ლევან სეფისკვერაძე
თბილისობის დღესასწაული ღვინის გარეშე ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც გერმანული ოქტობერფესტი ლუდის გარეშე. მით უმეტეს, როდესაც ქართულ ღვინოს ბოლო წლებში მრავალი ქომაგი გამოუჩნდა და ქართული ღვინით სულ უფრო და უფრო მეტი ქართველი თუ უცხოელი ღვინის მომხარებელი ინტერესდება.
თბილისობა 2012-ის ფარგლებში, ღვინის კლუბის ორგანიზებითა და თბილისის მერიის პატრონაჟით, თბილისში, ვახტანგ გორგასლის მოედანზე კიდევ ერთი ღვინის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე ტრადიციულად თითქმის ყველა სახისა და ტიპის ღვინო იყო წარმოდგენილი და უკვე სამჯერ ჩატარებული “ახალი ღვინის ფესტივალისაგან”, თბილისობაზე გამართული ღვინის ფესტივალი ბევრი საინტერესო ნიუანსით იყო განსხვავებული. მართალია, წარმოდგენილი ღვინის მასშტაბები თუნდაც უკანასკნელი “ახალი ღვინის ფესტივალთან” შედარებით, მოკრძალებული იყო, მაგრამ ეს “სიმცირე” ღვინის ხარისხს არ შეხებია. ამას გარდა, თბილისობაზე სხვადასხვა ღვინის კომპანიებსა თუ მცირე მარნებს, ღვინის გაყიდვაც შეეძლოთ.
თბილისობის ღვინის ფესტივალზე ღვინის გასინჯვა რა თქმა უნდა უფასო იყო და ბევრმა ღვინით დაინტერესებულმა ჩვენმა თანამოქალაქემ ისიამოვნა როგორც შარშანდელი, ასევე შედარებით ძველი ღვინით. ამას გარდა, ფესტივალზე მისულ სტუმრებს, მწვადით, ყველით, ყურძნითა და სხვა გემრიელი სასუსნავებით პირის ჩაგემრიელებაც შეეძლოთ. ფესტივალზე ღვინო და საკვები ან მთლად უფასო იყო, ან შესამჩნევად იაფი.
ელგუჯა კოკორაშვილი, ტურისტული კომპანია “როდოსის” წარმომადგენელი: “ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო, რომ ღვინოში სათანადოდ ვერ ვერკვევი და ახლაღა ვცდილობ ქართული ღვინის შესახებ რაღაცეები ვისწავლო და გავიგო. ბევრ ტურისტს აინტერესებს ინფორმაცია ქართული ღვინის შესახებ და ამ ადამიანებს სწორი პასუხები რომ გავცე, ინტერნეტის გამოყენება მიწევს. ამ მხრივ ძალიან მადგება ღვინის კლუბის ვებ-გვერდი, სადაც ბევრი რამ გავიგე ქართული ღვინის შესახებ. თუმცა, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. ახლა, ამ ფესტივალზე კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობის” მიერ წარმოებული “როზე” გავსინჯე, ძალიან მომეწონა და გადაწვეტილი მაქვს, უცხოელ სტუმრებს ეს ღვინო შევთავაზო. ასევე ძალიან მომეწონა ღვინო სახელწოდებით “ნიკას ღვინო”, რომელიც სამწუხაროდ თურმე ძალიან მცირე რაოდენობით იწარმოება.”
ღვინო და განათლება
საქართველოში ბოლო დროს მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების გამო, ზოგიერთი ადამიანი ფიქრობდა, რომ თბილისობაზე გამართული ღვინის ფესტივალით არც ისე ბევრი ადამიანი დაინტერესდებოდა. თუმცა, ფესტივალმა ამ მხრივაც გადააჭარბა მოლოდინებს. როგორც სხვადასხვა ღვინის კომპანიების წარმომადგენლები (ანუ ის ხალხი, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ სტუმრებთან) ამბობენ, 7 ოქტომბერს გამართულ ფესტივალში დაახლოებით 8-10 ათასმა სტუმარმა მიიღო მონაწილეობა. ეს მაშინ, როდესაც ფესტივალი ოფიციალურად დღის 11 საათზე დაიწყო და მხოლოდ 7 საათი გაგრძელდა. მაგალითად, პარალელი იგივე “ახალი ღვინის ფესტივალთან” რომ გავავლოთ, უკანასკნელ “ახალი ღვინის ფესტივალს” დაახლოებით 15 ათასამდე ადამიანი დაესწრო, თუმცა ფესტივალის მასშტაბებიცა და ღვინის რაოდენობაც ბევრად უფრო შთამბეჭდავი იყო. როგორც ღვინის კლუბის პრეზიდენტი და ღვინის ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მალხაზ ხარბედია ამბობს, ღვინის ფესტივალებით ასეთი დიდი დაინტერესება მოწმობს იმაზე, რომ საქართველოში ღვინის შესახებ ცოდნა განუხრელად იზრდება.
მალხაზ ხარბედია, ღვინის კლუბის პრეზიდენტი: “როგორც ყველა ღვინის ფესტივალი, თბილისობა 2012-ის ფარგლებში გამართული ღონისძიებაც, უპირველეს ყოვლისა მოსახლეობაში ღვინოსთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლებას ემსახურება. ჩვენი კლუბის მიზანია, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი დავაინტერესოთ ქართული ღვინით და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს როგორი და რა ხარისხის ღვინოები იწარმოება ჩვენს ქვეყანაში. როგორც სხვა ფესტივალებზე, წელსაც ახალგაზრდების დიდი სიმრავლე იყო. ზოგიერთ ადამიანს უკვე სახეზეც ვცნობ და მიხარია, რომ ეს ხალხი თანდათან ღვინის არამხოლოდ მოყვარულებად, არამედ ღვინის მცოდნეებადაც ყალიბდებიან. როგორც იცით, ღვინის კლუბმა წელს უკვე მრავალ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ჩვენ გვქონდა არაერთი დეგუსტაცია და სემინარი. სიხარულით უნდა ვთქვა, რომ ახლა სულ სხვა სიტუაციაა თუნდაც 3 წლის წინანდელისგან განსხვავებით. 3 წლის წინ, როდესაც ღვინის კლუბი დავაარსეთ, ბევრ ჩემს მეგობარს ამგვარი ფესტივალების გამართვა წარმოუდგენლადაც კი ესახებოდა. თუმცა, გამოჩნდა, რომ საქართველოში ღვინო ძალზე მრავალფეროვანი გახდა და თვე იოსე არ გავა, რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ გამოჩნდეს ქართულ ბაზარზე”.
“ხვანჭკარისტები” და “საფერავისტები”
ფესტივალზე საზოგადოებისათვის უკვე კარგად ცნობილ ღვინის კომპანიებთან ერთად, შედარებით ახალბედა მეღვინეებმაც მიიღეს მონაწილეობა. სტუმრების განსაკუთრებული მოწონება და დაინტერესება დაიმსახურა ირაკლი სარდანაშვილის მიერ სოფელ ხვაჭკარადან ჩამოტანილმა რაჭულმა “ხვანჭკარამ.” მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი და მისი მეგობრები ამ ღვინოს ჯერ ბოთლში არ ასხამენ, მათთვის ფესტივალში მონაწილეობა იმდენად დიდი სტიმული გახდა, რომ ღვინის ბოთლში ჩამოსხმაზეც შეიძლება დაიწყონ ფიქრი.
ირაკლი სარდანაშვილი: “ჩვენ ადრეც მივიღეთ ღვინის ფესტივალში მონაწილეობა და თანდათან ვრწმუნდები, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგვიწევს სხვა ეტაპზე გადასვლა. ჩვენ ლიტრა “ხვანჭკარას” 15 ლარად ვყიდით, მაგრამ ახლა გადავწყვიტეთ, ფესტივალზე ღვინო არ გაგვეყიდა. ქვევრის “ხვანჭკარა” ქართულ ღვინის ბაზარზე არც ისე ბევრია და ვისაც ეს ღვინო უყვარს, ყველამ იცის, რომ ქვევრის “ხვანჭკარა” მართლა განსაკუთრებული რამაა. როგორც რაჭველს, ძალიან გამიხარდა, რომ დღეს ბევრი ადამიანი გავიცანი, რომლებიც იცნობენ და პატივს სცემენ რაჭულ ღვინოს. მართალია რაჭული მეღვინეობა თუნდაც წარმოებული ღვინის რაოდენობის მხრივ ვერასოდეს გაუთანაბრდება კახეთს ან ქართლს, მაგრამ ჩვენს ღვინოზე მოთხოვნილება იზრდება და მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში არ დარჩება ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ექნება “ხვანჭკარა” გასინჯული.”
ფესტივალზე მყოფი ღვინის კომპანიების წარმომადგენლებისთვის, საკმაოდ სასიამოვნო სიურპრიზი იყო ის, რომ მომხმარებლებმა ღონისძიების დაწყებისთანავე ღვინის არამხოლოდ დაგემოვნება, არამედ შეძენაც დაიწყეს. შუადღის 13 საათისათვის, თითქმის ყველა ღვინის კომპანიის კარავთან, დიდი რიგი იდგა და ღვინის ბოთლებით ხელდამშვენებულ მრავალ ადამიანსაც ნახავდით. ფესტივალზე გავიცანით ადამიანები, რომლებსაც უკვე კარგა ხანია გაკეთებული ჰქონდათ საკუთარი არჩევანი და უკვე წინასწარ იცოდნენ რომელი ღვინის შესაძენად მივიდნენ ფესტივალზე. უნდა აღინიშნოს, რომ ღვინის მოყვარულთა უმეტესობა მაინც წითელ მშრალ ღვინოს ანიჭებდა უპირატესობას, რაც ღვინის კომპანიებმაც დაგვიდასტურეს.
თბილისელი შოთა ჯიბლაძე ღვინის ფესტივალზე მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან ვაჟიშვილთან ერთად იყო მისული.
შოთა ჯიბლაძე, 43 წლის, ყოფილი სპორტსმენი: “უკვე სამი წელიწადია, ყოველთვის კომპანია “შუმის” საფერავს ვყიდულობ და ახლაც არ შემიცვლია გადაწყვეტილება. ფესტივალზე ძალიან ბევრი შესანიშნავი ღვინო დავლიე, მაგრამ არჩევანი იმდენად დიდია, რომ მილიონერიც რომ იყო, ალბათ მაინც ვერ შეძლებ ყველა სასურველი ღვინის შეძენას. ჩემს ბიჭებსაც დავაწრუპინე ცოტა ღვინო, მაგრამ როგორც ხედავთ სულ ზედ გადაისხეს. თუმცა დღეს ისეთი კარგი დღეა, ამის გამო, ბიჭებს არ გავუბრაზდები. ახლა ერთ საათში ჩემთან სახლში მეგობარი უნდა მეწვიოს და მინდა რომ სწორედ აქ შეძენილი “შუმის” ღვინით გავუმასპინძლდე.”
მტევნებით შექმნილი ისტორია
“ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულმა ცენტრმა” ღვინის მოყვარულები ამჯერადაც ახალი და სანტერესო ნოვაციით გააკვირვა. როგორც იცით, ეს ცენტრი, პროფესორ ლევან უჯმაჯურიძის ხელმძღვანელობით, კარგა ხანია ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების მოძიება-შენარჩუნებას ეწევა. ბოლო ორი წელია, “ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულმა ცენტრმა” ქართული და ევროპული ვაზის ჯიშებისაგან დაწურული საინტერესო ღვინეობიც წარუდგინა საზოგადოებას. თბილისობა 2012-ზე კი, ცენტრის მიერ, ღვინოებთან ერთად, სხვადასხვა ქართული ვაზის ჯიშის ყურძნის მტევნებიც იყო გამოფენილი. თამარის ვაზის, მგალობლიშვილის, ვარდისფერი რქაწითელის, დანახარულის და სხვა ჯიშის ყურძნის მტევნებმა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დამთვალიერებლების დიდი ინტერესი გამოიწვია. რამდენიმე ვაზის ნიმუში ზოგიერთ ქართველ მეღვინესაც კი არ ჰქონდა ნანახი და ამის გამო, მთელი დღის მანძილზე, ლევან უჯმაჯურიძეს და მის მეგობრებს, მრავალი ადამიანის ინტერესის დაკმაყოფილება მოუხდათ.
ივან დენისოვი, სტუმარი რუსეთიდან: “ვუყურებ ყურძნის ამ ულამაზეს მტევნებს და თვალწინ მიდგას მთელი საქართველო. თქვენმა ქვეყანამ შეძლო ამ მშვენიერი ჯიშების შენარჩუნება. როგორც აქ მითხრეს, ყურძნის ჯიში “თამარის ვაზი”, თურმე დიდი ქართველი მეფის - თამარის სახელს უკავშირდება. თამარის მეფობიდან მრავალი საუკუნე გავიდა, მაგრამ ეს ჯიში დღემდე არსებობს. მე ამას “ისტორიის სასწაულს” დავარქმევდი. თქვენი ქვეყნის ახალ მთავრობაში უთქვამთ, რომ რუსეთის მთავრობასთან ქართული ღვინის გატანასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების დაწყებას აპირებენ. მერწმუნეთ, ყველა რუსი ბედნიერი იქნება თუკი მშვენიერი ქართული ღვინო ისევ დაბრუნდება. რუსეთში ბევრია ჩემნაირი ადამიანი, რომლებსაც პოლიტიკა არ აინტერესებთ. ჩვენ უნდა გვქონდეს კარგი ქართული ღვინის შეძენის საშუალება. მამაჩემის და პაპაჩემის თაობა ხომ სწორედ ქართულ ღვინოზეა გაზრდილი.”
ბოლო წლების მანძილზე ბევრს კამათობენ იმაზე, თუ რამდენად სწორი და გამართლებულია თბილისობის დღესასწაულის იმ ფორმით აღნიშვნა, როგორი ფორმითაც ეს დღესაწაული ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დამკვიდრდა. თუმცა, ალბათ ისიც ფაქტია, რომ შემოდგომის თბილისს კარგი ღვინო და ღვინით გალაღებული ადამიანები ყველაზე მეტად უხდება. თბილისი ხომ ღვინის სამშობლოს დედაქალაქია!
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი