გამოქვეყნებულია: 22 აპრილი, 2010 - 10:30
ალეკო ცქიტიშვილი
როგორ უნდა დავიცვათ ქართული ღვინის ღირსება ევროპასა და ამერიკაში
„ლიეჟში იტალიური რესტორნის პატრონმა სადილზე დამპატიჟა და მითხრა –აქვე რუსული მაღაზიაა, სადაც ქართული ღვინოები იყიდებაო. გავედი და ავიღე ერთი ბოთლი „ხვანჭკარა“, თან გული მეთანაღრებოდა –არ შევრცხვე–მეთქი... ჩემი ეჭვები საშინლად გამართლდა – ეს „ხვანჭკარა“კიარა, რაღაც დაბალხარისხოვანი სანგრია იყო. ეტიკეტზე ეწერა – დამზადებულია სხვადასხვა ევროკავშირის ღვინოებისგან საფრანგეთშიო. იტალიელებს კი ავუხსენი, რაშიც არის საქმე, მაგრამ რამდენი ყიდულობს ამ ნაგავს და ქართულ ღვინოზე რა წარმოდგენა უნდა შეექმნათ?! ნუთუ შეუძლებელია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მათ წინააღმდეგ, ვინც ქართულ ღვინოს სახელს უტეხს?!“ – ეს წერილი ბელგიიდან „ღვინის კლუბის“ წევრმა მოგვწერა და თან ფოტოებიც მოაყოლა, რომ უკეთ დაგვენახა პრობლემა.
რუსული ემბარგოს შემდეგ სრულიად სხვა რაკურსით დაისვაკითხვა – შესაძლებელია თუ არა კანონის ძალით დავიცვათ ქართული ღვინო ფალსიფიკაციისაგან?ემბარგომდე ფალსიფიკაციას სრულიად სხვა საზღვრები და მიმართულება ჰქონდა. ქაოტურ და კორუმპირებულ რუსულ ბაზარზე არც არავის უჩნდებოდა მოთხოვნილება, ებრძოლა ქართული ღვინის სიწმინდისათვის. უფრო პირიქით – ქართულიკომპანიების უმეტესობა სიამოვნებით იყო ჩამბმული ამ ფერხულში, ურცხვად მიჰყვებოდა ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ არალეგალურ ურთიერთობებს და ფალსიფიკაციის შედეგად მილიონებს ატრიალებდა.
დრო შეიცვალა. ევროპისა და აშშ–ის ბაზარზე შეღწევას და დამკვიდრებას სხვა მიდგომები სჭირდება. პირველ რიგში კი – იმ კანონებისა და ხელშეკრულებების დაცვა, რითაც ამ ქვეყნების ბაზრები იმართება. მართალია, არალეგალურ ურთიერთობებს ამ ბაზრებზე ნაკლები გასაქანი აქვს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ფალსიფიკაცია იქ არ არსებობს. ამას ბელგიიდან მოწერილი წერილიც ადასტურებს. იგივე შეიძლება ითქვას ამერიკაზეც.
„სამწუხაროდ, აქაც - ამერიკაში, ბევრია ვითომ ქართული ღვინოები. რუსული სურსათის მაღაზიები სავსეა „ხვანჭკარებით“ და „ქინძმარაულებით“ და ა.შ... ამ ფალსიფიცირებული ღვინოებით დიდ სიამოვნებას იღებენ აქაური რუსები და სხვა „პოსტ-საბჭოთა“ ემიგრანტები, მათ შორის, სამწუხაროდ, ქართველებიც. უფრო სამწუხარო კი ისაა, რომ თითქმის არ არის ნორმალური ქართული ღვინო – ისეთი, რომლის დალევა და აქაურებთან ერთად გასინჯვა არ შეგრცხვება. ასეთი რუსული მაღაზიები აშშ–ის ყველა დიდ ქალაქშია. ჩვენთან – კლივლენდშიც რამდენიმეა და კომპაქტურად დასახლებულ რუს და სხვა „პოსტსაბჭოთა“ ემიგრანტებს ემსახურება“, – ეს წერილი „ღვინის კლუბმა“ აშშ–დან, ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდიდან მიიღო.
როგორც ირკვევა, ევროპაშიც და ამერიკაშიც ფალსიფიცირებული ქართული ღვინოები, ძირითადად, რუსულ სუპერმარკეტებში იყიდება. მათი მომხმარებელი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, მეტწილად - რუსეთიდან ემიგრირებული მოსახლეობაა. ამ სეგმენტის საბჭოურ ნოსტალგიას რუსული მაღაზიების მფლობელები ფალსიფიცირებული „დათუნია კამფეტებით“, „სგუშონი მალაკოებით“, „დოქტორსკი კალბასებითა“ და რაღა თქმა უნდა, ქართული დასახელების ღვინოებით აკმაყოფილებენ. თუმცა, ამ ღვინოებს მხოლოდ დასახელება აქვთ ქართული – „ხვანჭკარა“, „ახაშენი“, „ქინძმარაული“, „მუკუზანი“, „ოჯალეში“ და ა. შ. სხვა მხრივ, მათ საქართველოსთან არანაირი კავშირი არა აქვთ.
იმისათვის, რომ უცხოეთის ბაზრებზე ქართული ადგილწარმოშობის დასახელებები და სავაჭრო ნიშნები დავიცვათ, პირველ რიგში, საჭიროა ამ ქვეყნების კანონების ცოდნა. ეს ერთადერთი იარაღია, რაც საქართველოს სჭირდება ცივილიზებულ სამყაროში ფალსიფიკაციასთან საბრძოლველად. ბრძოლის არენა კი, ცხადია, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებია და ამ არენაზე გამარჯვებასაც ცოდნა უნდა.
„ღვინის კლუბის“ წევრს, ღვინო „მრავალჟამიერის“ ავტორს, ალექსი შავგულიძეს მიაჩნია, რომ ტერმინი - „ფალსიფიკაცია“, შესაძლოა, ვერ მიესადაგოს იმ ტენდენციას, რაც ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკაში გვხვდება ღვინის დასახელებებთან დაკავშირებით: „როგორც ლიეჟის შემთხვევიდან ჩანს, ბოთლებს აწერია, რომ დამზადებულია ევროკავშირის ღვინოებისგან და დარწმუნებული ვარ, შიგ ჩასხმული იქნება ყურძნისეული წარმოშობის ღვინო. ამით მწარმოებლები ევროპულ კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგებიან. ამიტომ ჩვენ ევროპულ მაკონტროლებელ სისტემას რომ მივმართოთ, ამ ღვინოებზე ფალსიფიკაციის აღკვეთის მიზნით, არასწორი იქნება, რადგან გვიპასუხებენ, რომ ეს არ არის ფალსიფიკაცია და ბოთლში ნამდვილად ღვინო ასხია. ხოლო თუ მივმართავთ, რომ ღვინის სახელწოდებას მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს და ბაზარზე ისეა წარდგენილი, ამასთან, წარვუდგენთ დამადასტურებელ საბუთებს, დარწმუნებული ვარ, ამ ღვინოებს მომენტალურად ამოიღებენ ბრუნვიდან და მწარმოებლებს ჯარიმებსაც დააკისრებენ. ამავე დროს, თუკი სარჩელს შევიტანთ შესაბამისი ქვეყნის სასამართლოში, მათ დიდ ჯარიმებსაც გადავახდევინებთ“.
მაგრამ საკითხავია - ვინ უნდა აიღოს ინიციატივა ქართული ღვინის ღირსების დასაცავად - კერძო კომპანიებმა თუ სახელმწიფო სტრუქტურებმა? ამ კითხვაზე საქართველოში დიდხანს ვერ ახერხებდნენ პასუხის გაცემას, ვიდრე კომპანიებმაც და სახელმწიფომაც მარტივი ჭეშმარიტება არ აღმოაჩინეს - საჭიროა ძალების გაერთიანება და კოორდინირებული მუშაობა, რაც ორგანიზაციულად სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.
„ტფილისის მარნის“ აღმასრულებელი დირექტორი, ენოლოგი გიორგი სამანიშვილი აღნიშნავს, რომ მის კომპანიას დამოუკიდებელი ძალებით არ შეუძლია, უცხოეთის სამართალდამცველ სტრუქტურებში საქმე აღძრას, აწარმოოს წინასწარი გამოძიება და დაიქირავოს ძვირადღირებული იურისტები სასამართლო პროცესისათვის, რომელიც ზოგჯერ თვეების განმავლობაში ჭიანურდება: „საქართველოში არ არიან ისეთი კვალიფიციური იურისტები, რომლებსაც ამა თუ იმ ქვეყნის კანონები ზედმიწევნით ეცოდინებათ, იქაურ სასამართლო ინსტანციებში პროცესს ბოლომდე მიჰყვებიან და დავას მოგებით დაასრულებენ. ხოლო იმ ქვეყნის იურისტები რომ დავიქირაოთ, სადაც პროცესი უნდა წარიმართოს, ამას ჩვენი კომპანიის ფინანსური რესურსი არ ეყოფა“, - ამბობს გიორგი სამანიშვილი და დასძენს, რომ ამ საქმეში გადამწყვეტი სიტყვა ისევ სახელმწიფომ უნდა თქვას, რადგან სწორედ მას ავალია ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა.
გიორგი სამანიშვილის თქმით, ადგილწარმოშობის დასახელებებს ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის ბაზრებზე სხვადასხვა კანონები და ხელშეკრულებები იცავს. მკაცრად არის აკრძალული მომხმარებლის მოტყუება და პროდუქციის ფალსიფიკაცია. იმისათვის, რომ დავიცვათ ადგილწარმოშობის ქართული დასახელებები, როგორიცაა - „ხვანჭკარა“, „ქინძმარაული“, „ახაშენი“ და ა. შ. საქართველომ ჯერ საკუთარ კანონმდებლობაში უნდა დაადგინოს მათი დაცვის ნორმები. ამის შემდეგ კი იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს უნდა მიუერთდეს, რომლებიც ადგილწარმოშობის დასახელებების სამართლებრივ დაცვას საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფენ.
დღესდღეობით, საქართველოს კანონმდებლობით, 18 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოა დაცული. ამ დასახელებების დაცვა ევროკავშირის ქვეყნებში გარანტირებულია ლისაბონის ხელშეკრულებით, რომელსაც საქართველოც არის მიერთებული. შესაბამისად, ფალსიფიკაციასთან ბრძოლა ბევრად ადვილია იმ 30-მდე ქვეყანაში, რომლებიც ლისაბონის ხელშეკრულებას შეუერთდნენ. გაცილებით ძნელია, იდავო ისეთ სახელმწიფოში, რომელიც ამ ხელშეკრულებას არ ცნობს. თუმცა, სასამართლოებში დავას, ყველა შემთხვევაში, დიდძალი ფინანსები და ბრძოლის ყველა ეტაპის გავლა სჭირდება.
საქართველოს უკვე აქვს საერთაშორისო დონეზე სასამართლო პროცესის მოგების გამოცდილება. სწორედ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს ეხებოდა სასამართლო დავა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება, „სამტრესტი“ ერთ-ერთ ბულგარულ კომპანიასთან აწარმოებდა. საქართველო ლისაბონის ხელშეკრულებას ეყრდნობოდა, მაგრამ ბულგარული კომპანია ეჭვქვეშ აყენებდა ეტიკეტზე აღნიშნულ სახელწოდებებზე საქართველოს აბსოლუტურ უფლებას და მიიჩნევდა, რომ საქმე გვქონდა არა ადგილწარმოშობის დასახელებასთან, არამედ სავაჭრო ნიშანთან, რომლის გამოყენების უფლებაც ბულგარეთის სარეგისტრაციო კანონმდებლობით აღნიშნულ კომპანიას ჰქონდა. რამდენიმეთვიანი სასამართლო დავა „სამტრესტის“ გამარჯვებით დასრულდა. ლისაბონის ხელშეკრულებით გარანტირებული უფლებების გარდა, იურისტებს გეოგრაფიული რუკების მოშველიებაც დასჭირდათ, რათა დაემტკიცებინათ, რომ „ხვანჭკარა“, „ქინძმარაული“, „ახაშენი“ და სხვა სახელწოდებები ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებია.
„ღვინის კლუბის“ ინფორმაციით, ახლახანს „სამტრესტის“ გამარჯვებით დასრულდა ასევე სასამართლო პროცესი ისრაელში, სადაც მსგავსი დავა მიმდინარეობდა. როგორც ჩანს, ქართული ღვინოების ფალსიფიკაცია განსაკუთრებით იმ ქვეყნებშია პრობლემატური, სადაც საბჭოთა კავშირიდან ემიგრირებული მოქალაქეები კომპაქტურად ცხოვრობენ. კომპანიებს, რომლებიც „ხვანჭკარას“, „ქინძმარაულს“ და სხვა ქართული დასახელების ღვინოებს აწარმოებენ, ეს სახელწოდებები დარეგისტრირებულიც კი აქვთ.
გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამჟამად ახალ საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობს, რომლის თანახმადაც, ევროკავშირთან პირდაპირი ხელშეკრულება დაიდება და ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები უფრო მყარად იქნება დაცული. გაიზრდება დასახელებების სიაც და შესაბამისი ცვლილებები შევა ეროვნულ კანონმდებლობაში. რაც მთავარია, ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებით, ბევრად უფრო მარტივი იქნება სამართლებრივი დავების წარმოება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ინსტანციებში. ეს კი ნამდვილად დიდი შეღავათი იქნება ქართული კომპანიებისათვის, რომლებიც უცხოეთის ბაზრებზე დღემდე დაუთვლელ ზარალს იღებენ.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თქვენი კომენტარი