Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის დღიურები. ირაკლი ჩოლობარგია, ღვინის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი

ორშაბათი, 21 დეკემბერი

შვებულების ბოლო დღე გავატარე ღვინოების წრუპვაში. ორი მათგანი განსაკუთრებით მომეწონა – ბადაგონის მუკუზანი და ბესინის საფერავი. 

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მოვიდა დრო, როდესაც შეგიძლია, შეიარო სუპერმარკეტში, ან მაღაზიაში და ასეთი კარგი ღვინოები იყიდო – ფასი-ხარისხის მშვენიერი შესაბამისობა. 

როგორც იტყვიან, ზედ დაადნა იტალიურ პასტას, რომლის გაკეთებაც ამ ბოლო დროს დავამუღამე.

ადრე, ასე 2-3 ათეული წლის წინ, უნდა გეპოვნა საერთო ნაცნობი, რომელიც ღვინოსთან კავშირში იყო (ან ქარხნის დირექტორი, რომ ყოფილიყო, მთლად უკეთესი... ეს „ქარხანა“ რაღაა რა!!. არ უხდება ეს სიტყვა ღვინოს და მომკალი - ლირიკული გადახვევა); უნდა გეთხოვა - „რამე საშენოდ, ხომ არ გაქვს გადანახული, შენი ჭირიმე“, და მისთანანი. მოკლედ, უნდა „გეჩალიჩა“, „გაგეიმასგექნა“, რომ ნორმალური ღვინო გეშოვა.

„ა შას მი კაკ ხოძიმ?!“  (ახეჯაკოვას გმირის ფრაზა ფილმიდან „სამსახურეობრივი რომანი“) შედიხარ, ყიდულობ, მოდიხარ, ხსნი, არაკრაკებ და ჰე!..

კარგია, რომ ქართული ღვინის ხარისხი, ზოგადად, ძალიან ამაღლებულია, მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობა გვაქვს და აღარაა საჭირო ეს „ჩალიჩი“.

 

სამშაბათი, 22 დეკემბერი

როგორც იქნა, ქართული ღვინის მარკეტინგის 2016 წლის ბიუჯეტის ბოლოში გავედით. დიადი გეგმებია 2016-შიც. მიუხედავად, ქართული ღვინის ექსპორტის შემცირებისა 2015-ში, ვთვლი, რომ კარგი წელი იყო.

მართალია, რუსეთი და უკრაინა საგრძნობლად შემცირდა, ექსპორტი განახევრდა, სამაგიეროდ, ევროპა გაიზარდა; საგრძნობი ზრდა იყო აშშ-სა (45%) და ჩინეთში (98%). თუმცა ეს ზრდა ჯერ მაინც არაა საკმარისი, გადაფაროს რუსეთ-უკრაინის აღნიშნული ვარდნა.  5-6 წელიწადში, ჩინეთი, ალბათ, 10 მილიონ ბოთლს მიუკაკუნებს, აშშ კი - 5 მილიონს - ჩემი სასურველი ვარაუდებია... ტენდეცია ესეთია, ვნახოთ, რა იქნება.

რუსეთი, ჩემი აზრით 2016 წელსაც დაიკლებს, ვინაიდან იქ ძალიან არასახარბიელო მაკროეკონომიკური პროცესები მიდის.  გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ღვინოს იქ საშუალო და მაღალი საფასო სეგმენტი უჭირავს (და არა სუპერ- და ულტრა-პრემიალური, რომლის მომხმარებელიც შეზღუდული რაოდენობითაა წარმოდგენილი). აღნიშნული სეგემნტების მსყიდველუნარიანობა საგრძნობლად იკლებს. რუბლმა 28-დან 72-მდე აიწია დოლართან მიმართებაში და მომავალ წელსაც განაგრძობს ვარდნას, თუ ზოგად პროგნოზებს დავუჯერებთ (ნავთობის ფასის კლება და ა.შ).

ჩემი აზრით, ღვინის კომპანიებმა უნდა შეცვალონ სტრატეგია და მზერა მიაპყრონ ევროპის ან აზიის ბაზრებს („მზერა მიაპყრო“ – რავა გაზეთივით ლაპარაკობ, შე შობელძაღლო!).  მე რომ ღვინის კომპანია მქონდეს, უმეტეს რესურსს მივმართავდი ერთ კონკრეტულ საექსპორტო ბაზარზე, მაგალითად, ინგლისზე, ან იაპონიაზე. რუსეთსაც დავიტოვებდი, მაგრამ ვეცდებოდი, ეს ბაზარი ჩემი ბიზნესისთვის მთავარი დასაყრდენი არ ყოფილიყო. მართალია, კომპანიები ცდილობენ დივერსიფიცირებას, მაგრამ რუსეთი მათთვის მაინც მთავარ ბაზრად რჩება. 

სტაბილური რომ იყოს ეს ბაზარი ვინ ოხერი?! ერთ-ერთი  საუკეთესო ბაზარია, მით უმეტეს, ქართული ღვინისთვის. საქართველო უკვე დამკვიდრებულია ამ ქვეყანაში და დადებითი ცნობადობაც აქვს. ეს კი უმნიშვნელოვანესია ამ ბიზნესში, მაგრამ ბიზნესისთვის ჯობს სტაბილურ და დალაგებულ გარემოში ოპერირება. 
რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, დრო არ არის ჩვენ მხარეს. ჩვენთვის ახლადჩამოყალიბებულ ბაზრებზე საქართველოსა და ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა არის საჭირო, რასაც, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა აშშ, იაპონია, ინგლისი, პოლონეთი, ჩინეთი/ჰონგ-კონგი - ღვინის ეროვნული სააგენტო, უკვე მე-3 წელია, უზრუნველყოფს. „რაზგონი“ კარგია. ვნახოთ, როგორ დავეშვებით, მთავარია, ზღართანი არ იყოს – „პლიუს-მინუს ემ-ცე კვადრატ, ეფ, ფუძე, მიდით ერთაოზ!“

 

ოთხშაბათი, 23 დეკემბერი

კარფური. რირავოს ხილის არყების პრომოუშენი დაიწყო. ჩემს მეგობართან, მეღვინე  გოგა თევზაძესთან ერთად, შარშან დავიწყეთ ხილის არყების ბიზნესი. 100%-ით ნატურალური არყებია, არანაირი ხელოვნური დანამატით, რომლებსაც გოგას საგურამოს სახლის ეზოში ვხდით. ნელ-ნელა ვიზრდებით. წინასაახალწლო სამზადისში ალკოჰოლს დიდი ადგილი უჭირავს, როგორც მოგეხსენებათ. 

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მე-2 ღვინის კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი. წილად მხვდა პატივი, საუკეთესო როზესთვის ჯილდო გადამეცა თელავის ღვინის მარნისთვის, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ღვინისთვის - საფერავი როზე.

გამეხარდა, რომ მალხაზ ხარბედიას ღვინის მწერლის ორდენი ერგო ჯილდოდ. ოქრო კაცია მახო! ძალიან ბევრს აკეთებს ქართული ღვინის შესახებ სიტყვის გავრცელებისთვის, როგორც აქ, ასევე - საზღვრებს გარეთაც. პრინციპში, ჯერეჯერობით, ერთადერთი ღვინის მწერალია საქართველოში - ჰიუ ხარბედია და მალხაზ ჯონსონი!

საღამოს მუსიკალური აღმოჩენა იყო ჯგუფი - „ასეასულ“. მხოლოდ გიტარა და დოლი. მხოლოდ და და ძმა. და - დოლი და ვოკალი, ძმა - გიტარა. ძალიან თვითმყოფადი ჯგუფი. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ედიტ პიაფის No, je ne regrette rien-ით დაიწყებოდა სიმღერა და „ტაია-ტაიათი“ დამთავრდებოდა; თან, ისე ორგანულად იყო შერწყმული მძიმე როკის სტილში, ის ორი რომ არ სცოდნოდა კაცს, ერთი სიმღერა ეგონებოდა. 

შალვა ხეცურიანი (სომელიეთა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი) ქართული ღვინის განვითარების საქმეში ძალიან კარგ და მასშტაბურ ღონისძიებებს უძღვება. მოუთმენლად ველოდები მისი თავკაცობით გადაღებულ ფილმს (რეჟისორი - ნანა ჯორჯაძე) ქართულ ღვინოზე, რომელიც ძალიან მალე, 2016 წლის პირველ ნახევარში, დასრულდება. დიადი გეგმებია ამ ფილმთან დაკავშირებით. 

2016 წელს ფილმებით განებივრებულები ვიქნებით  – ამერიკელი სომელიე, ჯერემი ქუინი და რეჟისორი ემილი რეილსბექი, საქართველოზე და ქართულ ღვინოზე შეყვარებული ხალხია. წელს მათაც გადაიღეს კინო ქართულ ღვინოზე და პრემიერა მომავალი წლის პირველ ნახევარში იგეგმება. გარდა ამისა, ემილიმ და ჯერემიმ წელს თვითონ ჩაწურეს ხვანჭკარა ქვევრში. კარგი ხალხია და ღვინოც კარგი გამოუვათ, დარწმუნებული ვარ. 

 

ხუთშაბათი, 24 დეკემბერი

სარა მეი გრუნვალდია ჩამოსული. სარა პირველად 2013 წელს მოხვდა საქართველოში, ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე. როგორც უცხოელების უმრავლესობა, ისიც მოიხიბლა აქაურობით - ხალხით, ღვინით, სამზარეულოთი. საბოლოოდ, ისე შორს წავიდა, რომ ამბობს - რომ მოვკვდები, გურიაში, ქვევრში დამმარხეთო. 

სარა ძალიან აქტიურია სოციალურ მედიაში. შეიძლება ითქვას, საქართველოსა და ქართული ღვინის ერთ-ერთი ძლიერი ელჩია. მან დააარსა ღვინის ტურიზმის კომპანია Taste Georgia, რომელიც საქართველოში ღვინის ტურებს უძღვება. ზემოთ კი აღვნიშნე, დრო ჩვენ მხარეს არაა-მეთქი, თუმცა სოციალური მედია ძალიან სწრაფად ავრცელებს სიტყვას და ასეთი ელჩები და ქომაგები ჩვენი ცნობადობის ამაღლების საქმეში უდიდეს როლს თამაშობენ. ძალიან მნიშვნელვანია, რომ  ქართული ღვინის საერთაშორისო მარკეტინგის საქმეში ეს სეგმენტი გაიზარდოს და გაძლიერდეს. ამაში დიდი წვლილი შეაქვს ღვინის ეროვნულ სააგენტოს. და არა მარტო მას – ტურიზმის ადმინისტრაციას, საქართველოს ღვინის კლუბს, საქართველოს სომელიეთა ასოციაციას, ასოციაციას – ქართული ღვინო და მრავალ ცალკეულ პიროვნებას.

ბოლო დროის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო წამოწყებაა „შეხვდი მეღვინეს“. ეს არის ღონისძიებათა ციკლი, რომელიც ახლადგახსნილმა ღვინის ბარმა g.Vino-მ შემოიღო (ყოველ შემთხვევაში, მე აქედან გავიგე პირველად). კონკრეტული მეღვინე წარადგენს თავის ღვინოს შესაბამის კერძებთან ერთად. მე g.Vino-ში ლაგვინარის საღამოს დავესწარი, რომელსაც ამავე მარნის დამაარსებელი, ერეკლე (ეკო) ღლონტი უძღვებოდა. კარგი ხალხი და შესაბამისად კარგი გარემოა. მეტი რა უნდა კარგ ღვინოს?! ლაგვინარის კრახუნა და ალადასტური ჩემი ფავორიტი ღვინოებია.  

ასეთი საღამოები და შეხვედრები ღვინოში გაცნობიერების ხარისხს კიდევ უფრო ამაღლებს, რაც საბოლოო ჯამში კარგია, როგორც ღვინის ბიზნესისთვის, ასევე მომხმარებლისთვის (რაღაც, ლოზუნგივით გამომივიდა).

შემდეგ ღვინის ბარ ღvino underground-ში იყო იაგო ბიტარიშვილთან შეხვედრა, სადაც ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ღვინო - ჩინური იყო წარმოდგენილი. სამზარეულოზე იაგოს მეუღლემ, მარინამ იზრუნა. სამწუხაროდ, მე არ ვიყავი, მაგრამ მარინას ისეთები გაუკეთებია, რომ დედა შვილს არ აიყვანდა. მარინას და მისი მეგობრის, თეას ღვინო - მწვანე („მანდილი“), ხომ მთლად, მზეა. 

სხვათა შორის, ქართველი ქალები თანდათან გამოდიან ღვინის არენაზე; ესეც ბოლოდროინდელი ტენდენციაა, რაც ძალიან მომწონს. ჯერ მარიამ იოსებიძის თავკვერი რად ღირს. ია თაბაგარსაც ჩაუწურია ქისი. დამპირდა, გაგასინჯებო.

კიდევ, ამას წინათ მოვკარი ყური - 22 წლის ბაიას ცოლიკოური ობჩიდან („ტაკაია მალენკაია, ა უჟე ვინო“). როგორც იცით, ღვინოს ყურის მოკვრა არ შველის, დალევა უნდა. ჯერ არ გამისინჯავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, კარგი იქნება (იმედია, მალხაზი ხარბედია იზრუნებს იმაზე, რომ ეს ღვინო გავსინჯო).  
მოკლედ, ქალები კი არ მიდიან, არამედ მოდიან!

 

პარასკევი, 25 დეკემბერი

დღეს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ავიშვით, დიდიან-პატარიანად. გავუშვით 2015 წელი იქ, საიდანაც მოვიდა.

 

შაბათი 26 დეკემბერი

მოვიმკე ის, რაც დავთესე 2015 წლის 25 დეკემბერს.

 

კვირა, 27 დეკემბერი

რადიო უცნობთან ერთად გავაკეთეთ რუბრიკა „ღვინის გზა“. ჩავწერეთ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ლაპარაკობენ ღვინოზე, ღვინის ბიზნესზე, ჯიშებზე, და კიდევ ბევრ  საინტერესო თემაზე, რომელიც, რაღა თქმა უნდა, ღვინოს უკავშირდება. ლევანიც ჩავწერეთ - გაჩეჩილაძე, რომლის წვლილიც ძალიან დიდია ქართული ღვინის საერთაშორისო ასაპრეზზე დამკვიდრების საქმეში. კომპანია GWS პირველი იყო, რომელმაც 1994 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ღვინო ბიზნესის რელსებზე გადაიყვანა. მით უმეტეს, მაშინ ბიზნესს არ ჰქონდა საერთაშორისო მარკეტინგის საქმეში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა და მთელი დატვირთვა ერთ კომპანიაზე მოდიოდა. იმ პერიოდში GWS ქვეყნის სავიზიტო ბარათივით იყო. 

ალადასტურის ისტორია მომეწონა, რომელსაც რადიოში მოყვა ეკო ღლონტი, იგივე „კნიაზი“, როგორც, გოცა (ბექა გოცაძე) ეძახის ხოლმე. გოცას მწვანეს, მგონი, 100 მწვანეში გამოვარჩევ, იმდენად თვითმყოფადია - 14% ალკოჰოლი აქვს 6 თვით ჭაჭაზე დაყენებულს, ეხუმრები?! თან კიკეთში, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე, თვით გოცასთან ერთად თუ მიირთვი და ზემოდანაც ერთი კარგი კარაოკეც დააყოლე (ცოლების შესრულებით), დამთავრებულია შენი საქმე, კარგი გაგებით, რაღა თქმა უნდა : ) წავედი ჭიუხებში.

ჰოდა, ალადასტურზე გავჩერდი, როგორც მახსოვს – არაბულად ალაჰ დასტურ, ანუ ღმერთისგან დაშვებული, დადასტურებული. ესე იგი, გურულებმა მაჰმდიანი, არამსმელი დამპყრობლები დაარწმუნეს ამ ღვინის დალევაში, რათა ამ უკანასკნელებს ვენახი არ გაეჩეხათ. ალბათ ასე ეტყოდნენ: „მაი, ბიძია, დადასტურებული აქვს თქვენს ალაჰს, და მოი ახლა, გეყოფა აწი დავლიოთ პაწა“ და ეს შენი შეჟუჟუნებული დამპყრობლებიც, ალბათ, სიმღერ-სიმღერით ტოვებდნენ გურულების ოდებს „ალადასტურის“ შეძახილებით. 

დღეს პირველი და უპრეცედენტო ღვინის აუქციონი გაიმართა ღვინის ბარ ღvino underground-ში. მეგობრები შეიკრიბნენ ჯონ ვურდემანის („ხოხბის ცრემლები“) მხარდასაჭერად, რომელსაც ამას წინათ სიღნაღში სახლი დაეწვა. ჯონსაც, თავისი საქმიანობით, უდიდესი წვლილი შეაქვს ქართული ღვინის დამკვიდრების საქმეში საერთაშორისო ასპარეზზე.  

ამ აუქციონზე მეღვინეებმა ძველი ღვინოები გამოიტანეს. ისეთები, რომლებიც უკვე აღარ არის გაყიდვაში და თავისთვის ჰქონდათ გადანახული - 2003, 2008, 2010 წლების და ა.შ. ერთ-ერთი ბოთლის ღვინო 1200 ლარადაც კი გაიყიდა. სულ 20,000 ლარზე მეტი შემოვიდა. აუქციონიდან შემოსული თანხა ჯონს გადაეცა, გადამწვარი საცხოვრებელი სახლის აღსადგენად. უმაგრესი მხარდაჭერაა. 

ამ ინციატივის შემყურეს, ასეთი აზრი დამებადა – მაგალითად, წელიწადში ერთხელ ხომ არ მოგვეწყო ასეთი სახის აუქციონები და შემოსავლები კეთილი საქმისთვის მოგვეხმარებინა – თემებს და საქმეებს, შენ ხარ ჩემი ბატონი, და რა დალევს. 

© ირაკლი ჩოლობარგია, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული