Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რა დააშავა საზამთრომ

თემურ იობაშვილი
 
ბოლოდროინდელმა ამბებმა ჟურნალი "ნიანგი" გამახსენა. 80-იან წლებში ისეთივე სულისკვეთებით მოძღვრავდა ეს ჟურნალი ხალხს, როგორც ბოლო 2-3 წელიწადში ამას მორიგეობით დღევანდელი ოპოზიცია თუ ხელისუფლება აკეთებს. გლეხი თუ საკუთარ ვენახს გაჩეხავს, რომლის მოსავალსაც სასურველ ფასად ვეღარ ყიდის, ლამის ქვეყნის მოღალატედ აცხადებენ ხოლმე. საბჭოთა საქართველო საკავშირო თვალთმაქცობაში სხვა რესპუბლიკებს შორის ლიდერი რომ ყოფილიყო, ამისთვის საჭირო გახდა, რაც შეიძლება მეტი ვენახი გაეშენებინა ქართველ კოლმეურნეს. შესაბამისად, მახსოვს ჟურნალ "ნიანგში" დახატული კარიკატურები, რომელიც იმ "ბოროტ კახელ გლეხს" ასახავდა, საკუთარ ნაკვეთში ვაზი რომ გაჩეხა და მის ადგილას საზამთრო მოიყვანა. საბჭოთადროინდელი პროპაგანდის წყალობით ვაზის ადგილას უფრო შემოსავლიანი უწყინარი საზამთროს მომყვანი ცუდ ადამიანად მიიჩნეოდა. ამიტომაც, საბჭოთა საქართველოში ყურძნის მოსავალი დაგეგმილს რამდენჯერმე აჭარბებდა, თავის მხრივ მეღვინეებიც "ვაჟკაცობდნენ" და მიღებულ მოსავალზე რამდენჯერმე მეტ შაქარ-წყლიან ღვინოს ასხამდნენ და ყიდნენ კიდეც.
 
რუსეთის ბაზრის დაკეტვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქართველოში წარმოებულ უხარისხო ღვინოს სხვა ქვეყნებში გაყიდვა არ ეწერა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ხარისხიანი ღვინის გაყიდვაც რთული აღმოჩნდა. მიზეზი მატივია: საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ბოლო წლებში გაცილებით მეტი ღვინო იწარმოება, ვიდრე იყიდება. რუსეთის ბაზრის დაკეტვამ ქართველ მევენახეს ახალი რეალობა აჩვენა – ადრე თუ ღვინის ქარხნები გლეხს 1 კილოგრამ საფერავში 2 ლარს სთავაზობდნენ, ახლა იგივე ყურძენში საშუალოდ 50 თეთრს უხდიან. რუსეთის ბაზრის დაკეტვამდე თუ ჰიბრიდული ჯიშის "ვაქირულა" და "შანიძის ვაზი" ასევე რიხინ-რიხინით მიდიოდა ქართულ ღვინისწარმოებაში და შემდეგ ეს ღვინო ასევე გრიალით იყიდებოდა რუსეთში, ახლა გაირკვა, რომ "ვაქირულას" გამოყენება მეღვინეობაში დანაშაულია. ამიტომაც, არცერთმა ღვინის ქარხანამ ეს ყურძენი რომ არ ჩაიბარა, მევენახე იძულებული გახდა, ასეთი ვაზი გაეჩეხა. ჰიბრიდული ვაზით გაშენებული ვენახის გაჩეხვაში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მევენახეს კომპენსაცია მისცა.
 
პირველად სწორედ მაშინ დაიწყო ოპოზიციამ ხელისუფლების დადანაშაულება – ქართველ კაცს ვაზის გაჩეხვას ასწავლიან და ეს დანაშაულიაო. ”ვაქირულას” ვინ დაეძებს, როცა გლეხმა ჩვეულ ფასად ნორმალური ყურძენი ვერ ჩააბარა, ზოგიერთმა "რქაწითელიც" აჩეხა და "საფერავიც" მიაყოლა. 2 წლის წინ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში კახელი გლეხის მიერ საკუთარი ვენახის აჩეხვის შესახებ გასული სიუჟეტი დიდი მითქმა-მოთქმის მიზეზი გახდა. ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებდა ყურძნის გაუფასურებაში, ხელისუფლების წარმომადგენლები კი ტელეკომპანია „იმედს“დადგმული სიუჟეტის გაშვებაში სდებდნენ ბრალს და გლეხებს პირობას აძლევდნენ - თქვენ ოღონდ ყურძენი მოიყვანეთ და გაყიდვაში ჩვენ დაგეხმარებითო. პრეზიდენტმა ყურძნის ჩაბარების და ღვინის გასაღების საქმის მოგვარება თავდაცვის მინისტრს დაავალა. ვინც თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს იცნობს, მშვენივრად იცის რომ სახელმწიფოს ჩარევა საბოლოო ჯამში კარგს არაფერს მოიტანს. ამიტომაც, ყოველ წელს სახელმწიფო სულ უფრო ნაკლებად ერევა ყურძნის გასაღებაში და შესაბამისად, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ყურძენი რჩება გაუყიდავი. შესაბამისად, ვენახის ფართობის ნელ-ნელა შემცირება გარდაუვალია. სამტრესტის მონაცემებით, საბჭოთა პერიოდში საქართველოში ვენახი 140 ათას ჰექტარზე იყო გაშენებული, ამჟამად ვაზს 50 ათასი ჰექტარი უკავია. როგორც ჩანს, ესეც ბევრია და შარშან, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მევენახეებს ”რქაწითელის” გაჩეხვაში აღუთქვა კომპენსაციის მიცემა – 1 ჰექტარზე 2 ათასი ლარი. შეარჩიეს ადგილიც: დედოფლისწყაროს რაიონში, სამთაწყაროს მიდამოებში და ყვარლის რაიონში გავაზის ტერიტორიაზე გაშენებული ვენახები. დაახლოებით 100 ჰექტარი ვენახიც გაიჩეხა. მაგრამ, ექსპერტებისთვის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა – თუ სახელმწიფო ვენახის შემცირების მიზნით გასცემს კომპენსაციას, მაშინ როგორ გააკონტროლებს აჩეხვის შემდეგ ისევ ვაზი რომ არ გააშენოს გლეხმა; რატომ შეირჩა დედოფლისწყარო და ყვარელი, როცა სხვა რაიონებში უფრო მეტი ვენახია; თუ მხოლოდ დაბერებული ვენახის გაახალგაზრდავება არის მიზანი, მაშინ ჯანმრთელ და მსხმოიარე ვაზის აჩეხვაში რატომღა გასცემს კომპენსაციას სახელმწიფო... ამ კითხვებზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში დღეს პასუხი არ აქვთ. გვითხრეს, დღესდღეობით ეს აქცია შევაჩერეთ, აღარც კომპენსაციას გავცემთ და შედეგების შესწავლა მიმდინარეობსო.
 
იმედია, ადრე თუ გვიან, გლეხიც და სახელმწიფოც მივა იმ აზრამდე, რომ როგორც ყველა პროდუქციის წარმოებას, ყურძენსაც და ღვინოსაც თავისუფალი ბაზარი დაარეგულირებს. იქნება მყიდველი? ყურძენსაც იმდენს მოიყვანს გლეხი, და მეღვინეც იმდენს ჩამოასხამს - რამდენიც გაეყიდებათ.
 
ჩემდა სამწუხაროდ, საბჭოთადრონდელი პროპაგანდა და ჟურნალი ”ნიანგის” მსგავსი იდეოლოგია დღესაც გვხვდება. ბევრია, ვინც კვლავ იმ დროს მისტირის, უხარისხო ყურძენს თუ სხვა პროდუქციას სახელმწიფოს გეგმის გადაჭარბებით უპრობლემოდ ჩააბარებდა, მერე 37 მანეთად მოსკოვში გადაფრინდებოდა და კარგ დროს გაატარებდა; დღეს, საზოგადოებრივ აზრზე უდიდესი გავლენის მქონე კათალიკოს-პატრიარქის 2009 წლის საშობაო ეპისტოლეში ასეთ წინადადებას ვკითხულობთ: ”დღეს კი მავანნი კახელ გლეხს სოლიდურ თანხას სთავაზობენ, რომ მან შვილივით ნაზარდი ვაზი აჩეხოს და სანაცვლოდ საზამთრო ან სხვა კულტურა დარგოს; ამასთან, ყურძნის მოყვანის ინტერესს იმითაც უკლავენ, რომ მოსავლის ჩაბარებისას, მინიმალურ ფასსაც არ აძლევენ. ასე არ უნდა გაგრძელდეს”. საწყალი საზამთრო, რა დააშავა ასეთი, მისი მომყვანი ცუდ ადამიანად რომ მიიჩნევა და საწყალი გლეხი, რომელსაც დღესაც აიმედებენ, შენ ისეთი პროდუქცია შექმენი, რომელიც არავის სჭირდება, მაგრამ, სახელმწიფომ კეთილი ინებოს და მაინც კარგ ფასად გაგაყიდინოსო.
 
© Azrebi.Ge


dzalit arafris keteba ar sheidzleba,arc venaxis gasheneba da arc gachexva, da tu es martalia da amashi qrtamsac igeben mashin,es danashauls ufro gavs vidre shecdomas,anda gachirvebisgan tavis dagcevas.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული