Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კარლო პეტრინი – სლოუ ფუდის რევოლუცია

ნინა ახლოური

არც ისე დიდი ხანია გასული მას შემდეგ, რაც კოკა-კოლას, პეპსის, ჰამბურგერის და ზოგადად, სწრაფი კვების პროდუქტების პოპულარობამ ჩვენში პიკს მიაღწია. ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ ხომ თბილისში მაკდონალდსის რესტორანი ერთ-ერთ ყველაზე კარგ საკვებ პუნქტად ითვლებოდა. ალბათ, ახლაც ასეა. მაკდონალდსი, ელვისი და სწრაფი კვების სხვა ადგილები დღის ნებისმიერ მონაკვეთში ყოველთვის სავსეა ხალხით. პოპულარობის მიზეზად ხელმისაწვდომ ფასებს ვერ დავასახელებთ – უბრალოდ, ბევრისთვის ის ცხოვრების წესის შესაბამისად გახდა მისაღები.

არადა, შორეულ 1986 წელს, მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ოცნებობდნენ კოკა-კოლასა და ჩიზბურგერზე, მსოფლიოში მათ წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ტალღა აგორდა. რომში, ესპანეთის კიბეებთან იტალიელმა ჟურნალისტმა, კარლო პეტრინიმ მასობრივი დემონსტრაცია მოაწყო ამ ადგილზე მაკდონალდსის რესტორნის გახსნის საწინააღმდეგოდ. ასეთი ისტორიული ადგილის მაკდონალდსთან დაკავშირება, ბუნებრივია, იტალიური კულტურის პრესტიჟის შელახვად შეიძლება ჩავთვალოთ. თუმცა, პეტრინის სხვა მიზეზებიც ჰქონდა. როგორც უნდა იყოს, სწორედ ეს დღე ითვლება ისტორიაში ნელი კვების მოძრაობის დასაწყისად. სლოუ ფუდის მოძრაობას საფუძველი სწორედ ამ აქციით ჩაეყარა, ხოლო კარლო პეტრინი მის გურუდ შეირაცხა. თავად ის ყოველთვის წინააღმდეგი გახლდათ ამ ეპითეტის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის მას სრულიად დამსახურებულად ერგო.

დღეს ის სლოუ ფუდის მსოფლიო ორგანიზაციის დამაარსებელია. ამ უკანასკნელს მხარდამჭერები უკვე ას ორმოცდაათ ქვეყანაში ჰყავს, წევრთა რაოდენობა კი ასი ათასს აღწევს. სლოუ ფუდის არასამთავრობო ორგანიზაცია 1989 წელს იტალიაში, პიემონტში შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარი მიზანია, მხარდაჭერა გაუწიოს მსოფლიოს, რომელშიც ადამიანები იკვებებიან ისეთი პროდუქტით, მათ სიამოვნებას და სარგებლობას რომ მოუტანს და პლანეტას რაიმე ზიანს არ მიაყენებს. სახელწოდება სლოუ ფუდი (ნელი კვება) კი ირონიულ დატვირთვას ატარებს. აღსანიშნავია, რომ სლოუ ფუდის ორგანიზაციის წარმომადგენლები 2005 წლიდან საქართველოშიც არიან. ოდნავ მოგვიანებით მსოფლიო ორგანიზაციაში ორი ქართული კონვივიუმი - "სლოუ ფუდ იმერეთი" და "სლოუ ფუდ თბილისიც" გაერთიანდნენ.

ზემოთ ვახსენეთ, რომ კარლო პეტრინის ნელი კვების მოძრაობის ჩამოსაყალიბებლად სხვა, უფრო სერიოზული მიზეზიც ჰქონდა. უბრალოდ, მან აღმოაჩინა რომ საკვები ის ფენომენია, რაც ოჯახს, საზოგადოებას, კულტურას აყალიბებს. ერთ დღეს პეტრინი რომელიღაც იტალიურ რესტორანში პეპერონატას საჭმელად შევიდა, ხოლო როდესაც კერძი მოუტანეს, მისი გემო შეცვლილი მოეჩვენა. როდესაც ამის მიზეზი იკითხა, ოფიციანტმა მოახსენა, რომ წიწაკა თანამედროვე მეცნიერული საშუალებებით იყო მოყვანილი ნიდერლანდებში. რადგან ყუთებით მათი იტალიაში ჩამოტანა ძალიან იაფი ჯდებოდა, იტალიელმა ფერმერებმა იტალიური წიწაკის მოყვანა შეწყვიტეს, რადგან ვერ შეძლეს ნიდერლანდებისთვის კონკურენციის გაწევა. პეტრინიმ გადაწყვიტა, რომ მსგავსი გარემოებები ანგრევს ადგილობრივ კულტურასა და კულინარიულ ტრადიციებს. იტალიურმა კერძმა ხომ მთელი თავისი გემო დაკარგა, რადგან ადგილობრივი პროდუქტით არ მომზადდა. ამიტომ, დღეს სლოუ ფუდის ცნება კერძის მხოლოდ ნელი ტემპით მომზადებას არ გულისხმობს. სლოუ ფუდი – ეს ჯანსაღი, ახალი და ქიმიკატებისგან თავისუფალი პროდუქტია, რომელიც იმ მიწაზეა მოყვანილი, სადაც ხალხი მის საკვებად გამოყენებას აპირებს. ეს კი სწორი მიდგომაა, რადგან ქიმიკატებს არა მხოლოდ მიწისთვის მოაქვს ზიანი, არამედ დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობასაც უქმნის საფრთხეს. თუ გიყვარს ჭამა და არ გაღელვებს გარემო, ან გულუბრყვილო ხარ, ან უარესი – ბრიყვი, - ამბობს პეტრინი. ხოლო თუ ეკოლოგიის სპეციალისტი ხარ და გემრიელად კვება შენთვის საინტერესო არაა... ამაზე პეტრინი მხოლოდ იცინის და ასეთ ადამიანს მოსაწყენად მიიჩნევს.

შესაბამისად, სლოუ ფუდის მოძრაობა არა მხოლოდ ჯანსაღად, არამედ გურმანების გაერთიანებადაც შეიძლება მოვიაზროთ. სლოუ ფუდის ფესვებს სიამოვნებასთან მივყავართ. "კვების პროცესი აღარ უკავშირდება სიყვარულის ცნებას. როდესაც ქალი კერძს ამზადებს, აღარავინ უღიმის, ან მადლობას უხდის. ხმელთაშუაზღვისპირეთის კულტურაში ეს მომენტი ჯერ კიდევ არის შენარჩუნებული – ჭამა რიტუალია. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესთან დაკავშირებით ისაა, რომ სუფრის წევრები ურთიერთობენ სუფრასთან, ერთმანეთს აღფრთოვანებას უზიარებენ. ცივილიზაცია, რომელიც ამ რიტუალს კარგავს, შესაბრალისია", - ამბობს პეტრინი. და აბა, რა ურთიერთობის და შთაბეჭდილების გაზიარებაზე შეიძლება საუბარი, როდესაც მაკდონალდსის რესტორნიდან ჩიზბურგერის ყუთით გამორბიხარ და მას საჩქაროდ, მანქანაში ან ქუჩაზე გადარბენის პროცესში მიირთმევ?

პეტრინი იმ დღეზე ოცნებობს, როცა ახალ ეკონომიკურ აზროვნებას ჩაეყრება საფუძველი, როდესაც ადამიანები გააცნობიერებენ, რომ ქიმიკატებით და გენმოდიფიცირებული პროდუქტების მოყვანა არ არის იაფი გამოსავალი. ის ყოველთვის სინანულით აღნიშნავს იმას, რომ  მის სამშობლოში მობილურ ტელეფონებზე გაცილებით მეტი ფული იხარჯება, ვიდრე ჯანსაღ კვებაზე. მიაჩნია, რომ ორგანული საკვები სულაც არ არის ფუფუნება, რომლით სარგებლობაც მხოლოდ მატერიალურად შეძლებულ ადამიანებს შეუძლიათ. ბუნებრივია, ბიოპროდუქტები ყოველთვის გაცილებით ძვირი ღირს, მაგრამ ყველას აქვს არჩევანის შესაძლებლობა – მიირთვან ცოტა და ჯანსაღი ბევრისა და უსარგებლოს მაგივრად. "ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში საკვებმა თავისი ღირებულება დაკარგა. ეს უნდა შეიცვალოს. ყოველდღე იტალიაში ოთხი ათას ტონა საჭმელს ყრიან და ვფიქრობ, ინგლისშიც ასეთი სიტუაცია უნდა იყოს. საკვები არ შეიძლება ღირდეს ძალიან იაფი. თუ გინდა ხარისხი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ მეტის გადახდა მოგიწევს. ჩვენ ძალიან შეჩვეულები ვართ იაფ საკვებს. ჩვენ უნდა ვიკვებებოდეთ უფრო ძვირი, მაგრამ შედარებით მცირე რაოდენობის პროდუქტით. სიმსუქნის პრობლემა იმიტომ არსებობს, რომ ეს ადამიანებს არ ესმით." - ამბობს კარლო პეტრინი და ადამიანებს საკვების გონივრული მოხმარებისკენ მოუწოდებს.

კარლო პეტრინის ასევე მტკიცედ სჯერა იმის, რომ ნამდვილი კერძის მირთმევა არა მხოლოდ ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს, არამედ მომავალში პლანეტას ეკოლოგიური კატასტროფისგან იხსნის. თუმცა ჯანსაღი საკვები მისი ერთადერთი "იდე ფიქსი" არ არის. პეტრინი ყოველთვის ძლიერ იყო დაინტერესებული ღვინით. პირველი ასოციაცია მან სწორედ ბაროლოს ძველი მეთოდებით დამზადების ხელშესაწყობად ჩამოაყალიბა. "მე ყოველთვის ვეუბნები მეღვინეებს – დაამზადეთ ისეთი ღვინო, რომლის დალევა თავადაც მოგინდებოდათ", - ამბობს პეტრინი და ისეთი ცნება შემოაქვს, როგორიც სლოუ, ნელი ღვინოა. "ჰერბიციდების გამოყენება არ მოქმედებს ღვინის ხარისხზე, თუმცა საბოლოოდ, მივყავართ მიწის უნაყოფობამდე, ეს კი სერიოზული ამბავია".

ნელი კვების ორგანიზაციამ 2004 წელს ასეთი ღონისძიება, გნებავთ, ფორუმი ჩამოაყალიბა – ტერა მადრე, რომელიც თავს უყრის მომხმარებლებს, მეცნიერებს, ფერმერებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყველას, ვისაც მდგრადი განვითარების პრობლემა აღელვებს. ღონისძიებაზე მონაწილეების განხილვის მთავარი საგანი ეკო-გასტრონომიის განვითარება, აგრარული კულტურის ძველი პრინციპების შენარჩუნება გახლავთ. ამავე წლის ოქტომბერში კარლო პეტრინიმ, სლოუ ფუდის მამამ, გასტრონომიული მეცნიერებების უნივერსიტეტიც დაარსა, სადაც აგრარულ კულტურასა და გასტრონომიას შორის ჩატეხილი ხიდის გამთელებაზე მუშაობენ. ორგანიზაცია განათლების შეტანას სკოლებშიც ცდილობს, სხვადასხვა ღონისძიებებსა და ვორქშოფებს გეგმავს...

პეტრინის დედამ კი მაინც ვერ გაიგო შვილის ზუსტი პროფესია. "კი მაგრამ, კარლო, მაინც რას საქმიანობ? შეგიძლია უფრო ზუსტად მითხრა? და მეც არასოდეს გამომდიოდა მისთვის ამის ახსნა." არადა, პროფესია მარტივად ფორმულირებადია – რევოლუციონერი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული