Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ევროკავშირის მიერ ტაბუდადებული პროდუქტები

ნათია ჯინჯოლავა

2008 წლის 20 ივლისს ევროპელ გურმანებს შავი დღე გაუთენდათ, ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე საყოველთაოდ ცნობილი ჩინური დელიკატესის - პეკინური იხვის მომზადება ხელის ერთი მოსმით აიკრძალა და რესტორნებს ამ პოპულარული კერძის მენიუდან სასწრაფო წესით ამოღება დაევალა. მიუხედავად იმისა, რომ თავად იხვი და მისი ხორცი ჯანმრთელობისათვის საშიში სულ არ არის, ეს უდანაშაულო ფრინველი ევროპული სამზარეულოების შავ სიაში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ მისი მომზადებისას ჰაერში ნორმით დადგენილზე სულ ცოტათი მეტი მხუთავი გაზი გამოიყოფა. შედეგად, ევროპის ყველა დიდ ქალაქში ევროკავშირის გულმოდგინე ინსპექტორებმა საეჭვო დაწესებულებები სასწრაფოდ ჩამოიარეს და იხვის დაბრაწვისთვის აუცილებელი სპეციალური ქვაბები საგანგებოდ დალუქეს. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ „იხვი პეკინურად“ სახელმოხვეჭილი ჩინური სამზარეულოს მწვერვალად ითვლება და მისი რეცეპტი, არსებობის, სულ მცირე, ექვს საუკუნეს მაინც ითვლის. ასე რომ, სანამ დროა და თბილისში მისი გასინჯვის საშუალება გვაქვს, მივირთვათ, თორემ მალე კერძის დასაგემოვნებლად ჩინეთში მოგვიწევს გამგზავრება.

სამაგიეროდ, ეგზოტიკური საჭმელებისა და ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარულებს ევროკავშირმა, ჩემი აზრით, მართლა დიდი სამსახური გაუწია, როცა სარდინიული ყველი  Casu Marzu-ს წარმოება აკრძალა. ეს ცხვრის ყველი განსაკუთრებული ჯიშის ყველის ქინქლებითაა ინფიცირებული და მათი გადაყლაპვა ნაწლავურ მიოზს იწვევს, რაც თავისთავად სასიკვდილო დაავადება არ არის, მაგრამ საკმაოდ სახიფათოა. თუმცა ამ ყველის მოყვარულები სასუსნავს შავ ბაზარზე მაინც შოულობენ და თავგამოდებული ამტკიცებენ, რომ ქინქლის მატლები თუ ცოცხალია, ყველის ჭამა თავისუფლად შეიძლება და იგი ჯანმრთელობისათვის საშიში მხოლოდ მატლების „გარდაცვალების“ შემთხვევაში ხდება. აი, ადამიანის კუჭში მოხვედრილი ცოცხალი მატლი არ კვდება, ნაწლავებში იბუდებს და გულისრევას, დიარეასა და მუცლის ტკივილს იწვევს. მერე ქინქლად გარდაიქმნება, გარეთ ბუნებრივი გზით გამოდის და რამდენიმე კილოგრამდაკარგული ბუზიჭამია ყველისმოყვარულიც ახალი თავგადასავლების ძებნას იწყებს.

ევროკავშირში თურქეთის არმიღების ერთ-ერთი ნაკლებადმნიშვნელოვანი მიზეზი, ქვეყანაში არსებულ სხვა პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ხარვეზებთან ერთად, მთელი თურქეთის ტერიტორიაზე გავრცელებული შეშაზე პურის საცხობი ღუმელებიც აღმოჩნდა. ევროკავშირის აზრით, ასეთი ღუმელი უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებს და ხანძრის საშიშროების მომატებულ წყაროს წარმოადგენს. ასე რომ, ერთ მშვენიერ დღეს ამ სანატრელ ორგანიზაციაში გაწევრიანებული ქართველები შეშაზე გამომცხვარ თონის პურს და გურულებისთვის ასე საყვარელ „ადესასაც“ უნდა გამოვემშვიდობოთ. რას ვიზამთ, კეთილდღეობა მსხვერპლს მოითხოვს. ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, 2008 წლიდან ამ ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს ღვინის წარმოება რამდენიმე სხვა ყურძნის ჯიშთან ერთად, ჩვენში ასე გავრცელებული „იზაბელასა“ და მისი ნებისმიერი ჰიბრიდისგან კატეგორიულად აეკრძალათ (ისევე, როგორც ვარდისფერი ღვინის მისაღებად თეთრი და შავი ყურძნის ჯიშების ერთმანეთში არევა, რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევის გარდა). ექსპერტების ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება ადესაში აღმოჩენილმა დიგლიკოზიტების ჯგუფმა გამოიწვია, რომელიც ღვინის დუღილის დროს თურმე მეთანოლად გარდაიქნება. დიდი ოდენობით მეთანოლი ჯანმრთელობისათვის სახიფათოა და მისი სასიკვდილო დოზა 350 მგ-ს შეადგენს. ერთი ლიტრი ადესა სულ 70-120 მგ მეთანოლს შეიცავს, რაც ნორმით დადგენილზე ბევრად ნაკლებია და, ევროკავშირის მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად, შეგიძლიათ სრულიად მშვიდათ მიირთვათ.

არის შემთხვევებიც, როცა მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის უმკაცრესი და ოპერატიული ზომების წყალობით მოხერხდა მეტად საშიში და უკურნებელი დაავადების გავრცელების თავიდან აცილება. 2001 წლიდან ამ ორგანიზაციამ ევროპის ბაზრიდან პრაქტიკულად განდევნა საქონლის სუბპროდუქტები. უმკაცრესი კონტროლი დააწესა ისეთი დელიკატესების გასაღება-დამზადებაზე როგორიცაა ღვიძლი, ძვლის ტვინი და ენა.  

ასეთი გადაწყვეტილების სათავე მე-18 საუკუნის ინგლისსა და ახალ ზელანდიში იმალება, სადაც ცხვრებს ერთი მძიმე და უცნაური სენი შეეყარათ. ავადმყოფობა ცხოველის თავის ტვინს შლიდა და კლავდა. მაგრამ, რაც მთავარია, ეს დაავადება ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენდა. სიტუაცია 1982 წელს შეიცვალა, როცა დიდ ბრიტანეთში ეკონომიური მიზეზების გამო ე.წ. ძვლის ფქვილის (საქონლის საკვების ბიოლოგიური დანამატის, რომელიც მკვდარი ცხოველის დაფქული ჩონჩხისგან და ნაწილებისგან შედგება) დამზადების ტექნოლოგია გაამარტივეს და ნედლეულის დამუშავების ტემპერატურა შეამცირეს, რის გამოც დახოცილი ცხვრების ნარჩენებში ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობებისა თუ ბაქტერიების დეზაქტივაცია აღარ ხდებოდა. ამავდროულად და კვლავ ეკონომიის გამო, ბრიტანელმა ფერმერებმა 80-იანი წლების დასაწყისში საქონლის ძირითად საკვებში ძვლის ფქვილის დამატება აქტიურად დაიწყეს. ასე და ამგვარად, ცხვრებას და ძროხებს შორის არსებული „სახეობათაშორისი“ ბარიერი დაირღვა და ცხვრების სენის სრულიად ახალი და აგრესიული ფორმა - ხალხში „ძროხის ცოფად“ წოდებული „ძროხის ღრუბლისებრი ენცეოფალოპათია“ გაჩნდა.

ძროხის ცოფმა ეპიდემიის სახე 90-იანი წლების დასაწყისში მიიღო და ბრიტანეთში ყოველწლიურად ასი ათასობით მსხვილფეხა რქოსანი საქონელი იღუპებოდა. სასწრაფოდ გატარებული სანიტარული ზომებით ინგლისში „ცოფიანი ძროხების“ რიცხვმა მკვეთრად იკლო, მაგრამ ამასობაში დაავადება სხვა ქვეყნებსაც მოედო: 2001 წლისთვის გაცოფებულ ძროხებს ირლანდიაში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, დანიაში, ესპანეთსა და თვით ლიხტენშტეინშიც კი უჩიოდნენ.

ენცეფალოპათიისა და მილიონობით ლიკვიდირებული საქონლის შესახებ ფართო საზოგადოება ვერაფერს შეიტყობდა, სნეულება ადამიანისთვის საშიში და  გადამდები რომ არ ყოფილიყო. „ძროხის ცოფის“ ადამიანურ ანალოგს კრეიტცფელდ-იაკობსის დაავადება ჰქვია და თავის ტვინის უჯრედებს შლის. დაავადებულისთვის სიცოცხლეში დიაგნოზის დასმა დღეისათვის პრაქტიკულად შეუძლებელია. გარდა ამისა, ეს ორმაგსათაურიანი სენი (მას შენელებულ ვირუსულ ინფექციასაც ეძახიან და მისი მიმდინარეობა, შესაძლოა, 6-დან 12 თვემდეც გრძელდებოდეს) ჩივილებით ნერვული სისტემის ბევრ სხვა დაავადებასაც ძალიან ჰგავს - განსაკუთრებით ალცჰეიმერს. მისი საწინააღმდეგო პრეპარატი არ არსებობს და განკურნება შეუძლებელია. ერთადერთ ნუგეშად ისღა გვრჩება, რომ ერთ მილიონ ჯანმრთელ მოსახლეზე დაახლოებით ნახევარი დაავადებული ადამიანი მოდის და ცოფი ძროხის ისეთი ნაწილებიდან ვრცელდება, რომელსაც ყველა არ ჭამს - ანუ სუბპროდუქტებისგან.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე „ძროხის ცოფს“ დაახლოებით 90 ადამიანი ემსხვერპლა. მაგრამ ექიმების აზრით, სნეულთა რიცხვი აუცილებლად გაიზრდება - ამ დაავადების საინკუბაციო პერიოდი  ოცდაათ წელს შეადგენს.

ევროკავშირი ცოფიანი ძროხის ხორცის გასაღებისთვის ხელის შესაშლელად, დაავადებული ცხოველების გამოსავლენად და მისი პრევენციისათვის ყოველწლიურად 140 ათასი ევროს ხარჯავს: დღეისათვის სავალდებულოა ყველა დაღუპული ცხოველის ძროხის ცოფზე შემოწმება; დაავადების თუნდაც ერთი შემთხვევის გამოვლენისას, ავადმყოფ ძროხასთან კავშირში მყოფ ჯანმრთელ ნახირს მთლიანად საიქიოს ისტუმრებენ, ნარჩენებს მაღალ ტემპერატურაზე ანადგურებენ და ფერმას ძლიერი სადეზინფექციო საშუალებებით ამუშავებენ; აუცილებელი ექსპერტიზა უტარდება 30 თვის ასაკს გადაცილებულ გასაყიდად ან დასაკლავად გაყვანილ ყველა ცხოველს; შემოღებულია ხორცის სავალდებულო ეტიკეტირება საქონლის დაკვლის ადგილის და დროის მითითებით; ხდება ცხვრისა და ძროხის სარისკო ნაწილების ლიკვიდაცია; სასტიკად აიკრძალა საქონლის თავის ქალის, თავის ტვინის, ზურგის ტვინის, თვალების, ზურგის ტვინის სითხის, ნაწლავების, ელენთის, ლიმფური, თირკმელზედა და ნუშისებური ჯირკვლების გაყიდვაში გამოტანა ან მათი წარმოებაში გამოყენება; გარკვეული შეზღუდვები დაწესდა უფრო დაბალი რისკის ჯგუფზეც, რომელშიც ენა, ძვლის ტვინი, ღვიძლი, ფილტვი და კუჭქვეშა ჯირკვალი მოხვდა.

ამავდროულად, საქონლის კუნთოვანი მასა, ანუ ხორცი სრულიად უსაფრთხოა და ძროხის ნატურალური ბიფშტექსი შეგიძლიათ თავისუფლად მიირთვათ. იგივე ეხება რძეს და რძის პროდუქტებსაც. მიუხედავად ამისა, ევროპის ქვეყნები თავს იზღვევენ, იმპორტირებულ საქონლის ხორცს დამატებით მოთხოვნებს უყენებენ და დასაკლავ ძროხას ასაკს საპატარძლოსავით უმოწმებენ (ახალგაზრდა ცხოველი არ ავადდება). ევროპული საქონლის ხორცის ნომერ პირველ მომწოდებელს, საფრანგეთს ცუდი დრო დაუდგა, ოც თვეზე უფროს „ფრანგ“ ძროხას აღარსად ღებულობენ. გემრიელად ჭამის მოყვარულმა იტალიელებმა კი ასეთი გამოსავალი მონახეს - პირს მხოლოდ სამი თვის ხბოს ზურგის ტვინით იტკბარუნებენ. რაც ყველაზე საინტერესოა, შეზღუდვები საერთოდ არ ვრცელდება ადგილზე დაბადებულ და გაზრდილ ავსტრიელ, ფინელ და შვედ ძროხებზე, ოღონდ ხორცს სპეციალური დამღა უნდა ერტყას, რომ ბოჩოლებს მშობლიური ფერმიდან ფეხი არსად გაუდგამთ.

რაც შეეხება საქართველოს, ორი მარტივი მიზეზის გამო, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ: ჯერ ერთი, ევროპა უპრეცედენტო ზომებს ღებულობს და ამ დაავადების მომავალი გავრცელება პრაქტიკულად შეუძლებელია. 80-იან წლებში კი, რამდენად გასაოცრადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, სწორედ საბჭოთა კავშირმა გადაგვარჩინა. საქმე იმაშია, რომ, როცა ინგლისში ენცეფალოპათია მძვინვარებდა და იქ დამზადებული ძვლის ფქვილისგან ევროპელი ძროხები ავადდებოდნენ, უკვე დაშლის პირას მყოფ საბჭოთა კავშირს უცხოეთიდან ბიოდანამატების შემოსატანად სახსრები აღარ ჰქონდა. 1989 წელს კი, ეპიდემიის გავრცელების შემდეგ, ქვეყნის ტერიტორიაზე ევროპული ქვეყნებიდან ხორცის შემოტანა სასტიკად აიკრძალა. მეორეც, საქართველოში ევროპიდან ხორცი პრაქტიკულად არ შემოდის, მაღაზიებში ადგილობრივი, ანუ აქ დაკლული საქონლის, ან სამხრეთ ამერიკასა და აზიიდან ჩამოტანილი გაყინული ხორცი დევს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული