Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო შორეული აზიის ბაზარზე

ნინა ახლოური

ნოემბრის დასაწყისში ქართულმა ღვინოებმა მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვეს – ჰონგ კონგში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე მათ რამდენიმე ღირსშესანიშნავი ჯილდო დაიმსახურეს. ჩვიდმეტი ბრინჯაოს, ერთი ვერცხლის, ერთი ოქროს მედალი და გრან-პრი – ეს ის ჯილდოებია, რომლებიც ამ ფესტივალზე მათ სადებიუტო გამოჩენას ხვდა წილად. აღსანიშნავია, რომ ეს გამარჯვება არა მხოლოდ პირველი მცდელობის ფონზეა მნიშვნელოვანი. გასათვალისწინებელია დიდი კონკურენციაც (კონკურსში რვა ათასზე მეტი ღვინო იყო იღებდა მონაწილეობას, ყოველწლიურად კი მასში ათას ხუთასამდე ცნობილი ღვინის ბრენდია ხოლმე წარმოდგენილი), ასევე ისიც, რომ წელს მხოლოდ ოცი გრანპრი გაიცა, რომელთაგან ერთ-ერთი "ქინძმარაულის მარანის" მუხაში დაძველებულმა საფერავმა მიიღო, ასევე ოქროს მედლით დაჯილდოვდა "შატო მუხრანის" ჭაჭა. შედარებისთვის, იტალია ასევე მხოლოდ ერთი ოქროს მედლის, შეერთებული შტატები კი ორის მფლობელი გახდა. აქედან გამომდინარე, საქართველო სპირტიანი სასმელების ნომინაციაში საუკეთესო ათეულში მოხვდა, რაც ასეთი მასშტაბების ფესტივალზე ნამდვილად ძალიან სერიოზულ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.

ჰონგ კონგის ფესტივალი ძირითადად იმით არის მნიშვნელოვანი, რომ აქ ყოველწლიურად თოთხმეტი ათასზე მეტი მყიდველი იყრის თავს. რაც უმთავრესია, ჰონგ კონგი ის ადგილია, რომელიც ჩინეთის ღვინის ბაზარზე დიდ გავლენას ახდენს და მას გარკვეულ ტენდენციებსაც კარნახობს. კონკურსში გამარჯვებულ სასმელებზე მოთხოვნა იზრდება შორეული აზიის სხვა ქვეყნებშიც. როგორც მოგვიანებით პრემიერ მინისტრმა, ბატონმა ნიკოლოზ გილაურმა განაცხადა: "ყველაზე მეტი ღვინო ჩინეთში ჰონგ-კონგიდან შედის. შესაბამისად, ეს არის ათობით ათასი (თუ მილიონობით არა) მომხმარებელი. ეს არის მილიარდობით დოლარი საქართველოსთვის და ეს არის ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი. ჩინური კომპანიები ჩამოვლენ საქართველოში და ხელს მოაწერენ ბევრ ხელშეკრულებას, რაც სამუშაო ადგილების შექმნას განაპირობებს".

Invest in Georgia-ში ამბობენ, რომ ჰონგ-კონგის ფესტივალზე მონაწილეობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია აზიაში სავაჭრო პარტნიორის მოძიებისთვის. ამიტომ, ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის 2011 წლის სტრატეგიული გეგმის (ექსპორტის გაზრდის თვალსაზრისით) პირველი პრიორიტეტიც სასმელების მწარმოებელთა ხელშეწყობას წარმოადგენდა, ერთ-ერთ პუნქტად კი სწორედ ალკოჰოლური სასმელების Hong Kong International Wine&Spirits Fair-ში მონაწილეობა იყო შეყვანილი, რაც, როგორც უკვე ვნახეთ, სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

როგორც სოსო კობახიძემ გვითხრა, ქართული ღვინის გამარჯვებას რამდენიმე კარგი შედეგი მოჰყვება. პირველ რიგში ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი წლის განმავლობაში ქართულ ღვინოს უფასო რეკლამა გაუკეთდება. საყურადღებოა ისიც, რომ ჰონგ-კონგის პრესტიჟულ რესტორნებში, სადაც ელექტრონული მენიუ კერძისა და ღვინის ხუთ ძირითად შეხამებას გიჩვენებს, ერთ-ერთი სწორედ "ქინძმარაულის მარანის" მუხაში დაძველებული საფერავი იქნება. უმთავრესი ალბათ მაინც ისაა, რომ აღნიშნული მოვლენის შემდეგ ქართული ღვინოების მიმართ ინტერესი ერთმნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ ნოემბერში თბილისში დაგეგმილ ქართული სასმელების გამოფენაზე აქამდე ჰონგ-კონგიდან ჩამოსვლის მსურველი დისტრიბუტორების რიცხვი მცირე იყო, ამჯერად სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება. ჩამოსული სტუმრები კი ალბათ კიდევ უფრო მეტად დაინტერესდებიან ქართული ალკოჰოლური სასმელებით, რადგან ფესტივალზე ისინი მთელი მრავალფეროვნებით არ ყოფილა წარდგენილი. სავარაუდოდ, ნოემბრის გამოფენას ესტუმრება ლიზა პეროტი-ბრაუნი, რომელიც ჰონკ-კონგში აღიარებული ღვინის ექსპერტია. კარგი სიახლე გახლავთ ისიც, რომ შორეული აზიის ქვეყნების ბაზრები უკვე რეალურად დაინტერესდნენ ქართული ღვინის გაყიდვით, კონკრეტულად კი უკვე დაწყებულია მოლაპარაკება ჩვენი პროდუქციის ტაივანში გატანაზე.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართველი მეღვინეები ნაკლებად აცნობიერებენ იმას, თუ რა დიდი მოგების მოტანა შეუძლია აზიის ბაზრის ათვისებას. დღეს ჩინეთში ქართული ღვინის მხოლოდ ორი დისტრიბუტორია. რაც ყველაზე დასანანია, საქართველოში არ არსებობს რეალური და რაც მთავარია, დეტალური გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ რეგიონში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდა. აზიური ღვინის ბაზარი კი ის ფენომენია, რომლის მსგავს მაგალითსაც მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში იოლად ვერ მოძებნით. რთულია გაიხსენო შემთხვევა, როცა გარკვეული სეგმენტის ბაზარი ასე სწრაფად გაზრდილიყოს. ღვინოზე და ალკოჰოლურ სასმელებზე მოთხოვნა აქ გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. მართალია, აზიელების გემოვნება, ისევე როგორც სმის მათი წესი განსხვავებულია, თუმცა ყველა ჩინელი ღვინოს გაზიან სასმელებთან ერთად ნამდვილად არ ურევს. ყველაზე მოთხოვნადი აქ ხარისხიანი, ძვირფასი ღვინოებია, მაგალითად ბორდო, რომელიც ყოველწლიურად მხოლოდ ჩინეთში ასეული ათასობით ჰექტოლიტრი იყიდება. ზოგადად კი, შორეულ აზიაში ყველაზე მეტად წითელი, რბილი ღვინოები მოსწონთ, რის შეთავაზებაც ქართულ კომპანიებს ნამდვილად შეუძლიათ.

ამასთან, ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემა შთამბეჭდავ რიცხვს აქვეყნებს. როგორც ჩანს, ქართული ექსპორტი ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მაინც ვითარდება. შემოსავალი 2007 წლის თორმეტი მილიონიდან 2010 წელს ოცდაცხრამეტ მილიონამდე გაიზარდა. ცხადია, ეს დამაიდებელი მონაცემებია, თუმცა ეჭვგარეშეა ისიც, რომ ქართული ალკოჰოლური სასმელების გასაღებისთვის ამ რეგიონში უფრო დიდი პერსპექტივებიც არსებობს. თუ ქართულმა მხარემ აზიის ბაზრის ათვისება დაიწყო, ეს უკანასკნელი შესაძლოა რუსეთის ბაზრის კარგი შემცვლელი გახდეს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მოგებაც დიდი იქნება და ის ფაქტიც, რომ აქ უფრო მაღალი ხარისხის ღვინოზეა მოთხოვნა, ზოგადად დადებითად იმოქმედებს ქართული მეღვინეობის განვითარებაზე. სამუშაო ადგილების გაზრდა კი ის თემაა, რომელზე საუბარიც ამ ეტაპზე ნაადრევი იქნებოდა, რადგან ჯერჯერობით ყველაზე პრიორიტეტული სწორი მარკეტინგული და პიარ-გეგმის შემუშავება და კონტაქტების დამყარება უნდა გახდეს.

ქართველებზე უკეთ ეს, ალბათ, მოლდოვეთში იციან. ორიოდე თვის წინ ღვინის ავსტრალიელი ექსპერტი ჯონ უიქსი USAID-ის პროექტის ფარგლებში მოლდოველ მეღვინეებს შეხვდა. შეხვედრის საგანგებო მიზეზი ჩინეთში ღვინის ექსპორტირების საკითხი იყო, რომელზეც მათ უიქსისგან საყურადღებო და ჭკვიანური რჩევები მიიღეს. მართალია, ჩინეთის ღვინის ბაზარი ძალიან დიდია, მაგრამ ამავე დროს, საკმაოდ რთულიც, ამიტომ იქ მოხვედრა და წარმატებული გაყიდვების უზრუნველყოფა წინასწარი მომზადებისა და რეკომენდაციების გარეშე არა მხოლოდ არაგონივრული, უიმედო წამოწყებაცაა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შენი ღვინო რომელიმე იქაურ კონკურსზე იმარჯვებს.

ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ 2015 წლამდე ჩინეთის ბაზარზე ღვინის გაყიდვები კიდევ 25%-ით გაიზრდება. კარგი იქნება, თუ გარკვეულ ადგილს აქ ქართული პროდუქციაც დაიკავებს. ცუდი მხოლოდ ისაა, რომ ქართული ღვინო ჯერჯერობით ვერ ახერხებს ისეთი ქვეყნების დაინტერესებას, სადაც საკუთარი თავის წარმოჩენას მაქსიმალურად შეძლებს და ნაკლები მოთხოვნა იქნება წითელ, ტკბილ ღვინოებზე. რადგან ეკონომიკაში მოთხოვნა მიწოდებას განაპირობებს, გამოსავალი ისღა რჩება, რომ ქართველმა მყიდველმა თავის თავზე აიღოს ინდივიდუალური ხასიათის მქონე გამორჩეული ღვინოების გასაღება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.