღვინის მწარმოებელთა 200-მდე წარმომადგენელმა მიიღო.

იაგო ბიტარიშვილის ინფორმაციით, ქართველი მწარმოებლები, საფრანგეთის შემდეგ საკუთარ პროდუქციას ინგლისის „ნატურალური ღვინის ბაზრობაზე“ წარადგენენ, რომელიც ყოველ წელს, მარტის თვეში იმართება. მომდევნო ვიზიტი კი აპრილში დაიგეგმება. ამჯერად ქართულ ქვევრის ღვინოს იტალიელები დააგემოვნებენ.

<<<<<<<<<<<< 

მე კი, სამშაბათს, ღვინის კლუბში გამართული ლექციის შესახებ გეტყვით. ამჯერად კლუბის წევრებმა, ვაზის ჯანსაღი სარგავი მასალის წარმოების ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ლევან უჯმაჯურიძის მოხსენება მოისმინეს. ლექცია იმ პრობლემების ხაზგასმით დაიწყო, რომელიც ვენახების ფართობების, ნერგისა და ყურძნის წარმოების შემცირებას უკავშირდება. პრობლემებს შორის არის, ასევე ქართული სასუფრე ყურძნის ჯიშების მცირე ფართობებზე გავრცელება, სანერგე მეურნეობების შემცირება და ქართული ვაზის გენოფონდის მოშლა.

ლევან უჯმაჯურიძემ ლექციაზე მყოფ მევენახეებს ვაზის მყნობასთან და სანერგე მეურნეობის მოწყობასთან დაკავშირებით სასარგებლო რჩევები მისცა. ლექციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა. რამდენიმე მეღვინემ იქვე გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოს სხვადსხვა რეგიონებში მცირე სანერგე მეურნებებს აუცილებლად შექმნიან. მნიშვნელოვანია, ისიც, რომ ამავე ლექციაზე გაჟღერდა იდეა, რომ უახლოეს მომავალში რეგიონებში მცხოვრები მეღვინეებისთვის, ჯიშობრივი მრავალფეროვნებისა და სანერგე მეურნეობების პრაქტიკის დანერგვის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრებიც მოეწყობა.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ცნობილი ბრიტანული გამოცემის „დეკანტერის“ ეგიდით, დეკანტერის აზიური ღვინოების დაჯილდოება გაიმართა. ეს კიდევ ერთი ღონისძიებაა ბრიტანული გამოცემისგან, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ „დეკანტერის მსოფლიო ღვინოების ყოველწლიურ დაჯილდოებას“ მასპინძლობს. დაჯილდოებაზე, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს რეგიონში, ჰონგ-კონგში 5 თებერვალს გაიმართა, 42 ქვეყნის 2 200-ზე მეტი ღვინო იღებდა მონაწილეობას, რომელთაგან თითოეულ კატეგორიაში 13 საუკეთესო გამოარჩიეს. ღვინის რეგიონებს შორის გამორჩეულია ავსტრალიის წარმატება, რომელმაც 13 საერთაშორისო ჯილდოდან 6 მათგანის დაუფლება მოახერხა. წითელი ბორდოების კატეგორიაში გამარჯვება Fox Creek’s Reserve Cabernet Sauvignon 2010-მა მოიპოვა, ხოლო შარდონეს კატეგორიაში Tasmania’s Bay of Fires 2010 დაჯილდოდა. ტრადიციულად, წარმტებული აღმოჩნდა საფრანგეთის მონაწილეობა ამ კონკურსში, რომელმაც ჯილდოები რონის ხეობის წითელი, ასევე ცქრიალა და ტკბილი ღვინოებისთვის მიიღო. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ასევე ესპანეთის, იტალის, არგენტინის და ახალი ზელანდიის ღვინოებმაც.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩინეთში ღვინის იმპორტირების მაჩვენებელი შემცირდება, თუმცა მნიშვნელოვნად გაიზრდება ღვინის შიდა წარმოება. ამ დასკვნას საერთაშორისო სავაჭრო გამოფენის - „ვაინექსპოს“ მკლევართა ჯგუფი ავრცელებს. მკვლევრები პროგნოზირებენ, რომ 2016 წლისთვის ჩინეთი ღვინის მომხმარებელთა რაოდენობის მხრივ, მსოფლიოს მეორე უდიდესი ქვეყნის სტატუსს შეიძენს. კვლევაში აღნიშნულია, რომ ჩინეთში ყოველწლიური მოთხოვნილება ღვინოზე 1.6 ლიტრს შეადგენს. ამ კვლევის მიხედვით, მომდევნო 4 წელში ჩინეთის ღვინის ბაზარი დაახლოებით 40%-ით გაიზრდება, თუმცა მასში შემოსვლას უცხოური კომპანიები თავისუფლად ვეღარ შეძლებენ. ვარაუდობენ, რომ ზრდის საკმაოდ სწრაფი მაჩვენებლის გამო, 2016 წელს ჩინეთი ავსტრალიას და ჩილეს ჩაანაცვლებს და მსოფლიოს 6 უდიდეს ღვინის მწარმოებელს შორის დაიკავებს ადგილს. 2013 წლის ვაინექსპოზე ვიზიტორების უმეტესობას სწორედ აზიის ქვეყნებიდან ელოდებიან.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

მათ კი ვისაც აინტერესებს, რა თემებს ეხება ყოველკვირეული გამოცემა „მარანის“ ახალი ნომერი, რომელიც დღეს გამოვიდა, ვეტყვი რომ მისი მთავარი თემა გასული კვირის დასასრულს, ღვინის ბარ „აზარფეშაში“ გამართული საკმაოდ აზარტული დეგუსტაცია გახლავთ. სტატიის ავტორი ალეკო ცქიტიშვილი დეგუსტაციის ერთ-ერთი მონაწილე გახლდათ და ის ძალიან დეტალურად და ბუნებრივად აღწერს ამ დეგუსტაციის პროცესს, დაგემოვნებიდან გამარჯვებულების - დაჯილდოებამდე. აქვე გეტყვით, რომ ქართული და ფრანგული ღვინოების შედარებითი დეგუსტაციის შესახებ ვრცელი სიუჟეტი დღევანდელ გადაცემაშიც გელით. მას რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.

რუბრიკა „გამოხმაურება“ გიორგი ბარისაშვილის წერილს აქვეყნებს, რომელიც ქვევრის დაწერილობის ტრანსლიტერაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება. „მარანი“ სპეციალურ წერილს უძღვნის საქართველოში გავრცელებულ უცხოური ვაზის ჯიშებს - შარდონე, ალიგოტე, კაბერნე სოვინიონი და სხვ. ძალზე საინტერესოა ასევე პუბლიკაცია, რომელიც გოგირდის გამოყენებას ეძღვნება ღვინოში.

ასეთია „მარანის“ ვრცელი ანონსი. შეგახსენებთ, რომ მის შეძენას“ გაზეთ „ვიქენდთან“ ერთად შეძლებთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.