Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უბარაქო "კახელები"

გიგო მესხიშვილი

გადავწყიტე თებერვალი კახური სამზარეულოსთვის მიმეძღვნა და ერთ თოვლიან–ტალახიან დღეს ლილოსკენ გავემგზავრე. რესტორანი–სასადილო „კახელები“ შარშან გაიხსნა და უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს თბილისელ გურმანებში. ბევრი სამზარეულოს აქებს, სხვები ადგილს იწუნებენ. ადგილთან დაკავშირებით ერთი რამის თქმა შემიძლია, სანამ შიგნით აღმოჩნდები ცოტათი შეიძლება დაითრგუნოთ კიდეც – საცხობები, მარკეტები, ათასი წვრილმანის ფარდულები, ტალახიანი შესახვევი, ნაგვიანი გზატკეცილი... ერთი სიტყვით, შესასვლელთან ჩვეულებრივი, 90–იანი წლების ლილო დაგხვდებათ, თუმცა, შეაღებთ თუ არა სასადილოს კარს (სასადილო  მხოლოდ იმიტომ ჰქვია, რომ 20:00 საათზე იკეტება), მაშინვე მყუდრო მედიტერანურ–კავკასიურ გარემოში აღმოჩნდებით, ფერადი თიხის ნაჭრებით გაწყობილი იატაკი, ქვის თბილი კედლები, კოხტა ღუმელი, ძველი ფოტოები და აქსესუარები, შირმები.

შესვლისთანავე სამზარეულოს მძაფრი სუნი გვეცა, ამიტომ მისგან ცოტათი მოშორებით შევარჩიეთ ადგილი. ყველაზე განაპირა მაგიდა დაჯავშნილი იყო, ამიტომ მის გვერდით მოვთავსდით. ცოტა ხანში წამოგვყარეს, ბოდიშებით. არადა ჩვენი მაგიდა ნამდვილად არ იყო დაჯავშნული, არც მესამე მაგიდა იმ კუთხეში... როგორც ჩანს ისეთ სტუმრებს ელოდნენ, რომლებსაც არ უყვართ, როდესაც მათ გარშემო ვინმე ზის. გვეწყინა, მითუმეტეს, იმ მხარეს კაციშვილი არ გაკარებია ჩვენს იქ ყოფნაში, ანუ 19:00–მდე.  

საკმაოდ სიმპატიური, მოხერხებული და მახვილგონივრულად შედგენილი მენიუ მოგვიტანეს, დაახლოების იმ ყაიდის იყო, გაბრიაძის რესტორანში რომ ჰქონდათ. კერძებზე მინაწერები – ხაშლამა ბურუსით, მწვადი – ასრულებენ, ათუაშვილი ნოდარა, რეხვიაშვილი ზაზა და ასეთი ჭკუამხიარული რაღაცეები. ცოტათი გამოგვიკეთდა ხასიათი და შეკვეთაც უცებ მივეცით.

როგორც ჩანს, აქ დიდხანს არ გალოდინებენ. კერძები დროულად მოგვაყარეს, თუმცა პირველად რატომღაც ბოჩოლას ჩაპამიდვრებული მოვიდა (12.00 ლ.), ძალიან გემრიელი, ახალი და ქაფქაფა. მხოლოდ ამის შემდეგ მოგვიტანეს სალათა, სახელად ლაგოდეხი (15.00 ლ.), წითელი და მწვანე სალათის ფურცლები, ძალიან წვრილად დაჭრილი კიტრი და სტაფილო, სულ ცოტა ბულგარული წიწაკა, ალყა–ალყა ხახვი,  ფორთოხლის, გრეიპფრუტისა და პამიდორის პატარ–პატარა ნაჭრები, ზედ მოსხმული კახური მზესუმზირის ზეთით. კარგი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ბულგარულს არ შევუწუხებივარ, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მაინც შევიკავებდი მისგან თავს.

„კახელებში“ გამორჩეული პური აქვთ, ე.წ.  მამა პური (3.00 ლ.), უსაფუვრო ცომისგან გამომცხვარი და თხელი ლავაში (1.50 ლ.), რასაც ვერ ვიტყვით ლოქოზე (15.00 ლ.), რომელიც გრილზე შევაწვევინეთ, მაგრამ იმდენად ჰქონდა გამჯდარი სიმყრალე და ჭაობის გემო, რომ იგი ვერც ლიმონმა დაამარცხა და ვერც ნარშარაბმა ან სხვა რამ საწებელმა. მოკლედ, ლოქო ჩაფლავდა, თან ძალიან პატარა, უბარაქო პორცია მოგვიტანეს. საცოდავი შესახედავი იყო ბურუსიანი ხაშლამის პორციაც (10.00 ლ.), კახელებისგან არ ველოდით ასეთ ხელმომჭირნეობას. ბოლო–ბოლო კახური ესთეტიკის ამბავია – ჯობს გააძვირო კერძი და უფრო ბარაქიანად დააწყო ნაჭრები, ვიდრე უბარაქობის მელანქოლია აჰკიდო კლიენტს. კალმახა სოკო ნიგვზის ლებნებით მორთული მოვიდა (10.00 ლ.), რომელიც ზედმეტად გამომშრალი და გადაბრაწული, შეიძლება ითქვას, გადამწვარიც კი იყო. მწვადი – თხელი სიფრიფანა ნაჭრები (10.00 ლ.). მასაც მიმწვარი ჰქონდა კიდეეები. ქაბაბი კარგი იყო (10.00 ლ.), ჩემს მეგობარს ცოტა მარილიანი ეჩვენა, მე კი ასეთიც ძალიან მომეწონა.

ვსვამდით ღვინოს, ჩემი მეგობარი კი ლიმნიან წითელ კომპოტსაც წრუპავდა. კახურად დაყენებულ ღვინოს არაუშავდა, არომატული იყო და განსაკუთრებული დაავადება არაფერი სჭირდა, დაილეოდა, ასევე გავსინჯეთ კაბერნე და მერლო, თუ არ ვცდები 2 თუ 3 წლის ღვინო, რომელიც უკვე საკმაოდ გადაძველებული და გადაჟანგული იყო, ისევე როგორც 2006 წლის ბოთლის რქაწითელი, კლასიკურად დაყენებული (ე.წ. ევროპული). ყველაზე მეტად საფერავი მოგვეწონა. საერთოდ, ღვინო საკმაოდ იაფი ღირდა, ალბათ იმიტომ, რომ თავიანთი წარმოებისაა. მენიუში არ იყო აღნიშნული ჭიქის ფასი, მაგრამ როდესაც ვუთხარით, ღვინო ჭიქებითაც მოგვიტანეს და გასინჯვითაც დაუზარლად გაგვასინჯეს სხვა ღვინოები. დანაყრებულები გამოვედით და მარჯვნივ, ტალახიან ტროტუარზე შევუხვიეთ, სადაც მანქანა გვყავდა გაჩერებული.

კახელებისასადილო

კახეთის გზატკეცილი 2

უბანი: ლილო

ტელ:+995 32 2 407454, მობ: +995 99 2 481505/2 424852

სამზარეულო: კახური, ქართული

საათები: 9:00-20:00

ბარათები: მიიღება

ფასი: 80–100 (სადილი ორ კაცზე,

ღვინის და სერვისის ჩათვლით)

პარკინგი: რესტორნის წინ

ელ-ფოსტა: sales@kakhelebi.ge

საიტი: www.kakhelebi.ge

საათები: 9:00-20:00

© tabula



ნეტავ ვინ იქნება შემდეგი??? ისე კი ძალიან სახალისოა :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული