Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართლურ ვაზზე გადავლილი ოკუპაცია

ლევან სეფისკვერაძე
 
რუსეთ-სქართველოს ომის შემდეგ უკვე ორი წლი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ომი და ომის შედეგები პოლიტიკური თუ სოციალური კუთხით მეტ-ნაკლებად შეფასებულია. დადგენილია კონფლიქტის შედეგად ცხინვალის რეგიონიდან გამოძევებული ადამიანების რაოდენობაც, თუმცა ჯერ კიდევ არაა ცნობილი ის, თუ განადგურებული ლიახვის ხეობის ქართული სოფლების მოსახლეობას ომის შედეგად რამხელა ეკონომიკური ზარალი მიადგა.
 
განადგურებული 400 ჰექტარი ვაზი
 
საკუთარი სოფლებიდან გამოყრილ სამაჩაბლოელებს დანგრეულ სახლებზე არანაკლებად აწუხებთ მათი განადგურებული ვენახებისა და ხილის ბაღების ბედი. დიდი ლიახვის ხეობის 9 და პატარა ლიახვის ხეობის 7 სოფელში იშვიათი იყო ოჯახი, რომელსაც საკუთარი ვენახი არ ჰქონდა. სტალინური მასიური კოლექტივიზაციის პირობებშიც კი, მოხდა ისე, რომ სამაჩაბლოში მოსახლეობის დიდ ნაწილს ვენახებისა და ბაღების ნაწილი კერძო მფლობელობაში შეუნარჩუნდათ და სწორედ ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც კი, როდესაც მთელი საქართველო შიმშილობდა, ლიახვის ხეობის მოსახლეობა მთელს კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე წელგამართულ გლეხობად ითვლებოდა.
სამაჩაბლოში ძირითადად აშენებდნენ ჩინურისა და გორული მწვანეს ჯიშის ვენახს. გარდა ამისა, სახლის ეზოებში გაშენებული ჰქონდათ ჰიბრიდული ვაზიც, რომელსაც სასუფრედ იყენებდნენ. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ არსებობდა ზუსტი სტატისტიკა იმისა, თუ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვენახები რამხელა ფართობზე იყო გაშენებული. ამის მიზეზი სავარაუდოდ ის იყო, რომ რეგიონში არ არსებობდა დიდი ღვინის ქარხნები და იწარმოებოდა ძირითადად ე.წ. გლეხური ღვინო, რომელიც უმეტესად არ იყიდებოდა და ადგილზევე მოიხმარებოდა.
ამ სტატიაზე მუშაობისას, ვენახების ფართობის ზუსტი დადგენა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. დღეს უკვე განადგურებული სოფლების ყოფილ გამგებლებთან კონსულტაციების შედეგად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რეგიონში (მოაიაზრება მხოლოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონიმიური ოლქის ტერიტორია) საშუალოდ 400 ჰექტარი ვენახი იყო აღრიცხული, თუმცა ვენახების საერთო რაოდენობა სავარაუდოდ უფრო დიდი იყო, რადგან ძალიან ბერვი გახლდათ ისეთი ვენახი, რომელიც უბრალოდ არც ერთ საბუთში არ ფიგურირებდა და იყო შემთხვევები, როდესაც ეს ვენახები უბრალოდ საკარმიდამო ნაკვეთად იყო გაფორმებული.
 G
“ხარჯების ფული”
 
გასული საუკუნის 90-იანი წლების დროს, როდესაც სამაჩაბლოში ვითარება საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად გამწვავდა, მეტად საინტერესო ცნობას ვკითხულობთ იმ პერიოდში გამომავალ გაზეთ “თბილისში”: “როდესაც სეპარატისტებმა ცხინვალიდან გორისკენ მიმავალი ერთადერთი გზა გადაკეტეს და ჩიბიროვის ბანდებმა გზებზე საგუშაგოები გახსნეს, ოსებს სოფელ თამარაშენის ქართული მოსახლეობა აუჯანყდა და ისინი გზის გახსნას მოითხოვენ. თუ გზა არ გაიხსნა, თამარაშნელებს გაუფუჭდებათ გასაყიდად გამზადებული ხილი და ყურძენი”.
იმ პერიოდში პრაქტიკულად არ არსებობდა დღეს ესოდენ ფესვგადგმული ე.წ. გარაჟის მეღვინეობა და როგორც ზემოთმოყვანილი სტატიის ციტატიდან ჩანს, სამაჩაბლოელები გორისა თუ თბილისის ბაზარში ყურძენს, როგორც ხილს, ისე ჰყიდდნენ. ამასვე ადასტურებს ჩვენთან საუბარში დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი - ილია პარუნაშვილი, რომელიც ამბობს, რომ გასაყიდად გამზადებულ ყურძენს (ძირითადად თითას და მწვანეს) რთველის დაწყებამდე სპეციალურად არჩევდნენ და ბაზარში ყიდდნენ. ამ ხერხით ნაშოვნ ფულს ადგილობრივები “ხარჯების ფულს”: ეძახდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ რთველისა და ყურძნის დაწურვის დროს, მუშახელის დაქირავების ხარჯები სწორედ გაყიდული საჭმელი ყურძნის ფულით უნდა დაეფარათ.
90-იანი წლებიდან 2004 წლამდე ჯერ კიდევ არსებობდა გარკვეული ურთიერთობები ქართველ და ოს გლეხებს შორის. 2004 წლის ცნობილმა მოვლენებმა კი ეს ურთიერთობებიც ჩიხში შეიყვანა. იმ პერიოდში, ლიახვის ხეობის ქართულ მოსახლეობას ეკონომიკურად ძალიან გაუჭირდა. რუსეთში ვაშლის გატანა შეწყდა და გლეხები იძულებულნი გახდნენ სხვა, ალტერნატიულ შემოსავალზე ეფიქრათ.
მამუკა კობალაშვილი, დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი: “კარგად მახსოვს, 1998 წელს, როდესაც ჩვენს სოფლებს ეკონომიურად ძალიან გაუჭირდა, მე და ჩემი ორი მეზობელი ავდექით, სპირტის ლურჯი, პლასტმასის კასრები რომაა, ისინი ზამთარგამოვლილი ჩინურით გავავსეთ, 200-200 ლიტრი გამოგვივიდა თითოს. ჰოდა, მატარებლით წავედით ბათუმში ამ ღვინის გასაყიდად. იმ პერიოდში აჭარაში ასლანას დრო იყო და ღვინო ძლივს გადავიტანეთ ჩოლოქზე. ბაზარში ბევრი ვერაფერი გავყიდეთ. რა უნდა გვექნა? დავიარეთ რესტორნები, მაგრამ ჩინური - ასეთი სახელის ღვინო ბევრს არც გაეგო და ყიდვა არავის უნდოდა. ბოლოს ერთი მდიდრული რესტორნის უფროსი მოვატყუეთ, კახური ღვინოაო. იმანაც დაიჯერა, ლიტრში 1 ლარი გადაგვიხადა და მაშინ ამითაც კმაყოფილები დავრჩით. ახლა რომ ის მირონივით ღვინო მქონდეს, 3 ლარზე ნაკლებად რა გამაყიდინებდა... მაგრამ ღვინო და ვაზი კი არა, ჩვენ თვითონ აღარ გვიშვებენ ჩვენს სოფლებში”.
 
სოფელი მანამდე არ დატოვა, სანამ ბოლო ვაზის ძირი არ შეწამლა.
 
სამაჩაბლოს ქართული მოსახლეობა საომარ ვითარებაში 20 წლის მანძილზე ცხოვრობდა და ამის მიუხედავად, მაინც ახერხებდნენ იმას, რომ ბაღ-ვენახი მოუვლელი არ დარჩენოდათ და ოჯახისთვის სამყოფი ღვინო თითქმის ყველას ჰქონდა. აგვისტოს ომი როდესაც დაიწყო, აჩაბეთის, თამარაშენის, ერედვის, ქურთას, ხეითის, ქსუისის და სხვა სოფლების მოსახლეობას ბოლომდე არ სჯეროდათ, რომ ისინი სოფლებს სამუდამოდ ტოვებდნენ. ერედველი გიორგი ქრისტესიაშვილი თავის ძმასთან ერთად ვაზს წამლავდა, როდესაც რუსული ქვემეხების ხმა პირველად გაისმა. როგორც გიორგი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში მდგარმა ქართველმა ჯარისკაცებმა ადგილობრივების სოფლიდან გახიზვნა დაიწყეს და ყველას მოუწოდებდნენ ბრძოლის ხაზს გასცლოდნენ, მან საკუთარი სოფელი მანამდე არ დატოვა, სანამ ბოლო ვაზის ძირი არ შეწამლა.
გიორგი ქრისტესიაშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: “ნახევარ ჰექტარზე ისეთი მწვანე მქონდა გაშენებული, ყველას თვალი ზედა რჩებოდა. ვაზის მოვლა მამაჩემმა მასწავლა. დღე და ღამე სულ ვენახში იყო ხოლმე თავჩარგული და მეც გავაგრძელე იმისი საქმე. 5-6 ტონას ყოველ წელს ვწურავდით. ჩვენთან შაქრიან ღვინოს თითქმის არავინ აკეთებდა. გაყიდვით ცოტა თუ ყიდიდა ღვინოს და ვინ მამაძაღლი იზამდა, რომ თავისი ოჯახისთვის გაკეთებული ღვინო დაელევინებინა? სამი 1-1 ტონიანი ქვევრი მქონდა, დანარჩენ ღვინოს კასრებში ვაყენებდით. ვაკვირდებოდი და სულ სხვადახვანაირი ღვინო გამოგვდიოდა ყოველ წელს. ცუდი და კარგი კი არა, სხვადასხვანაირი... ბოლო ქვევრი გორში ვიყიდე, 2007 წლის ღვინო მესხა შიგ და ჩემი ბიჭის ქორწილში მინდოდა გახსნა, მაგრამ...
როცა რუსები შემოდიოდნენ, სულ ძალით წამათრია ჩემმა ბიჭმა და ცოლმა. დიდი არაფერი სახლი ჩვენ არა გვქონდა. სულ 3 ოთახი იყო. მაგრამ ვენახი და ქვევრები კი ძალიან დამენანა. ჩემი სახლი ერთ-ერთი პირველი გადაწვეს რუსებმა. როდესაც სოფელს ცეცხლი მოუკიდეს, დაუწვავი ვენახი კი არა, ღობეც კი არსად გადარჩენილა და აბა ჩემი ვენახი რას გადარჩებოდა. ბევრს ჰქონდა ჩვენსკენ კარგი ვენახი. ძირითადად მწვანე და ჩინური ჰქონდათ ჩაყრილი. ახლა კი ვარ დევნილი, მაგრამ თუ იქნება ისე, რომ პატარა ფული მაინც მოვიგდე, აქაც ვენახს გავაშენებ. კასპისკენ ჩემი ნათესავი ცხოვრობს და იმან მითხრა: შენ რამე მოიწადინე და კარგი მიწის მუქთად შოვნა ჩემზე იყოსო”.
 
ცეცხლმოდებული ვენახები
 
სოფელ ქურთას, სადაც ომამდე სანაკოევის დროებითი მთავრობა იყო განთავსებული, რუსული აგრესია განსაკუთრებული სისასტიკით დაატყდა თავს. ამას საფუძვლად პოლიტიკურთან ერთად ისტორიული მიზეზებიც ედო. ქურთაში იყო თავადი მაჩაბლების ძველი სასახლე, რაც გახლდათ იმის უტყვი დასტური, რომ სამაჩაბლოში ქართველები ჯერ კიდევ მაშინ ცხოვრობდნენ, სანამ რუსი საქართველოში პირველად ფეხს შემოდგამდა. ქურთაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ომამდე იყო დაახლოებით 40 ჰექტარამდე ვენახი. ეს ვენახები თავის დროზე კოლექტივის საკუთრებას წარმოადგენდა და დირბულად სახელდებული ჰიბრიდული ტიპის ვაზი იყო გაშენებული. როდესაც კოლექტივი დაიშალა და ადგილობრივ გლეხებს მიწები დაურიგეს, ქურთელების უმეტესობამ დირბულას ნაცვლად თავკვერი და ჩინური გააშენა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია არ იყო განსაკუთრებული ღვინის წარმოებით განთქმული, ქურთაში მოყვანილი ჩინურისაგან დაწურული თვინო ბევრითაც არ ჩამოუვარდებოდა მტკვრისპირეთის ქართლურ ღვინოებს.
ბიძინა კასრაძე, დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი: “ჩემს სიმამრს ქურთაში ვენახი სულ სამ მეასედზე ჰქონდა გაშენებული, მაგრამ ისე უვლიდა, რომ გენახათ, გაგიჟდებოდით. ზამთარ-ზაფხულ ვენახში იყო და საქმეც რომ არაფერი ჰქონოდა, მაინც ვენახში იყო. ვენახის ატმების ძირში ერჩია ჭამაცა და სმაც. სტუმარი იყო და, ისიც ვენახში მიჰყავდა. იქვე, კაი ჩრდილში, საკუთარი ხელით ჰქონდა გაკეთებული სკამი და მაგიდები, 30 მეტში წყაროც ჩამოდიოდა და რომელ ჭკუათმყოფელ სტუმარს ურჩევნია სახლში ყოფნა, როცა იქვე ახლოს ასეთი კარგი ადგილი ეგულება?
სიმამრს ხანდახან მეც კი ვეხმარებოდი ხოლმე, მაგრამ როცა რთველის დრო დადგებოდა, მარტო დაკრეფაში მოგვიხმარებდა, დაწურვის დროს კი, საწნახელში ბავშვებსაც კი არ ჩააყენებდა ხოლმე. თქვენ რა იცითო - გვეტყოდა... სულ თვითონ დაწურავდა, თვითოვნე გადაიღებდა და მოუვლიდა. და როცა პირველი გასინჯვის დრო დადგებოდა, მაშინღა დაგვიძახებდა ყველას “ქვევრის თავი გამისინჯეთო”. რუსებმა რომ ქურთა გადაწვეს, მაშინ ჩემი სიმამრი სულ რაღაც 3 თვის გარდაცვლილი იყო. მართლა ბედნიერი კაცი აღმოჩნდა, რომ ვერ მოესწრო და ვერ ნახა მის ვენახს რაც დაემართა, თორემ ნამდვილად ხელმეორედ მოკვდებოდა. ახლა იმ ადგილზე სადაც სოფელი ქურთაა, რუსებმა სამხედრო ქალაქი ააშენეს. რომ ნახო, ვერც კი მიხვდები, იქ ადრე სოფელი რომ იყო”.
დიდი და პატარა ლიახვის ხეობის ვენახების მსგავსად, ომის შემდეგ ასევე განადგურდა ფრონეს ხეობის ვენახებიც. როგორც ადგილობროვები ამბობენ, ზნაურის რაიონის  ქართულ სოფლებში - ავლევში და ნულში, მთელი რუსული პოლკი იყო გამაგრებული. ოკუპანტებმა იქაც განსაკუთრებულად “ივაჟკაცეს” და როდესაც ქართველების მიტოვებულ სახლებში ნაპოვნი ღვინო და არაყი გამოელიათ, ეს სოფლებიც გადაწვეს.
ოკუპირებული რეგიონში ასეთი საშინელებები არ მომხდარა მხოლოდ ახალგორის რაიონში, სადაც საბრძოლო მოქმედებები პრაქტიკულად არ ყოფილა, თუმცა ახალგორში სულ სხვა პრობლემებია და ამაზე სულ სხვაგვარი სტატია უნდა დაიწეროს.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 
 
        

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.