Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გასული 2011 წელი ქართულ მეღვინეობაში

გიორგი ბარისაშვილი

მოდით მოკლედ გადავავლოთ თვალი იმას, თუ რა ხდებოდა განვლილ წელს ქართული ვაზისა და ღვინის სამყაროში. სანამ საკითხს ასე თუ ისე შევეხებოდეთ, გავიხსენებ ჟურნალ „ნიანგში“, ამ 25–30 წლის წინათ დაბეჭდილ ერთ მოკლე ხუმრობას, სადაც ქართული ჩაის მესვეურებმა ამ უკანასკნელის ხარისხის ვითომდა ასამაღლებლად, ჩაის პლანტაციებში ინდური პალმები დარგეს... ეს სიტუაცია კი თავის მხრის ძალიან წააგავს ქართული ღვინის ქარხნებში უცხოელი „მაღალპროფესიონალების“ ჩამოყვანას ღვინის ხარისხის ასამაღლებლად, მაგრამ საბოლოო სურათი ცოტა სხვა ხასიათისაა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ ქარხნის მეპატრონეების კეთილი ნებაა და სხვისი არავისი. და ალბათ კეთილ ნებასთან ერთად ის უიმედო იმედიც – იქნებ ამათ მაინც გვიშველონ რამეო, მაგრამ ინდური პალმებისა არ იყოს, ვერ იქნა და ვერ უშველა ქართული ღვინის ხარისხს ვერც უცხოელი სპეციალისტების მოწვევამ და ვერც “შატო–კატოს” დარქმევამ. როგორც ეს ერთ ქართულ სიმღერაშია ნათქვამი, „კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცეო“, ამ შემთხვევაში ქართული ღვინო იყოს ხარისხიანი და ქარხანას რაც გნებავთ ის ერქვას.

ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ რუსული ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინის ხარისხი საგრძნობლად გაიზარდაო. ეს სიტყვები ქართულ მეღვინეობაში მოტრიალე ნიჭიერსა თუ უნიჭოს, ესმის თუ არა საგანი,ყველას პირზე აკერია. როგორია რეალური სურათი? მართლა გაიზარდა და ამაღლდა ქართული ღვინის ხარისხი ემბარგოდან მოყოლებული? ვფიქრობთ, რომ საქმე ცოტა სხვაგვარადაა. სინამდვილეში ქართველი მეღვინეების უმეტესობა რიგი პრობლემების პირისპირ აღმოჩნდა, რადგან, როგორც გაირკვა, მათ შესანიშნავად იცოდნენ ყურძნის მიღება, გადამუშავება, ფალსიფიკაცია, ჩამოსხმა და რუსეთში გაგზავნა, მაგრამ ემბარგოდან გამოირკვა, რომ მათ არ იცოდნენ ღვინის შენახვა, რადგან ეს მათ გეგმაში სულაც არ ჯდებოდა და სხვ. თუკი მეღვინეს დროებით ხელები შეებორკა ფალსიფიკაციისაგან, ეს სულაც არ ნიშნავს პრობლემის გადაჭრას, მაგრამ მოდით დავუბრუნდეთ 2011 წელსა და მის ავკარგს.

იმ ქიმიური პრეპარატებით გაჯერებული ვითომღვინოების გვერდით, რომლებისთვისაც უფრო მართებული იქნებოდა პირდაპირ „მენდელეევის ტაბულა“ დაერქმიათ, გამოჩნდნენ ქვევრში, ქართული ადათით დაყენებული შესანიშნავი ღვინოებიც. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ 2011 წელს, ქვევრში ღვინის დაყენების აღორძინების საქმეში დიდი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, ჩატარდა ქვევრის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელსაც ალავერდის მონასტერმა უმასპინძლა. მართალია ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ თუ პირველი ნაბიჯი არ გადაიდგმება, ისე საქმეც არ დაიძრება და აღნიშნული ღონისძიებაც არა მხოლოდ პირველ ნაბიჯად, არამედ, სწორედ რომ საფუძვლად უნდა ჩაითვალოს, რომელიც თავისი შინაარსით, ზოგიერთ საკითხშიაღემატებოდა კიდეც 2010 წელს საქართველოში ჩატარებულღვინისმსოფლიო კონგრესს. მართალია ქვევრის სიმპოზიუმზე დამსწრეთა შორის აღმოჩნდნენ ქართული ქვევრისა და ქვევრის ღვინის არაკეთილმოსურნე ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომლის რუპორს წარმოადგენდა დელეგატი – ეკჰარდ ზუპი, რომელიც, როგორც მის მიერ შეთხზული წერილიდან ირკვევა, საქმის ვერაფერი მცოდნე აღმოჩნდა. მაგრამ უმთავრესი ალბათ ის არის, რომ მისი შენათხზავი, პირველყოვლისა ალბათ უნდა ჩითვალოს პირველი დიდი დარტყმის წინაპირობად.

გასულ წელს ქართული მეღვინეობის სფეროში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ის მოხდა, რომ ჩვენ, როგორც იქნა გავაცნობიერეთ ქართული ქვევრის ფენომენი და დავიწყეთ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა. ზოგიერთ ღვინის ქარხანაში დაიწყეს მარნების მშენებლობა, რაც მისასალმებელია, თუმცა ქვევრის ღვინო და ცისტერნის ღვინო,ეს, ორი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული საგანია და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ისმის კითხვა, მოახერხებენ კი ღვინის ქარხნები მიაღწიონ ქვევრის ღვინის შესაბამის ხარისხს? და ხომ არ იმოქმედებს ეს ყოველივე ზოგადად ქართული ქვევრის ღვინის რეპუტაციაზე? მექვევრეობა და ქვევრში ღვინის დაყენება უპირველესად შინამრეწველობის დარგებია და მათმა ქარხნულმა მიმართულებამ და მასობრივად წარმოებამ შესაძლოა ღვინისა თუ ქვევრის ხარისხი დასცეს. ზოგადად კი ქართული მეღვინეობა თავის ისტორიულ გეზს ასცდა. თუმცა ეს მოვლენა 2011 წელს არ მომხდარა და იგი ცოტა უფრო ადრე დაიწყო, მაგრამ გასული წელი, თავისი სირთულეებით თამამად შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი ისტორიული გეზის დაბრუნების დასაწყისად. ამის მცდელობა სხვა წლებშიც იყო, მაგრამ 2011 წელს ამ მიმართულებით ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ამ მოკლე ხანში საკმაოდ ბევრიც გაკეთდა. ჩვენ აქ იმის თქმა სულაც არ გვინდა, რომ საქართველოში ღვინო მხოლოდ ქვევრში უნდა დაყენდეს (თუმცა კი ამას დიდათ ვისურვებდი!), არამედ უნდა იყოს ქარხნული ღვინოც, მაგრამ არა ისეთი, რომელთა უმეტესობაც დღესაა, არამედ საუბარია პატიოსნად და ნამუსიანად დაყენებულ ღვინოზე. კიდევ ერთი საკითხია, თუ რა ცოდნა-გამოცდილებას ფლობენ, ერთი მხრივ ქარხნებისა და მარნების მეპატრონეები და მეორე მხრივ ზოგადად საქართველოს მოსახლეობა მევენახეობა–მეღვინეობის სფეროში, რითაც ნამდვილად ვერ დავიკვეხნით. ამ სფეროებში ისეთი დაბალი ცოდნის დონე, როგორიც ახლაა, თვით კომუნისტურ ბნელ პერიოდშიც კი არ ყოფილა...

კიდევ ერთი ახალი სენი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მევენახეობის სფეროს შეეყარა და რამაც განსაკუთრებით გასულ წელს იჩინა თავი, ესაა ქართული მევენახეობის სავალალო და გამოუვალი მდგომარეობა. მევენახეობის საქმე კატასტროფული სიჩქარით წავიდა უკან მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ დაიწყო ამ სფეროში ე.წ. დახმარებების გაცემა ვენახის მეპატრონეებისათვის ყურძნის ჩაბარების დროს. ეს მცდარი გადაწყვეტილებაა, და ამ საკითხის სხვაგვარად მოგვარებაა საჭირო. მოსახლეობა თავიანთ ვენახებს, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო მათ გარკვეულ გადასახადს უხდის (რომელსაც „სუფსიდიასაც“ ეძახიან),ისე უდიერად ექცევა, როგორც თავის დროზე შაჰაბასი თუ მისთანანი. მათ თავიანთი ვენახების იმგვარად გადატვირთვა და ჭარბი მინერალური სასუქებით გამოკვება თუ ზედმეტად მოწყვა დაიწყეს, რომ ვენახი ჩვეული მოსავლისაგან განსხვავებით არათუ ორჯერ, ხშირად სამჯერ მეტ მოსავალსაც კი იძლევა. მაგალითად, გასულ წელს, კახეთის ერთ–ერთ სოფელში 30 ტონაზე მეტი მოსავალი იქნა მოწეული ერთი ჰექტრიდან. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მავანს ქართულ მევენახეობაში შექმნილი რთული სიტუაცია ხელს აძლევს.

ორი სიტყვით შევეხოთ იმ მოვლენასაც, რასაც გასულ წელს, ბატონი მერაბ კოკოჩაშვილის მიერ გადაღებული ქართული ფილმი „ღვინის აკვანი“ წარმოადგენს. საქართველო, როგორც მევენახეობა–მეღვინეობის სფეროში გამოცემული ლიტერატურით, ისე ამავე სფეროში გადაღებული ფილმებით განებივრებული ნამდვილად არ არის და ამ მხრივ გადადგმული ყოველი გონიერი ნაბიჯი მისასალმებელია. პატივცემული რეჟისორის ხსენებული ფილმი უკვე შევიდა ქართულ ისტორიაში, მაგრამ სამწუხარო სწორედ ესაა! ნუთუ თუნდაც ერთი, დარგის ძირეულად მცოდნე კონსულტანტი არ აღმოჩნდა მის გვერდით ფილმის მომზადებისა და გადაღების განმავლობაში? აქ ვწყვეტთ ჩვენს კომენტარს და ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში შეიქმნება სერიოზული და სრულყოფილი ფილმი, რომელიც მსოფლიოს გააცნობს საქართველოს, როგორც ვაზისა და ღვინის კულტურის ქვეყანას.

ამრიგად,ჩაიარა გასულმა 2011–მა წელმა თავისი გამონათებებითა და ბნელი მხარეებით. და მაინც, რა არის ჩვენი, როგორც ვაზისა და ღვინის სამშობლოს მიზანი და ორიენტირი? საითკენ უნდა გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება და აქცენტი? ვფიქრობთ, ქართული მევენახეობა–მეღვინეობის პრიორიტეტი უნდა გახდეს უპირველესად ძველი ქართული ვაზის ჯიშების აღდგენა და რაც მთავარა მათი, არა მხოლოდ საკოლექციო–ამპელოგრაფიულ ნაკვეთებში გამომწყვდევა და დაპატიმრება, არამედ თავ–თავიანთ, შესაბამის კუთხეებში გამრავლება. დღეს საქართველოს ვენახები საფერავად, რქაწითლად და ცოლიკოურადაა ქცეული, რაც უამრავ მიზეზთა გამოისობით არაა მართებული. თუკი საქართველოს ვენახებში არ არის ვაზის ძველ ქართულ ჯიშთა მრავალფეროვნება, ეს იმის ბრალი სულაც არაა, რომ რქაწითელი, ცოლიკოური თუ სხვა, ყველა დანარჩენ ვაზის ჯიშებს ჯობია. ამ ყოველივეს, როგორც ითქვა თავისი მიზეზი აქვს, რომელიც გამოსწორებას საჭიროებს, თუმცა, საბედნიეროდ ეს პროცესი უკვე დაიწყო, რისთვისაც დიდი მადლობა ქართული ვაზის დამცველებსა და ქომაგებს.

ქართულ მევენახეობა–მეღვინეობას წინ წასწევს და განავითარებს რეგიონებში მცირე, ოჯახური მარნების აღორძინება, სადაც ღვინის დაყენება მოხდება მხოლოდ ადგილობრივი ვაზის ჯიშებისაგან. მაგალითად კახეთში, არც უცხოეთიდან შემოტანილ კაბერნეს, შარდონესა თუ სხვას, და არც თუნდაც ალექსანდროულსა და მუჯურეთულს არაფერი ესაქმებათ. კახური ჯიშებიდან დაყენებული ხარისხიანი ღვინო არაფრით ჩამოუვარდება უცხოური წარმოების ღვინოებს და ზემოთ ნახსენები ინდური პალმებისა არ იყოს, ამგვარი რამით ჩვენ მხოლოდ უკან თუ გადავდგავთ ნაბიჯს, რადგან, როდესაც არსებობს ფრანგული კაბერნე, მაშინ რა საჭიროა „კახური კაბერნე“? ან ალაზნის ველზე მოწეული ალექსანდროული და მუჯურეთული რა ბედენაა? ამ ყველაფერს, ზოგიერთების ისტორიაში შესვლის წყურვილის სუნი უფრო უდის, მაგრამ ისტორიაში შედიან, როგორც წაღმა ისე უკუღმა... ჩვენი ქვეყნის მეღვინეობის ორიენტირად ღვინის ქართული ჭურჭელი, ქვევრი უნდა იქცეს, რომელსაც ნამდვილად შესწევს ძალა ქართული ღვინის შელახული რეპუტაცია კვლავ მიიყვანოს და დააყენოს თავის ღირსეულ ადგილას. მექვევრეობა, როგორც შინამრეწველობის დარგი, დღეს ძალიან ცუდ დღეშია. მის აღორძინებაზე ზრუნვა თითოეული ჩვენთაგანის ვალია, მაგრამ ამას უპირველესად სახელმწიფომ უნდა მიხედოს. დღეს ქართულ მევენახეობა–მეღვინეობას რაც აკლია, ესაა მართებული ხედვა, ერთიანი სტრატეგია და მზრუნველი ხელი. ჩვენ კი იმედი ვიქონიოთ, რომ 2012 წელი შედარებით უკეთესი იქნება ქართულ მევენახეობა–მეღვინეობაში. წარმატება ვუსურვოთ მათ, ვინც მცირე, ტრადიციულ მარნებში ღვინოს აყენებს და მეორე მხრივ მათ, ვინც საქართველოში არა უცხოურ, არამედ ძირძველ ქართულ ვაზის ჯიშებს იცავს და ამრავლებს. ასევე იმ ხალხსაც, რომლებიც ქართული მევენახეობა–მეღვინეობის სფეროში მართალი ცნობიერების გაღვივებასა და ამაღლებას ცდილობენ და ამ სფეროს თავისი გონებით ემსახურებიან. ღმერთმა არ მოშალოს საქართველოში ქართული ვაზისა და მართალი, ბუნებური ღვინის მადლი.

© ღვინის კლუბი/Weekend



შენს ნათქვამს გაუმარჯოს!...


"დღეს ქართულ მევენახეობა–მეღვინეობას რაც აკლია, ესაა მართებული ხედვა, ერთიანი სტრატეგია და მზრუნველი ხელი". ბატონო გიორგი, ქართული მეღვინეობის ისტორიის მშვენიერი მკვლევარი ბრძანდებით და ჩემი რჩევა იქნება სხვა საკითხებზე ნუ გადაერთვებით, ამხანაგ სტალინივით წერას ნუ დაიწყებთ.თქვენს სტატიაში სახეზეა ის, რისგანაც პირველ რიგში უნდა განთავისუფლდეს ქართული მეღვინეობაც და ზოგადად ქართული მენტალიტეტი - საკითხისადმი ინტენსიური, საბჭოთა მიდგომა. მიდგომა, როცა წინასწარ არის ცნობილი ყველა "შედეგი" და საქმიანობა, მეცნიერული კვლევა იქნება ეს თუ ბიზნეს საქმიანობა, ამ "შედეგების" მიღწევას ემსახურება.ჩემი აზრით საჭიროა ყველა მიმართულებას მიეცეს განვითარების საშუალება. განვითარება ექსტენსიური უნდა იყოს. ჯერ მხოლოდ რამდენიმე "მფრინავი" მეღვინე (flying wine maker} ჩამოიყვანეს საქართველოში დa თქვენ უკვე მათ წინააღმდეგ ილაშქრებთ. თქვენ ფიქრობთ რომ ყველაფერი კარგად ვიცით და სხვისი გამოცდილება არ გვჭირდება? იქნებ პირიქით, მათ აქ დაფუძნებას უნდა შევუწყოთ ხელი? რუსული ემბარგოს შემდეგ მარტო ქართული ღვინის ხარისხი კი არ გაიზარდა, თანამედროვე ქართულ მეღვინეობას ჩაეყარა საფუძველი. მეღვინე და აფერისტი ერთმანეთის სინონიმებად აღარ აღიქმება. რად უნდა ამას ბევრი კამათი, რომ რუსული ბაზარი ისევე დამღუპველია მეღვინეობისთვის, როგორც მარგებელია ეკონომიკისთვის.რაც შეეხება ღვინის შენახვას, ღვინოს ბოთლი ინახავს და არა მეღვინე.გაუგებარია თქვენი პრეტენზია -"მათ არ იცოდნენ ღვინის შენახვა, რადგან ეს მათ გეგმაში სულაც არ ჯდებოდა". გაუგებარია რა დაგიშავათ უცხოურმა ჯიშებმა. რატომ ასხამთ ცივ წყალს ინ ენთუზიასტებს, რომლებიც უცხოურ ჯიშებს აშენებენ. მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო იქნებოდა, მაგალითად, ისეთი მოკლე ვეგეტაციის პერიოდის მქონე და ცნობილ ჯიშის, როგორიც შარდონეა, გაშენება რქაწითელისთვის გამოუსადეგარ გრილ რაიონებში.მოდით ნუ ვიტყვით- "რა საჭიროა „კახური კაბერნე“?" და ნუ დავაწესებთ ტაბუებს დარგში, რომელშიც ახლა გვიწევს ფეხის ადგმა. ბოლოსდაბოლოს სიმინდს კაბერნე არ სჯობია?


პირიქითაა ყველაფერი. მე მგონი სტატიის ავტორის მთელი მცდელობა სწორედ ის იყო; რომ მართლაც საბჭოთა, ძველი ხედვა(თუ სადმე რქაწითელი არ მოდის, მაშინ იქ გავაშენოთ უცხოური) უარყონ მავანთა და ურჩევს ქართველ გლეხს, მევენახეს გააშენოს-გაამრავლოს ოდესღაც იმ ადგილების მკვიდრი, აწ დავიწყება-გადაშენებამდე მისული ძველი ქართული ვაზის ჯიშები. "ღმერთმა არ მოშალოს საქართველოში ქართული ვაზისა და მართალი ღვინის მადლი"-ამინ.


ობამამ სააკაშვილთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას უსაფრთხოებისა და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების საკითხის განხილვის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვევრის ღვინის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მდგრადობის უზრუნველყოფის ასპექტით. ხაშლალაზე საუბრს თეთრი სახლის მიერ შედგენილი პროტოკოლი არ ითვალისწინებდა, თუმცა სპეციალურად ამ საკითხზე ვერა ქობალიას ქონდა შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში :):):):):) ხუმრობა იქით იყოს. ქვევრის ღვინო ძალიან კარგია,მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს, რომ სხვა სახის ტექნოლოგიის გამოყენება უნდა ამოვშანთოთ. ცოტა მეტი დემოკრატიულობა და არჩევანის თავისუფლებაა საჭირო ბატონებო. ახალ ენთუზისთებს ეგრე მკვეთრად კომბალს ნუ ჩასცხებთ თავში. გამორიცხულია, ძიებამ და ექპერიმენტმა თავისი შედეგი არ გამოიღოს. მე პირადად უხეშ და ტლანქ საფერავს, კაბერნეთი დარბილებული საფერავი-კაბერნე მირჩენია და სულ არ ვთვლი, რომ ამით წინაპართა სულებს შევირაცხყოფ. ერთი კი კარგია, ბლოგზე უკვე კრიტიკა იბეჭდება.


დიდი პატივისცემის მიუხედვად, გიორგის ვერ დავეთანხმები, რომ ალექსანდრეულს და მუჯურეთულს კახეთში არაფერი ესაქმება. ძალიან მკაცრად და კატეგორიულად არის ნათქვამი. გიორგის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ჯიშები არც საკოლექციო ნაკვეთებში და არც თავიანთ პატარ-პატარა რეგიონებში არ უნდა დავაპატიმროთ. მათ ფართო ასპარეზი უნდა მივცეთ, რაც მათივე გადარჩენისთვის, დაცვისთვის და გამრავლებისთვის აუცილებელი და გადაუდებელი ღონისძიებაა. ისედაც, რაც არ უნდა წინააღმდეგი ვიყოთ, თუკი ქართული ჯიშებს არა მარტო თავიანთი რეგიონული ჩარჩოებიდან გასვლის, არამედ საერთაშორისო ჯიშებად ჩამოყალიბების პოტენციალი აქვთ, ამ პროცესს ვერავინ შეაფერხებს. მაგალითად, რქაწითელი და საფერავი უცხოეთშიც ბევრგან არის გაშენებული. მე თვითონ დამილევია უკრაინული ღვინო, რომლის კუპაჟშიც საფერავიც მონაწილეობდა. ისეთი ჯიშები, რომლებიც სხვა რეგიონებში ვერ გამოავლენენ საუკეთესო თვისებებს, ავტომატურად არ იქნება საინტერესო მეღვინეებისათვის. მაგალითად, ციცქასა და ცოლიკოურის კახეთში გაშენებას, სავარაუდოდ, არავითარი აზრი არ ექნება, მაგრამ იგივე ცოლიკოურისგან, რომელიც იმერული ჯიშია, ძალიან კარგი ღვინო დგება ლეჩხუმში (ტვიში), გურიაში და აჭარაში. "იმერული ღვინის კომპანიის" ღვინო "ალექსანდრეული/მუჯურეთული" "ხვანჭკარას" საერთოდ არ ჰგავს, მაგრამ ძალიან საინტერესო ღვინოა.


irakli, ბლოგზე ყოველთვის იბეჭდება კრიტიკა, 2007 წლიდან მოყოლებული – დღემდე. გააჩნია ვინ რას გულისხმობს კრიტიკაში. ზოგისთვის არც ეს სტატიაა კრიტიკა, სხვები მხოლოდ ლანძღვას მიიჩნევენ კრიტიკად, ვიღაცეები კი ღვინის დახასიათებებშიც (ჟანრში, რომელსაც ძალიან ვიწრო და კონკრეტული ფუნქცია აქვს) უკიდურესად კრიტიკულ მიდგომას მოითხოვენ. ბლოგს, ისევე როგორც "ღვინის კლუბს" თავისი სტრატეგია აქვს, რომელიც ეტაპებისგან შედგება. ჩვენ არსად გვეჩქარება, ყველაფერს თავისი დრო აქვს :) კრიტიკის დოზებიც შესაბამისად, საჭიროების მიხედვით გაიზრდება. ამ ეტაპზე მართალი კრიტიკისთვის (და არა მოთქმისთვის ან ლანძღვისთვის) ნიადაგის მომზადება და ინფორმაციული თუ სხვ. პირობების შექმნა უფრო მნიშვნელოვანია.  



მოდი და ნუ გაგეცინება; ზოგმა დიდმა მეღვინემ უროდ(სტალინი წერდა ასეო) მიიღო სტატია, ზოგმა ეთუზიაზისტმა კი კომბალ ჩაცხობილად იგრძნო თავი. საინტერესოა მუხის კასრის ღვინის მოყვარულებიც აპირებენ რომელიმე კატეგორიაში ჩაეწერონ---სილაგაწნულებში ან თავსლაფდასხმულებში...


aisbergi, გიორგი, თუ შენა ხარ, შენივე სახელით უპასუხე ოპონენტებს, რა დროის ეს გაუგებარი ხუმრობებია? :) ყველამ საკმაოდ საინტერესო და კვალიფიციური კომენტი დატოვა, რომელიც პირველ რიგში ავტორისგან იმსახურებს პასუხის გაცემას :) 



გიორგი არ გახლავართ, შორიდან ვიცნობ მას. თუმცა ბევრი მისი ხედვა ჩემთვის მისაღებია. აისბერგი უბრალოდ,მაინც თქვენთვის უცნობი ვარ


არც კომბალჩათხლეშილად და არც სილაგაწნულად ვგრძნობ თავს. ამ ბლოგიდან რაც არ უნდა მიმტკიცონ რომელიმე ღვინის ავკარგიანობა,მე ჩემი გემოვნება, აზრი მაქვს და არც არავისზე ნაკლებად ვერკვევი ქართულ ღვინოებში. მე მხოლოდ მეტი ექსპერიმენტის მომხრე ვარ და არა რაიმეს იდეა ფიქსად ქცევისა. იყოს ბატონო ეს ქვევრის ღვინო, იყოს კი არა, სუფევდეს, მაგრამ სხვების მოძულება არ ღირს მაგის გამო. მალხაზ, - ძალიან დიიიიიიიიიიიიდიიიიიიიიიიიიიი პატივისცემის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ უფრო მეტი და უფრო ხარისხიანი კრიტიკაა საჭირო. და ეს კრიტიკა ლანძღვაში რომ არ გადავიდეს, მაგიტომაც მეგულებით თქვენ, პროფესიონალი ჟურნალისტები და ინტელექტუალი კრიტიკოსები. ისე ძაან სუბიექტური ვიქნები, გეტვით, რომ სულ რომ არაფერი წეროთ ამ ბლოგზე ან მარტო მეგობრული ღრეობის სურათებიც რომ დაალაგოთ აქ, "ახალი ღვინის ფესტივალის" ტრადიციის დამკვიდრება და დაჩატარება ეყოფა "ღვინის კლუბს," მინიმუმ ორი ათწლეული, საამაყოდ და თავმოსაწონად. так держать !!!!!!!!!!!!!!!!!!!


თავს ვალდებულად ვთვლი ბოდიში მოვუხადო ბ-ნ ბარისაშვილს, რადგან ჩემი წერილები და აისბერგს ამოფარება მის მოქმედებად მოსჩვენებია მკითხველთა ნაწილს.


რაც შეეხება უცხოურ ჯიშებს, რადიკალიზმის მომხრე აქაც არა ვარ და არ მიმაჩნია სწორად, რომ რაც კი საერთაშორისო ჯიშებად აღიარებული ვაზის ვენახებია გაშენებული ყველაფერი ამოვძირკვოთ. მითუმეტეს, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო "თელიანი" გვაქვს, რომელიც სწორედ უცხოური ჯიშისგან მზადდება და ამ ჯიშმა წინანდალთან ახლოს კარგი თვისებები გამოავლინა. თუმცა, ამ მხრივ, აუცილებელია ზომიერება, რომელიც ჩვენს ძვირფას მეღვინე-ტექნოლოგებს და ინდუსტრიული მეღვინეობის მამებს აშკარად ღალატობდათ რამდენიმე წლის წინ, როცა უცხოურ ჯიშებს უპირატესობასაც კი ანიჭებდნენ. და რა მოხდა მერე? სწორედ ის, რასაც გიორგი თავის სტატიაში ამბობს, ამ ბატონებს უთხრეს სწორედ იმ უცხოელმა მეღვინე-კონსულტანტებმა, ექსპერტებმა და უბრალოდ, უცხოელმა მომხმარებლებმა, რომლებმაც კაბერნე, მერლო, შარდონე და სხვა უცხოური ჯიშებისგან დამზადებული ქართული ღვინოები გასინჯეს. ასე რომ, უცხოელი სპეციალისტებისგანაც არ უნდა შევქმნათ მტრის ხატი. მე მიმაჩნია, რომ უცხოელებმა ქართული ღვინის სასიკეთოდ ბოლო წლებში ძალიან ბევრი რამ გააკეთეს (მაგალითად, იზაბელ ლეჟერონს მე ჩემს მიმოხილვაში ქართული ღვინის წლის კეთილი ნების ელჩად დავასახელებ). იგივე ლუკა გარგანოს დასახელებაც შეიძლება და ბევრი სხვა უცხოელი მხარდამჭერისა და მეგობრის, რომელთა ძალისხმევითაც (ნაწილობრივ) მოხდა იმ ნიჰილიზმის დაძლევა, რაც აქაურ მეღვინე-ტექნოლოგებს ჰქონდათ ქართული ქვევრის ღვინის მიმართ.


სიმინდი VS კაბერნე


სტატია ცოტა "ხმამაღლაა" დაწერილი, ამიტომაც ზოგიერთების გაღიზიანება გამოიწვია. უცხოურ ჯიშებს რა თქმა უნდა აქვთ არსებობის უფლება, პეროიანებს რა დალევს, მცირე რაოდენობებით გაიყიდება ქართულ ბაზარზე, მაგრამ ტერუარის იდენტობის მატარებელი ვერ იქნება ისე, როგორც მაგალითად მაღრაანის ქისი ან ოყურეშის უსახელოური. ქართული ჯიშების აღდგენას აქვს მომავალი და იმ ტერიტორიაზე მიმაგრებას სადაც ის შექმნილა. გურიაში და აჭარაში ადგილობრივი ჯიშების აღდგენა შეავიწროვებს ცოლიკოურს, ასევე მოხდება კახეთშიც და ეს სამართლიანი პროცესი იქნება. ამ საკითხზე კლუბშიც ბევრი გვისაუბრია და ყველა მეტ-ნაკლებად ქართულ ღვინოში გათვითცნობიერებული უცხოელი სპეციალისტიც ამას ამბობს.


მეგობრებო ნუ იქნებით ასე კატეგორიულები. რა მოხდება არავინ იცის. 200 წელი იყო კიანტი და გაჩნდა სუპერ ტოსკანა, მაღრაანის ქისი კი, შეიძლება ითქვას, ჯერ არ გაჩენილა.


გამარჯობათ მეგობრებო. მესაუბრა "აისბერგი" და მითხრა, რომ მე და შენ ერთმანეთში აგვრიესო. ვაკეთებ მოკლე განმარტებას, მე მე ვარ და აისბერგი აისბერგია:). (ისე კი მივესალმები ჯანსაღ მსჯელობას).


სლოუ ბატონო, გურიაში ცოლიკოურს გურიის ჯიშები შეავიწროვებსო, რომ ამბობ, ძალიან მეეჭვება მე ეს ამბავი იმ ადგილებში, სადაც ცოლიკოური მშვენივრად გრძნობს თავს. რომელი ჭკუათმყოფელი ამოძირკვავს მას და ნაკაშიძის ჯანს გაუშვებს მის მაგივრად? და თუ ლეჩხუმშიც ასე მოხდა, მაშინ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო "ტვიში" აღარ გვექნება. მე მაინცდამაინც არ მხიბლავს ეს პერსპექტივა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: საფერავი, მაგალითად, ავსტრალიაში და კალიფორნიაში წაიღეს და ქართლში და იმერეთში რომ გაახაროს ვინმემ და მისგან ღვინო დააყენოს, ვერ ვხედავ ამაში ვერაფერ ტრაგიკულს. ოღონდ, ზომიერებაა საჭირო და საფერავი იმ ენოტად არ უნდა ვაქციოთ, შენ რომ ასე ძალიან გეშინია (მამენტ – ამ მხრივ, მეც მეშინია).

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული