Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უახლესი ტექნოლოგიები ქართული ღვინის სამსახურში

მალხაზ ხარბედია

ალბათ დამეთანხმებით, რომ ვერანაირი გზამკვლევი, მეგობრული რჩევა თუ რეკლამა ვერ შეედრება საკუთარ პირის გემოს. იმისთვის, რომ ღვინის ავკარგიანობაში ბოლომდე დავრწმუნდეთ, იგი აუცილებლად თავად უნდა გავსინჯოთ. მხოლოდ ასე გვეცოდინება, ღირს თუ არა მისი შეძენა.

დღესდღეობით ქართული ღვინის მომხმარებელი ძალიან დაბნეულია, მას უჭირს არჩევანის გაკეთება, იგი ცუდად იცნობს ბოთლში ჩამოსხმულ პროდუქციას. დღე ისე არ გავა, მეგობარმა, ნაცნობმა თუ უცნობმა რომ არ მკითხოს, “რომელ ღვინოს მირჩევ სტუმრისთვის“, „რამე კაი თეთრი მინდა“, „ქვევრის ღვინოებში რომელი სჯობს ყველას“, „ერთი თეთრი და ერთი წითელი უნდა გავატანო...“, „ვისი ქისია ყველაზე კარგი?“. ამ დროს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა მეთქვა, გასინჯე და თავად აირჩიე, მაგრამ სად გასინჯოს, როდესაც თითზე ჩამოსათვლელ მაღაზიებშია ღვინის დეგუსტირების შესაძლებლობა?!

ამ პრობლემის გადაწყვეტაზე პირველ რიგში ღვინის მაღაზიებმა და დიდმა სუპერმარკეტებმა უნდა იზრუნონ. მართალია ზოგიერთი ღვინის კომპანია გუდვილში და სხვა დიდ სავაჭრო ქსელშიც აწყობს თავისი პროდუქციის დეგუსტაციას და გარკვეულ ეფექტსაც აღწევენ ამით, მაგრამ თავისუფალ ნებაზე დამყარებული დეგუსტაცია მნიშვნელოვანწილად განსხვავდება სარეკლამო გასინჯვებისგან. აქ შენ არაფერი გაიძულებს ღვინო შეიძინო, იხდი გარკვეულ თანხას გასინჯვაში, სინჯავ რასაც გინდა და მხოლოდ შემდეგ იღებ გადაწყვეტილებას.

ჩვენთან ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში არაერთგან ნახავთ გახსნილ ღვინოს. ყველაზე მეტი ნიმუში გასასინჯად ყოველთვის მაღაზია „ვინოთეკაშია“ ხოლმე, ასევე „ღვინის სამყაროში“, „ღვინის გალერეაში“, „ღვინის სახლში“ და სხვ., მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ სპეციალური აპარატის უქონლობის გამო აქ ღვინო 2–3 დღეში იჟანგება, მალე ფუჭდება, გარდა ამისა, ღვინოების მხოლოდ გარკვეული პროცენტია ხოლმე გასასინჯად წარმოდგენილი და ზოგჯერ ისე შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თქვენთვის საინტერესო ღვინო ვერასდროს გახდეს ხელმისაწვდომი.

სპეციალური აპარატებით, ე.წ. ღვინის დოზატორებითაა (Wine Dispenser) აღჭურვილი „ქინძმარაულის მარნისა“ და კომპანია „ხარებას“ ღვინის მაღაზიები, სამაგიეროდ აქ მხოლოდ ერთი კომპანიის ღვინით უნდა შემოიფარგლო და აქაც ზოგიერთი ძვირფასი ღვინო შეიძლება არ შეგვხდეს სადეგუსტაციო სიაში.

როგორაა საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელი? როგორ და თბილისის მაღაზიებში ერთიორი ასეთი ღვინის აპარატი უნდა გაჩნდეს, სადაც გარკვეულ საფასურად მოხდება დეგუსტაცია და ერთ ჯერზე რამდენიმე ღვინის გასინჯვა იქნება შესაძლებელი. თან გაითვალისწინეთ, რომ ამ აპარატებში გახნილი ბოთლი 3 კვირის განმავლობაში ინახება, აქ სასმელის ტიპის მიხედვით შეიძლება ტემპერატურის რეგულირება და იგი ღვინის დაჟანგვა–დაავადებასაც გამორიცხავს.

მაგალითად, 10 ლარიანი ღვინიდან თხუთმეტი 50–გრამიანი პორცია გამოვა, რომელიც 1 ლარად გაყიდვის შემთხვევაში მოგებასაც დატოვებს, თუ არადა, შეიძლება ზუსტი საფასური გადაახდევინონ მომხმარებელს. ხშირად მომხმარებელი დიდ რისკზე მიდის, როდესაც 40–50 ლარიან ღვინოს გაუსინჯავად ყიდულობს. ეს აპარატი კი მოგვცემს საშუალებას, ვთქვათ, გავსინჯოთ 80 ლარიანი უსახელაური 5–6 ლარად და ზუსტი შთაბეჭდილება შევიქმნათ ამ ღვინის შესახებ. ასევე შესაძლებელია სხვა, ე.წ. ძვირფასი ღვინოების გასინჯვა. კარგი იქნება, თუკი საბარათე სისტემაც დაინერგება. შიგადაშიგ შესაძლებელი იქნება თემატური დეგუსტაციების მოწყობაც. ერთ კვირას, ვთქვათ, გამოცხადდება წინანდლების დეგუსტაცია, სადაც მაღაზიაში არსებული ყველა წინანდლის გასინჯვის შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლებს, მეორე კვირას მუკუზნების დეგუსტაცია, საფერავები, ქინძმარაულები, ტვიშები და ა.შ.

შეგიძლიათ გუგლში აკრიფოთ Wine Dispenser ან Enomatic (ეს კომპანია მსოფლიო ლიდერია ღვინის სერვისის დარგში) და დატკბეთ ღვინის მაღალი კულტურით, პრაქტიკით, რომელიც უკვე კარგა ხანია არსებობს დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც. კარგი იქნება ჩვენთანაც თუ დავნერგავდით ამ სიახლეს. დარწმუნებული ვარ, სწორი მართვისა და ხარისხიანი რეკლამის შემთხვევაში, აუცილებლად გაამართლებს ეს წამოწყება. ჩვენც, „ღვინის კლუბიც“ დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდით ამ ქსელის შექმნაში და გამართვაში, პროექტში, სადაც არა ერთი კონკრეტული კომპანიის, არამედ მთლიანად ქართული ღვინის ინტერესები იქნებოდა ჩადებული.

© tabula



მაგრამ ალბათ მაინც მეტი უნდა ღირდეს, თორემ ზუსტი საფასურით შემოსწრებულების სადღეგრძელოც დაილევა შიგადაშიგ მშვენიერი ბიზნეს-იდეაა


მასეთი ჩამოსასხმელი დოზატორები უკვე ძალიან დიდი ხანია არსებობს ზოგიერთ ქართული ღვინის კომპანიაში. უბრალოდ ეგაა, რომ ჩამოსასხმელი მილი სულ ერთი ცალი აქვს ამ დანადგარს და ისეთი მაგარი რამეა, რომ რომელი ღვინოც გინდა იმას ჩამოგისხავენ წამში... ხვანჭკარა, ქინძმარაული, ახაშენი, ალაზნის ველი... აქეთ მშრალებიო, იქით ე.წ.ბუნებრივად ნახევრად ტკბილებიო. მართალია არც ვაზის ჯიშები იცვლება და არც ღვინო, მაგრამ აბა ამას რა მნიშვნელობა აქვს მითხარით ერთი. (P.S დაახლოებით იგივე პრინციპზევეა აწყობილი მათი ჩამოსასხმელი ხაზები. ეტიკეტის გარდა არაფერი იცვლება:), ანუ – "ეტიკეტთა გადანაცვლებით ღვინო არ იცვლება")


მაგას რავა იკადრებენ ქვევრი ბატონო


მე ვნახე ამ კომპანიების წარმომადგელები უკრაინაში, ღვინის გამოფენაზე. ფასებიც გამომიგზავნეს. სამწუხაროდ ძალიან ძვირი სიამოვნებაა თორემ იდეალური მანქანაა ღვინის წარმოჩენისთვის და დიდი სიამოვნებით დავდგავდით ჩვენს მარანში და ყველა კომპანიის ღვინოს გავასინჯებდით ნებისმიერ მომხმარებელს. ისე გადასატანი რომ იყოს ჯობია, რომ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ღონისძიებაზეც შეიძლებოდეს გადატანა.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.