გიგო მესხიშვილი
დიზაინის თვალსაზრისით, ქართული რესტორნების კულტურა ორი ძირითადი მიმართულებით წავიდა ბოლო წლებში. ერთი მხრივ, ეს არის ქვით, ცემენტითა და გაპრიალებული ხით მოპირკეთებული ფუნდუკები, მოკირწლული ბილიკებითა და გაზონებით (ძველი სახლი, ფაეტონი და მრავალი სხვა...), მეორე კი ე.წ. თბილისური ნაზავია, სადაც ჭრელი გადასაფარებლები გხვდებათ, სხვადასხვანაირი სკამები, მასიური ბუფეტები, მძიმე მაგიდები, წითელი აგური, აბაჟურები და ძველი, ჭრიალა იატაკი. ასეთების ერთ–ერთი პიონერი გაბრიაძის რესტორანი იყო ანჩისხატთან, შემდეგ პურპური, შავი ლომი და სხვ. ასეთი რესტორნების რიცხვი მატულობს, თუმცა ვერ ვითარდებიან. "პასტორალზეც" იგივე შეიძლება ითქვას, რიცხვს შეემატა, ახალი კი ვერაფერი შემოგვთავაზა.
ბოლო დროს ცოტა მოსაწყენიც კი გახდა ამ ყაიდის დაწესებულებები და ამას ვერც სარეცხის თოკზე გაკიდული ჩითის კაბები, პერანგები და ლიფები შველის, რომელიც რესტორან "პასტორალის" შიდა ეზოს მხარეს, შუშაბანდის წინ იწონებდა თავს, როგორც დიზაინის ნაწილი. მენიუ კოხტა ესკიზებითაა მორთული, შესაძლოა ოთარ იოსელიანის ან ვახტანგ რურუას, ანდა სულაც რესტორნის დიზაინის ავტორის, გუგა კოტეტიშვილის ჩანახატებია.
რესტორნის სამზარეულო მეგრულია და "პასტორალიც" ალბათ სწორედ ამიტომ ჰქვია, ოთარ იოსელიანის ცნობილი ფილმის გამო, სადაც დინამიტის აფეთქებით მოპოვებულ თევზს თუ არ ჩავთვლით, ნამდვილი მეგრული პურმარილიც იშლება ერთიორჯერ.
ამ რესტორანშიც ცდილობენ ნამდვილ სამეგრელოს მიუახლოვონ გემოები. ცდილობენ ზოგ მომხმარებელს მოგონებები აუშალონ, სხვებს კი პირველი შთაბეჭდილება შეუქმნან. ხანდახან წარმატებით გამოსდით, ზოგჯერ კი მარცხდებიან. მაგ. ტრადიციული მეგრული ხულ–სალათი (5.00 ლარი), კეჟერა ფხლის მეგრული ვარიანტი, აჯიკით და ნიგვზით შეზავებული, კარგი იყო, ხოლო ბოსტნეულის სალათი (6.90 ლარი) დიდი ხნის მომზადებულს გავდა, უშნოდ დაფლეთილი კიტრი და პომიდორი, წითელი კომბოსტო, ბულგარული (ამაზე აღარაფერს დავწერ, შეიძლება მოგაბეზრეთ უკვე თავი) და სალათის ფურცლები, ზეთი... მოკლედ, სალათა არაფრად ვარგოდა, სხვას რომ თავი დავანებოთ, სიქორფის ნატამალი არ ჰქონდა. არც ახალი ტყემალი მომეწონა (2.50 ლარი), რომელიც წესით გაცილებით უფრო ცოცხალი უნდა ყოფილიყო. ვინ იცის, შეიძლება გადაკმაზული ტყემალიც იყო. გებჟალიას (5.90 ლარი) უფრო ფაფუკს და რბილს ველოდი. როცა გებჟალია იჭრება, წვენი უნდა გასდიოდეს, სავსე უნდა იყოს, ეს სულგუნი კი მშრალი იყო. მხოლოდ წვენის გადასხმით არაფერი გამოვა.
ძალიან გამიკვირდა, როდესაც სუფ–ხარჩოღორისა მოვიდა (7.40 ლარი), ძალიან ცხიმიანი. ვისაც მსუყე შეკმაზული წვნიანები უყვარს, იმას მოეწონება ეს კერძი. ელარჯიც ნორმალური იყო (4.90 ლარი), თუმცა ჩემმა მეგობარმა თქვა, შეიძლებოდა უფრო მეტი ყველით ყოფილიყოო. ამის მიუხედავად "პასტორალის" ელარჯის მირთმევას მაინც გემრიელად შევუდექი, სანამ გრძელი თმა არ გამოვაძვრინე... ძალიან დამწყდა გული, კინაღამ ყველაფერი ჩაგვეშალა, მაგრამ მოვთოკეთ თავი. ხარჩო (7.90 ლარი) ხბოს ხორცით, ძალიან კარგი იყო, კლასიკური, ნამდვილი. ამაზე თამამად იტყვი, რომ ეტალონური ხარჩოა, გაასინჯებ და აუხსნი სტუმარს, რომ აი შვილო, ესაა ხარჩო. ტაბაკა (16.90) დიდ ვაზის ფოთოლზე იყო დასვენებული, რომ შეხედავდი, მართლა სოფლის წიწილს გავდა, აჯიკით იყო შეთხვრილი და საკმაოდ მწარეც იყო. ხბოს მწვადს (13.90 ლარი) მარილი აკლდა, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელი იყო, მოინდომეს როგორც ჩანს, ან უბრალოდ, ესმით საკითხი. აფხაზურაზე (6.90 ლარი) კარგს ვერაფერს ვიტყვი, ჩემმა მეგობრებმა საერთოდაც, ქაბაბს შეადარეს. ქაბაბი ბადექონში, შეკმაზულიო და მეც დავეთანხმე. აფხაზურა უფრო ძლიერი გემოების უნდა იყოს, და არა ასეთი მშრალი. მოკლედ, მეგრულ რესტორანში მომზადებული აფხაზურა ნიკორას აფხაზურას არ უნდა გაგონებდეს. ადგილობრივი დესერტი არ აღმოაჩნდათ, თავისი ტკბილეული არაფერი ჰქონდათ, თოლიას ნაყინის აღება კი აზრადაც არ მომივა ამ ტიპის რესტორნებში.
ახლა ღვინო. აქვთ საძაგელი ჩამოსასხმელი ღვინო, თეთრიც და წითელიც. თეთრი ძალიან ცივი მოგვიტანეს, მაგრამ მაინც კარგაც ჩანდა, რომ ღვინო არაფრად ვარგოდა და ცივად ვთქვით უარი, წითელი კი ზედმეტად თბილი იყო, თან ჯიუტად გვიმტკიცებდნენ, რომ ოჯახის ღვინოაო, არადა აშკარად საწარმოში ჩარჩენილი გადაძველებული მარაგებიდან იყო. ხოხბის ცრემლების რქაწითელი ავიღეთ (29.90 ლარი), რომელსაც სამწუხაროდ საცობის ტონი აღმოაჩნდა და ძალიან გაგვიფუჭა ხასიათი, რადგან სხვა არჩევანი მაინცდამაინც არ გვქონდა. შემდეგ ორნაირი საფერავი მოვწრუპეთ, ხოხბის ცრემლების (ჭიქა 9.90 ლარი) და ვინოტერას საფერავი (6.90 ლარი). პირველი უფრო სხეულიანი და სავსე მომეჩვენა, თუმცა დაჟანგული იყო. ვინოტერას ღვინო კი ცოტათი უხეში.
ყველაზე კარგი "პასტორალში" ალბათ ჭაჭის არჩევანი აქვთ. სხვა დანარჩენს იმედია დროთა განმავლობაში დახვეწავენ.
პასტორალი –რესტორანი
ერეკლე მეორის ქ. 7
უბანი: ძველი თბილისი
ტელ: (მობ) 592 311919
სამზარეულო: მეგრული
საათები: 12:00 – 02:00 (ბოლო სტუმრის გაცილებამდე)
ბარათები: მიიღება
ფასი: 80–120 ლარი (სადილი ორ კაცზე, ღვინის და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: პარალელურ ქუჩებზე
ელ-ფოსტა: არ აქვთ
საიტი: არ აქვთ
© tabula
ამ წინა კომენტარს წავშლი, თუ დღის ბოლომდე ქართულად არ დადებს მისი ავტორი!! სიმართლე გითხრათ, ამოხვედით უკვე ყელში გიგო მესხიშვილის მომხრეებიც და მისი მოწინააღმდეგეებიც. წერეთ ქართულად.
თქვენი კომენტარი