Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველი – 2009 - წარმატებული თუ წარმატებით შენიღბული?!

თემურ იობაშვილი
 
წლევანდელი რთველი საქართველოს პრეზიდენტს ისე მოეწონა, რომ მისი წარმატებით ჩატარებისთვის სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებული გიორგი ღვინიაშვილი და რაიონების გამგებლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. ღირსების ორდენი კვეზერელთან და ღვინიაშვილთან ერთად, გუბერნატორის მოადგილეებმა, ასევე, ახმეტის, გურჯაანის, თელავის, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარლისა და დედოფლისწყაროს გამგებლებმაც მიიღეს.
 
„წელს რთველი ჩატარდა ძალიან კარგად და მადლობა ყველას, ვინც ამისთვის მუშაობდა. კახეთში წელს ყურძნის ჩაბარებაზე რიგები არ ყოფილა. რა თქმა უნდა, არის სურვილი, რომ იყოს უფრო მაღალი ფასები, მეტი შემოსავალი, მაგრამ ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას მუშაობა სჭირდება. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, მომავალსა და მეტ წარმატებაში“, - ასე შეაფასა მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილმა.
 
საზეიმო განწყობაა სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც, რომლებთანაც ჩვენი მცდელობის მიუხედავად კაი ხნის მანძილზე ვერავინ გამოჩნდა, ვინც წლევანდელი რთველის შესახებ შეკითხვებზე გვიპასუხებდა. ამიტომ, დავეყრდნოთ მათ მიერვე გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას რომლის მიხედვითაც, წელს კახეთში 120 ათასი ტონა ყურძნის მოსავალი აიღეს. „კახელ მევენახეებს ყურძნის ჩაბარებაში პრობლემები არ შეჰქმნიათ, რადგან მიღებული მოსავლის ნაწილი სასურსათოდ გაიყიდა, ნაწილი გლეხებმა დაწურეს, დარჩენილი მოსავალი კი ყურძნის ჩამბარებელმა ქარხნებმა მიიღეს,“ - უთხრეს საინფორმაციო სააგენტო „პირველს“ სოფლის მეურნეობის სააგენტოში.
 
რთველის დაწყების დრო
 
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციითვე რთველი-2009 ოფიციალურად 13 სექტემბერს გაიხსნა. სწორედ ამ დროს გახსნა სასტუმრო "რები-გურჯაანში" ,,რთველი 2009"-ის შტაბი. ბაკურ კვეზერელთან ერთად ცერემონიას პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გეგენავა და კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებული გიორგი ღვინიაშვილი დაესწრნენ.
 
მნიშვნელოვანია, რომ რთველის დაწყების დრო ზოგმა მეღვინემ და ექსპერტმა გაუმართლებლად ნაადრევად მიიჩნიეს. ზოგი ღიად, ზოგიც არაოფიციალურად გამოხატავს თავის აზრს. ხმამაღლა გაპროტესტებას კი იმიტომ ერიდებიან – სახელმწიფომ დამატებიტ არ შემიქმნას პრობლემებიო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სამინისტროს თანამშრომლები კახეთის რეგიონში შტაბის გახსნამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩავიდნენ. "წელს, კახეთში პირველი ქარხანა 21 აგვისტოს გაიხსნა და დედოფლისწყაროს რაიონში დაკრეფილი ყურძენი ჩაიბარა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოსავლის აღება და ქარხნებში მისი ჩაბარება ასე ადრე დაიწყო. ამ ფაქტით კმაყოფილები არიან კახელი მევენახეები. კარგია, რომ ყურძნის კრეფა და ქარხნებში მიტანა ასე ორგანიზებულად მიმდინარეობს. გლეხს აქვს თავისი მოსავლის დროულად ჩაბარების საშუალება და არ უწევს საათობით რიგში დგომა".
 
რთველის მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრმა პირადად უხელმძღვანელა. "წელს მთავრობამ რთველის წარმატებით ჩატარებისთვის ორჯერ მეტი თანხა გამოყო. უფრო მომზადებულები ვართ და უფრო ორგანიზებულად ვმუშაობთ", - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა. გარდა იმ თანხისა, რომელსაც მევენახეებს ყურძენში ღვინის ქარხნები გადაუხდიან, გათვალისწინებულია დანამატი, რომელსაც გლეხებს სახელმწიფო სპეციალური ვაუჩერის საშუალებით გადაუხდის. ყოველ ჩაბარებულ კილოგრამ რქაწითელის ჯიშის ყურძენზე, მევენახე დამატებით 15 თეთრს მიიღებს. საფერავის შემთხვევაში კი ეს თანხა 25 თეთრი იქნება, - ესეც რთველის დაწყებამდე მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა.
 
ასე იყო თუ ისე, ფაქტია, რომ წლევანდელი რთველი დიდი ხმაურის და აყალმაყალის გარეშე დასრულდა. როგორც წესი, წლევანდელი რთველის შედეგი მომავალ წელს - ღვინოში უნდა გამოჩნდეს. ღვინის სამერმისო ხარისხს თუ ვივარაუდებთ, ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებია. შარშანდელი უხვი და ხარისხიანი ყურძნის შემთხვევაშიც არ იყო წელს ღვინის მაღალი ხარისხი გარანტირებული. ექსპერტების თქმით, წელს ფალსიფიკაციაც თავის ადგილზეა არც არაფალსიფიცირებული ღვინის ხარისხი გაუმჯობესებულა ბოლო ერთი წლის მანძილზე. ამიტომ, ექსპერტები მომავალი წლისთვის სასწაულებს და ქართული ღვინის გაუმჯობესებას არ ელოდებიან.
 
იყო თუ არა "რთველი-2009" წარმატებული
 
ამ შეკითხვაზე პასუხი არც თუ იოლი მოსაძებნია. ბოლო წლების მანძილზე ყოველი რთველის დასრულებისას მთავრობის წარმომადგენლები ერთსა და იმავეს იმეორებენ – წელს სახელმწიფოს წყალობით არც ყურძენი დარჩენილა დაუბინავებელი და არც გლეხი უკმაყოფილო. ერთსა და იმავეს ამბობს ხელისუფლების მოწინააღმდეგე პოლიტიკური ჯგუფები – სახელმწიფო გლეხებს სათანადოდ ყურადღებას არ აქცევს და არც ყურძნის ფასია ნორმალურიო. მეღვინეები ტრადიციულად რუსეთის ბაზარს მისტირიან და ევროპული ბაზრის დაპყრობაზე ოცნებობენ. რა შეიცვალა წელს, ამის გარკვევას "ბიზნესი და მენეჯმენტი" დარგის სპეციალისტებთან შეეცადა. მევენახეობა-მეღვინეობის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ბარისაშვილი ჩვენთან საუბრისას წლევანდელი რთველის წარმატებულად გამოცხადებას არ ეთანხმება.
 
გიორგი ბარისაშვილი:
 
"წლევანდელი რთველი ისეთივე იყო, როგორიც გასული წლებისა, ანუ არაფერი შეცვლილა ქართველი მევენახეების სასიკეთოდ. თითქოს ყურძენი გაუყიდავი არ დარჩენილა, მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემა არა გაუყიდავად დარჩენილი ყურძენია, არამედ ის გამოუვალი მდგომარეობაა, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ეს დარგი იმყოფება. გამოსავალი რა თქმა უნდა არსებობს და საქმეც არცთუ ისე უსაშველოდაა, როგორც ამას ზოგიერთები გვიხატავენ. ამ ყველაფერს სჭირდება ამ საქმეში კომპეტენტური და ამავდროულად ქართული სოფლის ქომაგი ადამიანი, როგორი ადამიანების დეფიციტიც ნამდვილად არის როგორც "სამტრესტში", ისე ზოგადად სოფლის მეურნეობის სამინისტროში. უფრო მეტიც, ამ სამსახურებში მომუშავე ხალხის უმეტესობა დაინტერესებულიც კია "მღვრიე წყლით". მიმაჩნია, რომ წლევანდელი რთველი, ისევე როგორც გასული წლებისა წარუმატებელი იყო და საქმე ყოველწლიურად უკან უკან მიდის. სანამ ზემოთდასახელებული ორგანოები არ გაიცხრილება და ამ საქმეს მოაზროვნე, კომპეტენტური და ამავდროულად პატრიოტი ადამიანები არ მოეკიდებიან, ქართულ მევენახეობასა და მეღვინეობას არაფერი ეშველება და ისევე გაპარტახებული იქნება, როგორც დღესაა".
 
ბარისაშვილი გლეხებისთვის და ფერმერებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ვენახის პრეპარატების უვარგისობას და ამავდროულად მათ სიძვირეს, ასევე ტექნიკის უქონლობას და საწვავის სიძვირეს ასახელებს. მისი თქმით, საქართველოში სრული განუკითხაობაა და ვისაც რა გაუხარდება ის პრეპარატი შემოაქვს, რომელთა უმეტესობა უვარგისია ან ვადაგასულია და წამლის ნაცვლას ზოგჯერ საწამლავია.
 
ექსპერტებს არ მოსწონთ საქართველოს მთავრობის ინიციატივა – გლეხებს ყოველ ჩაბარებულ კილოგრამ ყურძენზე დამატებით თანხა დაუმატოს.
 
"დახმარების სახით, კეთდება საქმის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი და ამით პრობლემის მხოლოდ შენიღბვა ხდება. პრობლემა პრობლემადვე რჩება და არათუ მცირდება, არამედ ვითარდება და იზრდება კიდეც. საქმეს ძირეულად შესწავლა ესაჭიროება და არა ისეთნაირად წარმართვა, როგორც ეს დღეს-დღეისობით ხდება. პრობლემის მოსაგვარებლად ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. მაგალითად, სახლემწიფომ უნდა მოაწყოს ყურძნის ბაზრობები და გააკონტროლოს ისინი. უნდა დაარეგულიროს ყურძნის საბაზრო ფასი, უნდა აღკვეთოს ამ ბაზარზე სახეობათაშორისი ჰიბრიდების მოხვედრა, ბაზრობებზე უნდა არსებობდება ყურძნის შაქრიანობის გაზომვის საშუალება, ბაზრობებზე მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს გადამყიდველი ვაჭრების მოხვედრა და უპირატესობა მეურნეს უნდა მიეცეს... ამაზე შესაბამისი ორგანოები უნდა ზრუნავდნენ, რასაც ისინი არ აკეთებენ. ვიღაცა განგებ აფერხებს ამ ყველაფერს და ამღვრევს წყალს", - ამბობს ექსპერტი გიორგი ბარისაშვილი.
 
გლეხებისთვის რთველის წარმატებულად გამოხადებისთვის, ცხადია მოწეული მოსავლის ძვირად გაყიდვაა. ამ მხრივ ბოლო წლებში საკმაოდ არაპროგნოზრებადი სიტუაციაა. ყურძნის ფასი საკმაოდ ცვალებადია. ფასის ცვალებადობას გიორგი ბარისაშვილი არასტაბილურ სიტუაციას უკავშირებს.
 
"ყურძნის ფასი ყოველწლიურად იცვლება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სიტუაცია არ არის სტაბილური. თქვენ წარმოიდგინეთ ყურძნის ფასში გარკვეულ როლს შაქრის ფასიც კი თამაშობს... ყოველწლიურად რთველის წინ საქართველოში შაქრის ფასი იმატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქარხნების ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ ვერ ეშვება ფალსიფიკაციას, რაც ბრწყივალედ იციან სხვათაშორის სამტრესტშიც, მაგრამ..."
 
ექსპერტების თქმით, რუსეთის ბაზრის დახურვამ თავისი დადებითი შედეგიც მოიტანა. უამრავი ღვინის ქარხანა იძულებული გახდა საქმიანობა გაეჩერებინა. მათ მიერ ჩამოსხმული ღვინის მსგავსი სითხე მხოლოდ რუსეთის ბაზარზე თუ იყიდებობა. შესაბამისად, ღვინის ფალსიფიკაციის მასშტაბები აშკარად შემცირდა. ასე რომ, ქართული ღვინის ხარისხი შედარებით ამ ფაქტორმაც გააუმჯობესა. რაც შეეხება ქართული ღვინის წინსვლას, პროგრესი არის ბიოღვინის წარმოებაში, რომელიც ბევრად უფრო ეკოლოგიურად სუფთა სასმელია, ვიდრე ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინო. გიორგი ბარისაშვილი ქართული მეღვინეობის ამ სეგმენტს ბევრად უფრო წარმატებულად მიიჩნევს და ამბობს, რომ ბიომეღვინეები გაცილებით იოლად ახერხებენ საკუთარ ვენახებში მოყვანილი და ეკოლოგიურად სუფთა ყურძნიდან დაყენებული ღვინის გაყიდვას, თუმცა მისი თქმით, პრობლემები ასეთი ღვინის მწარმოებლებსაც აქვთ. გამოსავალს კი ისევ სახელმწიფოს მხრიდან კვალიფიციურ ჩარევაში ხედავს. უცხოურ მევენახეობის მიმართ გიორგი ბარისაშვილს თავისი მოსაზრება აქვს და გერმანიაში მომხდარ ამბავს იხსენებს:
 
"ერთხელ, გერმანიაში პრაქტიკებზე ყოფნის დროს ერთ-ერთ მეღვინეს ვკითხე როგორ გამოითქმის გერმანულად მევენახე-მეთქი? მან შეკითხვა ვერ გაიგო და მე მომიწია ხელახლა განმემარტა თუ რას ვეკითხებოდი. ბოლოს ვუთხარი: რა ჰქვია ადამიანს, ვინც ვენახს უვლის, ყურძენი მოჰყავს და შემდეგ ამ ყურძენს ყიდის-მეთქი? მან მიპასუხა, "არ ვიცი სხვაგან, მაგრამ ის ვინც მთელი წელი იწვალებს, ყურძენს მოიყვანს და შემდეგ მოწეულ ყურძენს გაყიდის – გერმანიაში ასეთ ადამიანს იდიოტი ჰქვიაო"...
 
ბიომეღვინეების შემთხვევაში ძირითადად სწორედ საკუთარი მოყვანილი ყურძნის დაწურვა ხდება და ღვინოს გარანტირებულად ეკოლოგიურად სუფთა აქვთ. ერთ-ერთი ბიომეღვინე, იაგო ბიტარიშვილი ამბობს, რომ წლევანდელი წელი საკმაოდ ცივი იყო და ყურძენიც ნაკლებად დატკბა. ასევე არც მოსავალი იყო შარშანდელის მსგავსად უხვი. თუმცა, სიტუაციას მაინც იმედიანად უყურებს და საკუთარ ვენახებში მოყვანილი ყურძნისგან დაყენებული ღვინო "ჩარდახის" იტალიაში შეუფერხებელი ექსპორტის იმედი აქვს.
 
"მესამე წელია, 1000 ბოთლს ვაგზავნი იტალიაში. დანარჩენს ტურისტები ყიდულობენ. მინდა ახალი ვენახები გავაშენო, მაგრამ, რთულია, ფულის კრიზისია. რაც შეეხება წლევანდელ რთველს, წელს გლეხებისთვის უკეთესი იყო, ნაკლები პრობლემა იყო ყურძნის ჩაბარებაზე", - ამბობს იაგო ბიტარიშვილი
 
არის თუ არა გამოსავალი სოფლის მეურნეობის კოოპერაცია
 
ფაქტია, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა ამ დრომდე წამგებიან დარგად რჩება და მიწაზე მუშაობას ბიზნესადაც ნაკლებად მიიჩნევს ვინმე. სხვადასხვა კულტურებს შორის დიდ გასაჭირშია ვენახიც, ღვინის წარმოებაც და მისი რეალიზაციაც. ამ ყველაფრის ერთ სისტემაში მოყვანას და პრობლემის მარტივ გადაჭრას კოოპერაციის განვითარებაში ხედავს საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის – ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარე როინ ადამაძე.
 
"წინა წლებთან შედარებით გლეხებს ყურძენი რომ უფუჭდებოდათ ხოლმე, წელს ნაკლები იყო. მაგრამ, ისევე როგორც წინა წლებში, ამჟამადაც რთველი ჩატარდა ფაქტობრივად კომუნისტური იდეებით. ქარხანას უნდოდა თუ არა, ყურძენი უნდა მიეღო. დაევალა წარმოებებსაც რომ გარკვეული მოცულობა შეეძინათ. გამოსავალი არის სოფლის მეურნეობის კოოპერაქცია. საქართველოს სხვა გზა არა აქვს – ჩვენ არ გვაქვს დიდი ფართობის მიწები როგორც უკრაინას, ყაზახეთს და რუსეთს. ყველა გლეხს საშუალოდ 1 ჰექტარამდე აქვს მიწა. ამ მცირე ფართობებში ტექნიკის გამოყენება არის ძალიან ძნელი.
 
უბედურება ის არის, რომ ქართველი გლეხი საკუთარ შრომას არ ანგარიშობს. თორემ, რომ დაითვალოს ის შრომა, კილო ყურძენი 2 და 3 ლარი უნდა იყოს. წელს გლეხებმა რა ფულიც აიღეს, ხარჯებს 60-70%-ით თუ ფარავს".
 
როინ ადამაძე სახელმწიფოს მიერ ყურძენზე 15-25 თეთრის დამატებასაც უსარგებლოდ გადაყრილ ფულს უწოდებს. მისი თქმით, ამ თანხის დამატებით რეალურად ისევ ღვინის მწარმოებლები სარგებლობენ, რომლებიც კიდევ უფრო იაფად ყიდულობენ გლეხებისგან ყურძენს და საბოლოოდ 1 ბოთლ ღვინოს მინიმუმ 7 ლარად ყიდიან. ასევე, გაუმართლებელია, რომ სახელმწიფომ კომპენსაცია მხოლოდ მცირე მოსავლის მქონე გლეხებს გადაუხადა. იმ მევენახეებს, ვისაც შედარებით დიდ ფართობზე აქვთ ვაზი გაშენებული, სახელმწიფომ არაფერი გადაუხადა. როინ ადამაძის თქმით, წელს დასავლეთ საქართველოს მხარეს საერთოდ აღარ გასცა სახელმწიფომ დახმარება.
 
"სახელმწიფომ ეს 20 მილიონი გადაყარა. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს გლეხებს მინიწარმოებების შექმნაში. პრობლემას მოაგვარებს კოოპერაცია. ეს კოოპერატივები ერთმანეთს დაეხმარება წარმოებაში, ექნება საკუთარი ტრანსპორტი, საკუთარი გადამამუშავებელი საწარმოები, საკუთარი მაღაზიები. კახელის ღვინოს გაყიდის მეგრელი, მეგრელის ფქვილს გაყიდის კახელი, კარტოფილს ყიდულობენ ახალციხიდან... ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. რუსეთში ზოგ ფერმერს 10 ათასი და მეტი ჰექტარი მიწა აქვს... ჩვენთან 99%-ს აქვს პატარა მიწები. ამიტომ, ამ პატარა მიწებს რომ მოუარონ, უნდა გაერთიანდნენ".
 
გაერთიანებების მომხრეა საქართველოს აგრარული განვითარების ფონდის დირექტორი ნიკოლოზ ზაზაშვილი. იგი მიიჩნევს რომ შესაძლებელია გაერთიანებები მოხდეს და იგივე კოოპერატივმა უზრუნველყოს საკუთარი წევრების მიერ მოყვანილი ყურძნის გადამუშავებაც და რეალიზაციაც.
 
„ჩვენ ძალიან შევიზღუდეთ ღვინის ბაზრის ძებნაში. ან რუსეთია ჩვენი გამოსავალი, ან ევრიპა და ასე შემდეგ... თვითონ ქართულ ბაზარს არავინ უყურებს. ჩვენი ბაზრისთვის ღვინო არ იწარმოება. ჩვენი ბაზარი ქართული, სუფთა ღვინისთვის აუთვისებელია.
ევროპელი დააგემოვნებს ერთ ჭიქას ან ერთ ბაკალს, მაგრამ ჩვენ ხომ ღვინის დალევის ჩვენი წესი გვაქვს? ჩვენმა ხალხმა რა დააშავა? იყიდება ღვინო შვიდ ლარად. ასეთ ღვინოს ქართული ბაზარი ვერ მიიღებს“.
 
ნიკოლოზ ზაზაშვილი სახელმწიფოს გაწეულ ხარჯებს უაზროდ გადაყრილ ფულს უწოდებს და აცხადებს, რომ სახელმწიფომ დახმარება მხოლოდ არსებული წარმოების განვითარებისთვის უნდა გასცეს და არა 20-20 ლიტრი საწვავის დარიგებაში ან კილოგრამ ყურძენზე 15-25 თეთრის დამატებაში.
 
ვინ არიან „რთველის ფაშისტები“ და რა პრობლემები დაინახა წლევანდელ რთველში „ღვინის კლუბმა“
 
"ღვინის კლუბის" ხელმძღვანელი, ღვინის მწერალი მალხაზ ხარბედია ჩვენთან საუბრისას რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ წლევანდელი რთველი "წარმატებულად" არ შეიძლება მივიჩნიოთ დაწყებული ყურძნის კრეფის პირველივე დღიდან - დამთავრებული იმ პრობლემებით, რაც ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას ბოლო წლებში საკმაოდ ბლომად დაუგროვდა.
 
მალხაზ ხარბედია:
 
"გამიკვირდა, როცა 20 აგვისტოს "ახალ ამბებში" ამოვიკითხე: "რთველი ხვალიდან დაიწყება". ასეთი გრილი და წვიმიანი ზაფხული საერთოდ არ მახსოვს, შესაბამისად ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ასე ადრე რთველის დაწყება, თუნდაც დედოფლისწყაროს რაიონში. მხარის გუბერნატორმა (და არა რომელიმე სპეციალისტმა) ყურძენი ოფიციალურად დამწიფებულად გამოაცხადა და რთველიც დაიწყო. "ღვინის კლუბში" ვხუმრობდით კიდეც, ისრიმის (მკვახე ყურძნის საწებლის) წარმოებაზე ხომ არ გადაყავთ გლეხებიო.
 
ცხადია, ნაადრევ რთველს ერთი მიზეზი ჰქონდა, რაც შეიძლება მალე მოეშორებინათ დედოფლისწყაროს რაიონი. რეგიონი, საიდანაც, როგორც წესი, იწყებოდა ხოლმე რთველთან დაკავშირებული პრობლემები. ერთი სიტყვით, ამით, ხელისუფლებამ რთველის მშვიდი დასაწყისი უზრუნველყო, ეს კი ყურძნის ხარისხის მიმართ სრული გულგრილობის ხარჯზე მოხდა. შემიძლია ჩამოგითვალოთ მაგალითები, როდესაც რამდენიმე ქართულმა კომპანიამ რთველი დედოფლისწყაროში 15 სექტემბერს დაიწყო, რაც გაცილებით ახლოსაა რეალობასთან, ვიდრე "რთველი ფერისცვალობას".
 
- ყურძნის ჩაბარებაზე რა პრობლემები იყო: 15 თეთრი "რქაწითელზე" და 25 თეთრი "საფერავზე" – რამდენად მნიშვნელოვანი და სწორად გაწეული დახმარებაა გლეხებისთვის; თანაც, ეს დახმარება არ ეხებოდა იმ ფერმერების მოწეულ მოსავალს, ვისაც 10 ჰექტარზე მეტი ვენახი ჰქონდა.
 
- ზოგადად, დახმარება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ტრაგიკულია, როცა გლეხს, რომელიც მთელი წლის მანძილზე შრომობს, დახმარება სჭირდება. თან ამ დახმარებაში იხარჯება 24 მილიონი ლარი, რომელიც გაცილებით აზრიანად შეიძლებოდა დახარჯულიყო – გლეხის განათლებაში, საწარმოს გამართვაში, გლეხისთვის ჯანსაღი კონკურენციული გარემოს შექმნაში და ა.შ. ფალსიფიკაციასთან ბრძოლა ჩვენთან, არსებითად, შეჩერებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში მოწეული ყურძნიდან დაწურული ღვინო მხოლოდ საქართველოსთვის თუ იქნებოდა საკმარისი. იმ კომპანიათა ღვინოების გარდა, რომლებიც ხარისხზე ზრუნავენ და რომლებიც "სადეგუსტაციო კომისიის" ხელში გადის, რათა შემდეგ დიდი მარკეტების დახლებზე მოხვდეს ან ექსპორტზე გავიდეს, არსებობენ აუარება სხვა ქარხნები და შპს-ები, რომლებიც ყოველწლიურად იცვლიან სახელს და ავსებენ ქვეყანას (ძირითადად კვების ობიექტებს) დიდი რაოდენობით გაუგებარი წარმოშობის სითხეებით, რომელსაც ღვინოსთან არაფერი აქვს საერთო. ცალკე პრობლემაა ღვინის სპირტები.
 
არ შეიძლება არ აღინიშნოს თქვენს მიერ დამოწმებული ე.წ. 10-ზე მეტი ჰექტარის მფლობელი ფერმერების პრობლემაც. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკვე მეორე წელია "რთველის ზედამხედველებმა" მათ მეტსახელიც კი შეარქვეს, "ფაშისტები" (დაახლოებით ძველი "კულაკის" შესატყვისია ალბათ). ეს ადამიანები, როგორც შარშან და წელს გამოჩნდა, მთავარი წინაღობა იყო რთველის წარმატებით ჩასატარებლად. "რთველის ზედამხედველები" პირველ რიგში ცდილობდნენ, ის ადამიანები დაეკმაყოფილებინათ, ვისაც არაფერი ჰქონდა დასაკარგი (როგორც მარქსი იტყოდა, ბორკილების გარდა) და ვინაც მზად იყო, გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობის წინაც დაეყარა ჩაუბარებელი ყურძენი. სექტემბრის ბოლოს რამდენიმე სააგენტომ ერთი ნიუსი გაავრცელა, სადაც სათაურში გიორგი ღვინიაშვილის სიტყვები იყო გამოტანილი: "თუ ვინმე გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობასთან ყურძენს დაყრის, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება". იყო ასეთი სათაურებიც: "მთავრობამ ბევრის მომდურებას ცოტას განაწყენება ამჯობინა" და მრავალი სხვა.
შარშან იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთმა ფერმერმა (მათ, ვისაც თავისი ღვინის წარმოება არა აქვთ) ზეწოლის გამო საერთოდ ვერ დაკრიფა ყურძენი. წარმოიდგინეთ, 9 ჰექტარ ვენახზე შეტოვებული ყურძენი! ასეთი შემთხვევები წელსაც იყო, არაერთი სააგენტო თუ კერძო პირი იუწყებოდა დიდი მოსავლის ე.წ. დაპატიმრების შესახებაც.
 
- წინა წლებთან შედარებით წლევანდელ რთველს ხელისუფლება გაცილებით წარმატებულს უწოდებს. ყოველ შემთხვევაში ღირსების ორდენებით დააჯილდოვა რთველის საორგანიზაციო შტაბის წევრები. რამდენად უკეთესი ან უარესი იყო წლევანდელი რთველი?
 
- წლევანდელი რთველი იმით იყო უფრო წარმატებული, რომ პრობლემები გაცილებით უფრო წარმატებულად იყო შენიღბული.
 
- წელს ვენახების მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა შარშანდელთან შედარებით – ჰიბრიდული ჯიშის ვაზი ან დაბერებული ვენახები, სადაც ტექნიკური ჯიშები იყო გაშენებული – ჩაანაცვლეს თუ არა ახალი და ღვინოწარმოებისთვის შესაფერისი ჯიშის ვაზებით; სახელმწიფომ ვენახების შემცირების თუ განახლების მიზნით ჰიბრიდული ჯიშების გარდა, ასევე "რქაწითელის" აჩეხვაც დაიწყო წინა წლებში – შედეგი რა მივიღეთ?
 
- გაუმჯობესდა იმ აზრით, რომ გაცილებით შემცირდა ჰიბრიდებით გაშენებული ვენახების რაოდენობა. ხოლო გაუარესება იმ მხრივ იგრძნობა, რომ მოსახლეობა აბორიგენული ჯიშებით გაშენებულ ვენახებსაც ჩეხავს, საკმაოდ დიდი რაოდენობით. "რქაწითელისა" და "საფერავის" ჯიშების გაჩეხვას რაც შეეხება, ყვარლისა და დედოფლისწყაროს რაიონებში, იქ ბოლომდე დაუსაბუთებელი იყო თუ რა მოტივით იჩეხებოდა ვაზი, და ეს ყველაფერი გეგმისა და წინასწარი პროცესების გარეშე ხდებოდა. შარშან ამ ტენდენციას სამტრესტის მმართველის მოადგილეც კი კრიტიკულად აფასებდა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებდა პროექტის ავტორებს.
 
- ღვინის ფალსიფიკაციის და ღვინის გაყიდვის თემა – წინა წელთან შედარებით რა სხვაობას უნდა ველოდოთ წლევანდელი რთველის შემდეგ?
 
ამაზე ზემოთაც ვილაპარაკე. მემგონი არანაირ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ, იმ ტენდენციებიდან გამომდინარე, რაც დღეს წარმმართველია ქვეყანაში.
 
ჩვენი მხრიდან კი იმის დამატება შეგვიძლია რომ წლევანდელი რთველით პრეზიდენტი აშკარად კმაყოფილია და ჯილდოები არ ენანება მთავრობის წევრებისთვის. კმაყოფილია დაჯილდოვებული ხალხიც. ალბათ მეტ-ნაკლებად კმაყოფილი რჩება ის გლეხი, ვინც წინა წლებთან შედარებით, იოლად ჩააბარა ღვინის ქარხანას საკუთარი ყურძენი, რამეს მოახერხებს მეღვინეც – ბოლო-ბოლო როგორმე გაყიდის საკუთარ ჩამოსხმულ ღვინოს, მაგრამ, ამ ყველაფრის ფონზე აშკარაა – წაგებული კვლავ რჩება ქართული მეღვინეობა. რომელიც დღევენდელი მდგომარეობით არათუ ევროპის ბაზრებს ვერ დაიპყრობს, საკუთარი ქვეყნის ბაზარიც ვერ აუთვისებია ქართული ბაზრის შესაფერი ხარისხის და ფასის მქონე ღვინით.
 
© “ბიზნესი და მენეჯმენტი”/”ღვინის კლუბი
საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.