Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველი 2010 - ხარისხის კვალდაკვალ

ლევან ბეჟანიძე

ხარისხი თუ რაოდენობა? - ამ კითხვაზე ღვინის კომპანიებს ჯერ კიდევ სხვადასხვა პასუხი აქვთ. კითხვა განსაკუთრებით აქტუალური რთველის პერიოდშია, როცა დიდია ცდუნება, იაფად, სულ რაღაც 15-20 თეთრად იყიდო ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი და შემდეგ მისგან ჩამოსხმულ ღვინოს "საფერავი" დაარქვა. არც მევენახე გლეხების ყურძენია ძვირი და თუ ხარისხი გადამწყვეტი არ არის, კომპანიის ვენახში მოწეულ ყურძენში ტონობით იაფფასიანი, უხარისხო ნედლეულის შერევა შეიძლება.
 
გაანგარიშება მარტივია - ბევრი ყურძენი ბევრ ღვინოს უდრის, ბევრ ღვინოს კი ბევრი ფული მოაქვს. მთავარია, მილიონობით ბოთლი გასაღდეს - სადმე მოძმე უკრაინაში, ან ყაზახეთში, ან ისევ და ისევ რუსეთში, თუკი იქ ქართული ღვინის შეტანის რაიმე ხვრელი კიდევ დარჩა.
თუმცა, რაოდენობაზე ორიენტირებულ ქართულ კომპანიებს 2006 წლიდან კრიზისის პერიოდი დაუდგათ, როცა რუსეთმა ქართულ ღვინოებზე ემბარგო დააწესა. მხოლოდ ერთმა-ორმა მოახერხა იაფფასიანი პროდუქციის გადამისამართება რუსეთიდან სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. დანარჩენებმა კი ან მიდგომები შეცვალეს და სასწრაფოდ ხარისხზე გააკეთეს აქცენტი, ან გაკოტრებისკენ მიმავალ მოკლე გზას დაადგნენ. ამჯერად კონკრეტულ მაგალითებს არ მოვიხმობ, მაგრამ ჩემთვის ცნობილია სულ ცოტა ერთი ღვინის კომპანია, რომელმაც რუსეთის ემბარგოს შემდეგ პროდუქციის რაოდენობა გააორმაგა და უკრაინაში გადააგზავნა.
საბედნიეროდ, კომპანიების უმეტესობამ ბევრად უფრო ლოგიკური და მართებული პოლიტიკა აირჩია. "თელიანი ველი“, "ბადაგონი", "თელავის ღვინის მარანი", "ქინძმარაულის მარანი" და სხვა წამყვანი ღვინის კომპანიები  დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ბაზრების ათვისებას ცდილობენ. ძალებს სხვა ალტერნატიულ ბაზრებზეც სინჯავენ. ასეთი მიზანი კი რთველის პერიოდში აქტუალურ კითხვაზე ცალსახა არჩევანს გულისხმობს – ხარისხიანი ნედლეული უდრის ხარისხიან ღვინოს, ხარისხიანი ღვინო დასავლეთის ბაზრების კარის გასაღებია, ხოლო დასავლეთის ბაზრებზე შესვლის შემდეგ უკვე დიდ მოგებაზე ფიქრიც შეიძლება.
იმ კომპანიების მარკეტოლოგებმა, რომლებმაც ეს გზა აირჩიეს, გააცნობიერეს, რომ პროდუქციის ხარისხი რაოდენობაზე ბევრად მნიშვნელოვანია. ბევრ ფულს ღვინის მცირე პარტიაც მოიტანს, თუ ღვინო რომელიმე პრესტიჟულ ნუსხაში მოხვდება. ასეთმა მიდგომამ შედეგი უკვე მოიტანა. თვე არ გავა, რომელიმე საერთაშორისო კონკურსზე ქართული ღვინის გამარჯვების შესახებ ამბავი არ გავიგოთ. ცოტა ხნის წინ, მაგალითად, "ბადაგონის" ღვინომ - „ალავერდის ტრადიციები“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღვინის კონკურსის, დეკანტერის ჟიურის უმაღლესი ჯილდო, გრან-პრი - „რეგიონალური ტროფი“ მიიღო. ამავდროულად „ალავერდის ტრადიციები“, "დეკანტერის" ვერსიით, ევროპის საუკეთესო წითელი ღვინოების ასეულში შევიდა.
მანამდე სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრმა, ბაკურ კვეზერელმა ერთ-ერთ ინტერვიუში ღვინომასალების ხარისხის გაუმჯობესებაზე ისაუბრა: "სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში პრაქტიკულად შეწყდა ფალსიფიცირებისთვის საჭირო ხელოვნული საღებავებისა და სხვადასხვა მინარევების იმპორტი, რაც წინა წლებში აქტიურად გამოიყენებოდა სხვადასხვა მწარმოებლების მიერ. არა იმიტომ, რომ შეზღუდვებია, არამედ აზრი დაკარგა ამ საქმიანობამ, რამდენადაც ჩვენ გვაქვს ადეკვატური რაოდენობის ვენახები, ჩვენი მევენახეობა გაიზარდა, ახლადგაშენებული ვენახები წამოგვეწია, ვენახები განახლდა. მათ შორის სახელმწიფოს დახმარებით. შესაბამისად, არანაირი დეფიციტი და პრობლემა ამ კუთხით აღარ არის".
ასეთი თავდაჯერებულობის მიუხედავად, საქართველოს მევენახეობაში ბევრი პრობლემაა, რაც ყოველწლიურად იჩენს თავს შემოდგომაზე, რთველის ციებ-ცხელებისას. გლეხების ვენახებში დაკრეფილი ყურძნის ხარისხს მსხვილი კომპანიები კარგა ხანია ეჭვის თვალით უყურებენ. მათ საკუთარი ვენახები აქვთ, სადაც ყურძნის ხარისხს მთელი წლის განმავლობაში აკონტროლებენ. კომპანიების მაღალკვალიფიციურმა მეღვინეებმა კარგად იციან, რომ კარგი ღვინო სათავეს კარგი ვენახიდან იღებს. ამიტომაც წელს გლეხებისგან ყურძნის ჩაბარებაზე ზოგიერთმა მსხვილმა კომპანიამ პირდაპირ უარი განაცხადა.
რამდენად მოახერხეს მათ თავიანთი პოზიციის დაცვა, ძნელი სათქმელია, რადგან ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით მედიაში ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები ვრცელდებოდა. ერთნი აღნიშნავდნენ, რომ კომპანიების უმეტესობა ბოლოს მაინც აიძულეს, გლეხებისგან ყურძენი მიეღოთ, რათა რთველს კახეთში სოციალური მღელვარება არ მოჰყოლოდა. მეორენი კი მსგავს ინფორმაციას უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მსგავსი დაძალება არ ყოფილა.
ნებისმიერ შემთხვევაში, პრობლემას ვერსად გავექცევით - მევენახე გლეხების მიერ მოწეული ყურძნის ხარისხი უმეტეს შემთხვევაში, აღარ შეესაბამება დროის მოთხოვნებს. გლეხებს დახმარება სჭირდებათ. უპირველეს ყოვლისა, მათ ორიენტაცია უჭირთ. ელემენტარულად, ინფორმაცია არა აქვთ, სად შეიძინონ ვენახის შესაწამლი ხარისხიანი პრეპარატები, რომელთა დიდი პარტია ბაზარზე ფალსიფიცირებულია. ამ პრეპარატებით ვენახის შეწამვლა ხშირად კატასტროფით მთავრდება და რთველის პერიოდში გლეხებს არათუ მოსავალზე, არამედ დაავადებებით დაზიანებული ვენახის გადარჩენაზე უწევთ ფიქრი. ხოლო თუკი ასეთ ვაზს სადმე ყურძენი შერჩა, მოსავლის ნახევარი იმდენად უხარისხოა, თავმოყვარე ღვინის კომპანიამ სპირტის მასალადაც არ უნდა ჩაიბაროს.
პრეპარატების ფალსიფიკაციის გარდა, მოსავლის ხარისხზე გავლენას ახდენს დაგვიანებული ოპერაციები, რაც წლის განმავლობაში ვენახში დაავადებების მომძლავრებას იწვევს. წელს კახეთში მევენახეები განსაკუთრევით ჭრაქის ეპიდემიას უჩივიან. "ღვინის კლუბისთვის" ცნობილია შემთხვევები, როცა დაგვიანებული შეწამვლის გამო ჭრაქმა ვენახის მთელი მოსავალი ერთ ღამეში გაანადგურა.
სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრმა ჯერ კიდევ რთველის დაწყების წინ განაცხადა, რომ დაავადებებისგან და სტიქიისგან დაზიანებული ყურძენი ღვინის ხარისხზე არ აისახება, რადგან ასეთი ნედლეულისგან მხოლოდ კონცენტრატებს დაამზადებენ, ან სპირტისთვის გამოიყენებენ.
რა თქმა უნდა, მოსავალის რაოდენობაზე და ხარისხზე გავლენა სტიქიებმაც მოახდინა, განსაკუთრებით კი - გვალვებმა. აუტანელმა სიცხემ ვენახები არა მარტო აღმოსავლეთ საქართველოში, არამედ დასავლეთშიც დააზიანა. მაგალითად, "ხვანჭკარის" მიკროზონაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მევენახემ, კახა მოწონელიძემ გვითხრა, რომ რაჭაში ალექსანდრეულს ძალიან გაუჭირდა: "მტევნებზე მარცვლები ისე დაპატარავდა, ხალხი ამბობს, ყურძნის მთელი მინერალური მარაგი ვაზმა უკან, ფესვებში წაიღოო".
მცირე მოსავალს უჩიოდნენ კახეთშიც და წლევანდელ ციფრებს შარშანდელი რთველის მონაცემებს უდარებდნენ. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, შარშან კახეთში ყურძნის მოსავალმა 125 000 ტონას გადააჭარბა. წელს კი 85 584 ტონა ყურძნის მოსავალს ელიან.
მოსავლის რაოდენობაზე გავლენა არა მარტო გვალვამ, არამედ სეტყვამაც მოახდინა. შარშანდელთან შედარებით, სეტყვას წელს გაცილებით მცირე მასშტაბები ჰქონდა, მაგრამ ეს ვერაფერი შეღავათია იმ მევენახეებისთვის, ვისაც მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაესეტყვა. თელავის, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხისა და სიღნაღის რაიონების ზოგიერთ სოფელში სეტყვის მიზეზით დაზიანებულ ვენახებსაც ნახავთ. დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას გლეხები მეტწილად მაინც ახერხებენ.
მეორე მხრივ, მოსავლის მცირე რაოდენობას ხარისხზე არ უმოქმედია ისეთ ვენახებში, სადაც ყურადღებიანმა მევენახეებმა ვაზი დაავადებებსაც გადაარჩინეს და ბუნების ძალით, სტიქიებიც არ შეხებიათ. უფრო პირიქით - ასეთ ვენახებში საკმაოდ ხარისხიანი მოსავალი მოვიდა.
რა თქმა უნდა, მოსავლის ხარისხი საბოლოოდ მაინც ღვინის დამზადების პროცესში გამოჩნდება. ბუნება და მევენახეები ნელ-ნელა უკანა პლანზე ინაცვლებენ და ასპარეზს მეღვინეებს უთმობენ.
წინასწარი პროგნოზებით, წლევანდელი რქაწითელის ღვინო წინა წლების ნიმუშებთან შედარებით ძვირი იქნება. ასევე შეიძლება ითქვას საფერავზეც და სხვა ჯიშებზეც. ზოგიერთი კომპანია "რქაწითელს" იმდენად ძვირად ჰყიდდა, რომ წინა წლების ღვინის მარაგის რეალიზაცია ძალიან გაჭირდა. ერთხანს ფასების შემცირებასაც კი აპირებდნენ. ახლა კი გადაწყვეტილება შეცვალეს - ფასი იგივე დარჩება, რადგან მცირე მოსავლის გამო წელს ღვინოც ცოტაა და მეღვინეებს იმედი აქვთ, რომ მისი რეალიზაცია არ გაუჭირდებათ.  
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 


gvitxarit im kompaniis saxeli vizec ambobt rom xarisxi ar gaaumjobesa!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული