Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის დღიურები. გოგი დვალიშვილი. ოჯახური ღვინის მწარმოებელი ხიდისთავიდან

21 სექტემბერი, ორშაბათი

ახალი კვირა დაიწყო. სართვლო სამზადისი მაქვს. რთველს ქვევრებისა და საწნახელის რეცხვით ვიწყებ. დილით ღვია მოვიტანე ქვევრების გასარეცხად და შევკარი.

რა სასიამოვნო სურნელი აქვს, განსაკუთრებით რომლებსაც ნაყოფი აქვს, იმათ. 

ვენახის დასათვალიერებლად წავედი.  ვენახში მაქვს თავკვერის, ჩინურისა და გორული მწვანის ჯიშები. თავკვერი ერთსქესიანია და საჭიროებს ჯვარედინ დამტვერვას. ვაზის ყვავილობისას ვენახში ჩავიტანე ორი სკა დამტვერვის გასაუმჯობესებად. შედეგი კარგია, ვნახოთ ღვინო როგორი იქნება.  

მე მოყვარული მეღვინე ვარ. მეფუტკრის ცოდნა და გამოცდილება ღვინოსთან საერთო ენის გამონახვაშიც ძალიან მეხმარება. მიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება, დაკვირვება. ჩემს ჩატარებულ ექსპერიმენტებს ტურისტებს ვაცნობ. მაინტერესებს მათი აზრი. მოსწონთ. 

მეც მომწონს ჩემი საქმიანობა, როგორც ვენახში და საფუტკრეში, ისე - მარანში და მაგიდასთან ღვინის და თაფლის გასინჯვა. სასიამოვნოა ტურისტების შეფასებებიც. გართობასთან ერთად, შემოსავლის წყაროც გაჩნდა. ყურძნის გაყიდვის პრობლემა მქონდა ყოველთვის, ახლა კი ღვინოს ვუფრთხილდები,  დიდი რაოდენობით აღარ ვყიდი, ახალ  მოსავლამდე რომ მიმყვეს.

ვენახის მოვლა შრომატევადია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს,. ვადებში უნდა ჩაეტიო, რომ ხარისხიანი მოსავალი მიიღო. ვენახის მოვლისას მამის ანდერძს ვასრულებ. მთხოვა რომ მისი ნაშრომი და მისი მოვლილი ვენახი არ გამეფუჭებინა.

 

22 სექტემბერი, სამშაბათი

ვემზადები რთველისათვის. 

დღეს ღვინო ჩამოვასხი ბოთლებში. ბოლო ორი კვირაა, ტურისტების ტალღა წამოვიდა და ბოთლებში ჩამოსხმული ღვინო გამომელია. მარანს ცარიელი ბალონები არ უხდება და მეც ნელ–ნელა ვასხამ ღვინოს ბოთლებში. ტურისტებს ქვევრის ღვინო უფრო მოსწონთ.

ჩემი მარანი

შარშან ქვევრები ახლიდან გავსანთლე და ადვილი მოსავლელი გახდა.  ფუტკარი თაფლს ასხამს სანთლისგან გაკეთებულ ფიჭაში, ხოლო მეღვინე და მექვევრე ქვევრს სანთლავს რაც ბუნებრივი და მარტივია.

ქვევრის გასანთლვის პროცესი

მაქვს უჟანგავი ფოლადის ცისტერნაც პნევმატური ხუფით და გადავწყვიტე მისი გასანთვლა. ჩავატარე ცდა. ხუფი გავაცხელე გაზქურაზე და წავუსვი სანთელი,  კარგად მიიღო. ახლა ცისტერნასაც გავსანთლავ, რათა ღვინო ლითონს არ ეხებოდეს და ისიც ბუნებრივად სანთელში შევინახო. 

ბუნებაში ასეთი რამ ხდება: როდესაც ყვავილები ნექტარს გამოყოფს დიდი რაოდენობით, ასეთი ამინდი ვაზის ჭრაქს და ნაცარს უწყობს ხელს და წამლობის ვადა უნდა შემცირდეს 5-7 დღის ინტერვალით. ხოლო როდესაც უღალო წელიწადია, იმ წლის მოსავლით საუკეთესო ღვინო დგება.

 

23 სექტემბერი, ოთხშაბათი 

დღეს თაფლის არაყი გამოვხადე. ტურისტებს მოსწონთ, ესეთი რამე ცხოვრებაში არ დაგვილევიაო. 

შუადღისას ისრაელიდან მოვიდნენ სტუმრები, ექიმები იყვნენ. ფუტკრის რძე გავასინჯე. მითხრეს, ფუტკრის რძეზე დამზადებულ პრეპარატებს ვიყენებთ, მაგრამ ფუტკრის რძე არასდროს გაგვისინჯავსო. 

საინტერესო და ხალისიანი  დეგუსტაცია გვქონდა. ერთმანეთს დიდი ხნის მეგობრებივით დავცილდით. 

 

24 სექტემბერი, ხუთშაბათი

ვენახს ვამზადებ სართვლოდ. მიჯნები და გზა გავასუფთავე, სასიარულოდ რომ ადვილი იყოს. ვენახში რამდენიმე დიდი ხნის ხე იდგა და მოვჭერი. ახლა თვალი კაკალს დავადგი, ვენახს ჩრდილავს.  ნამყენები გამოვიყვანე,  გაზაფხულზე მინდა დავრგო და ვენახი გავაფართოო. ორი წლის წინ თავკვერის წიპწა დავთესე. რამდენიმე ძირს კარგი ნაზარდი აქვს. ველოდები, რომ მოისხამს, რა გამოვა. ვნახოთ. თავკვერი ერთსქესიანია და სხვა მცენარეებისგან დამტვერვას საჭიროებს. აქედან გამომდინარე, მისი წიპწა ბუნებრივად არის სელექციისათვის საყურადღებო. თანაც, წიპწიდან გამოსული ვაზის ფესვი ბუნებრივია და ძლიერი. 

ჩიტის ბუდე თავკვერის ვაზზე

შუადღისას ტურისტები მესტუმრნენ სამხრეთ აფრიკიდან და ლატვიიდან. ლატვიელი ქალბატონი თარჯიმნობას სწევდა. ექსპერიმენტული ღვინო გავასინჯე. მოეწონათ. მე მგონი ექსპერიმენტი გამოვიდა. ღვინოში სხვადასხვა დოზით გავურიე თაფლი და დავხუფე, ერთი თვის მერე მივიღე ცქრიალა ღვინო მშრალი და ნახევრად ტკბილი. საინტერესო ცდაა, კიდევ ვაგრძელებ. 

ჩემი მარნის სტუმრები სამხრეთ აფრიკიდან და ლატვიიდან

როგორც წესი, ჩემს სტუმრებს მათთვის უჩვეულო გარემო მოსწონთ - მარანი და ღვინით სავსე ბალონები, ძველი ღვინის ბოთლები, კედელზე ნახატები და ბარელიეფები. ბევრს არ სჯერა, როგორ ვახერხებ ქვევრში ღვინის ჩასხმას. შემდეგ ნახულობენ მარანში გამოკრულ ფოტოებს და იჯერებენ. მოსწონთ ოჯახის ყველი, წალამზე შემწვარი მწვადი. ვცდილობ, ყველაფერი ნატურალური შევთავაზო, მაქვს 5 სახეობის ღვინო.  3 - ქვევრში დაყენებული და 2 - ევროპულად. განსაკუთრებით მოსწონთ ჭაჭაზე დაყენებული თავკვერი. 

ჩემი მარანი

პირველად სტუმრები „ღვინის გზის“ ნიშნულის დაყენებიდან სამი თვის მერე მოვიდნენ. ესტონეთიდან იყვნენ. მივიღე, როგორც ჩემი მეგობრები და ახლობლები. საინტერესო დეგუსტაცია და საუბარი გვქონდა. კმაყოფილები წავიდნენ. შემდეგ მოსვლაზე გიდმა მითხრა, მთელი საქართველო შემოვატარე და აეროპორტში რომ ვაცილებდი მაშინაც შენზე მელაპარეკებოდნენო.

 

25 სექტემბერი, პარასკევი

დღეს დილით ღვინის ბოთლებს ეტიკეტები და ჩაჩი გავუკეთე. თაროებზე დავალაგე, სტუმრები ყოველთვის შუადღის მერე მსტუმრობენ და ვცდილობ, სახლში ვიყო ამ დროს.

საღამოს ორი იაპონელი ქალბატონი მესტუმრა გიდთან ერთად. მარანში შემოსული სტუმრების ,,ვაუ’’ ძალიან მსიამოვნებს. ბევრჯერ უთქვამთ, ასეთი რამ ვერც წარმოგვიდგენიაო. ამ საქმეში ჩემი და ჩემი მამა–პაპის დამსახურებასთან ერთად, ღვინის კლუბის დიდი წვლილიცაა შეტანილი.

იაპონელ სტუმრებთან ერთად

ტურისტები ბევრად ადრეც მსტუმრობდნენ ფუტკრის პროდუქტების შესაძენად. პირველად ტაივანიდან იყვნენ, დიდი ჯგუფი იყო. ჯერ ორი კაცი მოვიდა დინდგელის საყიდლად. საფუტკრე ვაჩვენე და თაფლი გავასინჯე, ერთი მათგანი წავიდა და მთელი ჯგუფი მოიყვანა. მარნის კარები რომ გავაღე, მთელი ჯგუფი მარანში როგორ არმოჩნდა, ვერც კი მივხვდი. გაოცდნენ ქვევრებით და შინ დაწურული ღვინის რაოდენობით. 

მას მერე სტუმრები უცხოეთიდან არ გამოლეულან ჩემს მარანში. კაცი სწავლას, შრომას და გარჯას თუ არ დაიზარებს, ადრე თუ გვიან, ყველაფერი გამოუვა. გული არაფერზე არ უნდა გაიტეხო.

 

26 სექტემბერი, შაბათი

დილით მე და თენგომ ვენახში ვიმუშავეთ. შუაღით ვაზებში ცხელა და მუშაობა ძნელია. ყურძნის დასამწიფებლად კარგი ამინდებია. კარგი ყურძენია, ნელ–ნელა ბიოს ვუახლოვდებით, მერმის, ალბათ, მარტო ბორდოს და გოგირდს გამოვიყენებთ. 

დღის მეორე ნახევარში სამი ტურისტი გვესტუმრა ტაქსით. მეღვინეობის მოყვარულები იყვნენ. ღვინოსთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა ჰქონდათ. თაფლის არაყი აოცებთ. ესეთი რამ არ დაგვილევიაო. იდეა მომივიდა - თაფლის არაყის ბრენდი დავაყენო, 50-70 ლიტრი მაინც.

მე და ჩემი სტუმრები

ტურისტებთან ურთიერთობამ კარგი გამოცდილება მომცა. ჩემს სტუმრებს, ქართულ სამზარეულოსთან და სასმელებთან ერთად, განსაკუთრებით ხიბლავთ ტრადიციები. ერთხელ ერთმა ჰოლანდიელმა ახალგაზრდა კაცმა ცრემლები ჩამოყარა, მე პაპაჩემის სახელიც კი არ ვიცი და ტრადიციების რაღა მეცოდინებაო. რომ დავბრუნდები ჰოლანდიაში, ყველაფერი უნდა მოვიძიოო.

 

27 სექტემბერი, კვირა

დილით ვენახს ვასუფთავებთ მე და თენგო (თენგო ჩემი შვილია). ახალ გეგმებს ვსახავთ ვენახის გაფართოებისათვის.  ზედმეტად დაბერებული ხეხილის ადგილას ვაზის გაშენება გვინდა. ნამყენი უკვე გამოვიყვანეთ, თუ არ გვეყოფა, წიდნებს გავაკეთებთ გამართული ვაზიდან. 

თენგომ ნახევარი ჰექტარი ვენახი გააშენა, ბიო ღვინის დაყენება აქვს გადაწყვეტილი. მეღვინეობასაც სწავლობს ნელ–ნელა. ამბობს გენებით მეღვინე ვარო. ვნახოთ, რა ღვინოს დააყენებს. ქართლის საუკეთესო ჯიშები გააშენა: თავკვერი, ბუდეშური, გორული მწვანე და ჩინური.

გორული მწვანე

მიმბაძველებიც გამოუჩნდნენ, რაც ძალიან კარგია. ზოგი ვაზს აშენებს, ზოგიც მეღვინეობით დაინტერესდა. ჩემთან მოდიან და რჩევებს მთხოვენ. წიგნებს ვაძლევ, რომ ისწავლონ და თვითონ გადაწყვიტონ, რა როგორ გააკეთონ.

მეღვინეობის სწავლას დიდი დრო და მოთმინება შევწირე. დღემდე ვსწავლობ. ვნახოთ, მომავალში რა გამომივა. მთელი ძალით გამიტაცა ამ ხელობამ. 

© გოგი დვალიშვილი, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

გოგი დვალიშვილის მარანი facebook-ზე.

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.



მეგობრებო იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ, ზღვის დონიდან 820-840 მეტრზე რა ჯიშის ვაზის გაშენებაა შესაძლებელი, კარგი რქაწითელის მაგვარი, მსგავსი ღვინო რომ დაყენდეს.


ადგილი თქვით, ადგილია მთავარი. მარტო ზღვის დონე არაა საკმარისი ;)



ბ–ნი გოგი წერს ქვევრი გავსანთლეო და მე აქამდე ვიცოდი რომ ქვევრის ღვინის განსაკუთრებული გემო და თვისებები ღვინის თიხასთან ზემოქმედებით წარმოიქნება... ხოდა თუ გაისანთლება ქვევრი, თიხა როგორღა იმოქმედებს ღვინოზე... იქნებ სპეციალისტებმა გამარკვიონ ...


გასანთვლა ავსებს ფორებს,რომელიც თიხას გააჩნია,თუ არ გასანთლავ თიხა ღვინოს შეიწოვს,ეს რომ არ მოხდეს მაგიტო სანთლავენ.


ნორიო, გარდაბნის რაინონი


კი, ეგ ხდება ახალი ქვევრის გამოსაწვავი ღუმელიდან გამოტანის შემდეგ, სანამ ცხელია... გაციებულის, მითუმეტეს უკვე ჩაგდებული ქვევრის გასანთვლა არ გამიგია მე... მანდედან უკვე ცვილში (სანთელში) დავარგებული ღვინო გამოვა .... :)


და საერთოდ – გამსანთვლელებმა ეს წაიკითხეთ – https://talakvadze.wordpress.com/2013/05/13/%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%... ჩემს დიდ პაპას ქართლში უზარმაზარი ქვევრები ქონდა მარანში (2-2 კაცი ჩადიოდა ისე რეცხავდა), იქ არავის არასდროს უთქვამს რამე გასანთვლაზე...


ყველაზე კარგი რჩევა იქნება, რომ დაანებოთ თავი თალაკვაძის რჩევებს!


20 წლით უხმარ ქვევრში ვაპირებ ჩაწურვას და აბა არ გავსანთლო? ერთი კარგი გამოცდილი მეღვინის რჩევა მჭირდება წამალივით.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული