Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„მადლობა პუტინს“

ქართული მეღვინეობის კალენდარზე 21-ე საუკუნის პირველი ათწლეული დასრულდა
 
ალეკო ცქიტიშვილი, ღვინის კლუბი
 
2010 წელი ქართული მეღვინეობისთვის ერთგვარ წყალგამყოფად, გზაგასაყარად შეგვიძლია მოვინიშნოთ. ისედაც, ჩვენს თვალწინ 21-ე საუკუნის პირველმა ათწლეულმა ჩაიარა და თუკი მას მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულს შევადარებთ, აღმოვაჩენთ, რომ ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს. ამ ოპტიმიზმს სწორედ 2010 წელი აჩენს, თორემ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, ქართული ეკონომიკის ნებისმიერ დარგს რა უნდა ეიმედებოდეს?! 
 
„შეეხე ისტორიას!“ - ამ ლოზუნგით ჩატარდა 2010 წელს საქართველოში ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა სამასამდე დელეგატმა თავიანთ ქვეყნებში წაიღო ინფორმაცია ღვინის სამშობლოს – საქართველოს შესახებ. ისინი გააოცა ქართული მეღვინეობის უძველესმა ტრადიციებმა და ვაზის აბორიგენულმა ჯიშებმა, რომელთა შესახებ აქამდე არაფერი იცოდნენ. კონგრესს მოჰყვა რეალური ნაბიჯები ქართული ბრენდების დაცვის მიმართულებით – ევროკავშირთან გაფორმდა ხელშეკრულება 18 ადგილწარმოშობის დასახელების ქართული ღვინის დარეგისტრირების შესახებ. ეს კი ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ვეღარავინ შეძლებს „ქინძმარაულის“, „ხვანჭკარას“, „მუკუზანის“, „წინანდლისა“ და სხვა ქართული გეოგრაფიული სახელწოდებების აღმნიშვნელი ღვინოების ჩამოსხმას და გაყიდვას. 
სულ უფრო ხშირია ქართული ღვინის აღიარება და წარმატებები საერთაშორისო კონკურსებზე თუ გამოფენებზე. ნელი ტემპით, მაგრამ მაინც იზრდება ქვევრის ღვინის ცნობადობა, რამაც ახლო მომავალში შესაძლოა, განსაზღვროს ქართული მეღვინეობის მთავარი გეზი. მეღვინეობაში მკვიდრდება ქართული ყურძნის აქამდე უცნობი ჯიშები, რომელთაგან ზოგიერთის ღვინო ამ დარგში გათვითცნებიერებულ მომხმარებელსაც კი არასოდეს გაუსინჯავს. 
ეს ყველაფერი, ერთად აღებული, ცოტა როდია იმედისთვის, რომელსაც 2010 წელი გვაძლევს.
„რუსეთს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. რეალურად ღვინის ხარისხის კრიზისი გადალახულია და ჩვენ დავიწყეთ მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება... დიდი მადლობა ვლადიმერ პუტინს, რომ ჩვენი ღვინის ხარისხი ამაღლდა“, - ეს სიტყვები პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 17 სექტემბერს სოფელ კისისხევში, კომპანია „შუხმანის ღვინოების“ ახალი ტურისტული კომპლექსის გახსნისას წარმოთქვა. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ წლის ფრაზა – „მადლობა პუტინს“ მოიცავს მწარე სიმართლეს არა მარტო რუსეთის პრემიერისთვის, არამედ ქართული მეღვინეობისთვისაც. ეს სიტყვები გულიხმობს აღიარებასაც, რომ რუსეთის ემბარგომდე ქართული ღვინო არ ვარგოდა. 
სააკაშვილმა პუტინი ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესის გახნის დღესაც ახსენა და საქართველოს ისტორიულ მტერს - შაჰ-აბასს შეადარა. მისი თქმით, შაჰ-აბასი ვაზს ძირკვავდა, პუტინმა კი უფრო ვერაგულ ხერხს მიმართა - ქართული ღვინო ჯერ მთლიანად რუსულ ბაზარს მიაბა, შემდეგ კი ერთი ხელის მოსმით აკრძალა. ეს კი ქართული მევენახეობა-მეღვინეობისთვის დიდი დარტყმა იყო. ამავე დროს, სააკაშვილმა კონგრესის დელეგატებს ემბარგოს სიკეთეზეც ესაუბრა და აუხსნა, რომ ქართული ღვინის ხარისხი დღითიდღე უმჯობესდება, რადგან სხვაგვარად ევროპისა და აშშ-ის ბაზრებზე დამკვიდრების შანსი არ არსებობს.
ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესის მასპინძლობის უფლება მხოლოდ ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნებს აქვთ. ამ უმნიშვნელოვანესი ფორუმის საქართველოში ჩატარება ნიშნავს, რომ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია და მისი წევრები საქართველოს არ მიაკუთვნებენ მეღვინეობის ე.წ. ახალ სამყაროს (ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჩილე, არგენტინა, აშშ და ა.შ.), როგორც ეს შეიძლება მავანმა საქმეში ჩაუხედავმა უცხოელმა მომხმარებელმა იფიქროს. ისინი ჩვენს ადგილს ხედავენ მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყნებს შორის, როგორიცაა – საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, გერმანია და სხვ. ეს საპატიო ადგილი ჯილდოც არის და ტვირთიც. ამიერიდან მარკეტოლოგებს აღარ დასჭირდებათ დიდი თავის მტვრევა, როგორ წარადგინონ ქართული პროდუქცია მსოფლიოს ღვინის ბაზარზე. თუმცა, ამავე პროდუქციამ ტრადიციული მეღვინეობის მქონე ქვეყნის იმიჯიც არ უნდა შეარცხვინოს. 
ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესს საქართველომ მეორედ უმასპინძლა. პირველად ეს 1962 წელს მოხდა - საბჭოთა ეპოქაში, როცა დასავლეთს რკინის ფარდა ეფარა და ქართული მეღვინეობა ჯაჭვით იყო მიბმული რუსეთის ბაზარს. მაშინდელი კონგრესის მონაწილეთა უმეტესობა საქართველოს, ალბათ, არც კი განიხილავდა ცალკე ქვეყნად და მას რუსეთის ერთ-ერთ პროვინციად მიიჩნევდა. არქივებს შემორჩა ვაზისა და ღვინის მე-10 მსოფლიო კონგრესის ამსახველი ფოტოსურათები, რომელთაგან განსაკუთრებით დაგამახსოვრდებათ საუკუნის კადრი - ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მაშინდელი პრეზიდენტის, ბარონ პიერ ლერუა დე ბუზო მარის ხაპისკენ წაგრძელებული კისერი და ტუჩები. როგორც ჩანს, ხაპში ესხა ქვევრიდან ახალამოღებული, ჩინებული ღვინო, რადგან არისტოკრატი გურმანის გაფართოებულ თვალებში ერთდროულად იკითხება გაოცება და აღტაცება, ასევე – იმ წამებში განცდილი სიამოვნება. 
თითქმის 50 წლის შემდეგ ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესში ერთ-ერთ დელეგატად ბარონის შვილიშვილი მონაწილეობდა. ქართველმა დელეგატებმა მასთან რამდენიმე სამახსოვრო ფოტო გადაიღეს და სტუმარი სასიამოვნოდ გააოცეს, რომ ბაბუა პიერი საქართველოში კიდევ ახსოვდათ. მთლიანად კონგრესს სამასი დელეგატი დაესწრო ორმოცდაორი ქვეყნიდან. 20-დან 25 ივნისამდე კონგრესი მოიცავდა გახსნით სესიას რუსთაველის თეატრში, გამოფენას ეროვნულ მუზეუმში, სამეცნიერო სესიებს მომდევნო სამი დღის განმავლობაში, ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მერვე გენერალურ ასამბლეას, ტექნიკურ ვიზიტს კახეთში, სადაც მოინახულეს თანამედროვე საწარმოებიც და ისტორიული მარნებიც ტრადიციული ქვევრებით. კონგრესის დელეგატებს, ალბათ, არასოდეს დაავიწყდებათ წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულში გამართული გალა სადილი, სადაც მათ ქართულ ღვინოებთან ერთად ქართული სამზარეულო, სიმღერა და ცეკვებიც წარუდგინეს. 
მსოფლიო კონგრესის სამეცნიერო სესიებში რამდენიმე ქართველმა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა. შემდგომში მათი მოხსენებები თუ ნაშრომები პრესტიჟულმა უცხოურმა სამეცნიერო გამოცემებმაც გამოაქვეყნეს. თუმცა, კონგრესის დიდი მნიშვნელობა ყველაზე მეტად ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციას უკავშირდება. აბორიგენული ვაზის ჯიშების სიმრავლით, ქართული სტუმართმოყვარეობითა და ღვინის დაყენების უნიკალური ტრადიციული ტექნოლოგიებით გაკვირვებული დელეგატები თავიანთ ქვეყნებს, ფაქტობრივად, ქართული ღვინის, ქართული კულტურის დესპანებად დაუბრუნდნენ.
ბევრმა არც იცის, სად არის ამჟამად თავმოყრილი ვაზის ქართული ჯიშები და ვინ იცავს მათ. ათიოდე წლის წინ 400-ზე მეტი ჯიში მეხილეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო ინსტიტუტის საკოლექციო ნაკვეთებში იყო დაცული. ყველაზე დიდი კოლექცია იყო თბილისში, კერძოდ - დიღომში. ასევე ცნობილი იყო იმერეთში, საქარის კოლექცია, სადაც ძირითადად დასავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშები იყო გაშენებული და მეცნიერები მათ ათწლეულების განმავლობაში სწავლობდნენ. ქაოტური რესტრუქტურიზაციების, რეფორმებისა და პრივატიზაციის ათწლეულში ორივე ეს ნაკვეთი განადგურდა. მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. თუმცა, ადვილი წარმოსადგენია, რომ დღეს ასობით უნიკალური ჯიში სრულიად გამქრალი იქნებოდა, რომ არა რამდენიმე მეცნიერის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა მათ გადასარჩენად. 
მეცენატების დახმარებით (რომლებსაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ უყვართ), 2007 წელს საგურამოში დაარსდა "ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი", რომელსაც ლევან უჯმაჯურიძე ხელმძღვანელობს. ცენტრმა სამი წლის განმავლობაში შეუძლებელი შეძლო - თავი მოუყარა 430-მდე ვაზის ქართულ ჯიშს, მათ შორის იმ ჯიშებსაც, რომლებიც გადაშენებულად ითვლებოდა და მათი პოვნის იმედი ყველაზე ოპტიმისტ ამპელოგრაფებსაც აღარ ჰქონდათ. დღესდღეობით ცენტრის განკარგულებაშია ვაზის გენოფონდის საკოლექციო ნარგაობა, სადაც ვაზის თითოეული ჯიში 10-20 მცენარითაა წარმოდგენილი. კოლექციაში დაცული 125-მდე ჯიში საქართველოში საერთოდ აღარ არსებობდა - არც სხვა საკოლექციო ნაკვეთებში და არც მოსახლეობაში. ეს ჯიშები ცენტრმა მოლდოვასა და იალტაში - საბჭოთა კავშირის ყოფილი ინსტიტუტების კოლექციებში მოიძია და სამშობლოში დააბრუნა, როგორც ეროვნული საგანძური. 
თითქმის ამდენივე ქართული ვაზის ჯიშია დაცული "ქინძმარაულის მარნის" კერძო კოლექციაში, რომლის გაშენებაც 21-ე საუკუნის დასაწყისში ასევე ლევან უჯმაჯურიძემ ითავა. მაშინ ზოგიერთი მისი კოლეგა ვერ ხვდებოდა, რატომ უნდა გადაეცათ სამეცნიერო ნაკვეთებში დაცული ვაზის ჯიშები კერძო კომპანიისათვის. კიდევ კარგი, რომ საბოლოოდ ეს კოლექცია მაინც შეიქმნა და საბოლოოდ, "ქინძმარაულის მარანი" მაგალითის მიმცემი გახდა სხვა კომპანიებისათვის. ისინი უკვე თავ-თავიანთი კოლექციებით, სანერგეებით ამაყობენ და ცდილობენ, მივიწყებულ ყურძნის ჯიშებს არა მარტო სამუზეუმო დანიშნულება ჰქონდეთ, არამედ დაბრუნდნენ მეღვინეობაში, სადაც მათ ოდესღაც თავისი ადგილი ჰქონდათ.
კომპანიებში მწიფდება აზრი, რომ ახალი საწარმოო ვენახების გაშენებამდე, თავდაპირველად საჭიროა მივიწყებული ჯიშებისგან მცირე რაოდენობით ღვინის დაყენება, დაჭაშნიკება და ამ გზით მისი საწარმოო პოტენციალის განსაზღვრა. "ქინძმარაულის მარანი" ერთ-ერთი პირველია, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს. როგორც კომპანიის მთავარი ტექნოლოგი, თემურ გონჯილაშვილი აცხადებს, საკოლექციო ნაკვეთში ზოგიერთ ჯიშს აქედანვე ეტყობა, რომ მეღვინეობაში მისი დანერგვა წარმატებული იქნება. ზოგიერთ ყურძენს ისეთი დამაინტრიგებელი სახელი აქვს, მაშინვე გიჩენს სურვილს, მისი ღვინო დააგემოვნო: "ამას "საბას მარგალიტი" ჰქვია. ფანტასტიური არომატი აქვს. იქნებ მართლა მარგალიტი იმალება ამ მივიწყებულ ჯიშში?! მალე საწარმოში პატარა განყოფილებას მოვაწყობთ, სადაც ქართულ საღვინე ყურძნის ჯიშებს თანამედროვე ტექნოლოგიით დავწურავთ და გამოვცდით".
სწორედ ქართულ ჯიშებზე განსაკუთრებული აქცენტით ჩატარდა პირველი "ახალი ღვინის ფესტივალი", რომელსაც 8 მაისს თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა უმასპინძლა. "ღვინის კლუბის" ინიციატივას მხარი დაუჭირა ქალაქ თბილისის მერიამ და საკრებულომ, ასევე – ეროვნულმა მუზეუმმა. ახალი ღვინის ფესტივალების ტრადიცია დიდი ხანია, არსებობს მთელს მსოფლიოში, სანიმუშოდ მხოლოდ საფრანგეთი (Beaujolais Nouveau), ესპანეთი (Festival Vino Nuevo) და იტალია (Vino Novello) იკმარებდა. ამგვარი ფესტივალები, ღვინის ძველი სამყაროს გარდა, უკვე ახალ სამყაროშიც იმართება (აშშ, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია და ა.შ.). მსგავსი ფესტივალების მიზანია ახალი, ანუ ბოლო მოსავლის ღვინოების წარდგენა საზოგადოებისთვის, მათი დაგემოვნება და პოტენციალის განჭვრეტა. 
თბილისის ეთნოგრაფულ მუზეუმშიც 2009 წლის მოსავლის ღვინოები იყო წარმოდგენილი ქართული მევენახეობის თითქმის ყველა კუთხიდან: „საფერავი“, „რქაწითელი“, „თავკვერი“, „ჩინური“, „ალადასტური“, „კლარჯული“, „ციცქა“, „ცოლიკოური“, „ჩხავერი“, „უსახელოური“, „ოცხანური საფერე“, „კრახუნა“, „ქისი“, „ხიხვი“, „ალექსანდროული“... ოჯახური მარნებიდან „ღვინის კლუბმა“ ღვინოები ფესტივალისთვის სპეციალური დაგუსტაციით შეარჩია. 
2009 წლის მოსავლის ღვინოებმა "ახალი ღვინის ფესტივალის" მონაწილეებსა და სტუმრებს მრავალმხრივი ინფორმაცია მიაწოდა ქართული მეღვინეობის უახლესი ტენდენციებისა და პერსპექტივების შესახებ. გაირკვა, რომ არა მარტო მსხვილ კომპანიებში, არამედ მცირე მარნებსა და ოჯახურ მეურნეობებშიც ექსპერიმენტების ბუმია. ერთი მხრივ, სიახლეებს ეძებენ მევენახეობაში, რადგან უკვე ყველამ იცის, რომ კარგი ღვინო კარგი ვენახიდან იწყება, მეორე მხრივ, ექსპერიმენტები შეეხო უშუალოდ ღვინის დაყენების ტექნოლოგიურ პროცესებს. ყავლგასული, რაოდენობრივ მაჩვენებლებზე ორიენტირებული საბჭოური მეღვინეობა ადგილს უთმობს ხარისხზე ორიენტირებულ თანამედროვე, ევროპულ ტექნოლოგიებს. თვალნათლივ შეინიშნება ქართული მეღვინეობის საუკეთესო ტრადიციებთან დაბრუნება, განსაკუთრებით – მცირე მარნებსა და ოჯახურ მეურნეობებში. რამდენიმე მსხვილი კომპანიის მეღვინეები ბიო–ღვინოების წარმოებისთვის ემზადებიან და ამ მიმართულებით პირველი, რაც ახსენდებათ, სწორედ ქართული მამა–პაპური ტრადიციებია.
ქვევრი აუცილებელ და შეიძლება ითქვას, კონცეპტუალურ მნიშვნელობას იძენს მცირე მარნებში, როგორიცაა – „ჩვენი ღვინო“, „ელიზბარ თალაკვაძე და შვილები“, კომპანია „ხოხბის ცრემლები“, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წევრი მარნები და სხვანი და სხვანი. კომპანია „შუხმანის ღვინოები“ ქვევრში დადუღებულ საუკეთესო ღვინოებს „ვინოტერას“ ბრენდით უშვებს. მათი ავტორია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მეღვინე, გოგი დაქიშვილი.
2010 წელს ლონდონში ჟურნალ "დეკანტერის" ღვინის საერთაშორისო კონკურსზე კომპანია "ბადაგონის" მიერ ჩამოსხმული "ალავერდის ტრადიციები" ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. ეს მოვლენა ქართული ქვევრის ღვინის არა მარტო წლის, არამედ საუკუნის აღიარებად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან ასეთ პრესტიჟულ კონკურსზე მანამდე ქვევრის ღვინოს წარმატება არ ჰქონია. ღვინო "ალავერდის ტრადიციები" ალავერდის მონასტრის მარანში ცნობილი მეცნიერისა და მეღვინის, თეიმურაზ ღლონტის მიერ არის დაყენებული. თეიმურაზ ღლონტი აქტიურად მონაწილეობს ღვინის დაყენების ტრადიციული ქართული ტექნოლოგიების აღდგენისა და უძველესი ყურძნის ჯიშების მევენახეობაში დაბრუნების საქმეში. ბოლო დროს მის შრომებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კახურ ჯიშს – მცვივანს, რომელიც სპეციალისტების მიერ ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ საღვინე ჯიშად არის მიჩნეული. ისტორიული ცნობებით, მე-19 საუკუნეში მცვივანი კახეთში ყველაზე გავრცელებული თეთრი ყურძნის ჯიში იყო. ვაზის დაავადებებისა და კომუნისტი აგრონომების "ხუთწლედის გეგმებზე" აგებული პოლიტიკის შედეგად, მცვივანი თითქმის მთლიანად განადგურდა და ადგილი რქაწითელს დაუთმო.
მეღვინეები, რომლებიც ქვევრზე აკეთებენ არჩევანს, ძირითადად, უარს ამბობენ თანამედროვე ღვინის ინდუსტრიის ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებაზე, როგორიცაა: სელექციური საფუარები, ენზიმები, გაწებვა, პასტერიზაცია და ა. შ. მათი აზრით, ქვევრის ღვინო მხოლოდ იმ შემთხვევაშია სრულყოფილი, თუკი საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი ტრადიციული ტექნოლოგიებით იქნება დაყენებული. საპირისპიროდ ღვინის ქარხნების წარმომადგენლები ამ პოზიციას ახირებად მიიჩნევენ და ქვევრსაც ოდენ წარსულის საკუთრებად თვლიან. არადა, ბოლო დროს საქართველოს ღვინის რამდენიმე აღიარებული ექსპერტი ესტუმრა, ქვევრის ღვინო დააჭაშნიკა და გაოცება ვერ დამალა - თუკი ასეთი უნიკალური გამოგონება გაქვთ, რატომ უგულვებელყოფთო? გასულ წელს საქართველოში სტუმრობისას მსგავსი კითხვა გაუჩნდა ღვინის აღიარებულ ექსპერტს, იზაბელ ლეჟერონს. იგი საქართველოში ქართული ღვინოზე ფილმს იღებდა და ყველაზე მეტად სწორედ ქვევრით და ტრადიციული ტექნოლოგიებით დაინტერესდა. როგორც წესი, ასეთ კითხვებზე უცხოელი სპეციალისტები მიკიბულ-მოკიბულ პასუხებს იღებენ. ქართველ მეღვინეთა უმეტესობას სრულყოფილად ჯერ კიდევ არა აქვს გაცნობიერებული, რომ ქართულ ღვინოს აღიარებას ქვევრი მოუტანს. 
2010 წელს ასევე უცხოური გრანტით დაფინანსდა პროექტი "ქართული ქვევრის ღვინო", რომელსაც კომპანია "ჩვენი ღვინოს" მეღვინე სოლომონ ცაიშვილი კურირებდა. "სლოუ ფუდის" პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს ორ რეგიონში – კახეთსა და იმერეთში მცირე მარნებიდან ღვინოების შერჩევას და ბოლოს ტურინში "სლოუ ფუდის" მსოფლიო ფორუმზე - "ტერა მადრე" წარდგენას. სოლომონ ცაიშვილის თქმით, ამ დიდ ფორუმზეც და ზოგადად, ევროპაში ძალიან გაიზარდა ინტერესი ქართული ქვევრის ღვინოსადმი. ქვევრის ღვინის უპირატესობაში დარწმუნებულმა ზოგიერთმა ევროპელმა მეღვინემ ქვევრებში ღვინის დაყენებაც კი დაიწყო. კონკრეტულად, "სლოუ ფუდის" მიერ ორგანიზებულ მსოფლიო ფორუმზე აღიარეს, რომ ქართული ქვევრის ღვინო არის კაცობრიობისათვის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი თავისი წარსულით, ტრადიციით და პოტენციალით.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით წლის მნიშვნელოვან მოვლენად უნდა მივიჩნიოთ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე "ქართული ღვინის კულტურის ცენტრის" გახსნა. ცენტრი დააარსა აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის - დავითის, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტის - ანდრიას და ჭყონდიდის მიტროპოლიტის - პეტრეს მიერ დაფუძნებულმა "ქართული ტრადიციული ღვინის ფონდმა". 
"წარსულისა და აწმყოს საუკეთესო შესაძლებლობების შერწყმით ყოველთვის საუკეთესო შედეგს ვიღებთ. ხარისხიანი ღვინის დამზადებას, ნებისმიერ შემთხვევაში, თავდადებული შრომა სჭირდება, სულ ერთია, ევროპულ ტექნოლოგიას გამოიყენებ, თუ ტრადიციულ ქართულ მეთოდებს“, – ამბობს მეუფე დავითი და მართლაც, ეს საუკეთესო შედეგია ჟურნალ "დეკანტერის" ღვინის საერთაშორისო კონკურსზე ალავერდის მონასტრის მარანში დაწურული საფერავის წლის გამარჯვება. "ბადაგონის" წითელი, მშრალი ღვინო "ალავერდის ტრადიციები" იტალიელი მეღვინის - დონატო ლანატის მეთვალყურეობით, კლასიკური ტექნოლოგიით არის დაყენებული. "დეკანტერის" კონკურსზე მან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ჯილდო _ დიდი ოქროს მედალი დაიმსახურა 10 ფუნტზე მეტი ღირებულების წითელი ღვინის ნომინაციაში. კონკურსის ორგანიზატორების ცნობით, გრან-პრი „რეგიონალური ტროფი“ კონკურსში მონაწილე 11 ათასზე მეტი ღვინიდან მხოლოდ ასმა მიიღო და მათ შორის პირველად მოხვდა ქართული ღვინის კომპანია. მსგავსი ჯილდო ქართულ ღვინოს აქამდე არასოდეს მიუღია. 
საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვებებს და საექსპორტო წარმატებებს დიდწილად განსაზღვრავს ახალი ინვესტიციები, რომლებიც საწარმოო საშუალებების გადაიარაღებას, ღვინის ტურიზმში ჩაბმას, ჯანსაღი ვენახების გაშენებას უნდა მოხმარდეს. სწორედ ამ მიზნების შესრულებას გვპირდება გერმანელი ბიზნესმენის ბურკჰარდ შუხმანის წლის ინვესტიცია. სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ახალი სასტუმრო გახსნა. ე. წ. შატო გერმანული ინვესტიციით აშენდა. მშენებლობაში 6 მილიონი ევრო დაიხარჯა. სასტუმრო კომპლექსს აქვს მარანი, საწნახელი და ღვინის სადეგუსტაციო ოთახი. მისმა მფლობელმა, ბურკჰარდ შუხმანმა მანამდე კისისხევში 25 ჰექტარი ვენახი შეიძინა და წელიწადში უკვე 300 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. აქედან 70 000 ბოთლი ევროპაში გააქვს.
საქართველოს მევენახეობაში არსებული პრობლემები ყოველწლიურად თავს იჩენს შემოდგომაზე, რთველის დროს. გლეხების ვენახებში დაკრეფილი ყურძნის ხარისხი კომპანიების მეღვინეებს აღარ აკმაყოფილებთ. მათ ურჩევნიათ, საკუთარი ვენახების ყურძენი გამოიყენონ, რადგან იციან, რომ კარგი ღვინო სათავეს კარგი ვენახიდან იღებს. ამიტომაც იყო, რომ 2010 წელს ზოგიერთმა მსხვილმა კომპანიამ გლეხებისგან ყურძნის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. დაფიქსირდა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის რამდენიმე ფაქტი, როცა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ღვინის მრეწველებისგან მოითხოვდნენ, უნდოდათ თუ არა, ჩაებარებინათ ყურძენი გლეხებისგან. 
რთველზე და პრობლემებზე დეტალური საუბარი ძალზე შორს წაგვიყვანს. მით უფრო, რომ საქართველოს ყველა რეგიონს თავისი სპეციფიკა და სხვადასხვა სატკივარი აქვს. ყველაზე მთავარი, რაც შეიძლება დასკვნის სახით ითქვას, ეს არის მცირე მარნების ხელშეწყობის აუცილებლობა. სახელმწიფომ სპეციალური პროგრამებით, უპროცენტო ან მცირეპროცენტიანი კრედიტებით ხელი უნდა შეუწყოს მევენახე გლეხებს, რათა მათ მარნები ისე მოაწყონ, რომ შეძლონ ხარისხიანი ღვინის დაყენება-ჩამოსხმა. მოწესრიგებული მარნები მათ დამატებით შემოსავალს მოუტანს ღვინის ტურიზმიდან. 
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში მეღვინეობა და ტურიზმი ერთმანეთს კარგად შეეწყობა. ამ გზით შეჩერდება რეგიონებიდან მიგრაცია, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები. რაც მთავარია, ყოველ შემოდგომაზე აღარ იქნება საჭირო რეგიონებში გასამხედროებული შტაბების გახსნა ყურძნის ჩასაბარებლად. გლეხები საერთოდ აღარ ჩააბარებენ ყურძენს. მათთვის ყურძნის თითოეული მარცვალი ძვირფასი იქნება, რათა ვენახიდან მარანში მიიტანოს, დაწუროს და შემდეგ ხარისხიანი ღვინით იამაყოს _ ღვინით, რომელსაც მყიდველიც ეყოლება და დამფასებელი. 
ასეთ შემთხვევაში, მადლობასაც ვინმე პუტინს კი აღარ ვეტყვით, არამედ – ღმერთს, რომ ღვინის სამშობლოში დავიბადეთ, მადლიანი მიწა გვაქვს და შრომით და გარჯით შეგვიძლია, ტრადიციული მეღვინეობის მოწინავე ქვეყნებს გავუტოლდეთ.
 
© "სახე(ლ)ები"


es sharshandeli statiaa?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული