Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გარაჟის მეღვინეობის ავან-ჩავანი

ლევან სეფისკვერაძე

დიდი ხნის წინ, საქართველოში იყო დრო, როდესაც ღვინო არ იყიდებოდა. ღვინოს როგორც წესი სხვა ღვინოზე, ან რომელიმე ნატურალურ პროდუქტზე ცვლიდნენ. ამის მიზეზი ჩვენს ქვეყანაში ფულადი ურთიერთობების სისუსტის გარდა, ქართველების ღვინისადმი დამოკიდებულებაც იყო. თუკი ერთ ცნობილ თანამედროვე ქართველ მწერალს დავიმოწმებთ, ქართველისთვის ღვინო ფაქტობრივად წყლის ფუნქციას ითავსებდა. ხოლო საქართველო არის ქვეყანა, სადაც თბილისში არსებული წყლის გადასახადი მავანთათვის დღემდე ლამის ეროვნულ ტრაგედიად ითვლება.
 
90-იანი წლების სინდრომი
 
დღეს ქართველი მეღვინეები პრივატულ საუბრებსა თუ საჯარო ინტერვიუებში ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში ბოთლის ღვინო ძალიან მცირე რაოდენობით იყიდება და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სოლიდურ ნაწილს ბოთლის ღვინისადმი ნდობა არ გააჩნია.
იმის გარდა, რომ ბევრი დიდი თუ პატარა ქართული ღვინის კომპანია მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას ხშირ შემთხვევაში არარეალურად დიდ ფასს ადებს, რიგით მოქალაქეებში ასევე ფესვგადგმულია აზრი, რომ საკუთარი ხელით დაწურულ ღვინოს ამ ქვეყნად არაფერი სჯობს და ნაყიდ ღვინოს ნებისმიერ შემთხვევაში მათსავე მიერ კუსტარულ პირობებში დაყენებული პროდუქტი ურჩევნიათ.
ცოტა ხნის წინ, “ღვინის კლუბის” წევრმა, რამაზ ნიკოლაძემ იმერული მეღვინეობის შესახებ გამართულ ლექცია-დეგუსტაციაზე საქართველოში ბოლო წლებში მომრავლებული ე.წ. გარაჟის მეღვინეობა (სხვათა შორის, “გარაჟის ღვინის” ცნება ევროპაშიცაა გავრცელებული, მაგრამ ამაზე სხვა დროს გვექნება საუბარი, ჩვენ შემთხვევაში ეს ტერმინი ქალაქის პირობებში კუსტარული წესით ღვინის დაყენებას გულისხმობს) გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში არსებული ეკონომიკურ კრიზისთან დააკავშირა. რამაზმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ამ მოვლენას არაერთი ნაკლის გარდა დადებითი ხასიათიც ჰქონდა, რადგან იმ პერიოდში შაქარი საერთოდ არ იშოვებოდა და გლეხები ფაქტობრივად “იძულებულნი გახდნენ”, რომ შაქარდაუყრელი, ანუ ნამდვილი (სუფთა) ღვინო დაემზადებინათ. ფაქტია, რომ სწორედ 90-იანი წლებიდან იღებს სათავეს თბილისში დღეს არსებული გარაჟის მეღვინეობის აქამდე არნახული ბუმი.
ჩვენი სტატიის მიზანი ბუნებრივია არ გახლავთ ამ მოვლენის (ქალაქის პირობებში ღვინის დაყენების ტრადიციის) ცალსახა კრიტიკა და ისიც ცხადია, რომ ყველა ღვინის მოყვარულს სრული უფლება აქვს თვითონვე ჩაერთოს ღვინის დაყენების რთულ, მაგრამ უზომოდ საინტერესო პროცესში. თუმცა ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ამ ტენდენციას ხელს საქართველოს ხელისუფლებაც მნიშვნელოვნად უწყეობს. ყოველი შემოდგომის დადგომითანავე, ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებსა და კერძო თუ სახელმწოფო კომპანიებს, შეიძლება ითქვას, ხმამაღლა მოუწოდებენ, რომ კახელი გლეხების გასაჭირი გულთან მიიტანონ და მათი მოწეული ყურძენი შეიძინონ. ამ გზით კონკრეტული გლეხები მოსავალს ავად-თუ კარგად მართლაც ყიდიან, მაგრამ უზომო ზარალი ადგება ქართული ღვინის საერთო ხარისხს და ღვინის კომპანიებსა თუ მცირე მარნებს, რომლებიც ყურძნის ასე მასობრივად შემსყიდველების სახით პოტენციურ კლიენტებს კარგავენ და ამის გამოისობით ბოთლის ღვინის პოპულარიზაციაც ფერხდება.
  
მცირე ექსპერიმენტი
 
ამ სტატიაზე მუშაობის დროს, გადავწყვიტეთ მცირე ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა. ექსპერიმენტისათვის სანუმუშედ ავიღეთ გლდანის რაიონის ერთ-ერთი, (კერძოდ მეორე) მიკრორაიონი, სადაც დაახლოებით 10 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს და დავითვალეთ ამ მიკრორიაიონში არსებული ე.წ. გარაჟის მეღვინეები, ანუ ადამიანები, რომლებიც ყოველ შემოდგომას სისტემტიურად ყიდულობენ ყურძენს და ქალაქის პირობებში ღვინოს აყენებენ.
ექსპერიმენტის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენს მიერ მოძიებული არასრული მონაცემებით, ამ ერთ კონკრეტულ უბანში 150-ზე მეტი ასეთი ადამიანი აღმოჩნდა. ამ მოქალაქეების თითქმის 90% ყურძენს თბილისშივე, დიდუბის მეტროპოლიტენის სადგურთან ახლოს, სანაპიროზე არსებულ სპეციალურად გახსნილ ყურძნის ბაზრობაზე იძენს, დანარჩენები კი ყურძენს კახეთიდან, ქართლიდან და დასავლეთ საქართველოდან ეზიდებიან.
გარაჟის მეღვინეობის ტენდენცია რომ მზარდია, ამას ისიც ადასტურებს, რომ ჩვენს მიერ გამოკითხული გლდანელების დიდმა ნაწილმა სახლში ღვინის დაყენება საშუალოდ 3-7 წლის წინ დაიწყეს. ასევე ვნახეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინიც სიამოვნებით დააყენებდნენ ღვინოს ოჯახურ პირობებში, მაგრამ ძალიან სწუხან, რადგან ფინანსები, ანდა ღვინის შესანახად საჭირო მინიმალური პირობებიც კი არ გააჩნიათ.
გლდანის მეორე მიკრორაიონი მოგეხსენებათ, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლებითაა გაშენებული და ასეთ პირობებში ღვინის შესანახად სარდაფის თუ არა, საკუთარი ავტოფარეხის ქონა მაინც არის საჭირო. ე.წ. საკუთარ სახლებიან უბნებში კი შინაურ პირობებში ღვინოს თითქმის ყოველი მესამე ოჯახი აკეთებს, თუმცა ამ შემთხვევაში, ღვინის დასაყენებლად უმეტესად საკუთარ ეზოში (ხეივანზე) მოყვანილ ყურძენს იყენებენ.    
 
უდანაშაულო დამნაშავეები
 
როგორც ზემოთ ვახსნეთ, გარაჟის მეღვინეობამ უკვე მზარდი ტენდენციის სახე შეიძინა. იმის გამო, რომ ქართულ ბაზრებში გასაყიდად გამოტანილი გლეხური ღვინის ხარისხი უმეტეს შემთხვევაში ძალზედ მდარეა, მოქალაქეებში ბუნებრივია ე.წ. ბაზრის ღვინისადმიც გაჩნდა ერთგვარი ნიჰილიზმი და სულ უფრო ხშირად გაიგონებთ, რომ “ბაზარში ნაყიდი ღვინო არ დაილევა” და “საკუთარი ხელით დაყენებული მეორადი და მესამედი ღვინო ნაყიდს ყოველთვის აჯობებს”. ეს ნიჰილიზმი განსაკუთრებუთ ნათლად შობის, ახალი წლის, აღდგომის და მსგავსი დიდი სახალხო დღესასწაულების წინ არის თვალში საცემი, როდესაც მთელი საქართველო (უფრო ზუსტად, მოქალაქეების ის ნაწილი, რომლებიც შინაურ პირობებში ღვინოს ჯერ კიდევ არ აყენებენ) მეგობრებში, ახლომლებსა და ნათესავებში დაეძებენ სანდო ადამიანებს, რომლებიც ნორმალური ღვინის შოვნაში, ან შეძენაში დაეხმარებიან. მაგალითად, თბილისელ, 43 წლის კოტე იარაჯულს მიაჩნია, რომ თუკი ნაცნობისგან, ანდა ნაცნობის რჩევით ღვინოს არ იყიდი, დარწმუნებული უნდა იყო, რომ “ეს შეცდომა” განსაკუთრებულად ძვირად ნაბახუსევობისას დაგიჯდება”.
დარწმუნებით ვერ ვიმსჯელებთ, თუ საშუალოდ როგორ ღვინოს ამზადებენ რიგითი თბილისელები ქალაქის პირობებში. ყველაფერი, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ადამიანებამდე და ღვინის დაყენებისათვის საჭირო ცოდნაზეა დამოკიდებული, თუმცა თუკი გავითვალისწინებთ იმ ზოგად პირობებს, როგორშიც თბილისელების ნაწილი ღვინოს ჯერ ამზადებს, შემდეგ კი ინახავს, მართლაც ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ პირობებში დაყენებული ღვინის განსაკუთრებულად მაღალ ხარისხზე ვისაუბროთ.
რაკი ქართველისათვის მისი გაკეთებული ღვინის დაწუნება, როგორც წესი, დიდად შეურაცხმყოფელია, მოდით კონკრეტული “მეღვინეების” დასახელების ნაცვლად, მხოლოდ ღვინისაათვის მათ მიერ “შექმნილ” პირობებს გაგაცნობთ.
ღვინის შესანახი გარაჟები და საკუჭნაოები, რომლებიც ჩვენ გლდანის ხსენებულ მიკრორაიონში ვნახეთ, უმეტეს შემთხვევაში გამოტენილი იყო ისეთი ნივთებით, როგორიცაა მაგალითად: ავტომანქანების ნაწილები, გაფუჭებული, მაგრამ გადასაგდებად დანანებული საოჯახო და არამხოლოდ საოჯახო დანიშნულების ნივთები, ცემენტითა და სხვა სამშენებლო მასალებით სავსე თავმოხსნილი ტომრები, ყავლგასული ავეჯი და სხვა... გარდა ამისა, სამშენებლო ნორმების დარღვევით აშენებულ ავტოფარეხების ერთი ნაწილი უკედლებო, მხოლოდ რკინის ცხაურებისაგან შეკოწიწებულ წარმონაქმს წარმოადგენდა, რომელშიც ზაფხულობით მზის სხივები, ზამთრობით კი ქარი და წვიმა აღწევენ და ამასთან ერთად, მტერ-მოყვარეს ასეთ “გამჭვირვალე მარანში” თავისუფლად შეუძლია დაინახოს ავტოფარეხის პატრონს რამდენი ლიტრი ღვინო აქვს ჭურჭელში შენახული და გამოცდილი თვალი იმასაც კი მიხვდება, ასე სახალხოდ გაფოფნებულ ღვინოს გადაღება აკლია თუ ე.წ. ჟანგი აქვს შეპარული.
მთლიანობაში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თბილისში კუსტარულ მეღვინეობას “ფესვები” საკმაოდ მძლავრად აქვს გადგმული და უახლოეს მომავალში ეს ტენდენცია არათუ შესუსტდება, სავარაუდოდ კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. სახელმწიფოს არა აქვს და ალბათ არც უნდა ქონდეს ბერკეტები, რომ ეს პროცესი გაკონტროლოს, რადგან შეუძლებელია რაიმეში დაადანაშაულო ადამიანი, რომელიც მის მიერ დამზადებულ თუნდაც უხარისხო ღვინოს არ ყიდის და მხოლოდ პირადი მოხმარებისათვის იყენებს.
თუმცა ეს ყველაფერი ისედაც საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეიბაში მყოფ ქართულ მეღვინეობას კარგ სამსახურს რომ არ უწევს, ესეც ცხადია და ძნელია ქვეყანას პრეტენზია ჰქონდეს ღვინის ზოგად ხარისხზე, როდესაც მისი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი გასაყიდ ღვინოს საერთოდ არ აღიარებს და საკუთარი ხელით დაწურული ღვინის გარდა, ლამის მთელს სამყაროს ნიჰილისტურად უყურებს.
 
  © ღვინის კლუბი/“Weekend“
 
    
 


"გარაჟის ღვინო" კარგი ტერმინია უდავოდ. ეს ჩვენი რეალობაა და ვერსად გავქცევით, მაგრამ თუ რატომ აყენებენ შინ ღვინოს, ამას კიდევ ერთი მიზეზი აქვს (და არ ყიდულობენ) ერთია ის, რომ შეიძლება ღვინო უხარისხო იყოს და მეორე მიზეზია, რომ ჰქონდეს ძალიან მაღალი ფასი,რაც იძულებულს ხდის საშუალო და დაბალი ხარისხის ღვინით კმაყოფილ მოქალაქეებს, რომ შინ დააყენონ ღვინო. უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი, მაგრამ ისე არა,რომ კაცმა მაღალი ფასის გამო ღვინის ყიდვა ვერ შეძლოს. ბაზრის პრინციპებიდან გამომდინარე კი, თუ ერთი დაინახეს,რო შეიძლება ფასი აწიონ და ფეხი დაგაჭირონ, უკან არ დაიხევენ.ამ ყველაფერზე კი რუსული ანდაზა მახსენდება: "Финансы играют романсы." სხვისი არ ვიცი და რაც კი სახლში ქარხნული წესით ბოთლში ჩამოსხმული ღვინო გვქონია, ყოველთვის ჯობდა და ჯობს ახლობლების შინ დაყენებული ღვინო, რომელსაც ხან ერთი ახლობელი გვიფეშქაშებს, ხან - მეორე :))))


ამის მეორე მხარე ის ის არის, რომ რეალურად ბაზარში ნამდვილად უხარისხო და დასპირტული ღვინო იყიდება უმეტესად და მართლა ძნელია კარგი ღვინის ამორჩევა. მეორე - ბოთლის ღვინო ძვირი ღირს. და მესამე - "გარაჟი" ნამდვილად არ არის მარნის შემცვლელი, მაგრამ თუ ადამიანს თავის გემოზე (ტანინით თუ შუშხუნა) უნდა ღვინის დაყენება, თუ თვითონ მოსწონს ეს პროცესი, რატომ ვძრახავთ? იმიტომ რომ კეთლმოწყობილი მარანი არ აქვს და მხოლოდ გარაჟი? ამას ჯობდა - "თუმცა ეს ყველაფერი ისედაც საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეიბაში მყოფ ქართულ მეღვინეობას კარგ სამსახურს რომ არ უწევს, ესეც ცხადია" - ამის მაგივრად რჩევები მიგეცათ იმ ადამიანებისთვის ვინც სახლის პირობებში ამზადებს, როგორ გააუმჯობესონ ხარისხი, რა ტექნოლოგია გამოიყენონ ამ შემთხვევაში, რა ელემენტარული პირობები დაიცვან და აშ. მე პირადად ვაყენებ გარაჟში ღვინოს 4 წელია. წელს 7 სახეობის ღვინო მაქვს, სხვადასხვა წესით გაკეთებული. ვიცი, რომ არ არის იდეალური პირობები, მაგრამ ვცდილობ რომ მაღალ ხარიხს მივაღწიო იმით რის საშუალებაც მაქვს. ახლაც ღვინის ჟანგზე მაინტერესებდა ინფორმაცია და ეს სტატია დამხვდა, იმის მაგივრად რომ რჩევები მიმეღო. ასე შორიდან დაძრახვა და საყვედურები ადვილია.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.