Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორ აღვნიშნავთ აღდგომას

ნანა კობაიძე

ალათასა, ბალათასა 
 
ანუ როგორ აღვნიშნავთ აღდგომას
 
"მადლობა ღმერთსა, რო დავესწარით აღდგომასა. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტათ".
 
ფიროსმანი, წარწერა ნახატზე "სააღდგომო ცხვარი".
 
ძალიან მიყვარს ფიროსმანის სააღდგომო ნახატები. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველაზე მეტად აღდგომის სურნელი თითქოს ამ ნახატებიდან მახსოვს. სურნელი დღესასწაულისა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ, თუმცა დღესაც მისი განწყობილება მოგვყება. აღდგომის შესახვედრად, ქრისტიანები, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებულად ემზადებიან, ამიტომ, არ იქნება ურიგო, ამ ნააღდგომევზე ქართული სააღდგომო ტრადიციები გავიხსენოთ, უცხოურსაც გადავხედოთ და ბოლოს, ერთი კარგი სიმბოლური სააღდგომო სუფრაც გავშალოთ.
 
აღდგომა საქართველოში
 
აღდგომას საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებულად ზეიმობდნენ. საინტერესო ცნობებს გვაწვდის მეფის კარის სააღდგომო სამზადისზე ვახუშტი ბაგრატიონი: "ხოლო აღდგომის წესი იყო ადრე ნათლებისად წირვა და შემდგომად წირვისა მცირედითა სანოვაგითა ხორცთათა აღიხსნიდიან პირთა მეფე და დიდებულნი. შემდგომად გამოვიდის მეფე და ყოველნი წარჩინებულნი და მცირებულნი ასპარეზსა ზედა და დასვიან სამეფო თასი ოქროსი ანუ ვერცხლისა ყაბახსა ზედა, დაუწყიან სროლა მას თასსა ისარნი მოყმეთა და ჭაბუკთა, და რომელი ჩამოაგდის ისრითა, მას მისციან თასი იგი. შემდგომად ამისა შექმნიან ბურთაობა. მერმე შემოვიდიან მეფისა თანა და შექმნიან ნადიმნი და პურობანი დიდნი მგოსან-სახიობთა. არამედ კათალიკოზნი და ეპისკოპოზნი ვიდრემდის იყვნენ მუნ, არა იყო მწყობრთა ძალთა ცემანი, არამედ - გალობანი. ხოლო შემდგომად წარსვლისა მათისა იყო მგოსანთა, მომღერალთა და ყოველთა სახიობთა ცემანი."
ჩვეულებრივი მოკვდავნი აღდგომას შედარებით მოკრძალებულად აღნიშნავდნენ. სადღესასწაულო სუფრას ამშვენებდა მშრალად მოხარშული ღორის ბარკალი, წითელი კვერცხები, ქადა, ხაჭაპური, შოთის პური, ყველი, მწვანილი, მწნილი, ხილი და რასაკვირველია, წითელი ღვინო.
სააღდგომო ტრადიციებს შორის გამორჩეული იყო ჭონა, რომელიც თავისი არსითა და ფორმით ძალიან ჰგავს ალილოს. აღდგომა დღეს რამდენიმე კაცი, რომელთაც მეჭონეებს ეძახდნენ, მთელს სოფელს ჩამოუვლიდა და სააღდგომო სიმღერით დღესასწაულს ულოცავდა, დიასახლისი კი მათ კვერცხებით, ტკბილი კვერებით, ხილით და ფულითაც ასაჩუქრებდა. დღის ბოლოს შეგროვილ ხორაგს მთელი სოფლის ახალგაზრდობა შემოუსხდებოდა და ილხენდა.
რაჭაში აღდგომა დილით წირვიდან დაბრუნების შემდეგ პურის ფაფას აკეთებდნენ, თონეში ლავაშებს აცხობდნენ. წირვის შემდეგ, მღვდელი თითოეულ ოჯახს ჩამოუვლიდა და აკურთხებდა. ახალი მიცვალებულის პატრონი სააღდგომოდ ცხვარს კლავდა, ცხვრის თავ-ფეხს, ბარკალს, ლავაშს, შეკეცილს ლანგარზე დაალაგებდა და მღვდელს შინ მიართმევდა. აღდგომის მეორე დღეს "გიორგონთობას" ზეიმობდნენ. აცხობდნენ ლობიანებს, შეკეცილებს, ბოხჩუანებს, იხარშებოდა ხორცი და იყო დიდი სმა-ქეიფი.
ყოველ წელიწადს, აღდგომის დღესასწაულზე გურიაში ტრადიციული ლელო იმართებოდა. 16 კილოგრამიან ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა უძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული ღვინის დღესასწაულია, რომელიც დღეს მიივიწყეს. აგუნა შავი ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენისა და კიდევ ერთი უცნობი ინგრედიენტის ნაზავია, რომელსაც მცირე რაოდენობით მოთამაშეებსაც ასმევდნენ – ძალისა და სიმხნევის მოსამატებლად.
საინტერესო რიტუალი ჰქონდათ სამეგრელოში. აღდგომა დღეს განსაკუთრებული ქვევრის, ლაგვანის თავზე ბატკანს ან გოჭს კლავდნენ. აცხობდნენ ყველისა და კვერცხის პურის კვერებს. ოჯახის უფროსი დილიდანვე მარხულობდა, წყალს არ დალევდა და არც თამბაქოს მოწევდა. შუადღისას ხონჩაზე დააწყობდა ღორის გულ-ღვიძლს, მამლის თავს, კვერებს, საზედაშე ღვინოს და ამ ყველაფერს საღმრთო საოხორო ქვევრის თავზე დაალაგებდა, მერე იმ ქვევრს თავს მოხდიდა და დაილოცებოდა.
კახეთში სააღდგომოდ ბატკანს კლავდნენ, ახალი მიცვალებულის პატრონები სასაფლაოზე გადიოდნენ და კვერცხს აგორებდნენ. სახლში აუცილებლად უნდა დაეკლათ ღორი. იშლებოდა დიდი სუფრა, მეზობლები ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ და ქეიფობდნენ. აცხობდნენ უხაშო კაკანტელებს და არიგებდნენ.
 
აღდგომა ევროპაში
 
აღდგომა ევროპაშიც განსაკუთრებული მოვლენაა. მის განუყრელ ატრიბუტად დიდი ხანია იქცა კურდღელი, რომელსაც სააღდგომო კვერცხები მოაქვს. ეს ტრადიცია ყველაზე მეტად გერმანიაშია პოპულარული, სადაც სადღესასწაულოდ უამრავ შოკოლადის კურდღელსა და კვერცხს ამზადებენ. ქუჩებში დადიან ამ ცხოველის ფორმაში გამოწყობილი ადამიანები, რომელთაც კალათებში შოკოლადის კვერცხები უწყვიათ. სააღდგომო კურდღლის სიმბოლიკას სხვადასხვა ახსნა აქვს. ერთ-ერთი ვერსიით, იგი კავშირშია გაზაფხულის ქალღმერთ Eostre –სთან, რომლის ატრიბუტებსაც წარმოადგენს კვერცხი და კურდღელი. საგულისხმოა, რომ გერმანულად აღდგომას Ostern-ი ჰქვია. დღესასწაულს გერმანელები ოჯახურ გარემოში აღნიშნავენ. საზეიმო სადილის შემდეგ ბავშვები ეძებენ საჩუქრებს, რომლებიც სააღდგომო კურდღლმა დაუმალა, დღის მეორე ნახევარში კი სტუმრად მიდიან ან თავად იღებენ მეგობრებსა და ნათესავებს.
ავსტრალიაშიც შოკოლადის ან შაქრის კვერცხებს ამზადებენ, რომელთაც კურდღლის ან გადაშენების პირას მისული ავსტრალიური ცხოველის, ბილბის ფორმა აქვს. მათი სააღდგომო მენიუ ცხვრის, შემწვარი ღორის ან ქათმისგან შედგება. გარნირად კარტოფილის, გოგრის, ლობიოსა და ბარდის კერძებს მიირთმევენ. დესერტად აქვთ ტრადიციული ავსტრალიური სააღდგომო ტკბილეული – ხილით გაფორმებული ბეზეს ტორტი. ძალიან პოპულარულია ტკბილი ცხელი ფუნთუშები, რომელსაც ეკლესიიდან დაბრუნების შემდეგ შეექცევიან. 
სააღდგომოდ შვედები სახლებს ყვავილებით რთავენ, კუთხეებში კი ფერადი ბუმბულით გაფორებულ ყვითელ წიწილებს დგამენ. სააღდგომო კვერცხს მუყაოსგან ამზადებენ, რომელშიც კანფეტებია ჩალაგებული. სადღესასწაულო სუფრა საშობაო სუფრის მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ ჭარბობს ტკბილეული.
პოლონეთში კვერცხებს სხვადასხვაფრად ღებავენ, ამზადებენ ხაჭოს პასკებს, რომელთაც ნუშით, ცუკატებით და ხმელი ხილით აფორმებენ. სადღესასწაულო მენიუშია ასევე სააღდგომო ტორტი, რომელიც 3-4 დღით ადრე ცხვება. მისი ცომი ძალიან ფხვიერია და კრემით გასაჟღენთად დიდი დრო სჭირდება. ამბობენ, რომ ძალიან გემრიელია.
იტალიელები სააღდგომოდ იტალიურ კულიჩს, პანეტონეს აცხობენ, რომელსაც ქიშმიშითა და გამხმარი ხილით რთავენ. ეს ნუგბარი სუფრაზე დაჭრილი მიაქვთ და იტალიურ ღვინოებთან, Spumante-სა და Moscato-სთან ერთად მიირთმევენ.
ბულგარეთში დიდ სააღდგომო კულიჩს გარშემო სხვადასხვაფრად შეღებილ კვერცხებს ულაგებენ და მოგვიანებით მათი მიჭახუნებით ირთობენ თავს.
ამერიკელები აღდგომის დღეს აუცილებლად ესწრებიან სადღესასწაულო მსახურებას, შემდეგ კი სუფრასთან ინაცვლებენ. ტრადიციული სააღდგომო მენიუ ასეთია: ლორი ანანასითა და კარტოფილით, ხილისა და ბოსტნეულის სალათით. სააღდგომო კურდღელს ბავშვებისთვის საჩუქრებიც მოაქვს, ძირითადად, კვერცხის, შოკოლადისა და კანფეტების სახით.
ესეც ჩვენი სააღდგომო მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო. როგორც ხედავთ, დღესასწაული ყველგან დღესასწაულია. არა აქვს მნიშვნელობა, რა რაოდენობის კერძი დევს სუფრაზე, მთავარია, საზეიმო განწყობა, რასაც, დამეთანხმებით, ამ დღეებში წითელი კვერცხი და პასკა ქმნის. ჰოდა, ახლა მათ შესახებაც მოგიყვებით.
 
წითელი კვერცხი
 
წითელი კვერცხი სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, რომელსაც ვნების პარასკევს ღებავენ, ნიშნად ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოსახსნელად დაღვრილი სისხლისა. გადმოცემით, წმინდა მარიამ მაგდალინელმა რომის იმპერატორ ტიბერიუსს აღდგომა ახარა და კვერცხი მიართვა. ტიბერიუსმა უპასუხა, მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომასო. ამ სიტყვებზე კვერცხმა ფერი შეცვალა. მას შემდეგ მორწმუნე ქრისტიანებში კვერცხის შეღებვა ტრადიციად იქცა.
მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ფხვნილი არსებობს, კვერცხის შეღებვის ყველაზე ნაცად და გამართლებულ საშუალებად დღემდე ენდრო და ხახვის ფურცელი რჩება. გარდა იმისა, რომ ეკოლოგიურად სუფთაა, ენდრო კვერცხს განსაკუთრებულ გემოს და არომატსაც ანიჭებს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ენდროთი შეღებილი სააღდგომო კვერცხი გამორჩეულად გემრიელია და დიდი ხნის განმავლობაში არ ფუჭდება.
სააღდგომო კვერცხის მოხატვა უამრავი ადამიანის ჰობი გახდა, თუმცა, ცნობილი იუველირის, ფაბერჟეს ქმნილებებს ბადალი დღემდე არა ყავს. მის მიერ დამზადებული ულამაზესი დეკორატიული კვერცხები სპეციალურ ყუთებში ინახებოდა და საჩვენებლად მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე გამოჰქონდათ. ფაბერჟე ასლს არასოდეს აკეთებდა. სწორედ ამიტომაა მისი თითოეული ნამუშევარი უნიკალური. ცნობილი იუველირის 47 კვერცხი დღესდღეობით მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციაში ინახება.
                                              
სააღდგომო პასკა
 
სააღდგომო სუფრის კიდევ ერთი ატრიბუტია პასკა, რომელსაც ქრისტიანები მაცხოვრის აღდგომის რწმენის ნიშნად აცხობენ. სიმბოლურად იგი გოლგოთას აღნიშნავს, მთას, სადაც აწამეს და ჯვარს აცვეს ქრისტე. სააღდგომო პასკა ფორმით არტოსს წააგავს, სადღესასწაულო პურს, რომელსაც ეკლესიაში აღდგომის დღეებში არიგებენ, თუმცა, მისგან განსხვავებით, საკმაოდ ტკბილი და ნოყიერია. სააღდგომო პასკაში აუცილებლად უნდა იყოს ბევრი ქიშმიში, სანელებლები და ცხიმი – ეს არის იმ დიდი დღესასწაულის ხორციელი გამოხატულება, რასაც კაცობრიობა აღდგომის ბრწყინვალე დღეებში განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს პასკის შეძენა ბევრგან შეიძლება, შინ გამომცხვარს სულ სხვა გემო და ხიბლი აქვს. პროცესი საკმაოდ შრომატევადია, თუმცა, დღესასწაულის განცდას ამძაფრებს. შედეგი კი იმდენად სასიამოვნოა, წვალებად ნამდვილად ღირს.
 
ხაჭოს პასკა        
                                        
სააღდგომო სუფრის კიდევ ერთი ატრიბუტია ხაჭოს პასკა, რომელიც რუსეთსა და პოლონეთშია გავრცელებული. იმას, რასაც ჩვენ პასკას ვუწოდებთ, იქ კულიჩი ჰქვია, პასკას კი ხაჭოს ნუგბარს ეძახიან, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება და სხვადასხვა ინგრედიენტის შერევით მზადდება. საქართველოში ნაკლებადაა გავრცელებული, თუმცა, ბოლო წლებში ჩვენთანაც დაიწყეს მისი მომზადება. ხაჭოს პასკა ძალიან გემრიელი და ნოყიერია, შრომაც ნაკლები სჭირდება, თუმცა, თავისი საიდუმლოებები მასაც აქვს. თავდაპირველად რამდენიმე რეცეპტს შემოგთავაზებთ, შემდეგ კი იმ დეტალებსაც გაგიმხელთ, რომელიც ამ ნუგბარის სწორად მომზადებაში დაგეხმარებათ.
 
ხაჭოს პასკა შესქელებული რძით
 
მასალა: 1, 25 კგ ხაჭო, 300გ კარაქი, 250 გ არაჟანი, 400 გ შესქელებული რძე, 1/2 ჭ შაქარი, 1ჭ ქიშმიში, ცოტა ვანილი
ხაჭო გავხეხოთ საცერში, დავუმატოთ საცერშივე გაქნილი კარაქი და შაქარი. ეს ყველაფერი კარგად დავსრისოთ, დავუმატოთ არაჟანი, შესქელებული რძე, ვანილი და წინასწარ გარეცხილ-გამშრალებული ქიშმიში. ეს მასა კიდევ ერთხელ საგულდაგულოდ ავზილოთ, ჩავდოთ დოლბანდჩაფენილ ფორმაში, დავადოთ წნეხი (რაიმე მძიმე საგანი) და რამდენიმე საათით დავდოთ მაცივარში.
 
ხაჭოს პასკა
 
1კგ ხაჭო გავატაროთ საცერში (შეიძლება 2-3-ჯერ ხორცსაკეპში გატარებაც). ცალკე გავაკეთოთ გოგლი-მოგლი 3 კვერცხის გულისა და 100 გ შაქრისგან, რომელიც ორთქლზე უნდა გაითვიფოს. გატარებულ ხაჭოს დავამატოთ სხვადასხვა ხილის ჩირი, ქიშმიში, ვანილი, გოგლი-მოგლი, 100 გ არაჟანი და 100 გ დარბილებული კარაქი, კარგად ავურიოთ და ჩავდოთ სპეციალურ ფორმაში, რომელშიც დოლბანდი იქნება ჩაფენილი. ვაცადოთ დაწრეტა და მთელი ღამის განმავლობაში შევდგათ მაცივარში.
პრაქტიკული რჩევები: ამ პასკისთვის უკეთესია მშრალი, ცხიმიანი ხაჭო. იმისთვის, რომ ხაჭოს პასკა ადვილად მოაშოროთ ყალიბს, დოლბანდი, რომელსაც ფორმაში ჩააფენთ, წინასწარ უნდა დაასველოთ და გაწუროთ. თუ სპეციალური ყალიბი არ გაქვთ, ხაჭოს პასკის მოსამზადებლად ჩვეულებრივი საწურის ან ყვავილის ქოთნის გამოყენებაც შეგიძლიათ. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, მას ჰქონდეს პატარა ხვრელი, საიდანაც დაწრეტილი სითხე გამოვა.
            და ბოლოს, მოვიდა დრო კიდევ ერთხელ გავიხსენოთ კლასიკური ქართული სააღდგომო სუფრა, ამ საქმის ოსტატები კი ხორცეულიდან ბატკნის ჩაქაფულს, მოხარშულ ხბოს ხორცსა და ცივად მოხარშულ დედალს გვირჩევენ თავისი ნიორთავით (ჩანაყული ნივრისა და ნიგვზის საკმაზი). ცივი კერძებიდან კი თქვენს სუფრას გუდის ყველი, პრასის ფხალი, ქორფა მწვანილი, ახალი ბოლოკი და შოთის პური დაამშვენებს. წითელი კვერცხი, პასკა და კარგი წითელი ღვინო თავისთავად იგულისხმება. სადღეგრძელოებს კი რა დალევს ჩვენს ქვეყანაში.
 
© vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული