Home
ქართული | English
მარტი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
25262728123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მულტიმედია

კომენტარები

„ერტონა“ - ქართული რესტორანი პრაღაში

ჯიმშერ რეხვიაშვილი
 
ქართული რესტორანი „ერტონა“ პრაღაში მისამართზე Bělehradská 19, 2-Vinohrady - ში მდებარეობს. ვინც პრაღას კარგად იცნობს, უთუოდ ეცოდინება, რომ ეს უბანი ცენტრიდან, ანუ ტურისტების საყვარელი ადგილიდან “სტარო მესტოდან“ მოშორებით მდებარეობს, თუმცა ამის მიუხედავად რესტორნის მყუდრო გარემოში მოსახვედრად არც დიდი დროა  საჭირო და არც - ტრანსპორტის გამოცვლა. მეტროსადგურ „ნამესტი მირუდან“ ამოსულ ქვეითად მოსიარულეს „ერტონაში“ მისასვლელად ათი წუთი დასჭირდება, თუმცა ყველაზე მოსახერხებული #11 ტრამვია, რომლის გაჩერება რესტორნის კიბიდან 10-15 მეტრში მდებარეობს.
„ერტონა“ სულ რაღაც სამი-ოთხი თვის წინ გაიხსნა და პრაღაში მცხორვებ ქართველებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მიწევს დიეტის დაცვა, ერთი თვის განმავლობაში უკვე სამჯერ მოვასწარი იქ წახემსება.
ტრადიციულ ქართულ კერძებთან ერთად რესტორნის სამზარეულოში ადგილობრივი, ჩეხური კერძებიც მზადდება (შემწვარი იხვი კნედლიკებითა და კომბოსტოს მწნილით, მრავალფეროვანი ძეხვეული, წვნიანი, ტკბილეული და სხვა), თუმცა ქართველებიც, ჩეხებიც, რუსებიც და ყოფილი მოძმე რესპუბლიკების სხვა წარმომადგენლებიც “ერტონას“ უფრო მეტად მწვადის, ხაჭაპურის, ჩაქაფულის, საცივის, ღომისა და ყაურმის დასაგემოვნებლად სტუმრობენ.
შეგიძლიათ შეუკვეთოთ როგორც ღორის, ასევე ცხვრის მწვადი. მუსლიმმა კოლეგამ, რომელიც პირველად სტუმრობდა ქართულ რესტორანს, გაოცება ვერ დამალა, როცა ნამდვილი „შაშლიკის“ ნაცვლად ღორის მწვადს მივეძალე. გავსინჯე, მართლაც არ იყო ურიგო.    
აბაზ მეგობარს სუფრაზე მოტანილმა საცივმა გაახსენა გუდაუთელი ბებია, რომელიც საცივისთვის ინდაურს ერთი თვით ადრე ამზადებდა: გადაჰყავდა სიმინდის ფქვლისა და მოხარშული ჯინჭრის  გაძლიერებულ, იძულებით კვებაზე, ნიგოზი კი საგულდაგულოდ გადარჩეული, ღიაქარვისფერი უნდა ყოფილიყოო.  
განსაკუთრებით გემრიელი, წვნიანი და ნოყიერია ხინკალი (ზომით აშკარად გოლიათური), რომლის გარსი და შიგთავსი ერთნაირად ხარისხიანია, წვენი გაციების შემდეგაც კი არ იქცა ყვითელ, უფორმო მასად.
ცივი კერძებიდან მომეწონა ფხალი, თევზის სალათი (რომელშიც დაქუცმაცებულ ორაგულთან ერთად ნედლი პომიდორი დომინირებდა) და ნიგვზით შეკმაზული ბადრიჯანი. განსაკუთრებით გემრიელი და მადის გამღვიძებელია კომბოსტოს, კიტრისა და ჭახლის მწნილის ასორტი, რომელსაც გვირგვინად ადგას ქამა სოკოს მარინადის მოზრდილი ულუფა.  
  
რესტორანში ძირითადად ქართული ღვინოები, ლიმონათი და მინერალური წყლები აქვთ. ბუნებრივია „ერტონაში“ არყითა და ქაფქაფა ჩეხური ლუდითაც (Pilsner Urquell, Staropranen, Gambrinus,) გაგიმასპინძლდებიან.
რესტორნის მყუდრო  გარემოს (გაფორმებულს ფიროსმანის ილუსტრაციებითა და ქართული ფარდაგებით) განსაკუთრებულ ინტიმურობას  სძენს ცოცხლად, ზომიერ სიმაღლეზე შესრულებული ქართული სიმღერა, რომლის ჰანგები ხელს არ უშლის სუფრის წევრებთან კომუნიკაციასა და გვერდზე მსხდომთა საუბრის აღქმას.   
დამშვიდობებისას გამოველაპარაკე რესტორნის მფლობელს ვაჟა ნატროშვილს, რომელსაც ჩეხეთის გარდა რესტორანი თურმე რუსეთშიც აქვს გახსნილი და - საქართველოშიც. მითხრა, რომ კერძებისათვის საჭირო ინგრედიენტებისა და საკმაზების დიდ ნაწილს საქართველოდან იღებს, რასაც დიდად აფასებენ პრაღაში მცხოვრები ქართველები. ერთმა ჩემმა პრაღელმა მეგობარმა ისიც კი მითხრა, რომ მისთვის ქართული რესტორანი დანაყრებასთან ერთად, სამშობლოში დაბრუნების საშუალებაცააო. აქ მოსულს, თავი ყოველთვის მასპინძელი მგონიაო.
 
© vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული