Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სავენახე ნიადაგის შერჩევის ძირითადი პრინციპები

ვაზი, როგორც მრავალწლიანი მცენარე, ერთი და იმავე ადგილიდან იკვებება და ათეული წლების განმავლობაში იძლევა მოსავალს. ამდენად, ვენახის გასაშენებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვარგისი ნიადაგის შერჩევას. ნაკვეთის შერჩევის დროს დაშვებული შეცდომა ძნელი გამოსასწორებელია, ზოგჯერ შეუძლებელიც, ამიტომ, უარყოფითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სავენახედ გათვალისწინებული ნაკვეთის ნიადაგი წინასწარ გამოიკვლიონ სპეციალისტებმა და მხოლოდ მისი ვარგისიანობის დადგენის შემდეგ მომზადდეს ის ვენახის გასაშენებლად. სამწუხაროდ, ეს მოთხოვნები ყველგან და ყოველთვის არ სრულდება, რასაც ხშირად არასასურველი შედეგები მოსდევს. ვენახის გასაშენებლად გამოყოფილი ნაკვეთი უნდა აკმაყოფილებდეს ვაზის ყველა საჭირო მოთხოვნილებას. სავენახე ნიადაგის შერჩევის დროს გასათვალისწინებელია ვაზის კულტურის ბიოლოგიური თავისებურებანი და მოთხოვნები ეკოლოგიური ფაქტორების მიმართ.

ეს ფაქტორებია: ტერიტორიის ადგილმდებარეობა /ჰიფსომეტრია- სიმაღლე ზღვის დონიდან და მასთან დაკავშირებული კლიმატური პირობები/; რელიეფი; ექსპოზიცია; ჰიდროლოგია /გრუნტის წყლები/; გეოლოგიური აგებულება და მასთან დაკავშირებული დედაქანების თვისებები; ამასთან ერთად, საჭიროა ნიადაგური საფარის შესწავლა, მისი აგროსაწარმოო თვისებებისა და ვარგისიანობის დადგენა. რელიეფის სირთულის, ნიადაგების სიჭრელის და ფართობის სიდიდის გათვალისწინებით გამოკვლევა ტარდება: მცირე ფართობზე /1 -10 ჰა-მდე/ 1 : 2 000 მას- შტაბით; საშუალო სიდიდზე /10-30 ჰა/ 1 : 5 000 მასშტაბით; 30 ჰა-ზე მეტი სიდიდის ფართობზე - 1 : 10 000 მასშტაბით; ნიადაგის სიჭრელის და მასშტაბის გათვალისწინებით 1-დან 10 ჰა-მდე ფართობზე ერთი ნიადაგური ჭრილი კეთდება; სავენახე ნიადაგის შესწავლის მიზნით გამოკვლევები სრულდება საველე /ბუნებრივ/ და ლაბორატორიულ პირობებში. შერჩეულ ფართობზე კეთდება სრული ნიადაგური ჭრილი /1,5-2 მეტრამდე სიღრმის/, ტარდება მისი აღწერა მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით, გენეზისური ჰორიზონტებიდან საანალიზოდ იღებენ ნიადაგის ნიმუშებს.

ნიადაგის მორფოლოგიური ნიმუშების აღწერის დროს საველე დღიურში ფიქსირდება მონაცემები /ვიზუალურად/ გენეზისური ჰორიზონტების მიხედვით: ფერის, სტრუქტურის, მექანიკური შედგენილობის, ახალწარმონაქმნებისა და ჩანართების /ორგანული და მინერალური/, აგებულების, ტენიანობის და სხვა მაჩვენებლების შესახებ. ამასთან ერთად, შეისწავლება ნიადაგის შენება – გენეზისური ჰორიზონტების განლაგება, სისქე /სიღრმე/ და დედაქანების ფიზიკური მდგომარეობა.

ლაბორატორიაში წარდგენილ ნიმუშებში ტარდება სათანადო ანალიზები, კერძოდ, განისაზღვრება ნიადაგის მექანიკური შედგენილობა, ხირხატიანობა, სტრუქტურა, კარბონატების შემცველობა, ნიადაგის რეაქცია - PH, შთანთქმული ფუძეები, ადვილად ხსნადი მარილების შემცველობა /საჭიროების მიხედვით/, ჰუმუსი და საკვები ელემენტები. სავენახე ნიადაგის სრული საველე გამოკვლევისა და ლაბორატორიული ანალიზების მონაცემების შეჯერების შედეგად სპეციალისტები აკეთებენ შესაბამის დასკვნას სავენახე ნიადაგის ვარგისიანობის შესახებ და რეკომენდაციას აძლევენ კონკრეტულ სავენახედ განკუთვნილ ნაკვეთს, რაც, ერთი მხრივ, დასაწყისშივე უზრუნველყოფს ფერმერის წარმატებულ შედეგს, მეორე მხრივ კი, თავიდან ააცილებს მას დიდ ფინანსურ დანაკარგებს.

ასეა თუ ისე, სავენახე ტერიტორია დავზვერეთ და დავგეგმეთ, მაგრამ შროშამდე ჯერ შორია: ქვევრის შერჩევას რომ დაიწყებთ, ხომ იკითხავთ, რომელი და როგორი თიხითაა ნაკეთებიო; ჰოდა, ბატონებო, როგორც ქვევრისთვის თიხა, ისე თქვენი ვაზისთვის - მიწა - საგულდაგულო შერჩევას მოითხოვს. როგორც უვარგისი თიხით ამოყვანილი ქვევრიდან იკარგება ღვინო, ისე დაგიკარგავთ და გაგიუფასურებთ უვარგისი მიწა შრომასა და ამაგს. თქვენს გრანდიოზულ გეგმებსა და ოცნებებს მყარი ნიადაგი სჭირდება, ამიტომაც სავენახე ნიადაგის შეფასება და ანალიზი, სჯობს, სპეციალისტებს მიანდოთ. ჩვენ, პირობისამებრ, მზად ვართ ადგილზე გაგიწიოთ უფასო კონსულტაცია.

© „ქვევრი“



თუ შეიძლება მირჩიეთ, ვისთან გავიარო კონსულტაციები სავენახე მიწის სერჩევისას? წინასწარ გიხდით მადლობას


შეგიძლიათ მირჩიოთ თუ არსებობს რომ მიწა მიიტანო ნაკვეთის და ანალიზი გაუკეთონ? ან სად შეიძლება ეს მოხდეს? ჩითილი დავრგე და ფუჭდება. მადლობთ წინასწარ


მეც მაინტერესებს წინა ორ კომენტარზე პასუხი და თუ შეგიძლიათ, რომ გვიპასუხოთ? :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული