ყვავილოვანი კომბოსტო ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტია, თუმცა რატომღაც მასზე მოთხოვნილება შემცირდა. მარტო დიდი ბრიტანეთში, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, რაკიღა საკვების დეფიციტის პრობლემა აღარ დგას, ყვავილოვანი კომბოსტოს გაყიდვამ 35%-ით იკლო. ყვავილოვანი კომბოსტოს მწარმოებლებმა გაყიდვების მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად გადაწყვიტეს ეხმარათ ხრიკი - შედეგად მათ ყვავილოვანი კომბოსტოს ფერად-ფერადი ვარიანტები შექმნეს. ბუნებრივია, გარეგნულად მიმზიდველ, ნარინჯისფრად, სალათისფრად ან წითლად შეფერადებულ ბოსტნეულს ადამიანები უფრო დიდი სიამოვნებითა და ხალისით ყიდულობენ, ვიდრე უსახურს. დიდ ბრიტანეთში ასეთი პროდუქტი 1 გირვანქა სტერლინგით მეტი ღირს, ვიდრე ჩვეულებრივი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პროდუქტს ამით გემო არ ეცვლება, კომბოსტო არ შეიცავს ქიმიას, მეტიც, სასარგებლოც კია. მაგალითად, ნარინჯისფერის მისაღებად გამოყენებულია ბეტა-კაროტინი. საინტერესოა, რომ ბოსტნეულის შეღებვის მეთოდი დიდ სიახლეს არ წარმოადგენს. ყველასათვის ცნობილი ნარინჯისფერი სტაფილო ჯერ კიდევ XVII საუკუნეში გამოიყვანეს ჰოლანდიაში, მანამდე კი მხოლოდ ყვითელი და წითელი ფერის სტაფილო იყო ცნობილი.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი