ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში 17 მაისს ღვინის გამოფენა ,,RAW Wine Shanghai” გაიმართა. გამოფენაზე მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები მონაწილეობდნენ. გამოფენის ორგანიზატორი კი ცნობილი ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეგერონი იყო.
აღნიშნულ გამოფენაზე მონაწილეობდნენ ქართველი მეღვინეებიც, კერძოდ, სამი ქართული მარანი: „იორა“, „მანავი ვაინსი“ და „ბაღდათი ისთეითი“. შესაბამისად, გამოფენაზე მისულ სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სფეროს წარმომადგენლებსა და მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ, რომ ქართული ღვინოები დაეგემოვნებინათ.
ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 1.12 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 78%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
მიმდინარე წელს ქართული საოჯახო მარნები ასევე მონაწილეობდნენ RAW Wine-ის გამოფენებზე პარიზში, ვერონაში და ტოკიოში.
გამოფენის შესახებ გვესაუბრნენ ქართველი მეღვინეები:
გიორგი აივაზიანი - მანავი ვაინსი:
გამოფენა ჩატარდა 17 მაისს, სადაც მონაწილეობა მიღო 100-ზე მეტ მარანმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველოდან წარმოდგენილი იყო 3 მარანი: მანავი ვაინს, იორა და ბაღდათი ესთეითი. ვიზიტორი საკმაოდ ბევრი იყო. გასაკვირად დიდმა ნაწილმა იცოდა საქართველო, ნაწილი უკვე ნამყოფი იყო, ხოლო ნაწილი გეგმავდა საწართველოში ჩამოსვლას ტურისტულად. ღვინო წამყვანი ალკოჰოლური სასმელი არაა და მისი არც თუ ისე დიდი მოხმარება მაინც უფრო პოპულარურ ქვეყნებზე მოდის. ქართული ღვინო ბევრს არ ჰქონდა საერთოდ გასინჯული, მაგრამ ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ჩვენი ღვინოები სხვებს არ ჰგავს. ზოგადად, ღვინის კულტურის შექმნის საწყის ეტაპზე მყოფი ქვეყნებისთვის ცოტა რთულია კომპლექსური ქარვისფერი ქარული ღვინოები. მომხმარებელი უნდა “გაიზარდოს”, რომ დააფასოს ეს სტილისტიკა. ამდემად, მეტი მუშაობაა საჭირო ქართული ღვინის სწორ პოზიციონირებაში, რომ ინტერესი და შესაბამისად მოთხოვნაც გაიზარდოს. ბაზარი დიდია, ხალხის განწყობა ძალიან პოზიტიური და თუ მიზანმიმართულად ვიმუშავებთ, შედეგიც არ დააყოვენებს.
კოტე თოფურია - მარანი იორა:
შანხაიში გამართული RAW Wine-ი ბუნებრივი ღვინის მწარმოებელთა გამოფენა იყო, რომელიც მსოფლიო მასშტაბით იმართება. სანამ ამ გამოფენაში მივიღებდით მონაწილეობას, მანამდე ვიყავით ვენაში, იაპონიაში და სხვა რამდენიმე ქვეყანაში. ამჯერად შანხაიში ვიმყოფებოდით, სადაც ჩვენთან ერთად ორი სხვა ქართული მარანიც მონაწილეობდა. გამოფენის მსვლელობისას ძალიან საინტერესო გამოხმაურებები მივიღეთ ზოგადად ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით და დიდი ინტერესი გამოიწვია ქართული მარნების მიერ წარმოდგენილმა ღვინოებმა. გამოფენაზე შევხვდით ღვინოში ძალიან გათვითცნობიერებულ ადამიანებს, გავცვალეთ კონტაქტები და ველოდებით შემდგომ გამოხმაურებებს, როგორ გაგრძელდება ჩვენი უერთიერთობები. ზოგადად, ასეთი ფესტივალები და შეკრებები აუცილებელია როგორც ჩვენი ღვინის პოპულარიზაციისთვის, ასევე სხვისი გამოცდილების გაცნობისთვის, რომელიც ბუნებრივი ღვინისა და ზოგადად ღვინის წარმოებაში აქვთ. ჩვენს მარანს გამოფენაზე ჰქონდა წარდგენილი რქაწითელი, ქისის რქაწითელი, საფერავი, რქაწითელი-ბუერას ცქრიალა ღვინო და როზეს ცქრიალა ღვინო.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი