Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იაგო ბიტარიშვილი: "ყველაფერი ბუნებრივი სჯობია!"

ქართლელი მეღვინის ამბავი, რომლის ღვინომაც ოკეანე გადასერა

ლევან სეფისკვერაძე

ჭაჭაზე ექვსი თვის მანძილზე დაყოვნებული ქართლის, ჩინურის ჯიშიდან დაყენებული ღვინო. ეს ანომალია არ არის, ეს რეალობაა! დღეს ქართველი მეღვინეებიდან ერთად-ერთი ადამიანი, მეღვინე იაგო ბიტარიშვილია, ვინც ასეთ ღვინოს აყენებს. მისმა «ჩარდახმა» (იგივე «იაგოს ღვინო») დღეს დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დიდი წარმატება მოიპოვა.

მსხვერპლად შეწირული «ჟიგული»

2011 წლის იანვარში, იაგო ბიტარიშვილის ღვინის საცდელი პარტია ჰოლანდიაში წაიღეს, ამის შემდეგ ეს ღვინო ერთ-ერთმა ცნობილმა ევროპელმა მეცენატმა, ლაუს ჯილმა საკუთარი მოხმარებისათვის შეიძინა. სულ ცოტა ხნის წინ კი, იზაბელ ლეჟერონის ცნობილი ფილმის -»შერეკილი ფრანგი ქალი საქართველოში» პრეზენტაციაზე, «ქართველების ამერიკელმა სიძემ», მეღვინე ჯონი უორდემანმა გაიცნო ამერიკელი და ევროპელი ღვინის რეალიზატორები და საქართველოშიც დაპატიჟა. როდესაც უცხოელები ჩამოვიდნენ, ერთ-ერთი ამერიკელი ღვინის ექსპერტი, დარელ კორტი, ღვინის ჟურნალისტებთან და ღვინის სხვა სპეციალისტებთან ერთად, ჩარდახშიც (სოფელში სადაც იაგო ბიტარიშვილს მარანი აქვს მოწყობილი და ვენახები აქვს გაშენებული) მიიყვანეს, რომელსაც იაგო ბიტარიშვილის ქვევრის ღვინო იმდენად მოეწონა, რომ ერთი სავსე (ორ ტონიანი) ქვევრი ადგილზევე შეიძინა და ღვინის ავტორს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ოფიციალური შეთანხმება დაუდო.

იაგოს ღვინო ამერიკაში გასატანად ასევე შეიძინა ამერიკელმა ღვინის რეალიზატორმა, კრის ტეილორმა. ამჟამად შარშანდელი, ანუ 2010 წლის მოსავლის ღვინო იაგო ბიტარიშვილს თითქმის მთლიანად გაყიდული აქვს (დაახლოებით 3 ათასი ბოთლი ძირითადად დასავლეთ ევროპაში და ამერიკაში იყიდება) და ახლა ესტაფეტა წლევანდელ ღვინოს უნდა გადაეცეს, რომელზეც ქართლელი მეღვინე დიდ იმედებს ამყარებს.

«როცა მეკითხებიან ხოლმე, რა პროფესიის ხარო და მეღვინე არა მეთქი, რომ ვეუბნები, რატომღაც ჰგონიათ, რომ აუცილებლად მეღვინეობის კურსები უნდა მქონდეს დამთავრებული. საქართველოში, როგორც ბევრ სფეროში, მეღვინეობაშიც სხვა წესები მოქმედებს. საქართველოში ხომ თითქმის ყველა კაცი მეღვინეა. აი ახლა მაგალითად რთველი ახალი გასულია და თბილისში რომ გაივლი სულ ღვინოზე და ყურძენზეა საუბარი. ერთად-ერთი სიახლე რაც მე შემეძლო გამეკეთებინა, ეს არის ის, რომ ეკოლოგიურ მეღვინეობას მივყოლოდი. 2000 წელს, როდესაც მეღვინეობა გადავწყვიტე, ამ საქმეს რასაკვირველია გარკვეული ინვესტიცია სჭირდებოდა. მაშინ არც ბანკიდან სესხების გამოტანა იყო შესაძლებელი და ფულის შოვნა საკმაოდ ჭირდა. ამიტომ, მამაჩემის ხელში გამოვლილი წითელი ფერის ძველი «ჟიგულის» გაყიდვა მომიწია, რათა საქმის დაწყებისათვის ცოტა ფული მქონოდა.

მოგვიანებით, ვნახე კაცი, რომელსაც შეეძლო იტალიიდან ჩამოეტანა მეღვინეობისათვის საჭირო დანადგარები: სახუფი, ფილტრი და ა.შ.. ეს კაცი იყო მაშინ «ფერარის» ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც ჩემთვის იყო ერთადერთი ადამიანი, რომლის დახმარებითაც საჭირო დანადგარების შოვნა შეიძლებიოდა. არ შემიძლია არ ავღნიშნო ბატონი ვაჟა ულარჯიშვილის ღვაწლი ჩემს ამ გზაზე დაყენებაში. ეს არის კაცი, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. იმ პერიოდში ვაჟას და მის მეგობრებს ახალი დაწყებული ჰქონდათ ღვინის სპეციალიზებული მაღაზია «ღვინის სამყაროს» შექმნა და ასევე მეღვინეობაც. ჩვენ ბევრი საუბარი გვქონდა ღვინოზე და სწორედ ბატონმა ვაჟამ გამიღვივა განსაკუთრებული ინტერესი ამ საქმიადმი. არც ერთი სიტყვა არ დასცდენია იმაზე, რომ მეღვინეობა რთულია, ყველას ვერ გამოუვა და სხვა... პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ მაქეზებდა და მიბიძგებდა, რომ რისკი გამეწია.

როდესაც ვაჟა ულარჯიშვილი წავიყვანე სოფელ ჩარდახში და ჩემი პატარა საკუჭნაო ვაჩვენე, რომელიც მაშინ არანაირად არ ჰგავდა მარანს, მას თავისუფლად შეეძლო ეთქვა, რომ იქ ღვინის შენახვა უბრალოდ სასაცილო იქნებოდა. მაგრამ დამიჯდა, ამიხსნა, მირჩია და ასე წაქეზებული, მეც თანდათან მივედი პირველი ღვინის ჩამოსხმამდე. შემდეგ სხვა მეღვინეები გავიცანი, გამიჩნდა გარკვეული ცოდნა, მივხვდი ექსპერიმენტების «მუღამს» და დამოუკიდებლად შევძელი რაც შევძელი». - ამბობს იაგო ბიტარიშვილი, რომელიც დღეს ქართველ მეღვინეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიურ ადამიანად ითვლება. იაგო ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებული (რომელიც ყოველი წლის მაისის მეორე შაბათს იმართება) «ახალი ღვინის ფესტივალის» დირექტორიც არის. P

მთავარია გჯეროდეს!

«ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ თუკი კაცი «ბიო» ღვინოს» აყენებს, ამის მიზანი მხოლოდ ისაა, რომ ასეთ ღვინოს ადვილად გაყიდის. სინამდვილეში «ბიო» ღვინო უფრო მეტად ემსახურება ცნობიერების შეცვლას. ანუ, შენ უნდა გჯეროდეს, რომ ბიოლოგიურად სუფთა ყურძენი უმჯობესია, ორგანული სასუქით და ბალახებით მიწის განოყიერება უკეთეს შედეგს იძლევა, ნატურალური ღვინო უფრო საინტერესო და სასარგებლოა. სხვაგვარად არაფერი გამოვა. როცა ამ ყველაფრის გჯერა, და დარწმუნებული ხარ, შეიძლება ითქვას, რომ მთავარი საქმე გაკეთებულია!»

იაგო ბიტარიშვილის მეღვინედ ჩამოყალიბებაში ასევე დიდი როლი შეასრულა სხვათა გამოცდილების გათვალისწინებამ და მისმა კოლეგებმა. მანამდე კი იყო პერიოდი, როდესაც იაგო ბიტარიშვილის ცხოვრებაში ასოციაცია «ელკანა» გამოჩნდა.

«1998 წელს, შემთხვევით გადავშალე ერთ-ერთი ქართული გაზეთი, სადაც წავიკითხე განცხადება, რომელიც იუწყებოდა ასოციაცია «ელკანას» საქმიანობის შესახებ. ძალიან დამაინტერესა ამ ორგანიზაციის მიდგომებმა ნატურალურ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებთან დაკავშირებით. მივედი მათთან, გავიარე კონკურსი, შემარჩიეს როგორც საინტერესო მეღვინე და «ელკანაშიც» საკმაოდ ბევრი რამე ვისწავლე. ღვინოსთან დაკავშირებული ლიტერატურაც თანდათან მეტი და მეტი ჩამივარდა ხელში. ვცდილობდი სხვა მეღვინეებისათვისაც მომესმინა და ერთ დღესაც აღმოჩნდა, რომ მეღვინეობა ჩემი მთავარი სამსახური და მთავარი საქმე გახდა. ამის შემდეგ, მე უკვე სხვა ადამიანებს ვარწმუნებდი ვენახისა და ღვინის სწორად მოვლის აუცილებლობაში და სპეციალობით ინჟინერ-მექანიკოსი კაცი, როგორც ჩვენთან ღვინის კლუბში ვხუმრობთ ხოლმე - «ღვინის სექტანტი» გავხდი. «სექტანტი», რომელსაც ღრმად სწამს, რომ მისი საქმე სწორია».

იაგო ბიტარიშვილის მეუღლე, ქმრის ძალიან დიდი გულშემატკივარია მეღვინეობის საქმეში. იაგო სამი ბიჭის მამაა. როგორც ქართლელი მეღვინე ამბობს, განსაკუთრებით ის უხარია, რომ მისი შვილები ღვინის დაყენებაში და ვენახის მოვლაში უკვე ეხმარებიან და ღვინოებსაც მეტ-ნაკლებად ანსხვავებენ. მისი შვილებიდან ღვინისადმი განსაკუთრებულ ინტერესს უმცროსი, შვიდი წლის გიორგი იჩენს, რომელიც უკვე ასხვავებს ჭაჭაზე და უკლერტოდ დადუღებულ ღვინოებს და განსაკუთრებულად მოსწონს, როდესაც ქვევრის მოვლაში იღებს მონაწილეობას.

«ჩემი მთავარი მიზანი ისაა, რომ შვილებს დავუტოვო საქმე, რომელსაც შემდეგ თვითონაც გააგრძელებენ და იმედია, რომ ჩემზე კარგი მეღვინეებიც იქნებიან. ჩემი შვილები ჯერ პატარები არიან და რასაკვირველია ღვინოს არ ვასმევ, თუმცა ღვინის გასინჯვას და ინტერესს, ბუნებრივია არ ვუკრძალავ. რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთმა გერმანელმა სპეციალისტმა ძალიან საინტერესო რამ მითხრა ღვინოსა და ბავშვებთან დაკავშირებით. თურმე, როდესაც ბავშვი იბადება, მისი გემური რეცეპტორები არის ყველაზე მეტი და მგრძნობიარე. ადამიანი რაც უფრო იზრდება, თანდათან უფრო მეტად უქვეითდება ეს რეცეპტორები. თუკი ოჯახში რაიმე სუნი დგას, პირველად მას შეიგრძნობს ბავშვი. და საერთოდ, ადამიანს ყველაზე მეტად ბავშვობაში აღქმული სუნი ამახსოვრდება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბავშვები ღვინის სუნისა და არომატის ყველაზე კარგი შემფასებლები არიან, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბავშვისათვის ღვინის დალევინება სწორად არ მიმაჩნია».

პაპის გზაზე დადმდგარი

ცნობილი ამბავია, რომ საქართველოში კაცს თუ გინდა აწყენინო, მისი დაყენებული ღვინო უნდა დაუწუნო. ჩვენთან ყველა მეღვინეს თავისი ღვინო განსაკუთრებულად უყვარს, რაც უცნაური და გასაკვირი ნამდვილად არ არის. მათ შორის იყო და არის იაგო ბიტარიშვილიც, რომელსაც ყოველთვის სურდა, რომ გამორჩეული და განსაკუთრებული ღვინო დაეყენებინა და ამას ხშირად აღწევდა კიდეც.

2006 წელს საქართველოში ჩამოვიდა ცნობილი იტალიელი ღვინის სპეციალისტი, ლუკა გარგანო. მას ჩამოჰყვა თავისი დეგუსტატორი. იტალიელები სოფელ ჩარდახსაც ესტუმრნენ და იაგოს ღვინოც გასინჯეს. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი იაგო ბიტარიშვილის ღვინის წარმატების საქმეში, რადგან ლუკა გარგანომ აარჩია სამი ქართველი მეღვინე, რომელთა ღვინოებიც შეიძინა და ევროპაში გაიტანა. ამ სამ მეღვინეს შორის კი, იაგო ბიტარიშვილიც მოხვდა. 2006 წელის შემდეგ, იაგოს ღვინო ყოველწლიურად სტაბილურად მიდის იტალიაში და ეს საკმაოდ დიდი წარმატებაა, რადგან ისეთ დიდ ღვინის ქვეყანაში, როგორიც იტალიაა, საკუთარი ადგილის პოვნა არცთუ ადვილი საქმეა.

«შეიძლება ითქვას, რომ ლუკა გარგანოს საქართველოში ჩამოსვლით ძალიან გაგვიმართლა, რადგან ეს ადამიანი არამხოლოდ ყიდის ღვინოს, არამედ ქართული ღვინის პროპაგანდისათვის ძალიან დიდ სამუშაოს სწევს. როგორც იცით, ლუკა გარგანოს ჰყავს ძმა პაოლო, რომელიც ძმასთან ერთად ამავე საქმეშია ჩაბმული. ლუკა საქართველოში ახლა უფრო ხშირად ჩამოდის ხოლმე. ერთხელ ჩამოყვანილი ჰყავდა ერთ-ერთი იტალიური ცნობილი რესტორნის მეპატრონე, რომელიც ღვინოში ძალიან კარგად ერკვევა. იმ კაცმა მითხრა, რომ ჩემი ღვინო მის რესტორანშიც იყიდებოდა და «იაგოს ღვინო» პირადად მას ძალიან მოსწონდა. არ დაგიმალავთ, და ეს ამბავი დღესაც როცა მახსენდება და ძალიან მიხარია. განსაკუთრებით კი იმ დროს მახსენდება, როდესაც გარკვეული პრობლემები მიჩნდება. ჩემთვის, ღვინის წარმატება ყველაზე დიდი სტიმულია» - ამბობს იაგო ბიტარიშვილი და იქვე დასძენს, რომ ღვინის ხარისხის საუკეთესო შემფასებელი მაინც რიგითი მომხმარებლები და კლიენტები არიან. მისი აზრით, მეღვინემ პირველ რიგში, კრიტიკული მომხმარებლის შენიშვნები და სურვილები უნდა გაითვალისწინოს.

«ჩემი ღვინო რამდენად საუკეთესოა, მოდით ეს მომხმარებელმა განსაჯოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ღვინო «ჩარდახი» განსხვავებული ნამდვილად არის. დღეს ბაზარზე იმდენი ღვინოა, რომ თუ მომხმარებელს განსხავვებული არ შესთავაზე, ძალიან ძნელია, რომ სხვაგვარად ვინმე დააინტერესო. მით უმეტეს, რომ ევროპისა და ამერიკის ბაზარზეა საუბარი. შემიძლია საიმაყით ვთქვა, რომ ბაზარზე ჩემი ღვინის გარდა, ქვევრის ჩინურს ვერსად ნახავთ. მით უმეტეს, ქვევრის ისეთ ჩინურს, რომელიც 6 თვე ჭაჭაზეა გაჩერებული. ღვინის ჭაჭაზე გაჩერების მეთოდს მე კახურ მეთოდს კი არა, ზოგადად ქართულ მეთოდს ვეძახი.

როდესაც ღვინის ამ მეთოდით დაყენება დავიწყე, ძალიან ბევრი მისვამდა კითხვას, თუ რატომ გადავწყვიტე ყურძნის ქართლის ჯიშის - ჩინურის ჭაჭაზე დაყენება. მე ვპასუხობდი, რომ უბრალოდ ასე მიმაჩნდა საჭიროდ. ამასწინათ კი, შემთხვევით შემხვდა ჩემი ნათესავი, რომელიც პაპაჩემს კარგად იცნობდა. და მან მითხრა, რომ თურმე პაპაჩემი (დედის მამა) დათიკოც ასე აყენებდა ღვინოს. ეს ამბავი არ ვიცოდი და რომ გავიგე, რაღა დაგიმალოთ და კინაღამ ცრემლები წამომივიდა. თურმე პაპაჩემს მთელი სოფელი ჩასჩიჩინებდა: «ჭაჭაზე ღვინოს რატომ აყენებ, ეგრე არაფერი გამოგივაო». პაპაჩემი კი მაინც ჯიუტად აკეთებდა თავისას. არადა ეს ყველაფერი მე მხოლოდ ახლა გავიგე. ამ ამბის შემდეგ, უფრო დავრწმუნდი ჩემი არჩევანის სისწორეში. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემი ამ საქმიანობით პაპაჩემის წინაშეც ვიხდი ვალს».

იაგო ბიტარიშვილი მიიჩნევს, რომ ქართული ქვევრის ღვინოს დიდი წარმატებები ჯერ კიდევ წინ აქვს და მომავალი სწორედ ქვევრის ნატურალურ ღვინოს ეკუთვნის. მისი აზრით, განსხვავებული ღვინო ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება მსოფლიოს. ქართველებს კი სწორედ განსხვავებული ღვინის შეთავაზება შეგვიძლია. იაგოს უმთავრესი დევიზი ასე ჟღრს: «ყველაფერი ბუნებრივი სჯობია!». ვიყოთ ბუნებრივები და გვჯეროდეს ბუნებრიობის!

© ღვინის კლუბი/Weekend



ganacval!!! magari xar iagojan!


გაიხარე :)


iago, mixaria rom carmatebuli xar! gilocav! imedia yvela kargad xart ojaxshi. mokitxva tqvenebs!


lali var shavelashvili


ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ამდენი წლის მერე აქ თუ შევხვდებოდით არ მეგონა :) ძალიან გამიხარდა დიდი მადლობა მიკითხვისათვის. ეს ჩემი მეილია chardakhi@gmail.com იქნებ მომწერო ამ მეილზე რომ შენი საკონტაქტო მქონდეს საფუძვლიანად მოგიკითხო მეც :)


იაგო, აი, ხომ ხედავ, რა შეუძლია vinoge.com-ს? :)))



lomis cili facebookisaa! :)


Gamarjobat, Pirvelad vnaxe tkveni saiti da moxibluli var sakartveloshi gvinis eseti profesionalebi da moyvarulebi rom arsebobt. Well done!!!


შეგიძლიათ დაწეროთ თავიდან ეს ტექნოლიგიები რამდენი დაგიჯდათ? ვგულისხმობ სახუფს და სხვ

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.