Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გზებზე სუფრის გადაფენა

რუსუდან სავანელი    

ანუ ქართული პიკნიკი პურობიდან ღრეობამდე

შორეული ბავშვობიდან მოყოლებული ჩვენს ოჯახში ერთი ტრადიცია არსებობდა. ზაფხულში თელავში ჩამოსულ სტუმრებტან ერთად დავივლიდით ისტორიულ ადგილებს, გრემსა და იყალთოს, ალავერდსა და შუამთას და შემდეგ ბუნების წიაღში ვატარებდით დროს. ეს ოჯახური რიტუალი ყველაზე მეტად მხიბლავდა და მოუთმენლად ველოდი არდადეგებზე სტუმრების გამოჩენას. ჩემი აზრით, პიკნიკი, ანუ როგორც ჩვენში იტყვიან, “ქეიფი ბუნებაში” საქართველოში მაინც სხვა ფენომენია და ევროპული ვარიანტისაგან განსხვავდება. აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

    ქართული პიკნიკი, ანუ “გზებზე სუფრის გადაფენა” ძირითადად ზაფხულის სიცხისაგან თავის დასაღწევად ან რომელიმე რელიგიურ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით იმართებოდა. ქალაქგარეთ საქეიფოდ მიდიოდნენ როგორც მხოლოდ მამაკაცები, ასევე ოჯახებიც, ბავშვიან-მოხუციანად. პურმარილის მენიუ დამოკიდებული იყო მოქეიფეთა შესაძლებლობებზე. უფრო ხელმოკლე ოჯახები მოკრძალებული საგზლით კმაყოფილდებოდნენ – ძირითადად ყველი, პური, ღვინო, მოხარშული კვერცხი, ხილი, მოხარშული ან შემწვარი ქათამი, სამწვადე. უფრო მდიდრები საქეიფოდ საკლავსაც – ცხვარს ან ციკანსაც “გააყოლებდნენ ხელს”. ამგვარ დროსტარებას არც ცეკვა-სიმღერა აკლდა.

     საბჭოთა პერიოდში აიკრძალა რელიგიური დღესასწაულები და რიტუალები. წინა საუკუნის 20-30-იან წლებში მომლოცველები ასე თამამად და სახალხოდ ვეღარ დაიარებოდნენ სხვადასხვა სალოცავებში, ამიტომ  შეთქმული საკლავის შეწირვის რიტუალები ბუნების წიაღში ქეიფთან გააიგივეს. ამგვარი დღეობები იმართებოდა ძველი ტაძრების, მონასტრების ეზოებში და მათ სიახლოვეს. „წმინდა გიორგობა“, „კვირაცხოვლობა“, „ალავერდობა“, „შუამთობა“ და სხვა ღირსშესანიშნავი დღეები ამავე სახელწოდების სალოცავთა ტერიტორიაზე აღინიშნებოდა, მაგრამ ყველანაირი რელიგიური რიტუალის გარეშე. დროთა განმავლობაში ეს რელიგიური დღესასწაულები სრულიად განსხვავებულ თავყრილობად იქცა. თავაწყვეტილი სმა, საკლავი, უამრავი სასმელ-საჭმელი, სუფრიდან სუფრაზე მოარული „მოხეტიალე მუსიკოსები“ - დოლ-გარმონი, მედუდუკეები, დამახინჯებული ქართული მელოდიებით, მთვრალი „მომლოცველები“ და ბოლოს ნასუფრალით იავარქმნილი ტერიტორია... ეს უკვე აღარც რელიგიური დღესასწაული იყო და აღარც „ისტორიული ძეგლების თაყვანისცემა“! მე არაფერს ვამბობ მთაზე, სადაც ხალხმა უფრო შემოინახა ტრადიციები და ბუნების შერყვნასაც არ ჰქონია ადგილი. ყოველთვის მახსენდება გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობა,“ რომელიც დასტურია იმის, თუ როგორ გადაგვარდა და სახე იცვალა ტრადიციამ კომუნისტური იდეალების ათეისტურ ქვეყანაში. 

        საბჭოთა პერიოდში აქტუალური გახდა ექსკურსიები, როგორც სკოლის მოსწავლეებისათვის, ასევე უფროსო თაობის, ანუ კომუნისტურ ენაზე – “მუშა-მოსამსახურეთათვის”. როგორც ისტორია მოგვითხრობს, სოციალიზმის მშენებელი საბჭოთა მოქალაქე უნდა ყოფილიყო ყველაზე განათლებული, ყველაზე კულტურული, ყველაზე დახვეწილი ადამიანი. ამისათვის განათლებისა და კულტურის მესვეურებმა საჭიროდ სცნეს დიდიან-პატარიანად ყველასათვის გაეცნოთ კულტურის მონაპოვარი. ეს პროგრამა ითვალისწინებდა მუზეუმებისა და ისტორიული ძეგლების გაცნობას. საქართველო, რომელიც ამ მხრივ მეტად განებივრებული რესპუბლიკა იყო, ერთერთი საუკეთესო ვარიანტი გახდა ექსკურსიებისათვის. შემუშავებული იყო რამდენიმე ძირითადი მარშრუტი, რომლებიც მოიცავდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეთა კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას. რა დასამალია, რომ ასეთ ღონისძიებას ყოველთვის გრანდიოზული ფინალი ამკობდა თავისი მრავალსართულიანი პურმარილით...

     ჩემი მშობლების თაობისათვის ექსკურსია ყოველთვის სასიამოვნო განცდებთან იყო დაკავშირებული. ისტორიული ძეგლების დათვალიერების შემდეგ ბუნების წიაღში იშლებოდა სუფრა – კიტრი, პამიდორი, მწვანილი, ყველი, პური, მოხარშული კვერცხი, მოხარშული და შემწვარი ქათამი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ხაჭაპურები, ლობიანი, ნაირნაირი ღვეზელები, ტყემლის და ტომატის საწებელი, კატლეტი, მშრალი ნამცხვარი, ხილი. უმეტეს შემთხვევაში მიჰქონდათ საგულდაგულოდ შერჩეულ სამწვადე, რომელსაც წამოაგებდნენ სუფთად გამოთლილ თხილის ჯოხებზე, ან შამფურებზე და ნაკვერჩხალზე წვავდნენ. სასმელი – ძირითადად ღვინო, არაყი, ლიმონათი, ბორჯომი. სასკოლო ექსკურსიის კვების საკითხს განაგებდნენ აქტიური მშობლები. ბავშვებისათვის გამოყოფილი იყო ლიმონათი და ბორჯომი, უფროსებისათვის, ანუ მშობლებისა და მასწავლებლებისათვის კი ალკოჰოლიანი სასმელები, თუმცა უფროსკლასელებს ცოტა ღვინის სმის უფლებასაც აძლევდნენ.

            70-80-იან წლებში “ქართული პიკნიკის” სუფრა უფრო გამრავალფეროვანდა, განსაკუთრებით იქ, სადაც უფრო მონდომებული მშობლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო გააოცებდა პედაგოგებს თავისი კულინარული ხელოვნებით და პიკნიკის სუფრას სხვა ნუგბართან ერთად შეემატა შემწვარი გოჭი და ტორტი. სტუდენტური პიკნიკი უფრო სადა იყო, მოჰქონდათ სახლიდან ის, რისი წამოღებაც შეეძლოთ, ან აგროვებდნენ ფულს და ყიდულობდნენ პროდუქტებს - ძირითადად ეს იყო ძეხვი, კვერცხი, კარტოფილი, ყველი, პური, კიტრი, პამიდორი, ხილი, სამწვადე, სასმელი. ხაჭაპურები და ღვეზელი მაინც სახლიდან მოჰქონდათ. სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების აღსანიშნავ ბანკეტს თითქმის ყოველთვის წინ უსწრებდა ექსკურსია, უფრო სწორად კი ქალაქგარეღ ქეიფი, რომელიც ხშირად ორდღიანიც იყო. პოპულარული ერთდღიანი მარშრუტები თბილისელთათვის – მცხეთა, საგურამო, ზედაზენი, კოჯორი, ბეთანია, კახეთის სხვადასხვა ისტორიული ძეგლი... რეგიონებში კი უფრო მარტივად იყო საქმე, ბუნების წიაღში მოხვედრას უფრო ნაკლები დრო ჭირდებოდა.

     “მუშა-მოსამსახურეები”, ანუ სხვადასხვა წარმოება-დაწესებულებათა თანამშრომლები, საერთო ძალებით ყიდულობდნენ პროდუქტებს, საკლავს – ბატკანს, ცხვარს ან ციკანს. მწვადის გარდა, კოცონზე მზადდებოდა ყაურმა, ჩაქაფული, შამფურზე შემწვარი ბადრიჯანი და პამიდორი. მალე ამ პიკნიკებმა ისეთი მასობრივი სახე მიიღო, რომ ისტორიული ძეგლების ახლომახლო, ტყეში, მოაწყეს სპეციალური “საქეიფო ადგილები”, თავისი ხის მაგიდებით და გრძელი სკამებით, მაყალით, ქვაბის ზედადგრებით.

     კომკავშირული და პარტიული მუშაკები ექსკურსიებს ამთავრებდნენ  ბუნების წიაღში აგებულ რომელიმე რესტორანში, აქტივისტებს უკვე თადარიგი ჰქონდათ დაჭერილი და სუფთა ჰაერზე მოშიებულ “უფროსობას” ახვედრებდნენ გაშლილ სუფრას. კურიოზია, მაგრამ არაერთი შემთხვევა შემოინახა წინა საუკუნემ, როცა ყველაზე ათეისტური ქვეყნის “ხელმძღვანელ ამხანაგებს” ქალაქგარეთ, რომელიმე ისტორიულ ადგილას, უფრო სწორად კი სალოცავებში საკლავი წაუყვანიათ და დიდი ღრეობა მოუწყვიათ.

     უკანასკნელ წლებში პიკნიკის დასავლურმა ვარიანტმა საქართველოშიც   შემოაღწია - ერთი ჯგუფი მიდის ქალაქგარეთ დასასვენებლად, უქმე დღეების გასატარებლად. მიაქვთ მსუბუქი საუზმე, ორცხობილა, ხაჭაპური და ლობიანი, ღვეზელი, ძეხვი, მოხარშული კვერცხი, ხილი, კიტრი, პამიდორი, სასმელი, ერთჯერადი ჭურჭელი და სუფრა. მთელი დღის განმავლობაში ერთობიან, ზოგი თევზაობს კიდეც და იქვე წვავენ თევზს. საღამოხანს ნარჩენებს მოუკრავენ თავს და პირველივე ნაგვის ურნაში ჩაუძახებენ... ასე უნდა მოიქცეს ყველა, ვისაც ბუნება უყვარს და აღარ დანაგვიანდება ტყე-ველი, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა როდი იქცევა ასე! ბევრი რამ დადებითი გააჩნია პიკნიკის ქართულ ვარიანტს, მაგრამ უფრო ხშირად დასასვენებლად დაწყებული პურობა წრეგადასულ ღრეობად ქცეულა და მთვრალ მოქეიფეებს არც გახსენებიათ ნარჩენების გადაყრა.

© ღვინის კლუბი/Weekend



Photo aris Henri Cartier-Bresson-is,1972

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.