Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ქვევრის ღვინო და ჩვენი დედამიწა

სოლიკო ცაიშვილი

            ორიათას ორი წლიდან მოყოლებული, ყოველ მეორე წელიწადს ტურინში ერთ ჭერქვეშ თავს იყრის დედამიწაზე არსებული თითქმის ყველა ქვეყნის და უამრავი ეთნოსის წარმომადგენელი. დელეგატები და მოწვეული სტუმრები არიან სოფლის მეურნეობასთან და მასთან დაკავშირებული დარგების მუშაკები - ფერმერები, მეცნიერები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, ასევე გულშემატკივარი ადამიანები და უბრალოდ კარგი, ჯანსაღი სმა-ჭამის მოყვარულები. შარშანწინ ქართულმა ღვინომაც შეაღო ამ მსოფლიო ფორუმის კარები. მაშინ გაიმართა ლაბორატორია, ანუ დეგუსტაცია-სემინარი “ქართული ღვინის წარსული და მომავალი”. სემინარი წარმატებული აღმოჩნდა და “სლოუ ფუდის” მაღალ ეშელონებში გადაწყდა “ქართული ქვევრის ღვინის” პროექტის, “სლოუ” ენაზე, პრეზიდიის დაარსება. პროექტის იდეა “სლოუ ფუდის” მესვეურებს ვეტერანმა ქართველმა “სლოუ ფუდელმა” რამაზ ნიკოლაძემ შთააგონა. საქმე ნელა, მაგრამ წაღმა წავიდა და ერთი წლის წინ როგორც იქნა წარმატებით დაგვირგვინდა. გამოინახა სპონსორი, საქმეში ჩაერთო ბიო მეურნეობების ასოციაცია “ელკანა” და შედეგად შეიქმნა ორი ჯგუფი, კახეთისა და იმერეთის. შეირჩა ოცი ოჯახი და მცირე კომპანია, რომლებიც მისდევენ ტრადიციულ და ნატურალურ მეღვინეობას და რაც მთავარია, აყენებენ კარგ, გემრიელ ღვინოს. მაგრამ მოხდა ისე, რომ ბევრმა მათგანმა სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლო ოქტომბრამდე შეენარჩუნებინა ღვინის სასურველი ხარისხი. სამ ეტაპიანი დეგუსტაციების შემდეგ შეირჩა და ბოთლებში ჩამოისხა რვა ოჯახის და კომპანიის ცხრა დასახელების ღვინო. ესენია:

იმერეთი:1. ნახშირღელედან “ციცქა, ცოლიკაური” - ნიკოლაძეების   მარანი.

         2. ბაღდათიდან “ვანის ჩხავერი” - სოფრომაძეების მარანი.

         3. ზესტაფონიდან “ოცხანური საფერე” - ვეფხვაძეების მარანი.

         4. თერჯოლიდან  “ოცხანური საფერე” - მაკარიძეების მარანი.

კახეთი  1. მანავიდან “კახური მწვანე” - კომპანია “ანთაძეების ღვინო”

         2. ანაგიდან  “საფერავი” -  კომპანია “ნიკავინო”.

         3. კარდანახიდან “რქაწითელი” - კომპანია “ ჩვენი ღვინო” (ყოფილი       “თავად მაყაშვილის მარანი”).

         4. კარდანახიდან “რქაწითელი, კახური მწვანე, ხიხვი” - კომპანია “ჩვენი ღვინო”.

         5. ალვანიდან “რქაწითელი” - ლექსო ციხელაშვილის მარანი.

            ერთი სიტყვით, 21 ოქტომბერს დავიძარით ტურინისკენ. “TERA MADRE” ასე ქვია იმ ფორუმს, სადაც უნდა წარგვედგინა და შეძლებისდაგვარად გაგვეყიდა კიდეც ზემოთჩამოთვლილი ღვინოები. აქ იმართება საგამანათლებლო და სამეცნიერო სემინარები, ხდება გამოცდილების, ტრადიციების ურთიერთგაზიარება, დაყავთ სხვადასხვა ასაკის ბავშვები, ვისთვისაც იმართება გემოვნების დახვეწისთვის სასარგებლო წარმოდგენები. ტარდება უამრავი სხვა ღონისძიებაც, რომელთა ჩამოთვლაც მთელ ჩვენს გაზეთს დაიკავებდა. მუშაობს ენოთეკა, ბარები, კაფეები მოკლედ გართობაც საკმარისია, მითუმეტეს, რომ ხან ირლანდიელები მღერიან, ხან ლათინოამერიკელები, ხან ქართველები, ხან კი აფრიკის მკვიდრნი ცეკვავენ... და რისთვის ხდება ყოველივე ეს, რატომ იხარჯება ამდენი დრო და ფული?

            საბედნიეროდ ამ ქვეყნად ჯერ კიდევ ცხოვრობს მრავალი საღად მოაზროვნე და ზნეობრივი ადამიანი, რომლებსაც მეტნაკლები ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ ისტორიულ პროცეებზე. ერთ მშვენიერ დღეს სწორედ ამ ადამიანებს გაანდო იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო პეტრინიმ კეთილი იდეა:

- ბატონებო და ქალბატონებო, - შესძახა მათ კარლიტომ - ცუდი არ იქნება, თუ ცოცხლად შევინარჩუნებთ მეურნეობის და ხელოსნობის უძველეს ტრადიციებს. თქვენ, ვისაც გაქვთ ფული და ძალაუფლება, გადაიხადეთ ცოტა ძვირი ფასი, შეიმუშავეთ სათანადო პოლიტიკა, რათა კვლავაც იარსებოს, ვთქვათ, მავანმა ჩილელმა მეთევზემ, რომელიც გაუმაძღარი სეინერით კი არ დასდევს თევზების გუნდს, არამედ საკუთარი ხელით მოქსოვილი ბადით აღჭურვილი, პატარა ნაფოტა ნავით დასრიალებს წყნარი ოკენის ზვირთებში; ანდა გავუძლიეროთ ცხოვრების ხალისი, ვთქვათ, იმ მწყემს, ვინც თვეობით დასდევს თავის პირუტყვს ალპების, პირინეების თუ პამირის იალაღებზე, ან აფრიკის სავანაში. ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ არაფერს წაგებთ, პირიქით მოიგებთ, სანახავიც მეტი გექნებათ და სასმელ-საჭმელიც უფრო გემრიელი და ჯანსაღი, თან ბუნების გადარჩენის მადლიან საქმესაც წაადგებით.

            ამ იდეის გაზიარებისთვის საზოგადოების ნაწილი მზად აღმოჩნდა. შედეგად შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია “სლოუ ფუდი”, რომელმაც ჯერ იტალიაში, მერე კი მთელ დედამიწაზე მოიკიდა ფეხი. ორ წელიწადში ერთხელ ტურინში გამართული ღონისძიება “ტერა მადრე” ერგვარი ანგარიშია დროის შესაბმის მონაკვეთში გაწეული სამუშაოსი. “სლოუ ფუდის” ქმედებები  წარმატებულია. ამას თუნდაც ის ფაქტი მოწმობს, რომ წლიდან წლამდე იზრდება “ტერა მადრეზე” მომსვლელთა რაოდენობა - წლევანდელი ღონისძიება 20 0000 ათასმა ადამიანმა მოინახულა. შესამჩნევად იმატა აგრეთვე მედიის დაინტერესებაც, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავდით კამერებიან, მიკროფონიან, დიქტოფონიან ქალებს და კაცებს.

            “ტერა მადრე” მრავალპლანიანი ღონისძიებაა და სხვადასხვა სივრცეებში ვითარდება მისი ფაბულა. ერთია ე.წ. “ბაზრობა”, სადაც ვისაც რა უნდა, იმას ყიდის, ჩანთით ან სულაც ჯიბით ჩამოტანილ საქონელს. აქ ხარისხზე არავინაა პასუხისმგებელი და არც არავის მოეკითხება პასუხი, თუ ვინმე უხარისხო რამეს შეიძენს. მეორე სივრცეს “გემოვნების სალონი” ქვია. აქ მონაწილე პრეზიდიები წლების განმავლობაში ჩატარებული დაკვირვებების შედეგად არიან შექმნილნი და მათ მიერ გამოფენილი საქონლის ხარისხზე “სლოუ ფუდი” და თავად მწარმოებელი აგებს პასუხს. მესამე და ყველაზე ელიტური სივრცე უკავია “გემოვნების ლაბორატორიას”, სადაც, “სლოუ ფუდის” მესვეურთა აზრით, განსაკუთრებული გემოს და მნიშვნელოვანი ისტორიული კონტექსტის მქონე პროდუქტის გასინჯვა ხდება შესაბამისი ლექციის თანხლებით.

ჩამოთვლილთაგან ორ უკანასკნელ სივრცეში ქართული ქვევრის ღვინის წარდგენა იყო მეღვინეთა ოთხკაციანი ჯგუფის ამოცანა. მგონი არაფერი დაშავდება თუ ჯგუფის წევრებს გაგაცნობთ: კახეთიდან - ნიკოლოზ ანთაძე, სოლიკო ცაიშვილი; იმერეთიდან - რამაზ ნიკოლაძე, გიორგი მაკარიძე. “სალონ დელ გუსტოზე” და “ლაბორატორიო დელ გუსტოზე” მოხვედრა პრეზიდიის სტატუსით თავისთავად უკვე დიდი წარმატებაა. აქამდე საქართველოს დელეგაციებს მხოლოდ “ბაზრობაზე” შეეძლო ადგილის დაბევება (თუ არ ჩავთვლით ზემოთ ნახსენებ ორიწლისწინანდელ საცდელ ლაბორატორიას). ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ქართული ღვინოები ერთი მარკეტინგული სახელით იყვნენ გაერთიანებული. სხვადასხვა დონის ბევრ გამოფენაზე და დეგუსტაციაზე მიმიღია მონაწილეობა, იქ მყოფ მრავალ ადამიანს მოსწონებია ჩვენი ღვინო, მაგრამ მერე მათ მეხსიერებაში მხოლოდ ის ილექება, რომ დედამიწის რომელიღაც უცნობ კუთხეში, ვიღაცა ადამიანების ჯგუფი კარგ ღვინოს აყენებს (ეს ვიცი ამ ხალხის მიერ ჩემთვის მოწერილი მრავალი წერილიდან - არასდროს უთქვამს ვინმეს “რა კარგი ყოფილა ქართული ღვინოო”). ტურინში კი სულ სხვა რეაქციები იყო. უმეტესობა არა მხოლოდ რომელიმე ცალკე აღებული ღვინით იხიბლებოდა, არამედ გაკვირვებული იძახდა “ეს რა კარგი რამე ყოფილა ქართული ქვევრის ღვინოო”. განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევდა ქართული ღვინოების გემო-სურნელის მრავალფეროვნება. გაოცებული მნახველები ამბობდნენ - ჩვენებურ ღვინოს ხომ არ გავს და არაო, მაგრამ ერთმანეთთანაც საერთო არაფერი აქვთო - ჩვენც დაუღლელად ვუყვებოდით მათ საქართველოს კლიმატურ-ნიადაგურ-ჯიშური სიმდიდრის ამბავს და იქვე დავაყოლებდით ხოლმე, რომ ამ განსხვავებულობის მიზეზი ჩვენც, ანუ გამოფენილი ღვინოების დამყენებელი მეღვინეებიც ვართ, რადგან არაფრით ვუშლით ხელს ტერუარებს, გინდა მზეს მიწას და ვაზის ჯიშებს გამოავლინონ თავიანთი უცნაური თვისებები.

            მნახველ-გამსინჯველები კი მართლაც არ აკლდა ჩვენს სტენდს. ღვინოებიც შესანიშნავად გაიყიდა და მრავალი გულშემატკივარიც შევიძინეთ. ხალხი იმდენი იყო, რომ ოთხი კაცი ნამდვილად ვერ ავუვიდოდით მათ გამასპინძლებას, რომ არა ჩვენი პროექტის მეგობრები, მარემელ მცირე მეღვინეთა ასოციაციიდან. ეს ადამიანები ოთხი დღის განმავლობაში დილიდან საღამომდე გვერდზე გვედგნენ და გვხმარებოდნენ. თან თავიანთი ღვინოებიც ჰქონდათ გამოტანილი ქვევრიანი ეტიკეტებით, სადაც აგრეთვე ეწერა, რომ ასოციაციამ გადაწყვიტა ქართული პროექტის მხარდასაჭერად ხუთიათასი ბოთლის გაყიდვა. მეტისმეტად სასიხრულო ამბავია, ვფიქრობ, და ჭკუის საწავლებელიც. იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისში უცხო ადამიანები ხელს გვიწყობენ იმისთვის, რომ არ დავკარგოთ სახე და ამით არ მოვაკლოთ მსოფლიოს ქართული ღვინით ტკბობის სიამოვნება, ჩვენში კი მოგვიწოდებენ “შაბლი” დააყენეთო, ან უკიდურეს შემთხვევაში წაიშაბლებდეს მაინცო.

            ცალკე სასაუბრო თემაა 22 ოქტომბერს ჩატარებული “გემოვნების ლაბორატორია”. თავად ეს ფაქტია საამაყო, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ამით “სლოუ ფუდის” მესვეურებმა ქართული ქვევრის ნატურალური ღვინო აღიარეს გამორჩეულად საინტერესო გემოვნური თვისებების და უმნიშვნელოვანესი ისტორიული კონტექსტის მატარებელ პროდუქტად. ზემოთ ჩამოთვლილი ღვინოების გარდა ლაბორატორიაზე გამოტანილი იყო იაგო ბიტარიშვილის ქართლური ჩინურისგან დაყენებული დიდებული ღვინო “ჩარდახი”, რამაც, რა თქმა უნდა, უფრო გაამრავალფეროვნა დამსწრე საზოგადოების შთაბეჭდილებები. ოთხმოცკაციანი დარბაზი პირთამდე გაივსო სხვადასხვა ეროვნების ადამიანებით. შესასვლელში  გადამყიდველები ორმაგ ფასად ყიდდნენ ბილეთებს... (არ დაესწრნენ მხოლოდ საქრთველოს დელეგაციის დანარჩენი წევრები, ზოგმა ვერ გვიპოვნა, ზოგმა არ იცოდა, ზოგი კი უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით იყო დაკავებული).

შესავალი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ნამდვილი მეგობრები ვალერიო ბორჯანელი-სპინა და ლუკა გარგანო, დეგუსტაცია წაიყვანა სოლიკო ცაიშვილმა. სტუმრების აღფრთოვანებამ პიკს მიაღწია ღონისძიების დასრულებისას, როცა ყურსასმენებში ჩემი მეგობრების მიერ ნამღერი “მრავალჟამიერი” გაისმა, მითუმეტეს, რომ დამსწრე საზოგადოებას უკვე კარგა ბლომად ღვინო ჰქონდა დალეული. ხალხი ფეხზე წამოდგა და ისე დაცალეს ბოლო სასმისი. ზოგი ტიროდა კიდეც. საამაყოა აბა რა არის, ოთხმოცმა ადამიანმა, ღვინის სამყაროს პროფესიონალებმა და მოყვარულმა მცოდნეება გაიგეს და აღიარეს, რომ ჩვენს დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და ტრადიციებით მდიდარ პროდუქტს პატარა, მათთვის ნაკლებად ნაცნობ ქვეყანაში, საქართველოში ამზადებენ.

© ღვინის კლუბი/“Weekend“



უზომო სიამაყის და სიხარულის გრძნობა დამეუფლა.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული