Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტრადიცული კონკურსი ახალი გამოწვევებით

ბელა ჩეკურიშვილი

ქართული ღვინის ეროვნული კონკურსმა “საქართველო ღვინის სამშობლო” უკვე ტრადიციული ბიენალეს სახე მიიღო, იგი 9-10 მაისს გაიმართება ქართული ღვინის ისტორიის ფონდის მიერ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტისა" და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით.

            რასაკვირველია, პრესტიჟულობით მას ვერ შევადარებთ ევროპული ღვინის საერთაშორისო კონკურსებს, მაგრამ უდავოდ დიდია მისი წვლილი ქართული ღვინის წარმოებაში ხარისხის ზრდასა და ღვინის კულტურისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის საქმეში.

            "თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კონკურსი უკვე ტრადიციულ ღონისძიებად იქცა და სულ უფრო მრავალფეროვანი გახდა როგორც მონაწილეთა, ისე წარმოდგენილი საკონკურსო ნიმუშების მიხედვით. ჩვენ თავიდანვე შეგნებულად გავაკეთეთ აქცენტი წარმოდგენილი ღვინოების ერთობლივ შეფასებაზე წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, რათა ქართველ მეღვინეებს უკეთესად გაეცნოთ უცხოელ ექსპერტთა აზრიც, რომელიც ზოგადად საექსპორტო ბაზრებზე ხარისხისადმი არსებულ მოთხოვნილებებს წარმოაჩენს. ამავე დროს ჟიურის უცხოელი წევრები თვითონ წერენ ღვინოზე წამყვან გამოცემებში და თავად ხდებიან ქართული ღვინისა და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზატორები.

            ჩვენ წელსაც შევძელით ჟიურის მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტებით დაკომპლექტება როგორც საქართველოდან ისე უცხოეთიდან, რაც საშუალებას გვაძლევს დარწმუნებულნი ვიყოთ კონკურსის წარმატებაში" - ამბობს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი.

            ქართული ღვინის ეროვნული კონკურსი შემდეგი ნომინაციების მიხედვით ტარდება:თეთრი მშრალი ღვინო დავარგების გარეშე, თეთრი, მშრალი დავარგებული ღვინო, თეთრი ღვინო მშრალი კახური, თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო, საფერავი, წითელი  მშრალი ღვინო დავარგების გარეშე, წითელი მშრალი დავარგებული ღვინო, წითელი ნახევრადმშრალი ღვინო, წითელი ნახევრადტკბილი ღვინო, ვარდისფერი მშრალი, ვარდისფერი ნახევრადმშრალი, ჭაჭა, ცქრიალა ღვინო, ბრენდი.

            გამარჯვებული ღვინოები დაჯილდოვდებიან გრან-პრით, ოქროს და ვერცხლის მედლებით.

            საკონკურსო წესის თანახმად, წარმოდგენილი ღვინოების დეგუსტაცია და შეფასება მოხდება “ბრმა მეთოდით" კომპეტენტური ჟიურის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია ცნობილი ღვინის ექსპერტებით დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და საქართველოდან.

ჟიურის შემადგენლობა ასეთია: თავმჯდომარე - ანა გოდაბრელიძე (საქართველო), წევრები - ნატაშა ჰიუსი (დიდი ბრიტანეთი), ჯონ სალვი (საფრანგეთი), ვოჟეკ ბოსაკი (პოლონეთი), ალექს ბისლერი (გერმანია) და გიორგი სამანიშვილი (საქართველო).

            ჟიურის თავმჯდომარის, ანა გოდაბრელიძის შესახებ შეგვიძლია აღვნიშნით, რომ იგი ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ "სამტრესტთან" შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარეა. სტაჟირება, მეღვინეობის განხრით, მას გავლილი აქვს საფრანგეთში (ბორდო, ბურგუნდია), სადაც ასევე შეისწავლიდა ღვინის კონკურსების სტრუქტურულ ეფექტს. იყო ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV)33-ე კონგრესის სამეცნიერო ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე. ანა გოდაბრელიძე ასევე საქართველოს ახალგაზრდა მეღვინეთა კავშირის პრეზიდენტია.

            გასულ წლებში ჩატარებულმა კონკურსებმა აჩვენა, რომ საფერავს ევროპულ ბაზარზე დიდი წარმატება ელოდება. ჟიურის უცხოელმა წევრებმა – კატარინა ალვინმა, ქეროლაინ გილბიმ, ჟიურის თავმჯდომარემ – ტომ კანავანმა – საფერავი თავიანთ უპირობო ფავორიტად დაასახელეს. მათი თქმით, საფერავი ძალიან მისაღებია ევროპელებისათვის. უცხოელი ექსპერტები ასევე აღნიშნავდნენ,  ქართული ღვინის საუკეთესო თვისება იმაში მდგომარეობს, რომ ალკოჰოლის დონე ოპტიმალურია და არაა ძალიან მაღალი, ბალანსი კარგადაა დაცული, არც მუხის ზედმეტი გავლენა იგრძნობა, ამიტომ იგი შესანიშნავია რესტორნებისათვის.

            სამაგიეროდ მათთვის სიურპრიზი იყო ტრადიციული კახური ღვინოების აღმოჩენა და ზოგადად, ქვევრის ფენომენი. ქართველ სპეციალისტებს ვრცელი ახსნა-განმარტების მიცემა დასჭირდათ, თუ რას წარმოადგენდა იგი. უცხოელები გვირჩევენ, საერთოდ არ დავარქვათ კახურს თეთრი ღვინო. უცხოურ ბაზარზე ამ ღვინით შესვლა თითქმის წარმოუდგენელია, თუმცა ნამდვილად აქვს აზრი კახურის სწორად გაპიარებას და აქ უკვე სახელმწიფოს შეუძლია დაეხმაროს ქართველ მეღვინეებს, რადგან იგი დამოუკიდებელ ფენომენს წარმოადგენსო.

            შესაბამისად, წლევანდელ კონკურსზე ცალკე კატეგორიად იქნება გამოყოფილი საფერავები და კახური ტრადიციით დაყენებული ღვინოები. ექსპერტები, რასაკვირვეკლია, მათ საერთაშორისო სტანდარტებით შეაფასებენ, თუმცა მათ სპეციფიკურობას გაითვალისწინებენ.

            "კონკურსზე ობიქტურად ფასდება ღვინის ხარისხი და არა ის, თუ როგორი ღვინოა მოდაში ამა თუ იმ ქვეყანაში. თუმცა, საკონკურსო კატეგორიების შერჩევას ორგანიზატორები ქვეყანაში არსებული პროდუქტიდან გამომდინარე ახდენენ – ამბობს ჟიურის წევრი გიორგი სამანიშვილი, - ჩვენს შემთხვევაში გამორჩეული საფერავისგან დამზადებული და კახური ტრადიციით დაყენებული ღვინოებია. ასევე ნაკლებად შეხვდებით სხვა ქვეყნებში წითელ ნახევრადტკბილ ღვინოებსაც. საქართველოში მათი წარმოება მეტია, შესაბამისად, ეს კატეგორია ჩვენთან უფრო მიღებულია, ვიდრე სხვაგან".

            გასული წლების კონკურსებმა ცხადად აჩვენა ქართველ მომხმარებელს, თუ რომელ ღვინოებს ანიჭებენ უპირატესობას ევროპელები. მშრალი დავარგებული თუ დაუვარგებელი თეთრი და წითელი ღვინოების შემთხვევაში ჟიურის უცხოელი წევრების გემოვნების გათვალისწინება ქართველ ღვინის მწარმოებლებს უსათოდ მართებთ, თუკი ისინი დასავლურ ბაზარზე გასვლას შეეცდებიან. რასაკვირველია,  დასავლეთმა უარი არ უნდა გვათქმევინოს ტრადიციულ ღვინოზე და ე.წ. "კახური" არ უნდა გავცვალოთ ევროპელისთვის ნაცნობ გემოზე, მაგრამ ისიც ნათელია, რომ კლასიკური (ევროპული) ტიპის ღვინოზე როცა მიდგება საქმე, ბრიტანელების, ბელგიელებისა და გერმანელი ექსპერტების აზრი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

            კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც გასული წლების კონკურსებზე გამოიკვეთა, ისაა, რომ წითელი დაუვარგებელი ღვინოების ჯგუფი ძალზე მცირერიცხოვანია და გემური თვისებებით საერთოდ არ შეესაბამება თავის კატეგორიას. უცხოელი ჟიურის წევრები ამ კატეგორიაში უფრო მეტად ცოცხალ, ხილის არომატებიან, ნაკლები ფენოლებით დატვირთულ ღვინოს ელოდნენ, თუმცა საქართველოში ძნელი მოსაძებნი აღმოჩნდა მსუბუქი წითელი ღვინო. არადა ე.წ. ღვინის ტურისტს პირველ რიგში ქართული ღვინის ჯიშური თავისებურებები აინტერებს და ისეთ ღვინოს არასდროს შეიძენს, სადაც ეს ჯიშურობა ნაკლებად ჩანს, მაგალითად დავარგებულ ღვინოში.

            საქართველო, რომელსაც ღვინის წარმოების რვაათასწლიანი ისტორია აქვს, იმითაცაა გამორჩეული, რომ ამ საქმეში წყვეტა არასდროს ჰქონია, უფრო მეტიც, ქართველი კაცი თუ რამესთან ახდენს საკუთარი ეროვნების იდენტიფიცირებას, ერთ-ერთი ღვინოა.

            იყო პერიოდები, როცა ქართული მეღვინეობა ძლიერი იყო, ანდა, როცა ძალიან დასუსტდა. მაგრამ მისი ავტორიტეტი განსაკუთრებით დაეცა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან და დღესაც, ქვეყნის შიგნით ნაკლებ პატივს სცემენ და აფასებენ, ვიდრე უცხოელი ღვინის გურმანები და სპეციალისტები.

            21-ე საუკუნეში ქართული მეღვინეობა ნელ-ნელა ეწევა მსოფლიო მეღვინეობის ტენდენციებს, ვისწავლეთ ღვინის მორგება ბაზარზე, მარკეტინგი და იმის დაფასება, რაშიც ძლიერი ვართ. ამავე დროს, საზოგადოებისთვის კვლავ დავიწყეთ იმის შეხსენება, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა.

            საქართველო არ არის განებივრებული საერთაშორისო მასშტაბის კონკურსებით, არც მეღვინეობაში და ხელოვნებისა თუ წარმოების სხვა რომელიმე დარგში. კონკურსი "საქართველო ღვინის სამშობლო” იმითაცაა გამორჩეული, რომ იგი ქართულ ბაზარს რეალურ სურათს აძლევს, ხოლო მოწვეულ უცხოელ ესპერტებს ქვეყნის ამ ფენომენის შესახებ აწვდის ინფორმაციას.

            ნებისმიერ კონკურსს პრესტიჟულობას ჟიურის პროფესიონალიზმი და ობიექტურობა სძენს. ამ მხრივ ქართული ღვინის ბიენალე ნამდვილად საინტერესო მოვლენაა, კონკურსის ორგანიზატორები ცდილობენ, ჟიურის წევრებად ამ სფეროში ცნობილი დეგუსტატორები მოიწვიონ, როგორც უცხოელი ექსპერტები, ასევე ადგილობრივები, რათა ზუსტად მოხდეს ფასეულობების გათვალისწინება.

            ვერ ვიტყვით, რამდენად წაადგება ქართულ კონკურსზე მიღებული ჯილდო ჩვენს ღვინოებს საერთაშორისო ბაზარზე, მაგრამ შიდა ბაზრისთვის კი ეს მომენტი ნამდვილად იქნება განმსაზღვრელი. სხვა რომ არაფერი, მათ ცნობადობას სწორედ მსგავსი კონკურსები ზრდის, რაც, შესაბამისად, მოთხოვნის გაზრდასაც იწვევს.   

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.