Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საშობაო ტრადიციები და ტკბილეული

ქეთი ადეიშვილი

შობა-ახალი წლის სადღესასწაულო სუფრას ყველაზე მეტად მაინც ტკბილეული ამშვენებს. დროთა განმავობაში ტკბილეულმა სიმბოლური დატვირთვა შეიძინა და სიცოცხლის დატკბობის სიმბოლოდ იქცა. ჩაროზებისადმი ამგვარი დამოკიდებულება საუკუნეთა მანძილზე შაქრის სიძვირემაც განსაზღვრა. ასე განსაჯეთ – საფრანგეთის დედოფალ ეკატერინე მედიჩის მზითევში ნამცხვარი გაატანეს. ტკბილეულის გამო შობა-ახალი წლის დღესასწაული სწორედ ამიტომ განსაკუთრებით უხარიათ პატარებს.

აღარ ჩავუღრმავდები ტრადიციული ქართული საახალწლო ტკბილეულის განხილვას, ეს ისედაც ყველამ კარგად იცის და ადრეც ბევრი მითქვას ამის შესახებ. შობა-ახალი წლის ტკბილეულში ჭარბობს თაფლი, თხილეული, ჩირები და აღმოსავლეთიდან შემოტანილი სანელებლები.

მთელ ევროპაში საოცარი პოპულარობით სარგებლობს საშობაო თაფლაკვერები, რომელთა ისტორიაც ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში დაიწყო.

პირველი კონდიტერის სახელმა, რომელიც ცნობილია, როგორც თაფლაკვერების ოსტატი, ჩვენამდე მოაღწია გერმანიის ქალაქ ულმის 1296 წლის სარეგისტრაციო წიგნიდან. 100 წლის შემდეგ თაფლაკვერების მომზადებით სახელი გაითქვა ქალაქმა ნიურნბერგმა. ეს ჩაროზი ასევე ტრადიციულად მზადდება ბალტიისპირეთისა და ბენილუქსის ქვეყნებში. გერმანელები საშობაო თაფლაკვერებს Pfefferkuchen-ს უწოდებენ. პირდაპირი თარგმანით იგი წიწაკის ნამცხვარი გამოდის. ეს გამოიწვია მის შემადგენლობაში სანელებლების დიდმა რაოდენობამ, რომელთა შორის მიხაკ-დარიჩინთან ერთად იყო ბაჰარი, ე.წ. სურნელოვანი წიწაკა და ჯანჯაფილი. ამ ნამცხვრის მეორე სახელწოდება სწორედ ჯანჯაფილს უკავშირდება.

ჯანჯაფილის კაცუნებს აცხობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. თაფლაკვერისგან აწყობენ ულამაზეს ქოხებს, რომლებსაც ზღაპრების ჯადოსნურ სამყაროში გადავყავართ. სახლებს თეთრი მინანქრითა და შაქრის ფერადი მოსართავებით რთავენ.

საშობაო ტრაპეზის შემდეგ საფრანგეთში უმნიშვნელოვანესია ტკბილეულის სუფრა, სადაც აუცილებლად უნდა იყოს ტრადიციული  ფენოვანი ნამცხვარი ნუშის გულსართით - Galette des Rois,რომელიც მთელი იანვრის განმავლობაში უნდა იყოს სუფრაზე. აქ ასევე ამზადებენ მადელინებს – ნაზი ბისკვიტის ნამცხვარს, რომელსაც ნიჟარის ფორმა აქვს.

ვენესუელაში საშობაო ვახშმის დასრულების შემდეგ მიირთმევენ კრემის პუნშს, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გადასვლას დესერტებზე. ვენესუელაში საშობაოდ აცხობენ შავ ტორტს დაშაქრული ხილით და მწვანე პაპაიათი.

ესპანური საშობაო ტკბილეულის სუფრა  სრულიად პასუხობს შობის ღამის მაგიურ ატმოსფეროს. აღსანიშნავია ესპანური ტურონი, რომელიც საოცრად წააგავს ნუგას. მზადდება შაქრით, კვერცხის ცილითა და თხილეულით. გარდა ამისა, ესპანელები საშობაოდ იმარაგებენ მარციპანს და აცხობენ ფხვიერ ნამცხვარს ნუშით და ჩირებით.
ფილიპინებზე საშობაო ტორტები ბრინჯისგან მზადდება. ბრინჯზევე მზადდება Bibingka– თიხის ჭურჭელში განსაზღვრული პროპორციით იდება ბრინჯი, კარაქი, ბანანი, კვერცხი, გახეხილი ქოქოსი და ადგილობრივი კამეჩის ყველი.

საბერძნეთში საშობაოდ მელომაკარონასა და კურაბიედესს აცხობენ. კურაბიეს თურქული წარმოშობა აქვს და ძალიან წააგავს შაქარლამას. მელომაკარონა კი ნიგვზითადა ზეითუნის ზეთით მზადდება. ასევე ცხვება ფორთოხლის ღვეზელი ვასილოპიტა.

გერმანიაში არ არსებობს შობა-ახალი წელი შტოლენის (Stollen) გარეშე. შტოლენი საფუვრიანი მძიმე ნამცხვარია, რომლის გულსართიც ქიშმიშით, მარცპანითა და თხილეულით ამზადებენ. მას შობამდე რამდენიმე კვირით ადრე აცხობენ და ინახავენ. გერმანელები შტოლენს თავისი ფორმითა და თეთრი ფერით ჩვილი იესოს თეთრ საფენებთან აიგივებენ. შტოლენს ძალიან დიდი ისტორია აქვს, მისი უამრავი სახეობა არსებობს. ცნობილია ფაქტი, რომ 1730 წელს საქსონიის მეფის ბრძანებით კარის კონდიტერებმა გამოაცხვეს  1,8 ტონის შტოლენი, რომელსაც 6 საათის განმავლობაში აცხობდნენ დამ ის მომზადებაში 100 კაცი მონაწილეობდა.

უნგრეთში შობა-ახალი წლის აუცილებელი ატრიბუტია ბეიგლი – ყაყაჩოს თესლისა და ნიგვზის რულეტი. ამ ნამცხვარს ებრაული წარმოშობა აქვს. პირველად იგი უნგრეთის დედაქალაქში, ბუდაპეშტში გახდა ცნობილი, შემდეგ კი მთელი ქვეყანა დაიპყრო. ამ ჩაროზს უნგრელები არა მხოლოდ შობა-ახალ წელს, არამედ აღდგომის დრესასწაულზეც კი აცხობენ.

ინგილსური დესერტებიდან საშობაოდ საქვეყნოდ ცნობილია საშობაო პუდინგი რომით, ჩირებით და ცუკატებით. როგორც წესი, მას ბრენდის ასხამენ, უკიდებენ ცეცხლს და ასე მიაქვთ სუფრაზე. ხშირად პუდინგში ათავსებენ პატარა მონეტებს, რომლებსაც, ინგლისელების რწმენით, ბედნიერება მოაქვთ.

შობის მოახლოებასთან ერთად ყველა იტალიელის ოჯახში უნდა იყოს პანეტონე – ცილინდრის ფორმის ტრადიციული იტალიური ღვეზელი ქიშმიშითა და ფორთოხლის ცუკატებით. იგი თავისი ფორმითა და გემოთი სააღდგომო კულიჩს მოგვაგონებს. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით იგი პირველად ჰერცოგ ლუდოვიკო მოროს მზარეულმა მოამზადა საშობაო სუფრისთვის. პანეტონეს იტალიურ საშობაო სუფრაზე ღირსეულ მეტოქეობას უწევს მეორე, არანაკლებ სახელგანთქმული ნუგბარი პანდორო, რაც იტალიურად ითარგმნება, როგორც ოქროს პური. ნამცხვრის წარმოშობას ვერონას უკავშირებენ. იგი ასევე საფუვრიანი ცომით მზადდება კაკაოს დამატებით და აქვს რვაქიმიანი ვარსკვლავის ფორმა. პიემონტში ტრადიციულად აცხობენ Tronchetto di Natale–ს, რაც ქართულად საშობაო მორს ნიშნავს. იგი ძალიან კალორიული ნამცხვარია. მის შემადგენლობაში შედის კვერცხი, კარაქი, ნაღები, წაბლის კრემი და შოკოლადი. მორის ფორმა დაკავშირებულია უძველეს ტრადიციებთან, როდესაც შობის წინა ღამეს მთელი ღამის განმავლობაში ენთოთ ბუხარი და ამზადებდნენ სხვადასხვა სადღესასწაულო კერძს. შეშად წაბლის კუნძს გამოიყენებდნენ. ეს დესერტი ევროპის სხვა ქვეყნებშიც ძალიან პოპულარულია. საოცრად მდიდარია იტალიური საშობაო სუფრა ტკბილეულით. გენუაში სადღესასწაულოდ პანდოლჩეს აცხობენ დაშაქრული გოგრით, კედარის თესლით, ფსტისა და ქიშმიშის დამატებით. ტრადიციის მიხედვით, ამ ნამცხვრის ნაწილი ღარიბებს უნდა დაურიგდეს, ნაწილს კი სანბიაჯოს დღესასწაულისთვის ინახავენ, რომელსაც 3 თებერვალს აღნიშნავენ. ტრადიციული ტოსკანური ჩაროზია პანფორტე, რომლის შემადგენლობაშიც დიდი რაოდენობით შედის თხილეული.

სტრუფოლი განსაკუთრებით ნეაპოლშია გავრცელებული – საფუვრიანი ცომისგან ზეთში გამომცხვარ ბურთულებს თაფლში ავლებენ. ეს კი ძალიან წააგავს ბერძნულ ლუკუმადესს. იტალიაში საშობაოდ ლეღვის ჩირისგან მომზადებულ დესერტებს დიდ პატივს სცემენ. ლეღვის ჩირს ტენიან ნუშით, ნიგვზით, ცუკატებით, შოკოლადით და ოთხ ადგილას დებენ ისე, რომ ჯვარი გამოისახოს. ტიპური სიცილიური ჩაროზია cubàita იგივეgiurgiulèna, იგი ძალიან წააგავს გოზინაყს. კუბაიტა სეზამის მარცვლებით, თაფლითა და შაქრით მზადდება. ზოგჯერ ემატება ნუში. ევროპაში არსებობს ასეთი ტრადიცია – არ შეიძლება ტკბილეულის მირთმევა, სანამ ცაზე პირველი ვარსკვლავი არ გამოჩნდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული