Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ევროკავშირი ქართული ღვინის იმიჯზე იზრუნებს

ნინა ახლოური

2010 წელი ქართული ღვინისთვის სასიკეთო აღმოჩნდა. ივნისში საქართველოში გამართულმა ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესმა დიდად შეუწყო ხელი ქართული ღვინის სახელის პოპულარიზაციას უცხოეთში. კონგრესის პროგრამით გათვალისწინებულმა ღონისძიებებმა უამრავ უცხოელ დელეგატს აჩვენა, რომ ჩვენს ქვეყანაში მეღვინეობის უძველესი  და უნიკალური ტრადიციებია. მათთვის სიახლე აღმოჩნდა, რომ საქართველოში ხუთასზე მეტი სახეობის ყურძენი არსებობს.

     სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ ხშირია ფალსიფიცირებული "ქართული" ღვინის გაყიდვის შემთხვევები. ევროპასა თუ შეერთებულ შტატებში ჩასული თანამემამულეებისგან არცთუ იშვიათად მომისმენია, როგორ იყიდეს ადგილობრივ მარკეტში ქართული ხვანჭკარას ღვინო, რომელსაც არანაირი საერთო არ ჰქონია ორიგინალთან. შესაბამისად, ქართული ღვინის პრესტიჟი დაცული არ ყოფილა, რაც, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენდა ხარისხიანი, არაფალსიფიცირებული ქართული პროდუქტის გაყიდვებზე უცხოეთში და აგროტურიზმის განვითარებაზე ჩვენს ქვეყანაში.

     ზემოხსენებული კონგრესის გახსნაზე, ქვეყნის პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პუტინს მადლობა გადაუხადა ქართულ ღვინოზე დაწესებული ემბარგოსთვის. ცნობილია, რომ ამ მოვლენამ ქართველი მეღვინეები აიძულა გაეუმჯობესებინათ ნაწარმის ხარისხი და ახალი ბაზრების ძიებაზე ეზრუნათ. ასე დაიწყო საქართველოში კარგი და მაღალხარისხიანი ღვინოების დამზადება და დიდი რაოდენობით მათი დასავლეთის ბაზარზე გატანაც. მიუხედავად ამისა, ქართულმა ღვინომ მაინც ვერ შეძლო სათანადო, კუთვნილი პრესტიჟის მოპოვება ევროკავშირის ქვეყნებსა და დანარჩენ მსოფლიოში.

     ბოლო ხანებში მიმდინარე პროცესები ამ კუთხით დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. საუბარია "ევროკავშირსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ შეთანხმებაზე", რომლის პარაფირებაც ამ წლის 29 ივლისს მოხდა. ცერემონიაზე საქართველოს წარმოადგენდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ხოლო ევროკავშირს - ევროკომისიის სოფლის მეურნეობის დირექტორატის საერთაშორისო საკითხების დირექტორი ნიკოლა ვერლე.

     უნდა აღინიშნოს, რომ გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის სისტემა ევროკავშირის ხარისხის დაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გეოგრაფიული აღნიშვნები ბრენდინგის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სამართლებრივ ინსტრუმენტს წარმოადგენს, მიუთითებს რა პროდუქტის წარმოშობის ადგილზე და აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელ უნიკალურ თვისებებზეც. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოს ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. "ეს არის შეთანხმება, რომელიც სარგებელს და დადებით რეზულტატს მოუტანს ორივე მხარეს", - აცხადებს ნიკოლა ვერლე და ის აბსოლუტურად მართალია. ამ ორმხრივი შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, ისეთი ქართული გეოგრაფიული აღნიშვნები, როგორებიცაა, მაგალითად, "მუკუზანი" და  "ქინძმარაული", ისევე გახდება დაცული ევროკავშირის ოცდაშვიდ ქვეყანაში, როგორც  ევროპულ სახელებს მიენიჭებათ დაცვა ჩვენს ტერიტორიაზე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შეთანხმების გაფორმების შემდეგ როგორც ჩვენთან ვერ შემოვა საფრანგეთის საზღვრებს გარეთ დამზადებული როკფორი, ისე ევროკავშირში ვერ მოხვდება წინანდალი, თუ ის საქართველოში არ იქნება დამზადებული. ასეთი პროდუქტი ფალსიფიცირებულად ჩაითვლება და საბაჟოზე არ გაატარებენ, ხოლო თუ რამენაირად მაინც აღმოჩნდება ევროკავშირის ბაზარზე, შესაბამისი სამსახურები გაყიდვიდან ამოიღებენ.

     ხელშეკრულების გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ როგორც ერთ-ერთ ბრიფინგზე დავით ჯალაღანიამ განაცხადა, ეს შეთანხმება მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოში წარმოებული იმ პროდუქციის ხარისხსა და ავტორიტეტს, რომლის ექსპორტირებაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოხდება.

     ამ შეთანხმების ხელმოწერა არა მხოლოდ მევენახეობა-მეღვინეობის დარგს, არამედ ზოგადად, ჩვენს ქვეყანას ბევრ სიკეთეს მოუტანს. "ხელშეკრულება, აგრეთვე, ხელს შეუწყობს ახალ ინიციატივებს ტურიზმის სექტორში და წაახალისებს ახალ მარკეტინგულ წინადადებებს. შეთანხმების საშუალებით საქართველო შეძლებს თავისი კანონმდებლობის მაღალ საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებში... ეს პროცესი უდაოდ შეუწყობს ხელს იმ რეგიონების განვითარებას, რომლებსაც ღვინის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების საუკუნოვანი ტრადიცია აქვთ", - ნათქვამი იყო ევროგაერთიანების საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

     დეტალების დაზუსტების მიზნით "მარანი" ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს, "საქპატენტს" ესტუმრა. ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ღვალაძემ, არ დაიზარა და გამიზიარა თავისი შეხედულებები ამ მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ.

     ამ პროცესებში საქპატენტი ძალიან დიდი ხანია ჩართულია. როგორც ბატონმა ღვალაძემ "მარანთან" საუბარში აღნიშნა, ამ შეთანხმებაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს და ეს თემა 2003 წლის შემდეგ გახდა განსაკუთრებით აქტუალური, თუმცა ქართული მხარის გააქტიურება ამ ბოლო ხანებში მოხდა, რამაც სათანადო შედეგიც გამოიღო. 2010 წლის მარტში ბატონმა ღვალაძემ ბრიფინგი გამართა აღნიშნული შეთანხმების დადებისთვის აუცილებელი წინასწარი ღონისძიებების გატარების თაობაზე. იმ დროისთვის, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ევროკავშირში დაცული საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ნუსხა გამოქვეყნდა. ის საკმაოდ გრძელი გახლავთ, რადგან სამი ათას სამასი დასახელების პროდუქტს მოიცავს. ამ ნაბიჯით საზოგადოებას და დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ, გაცნობოდნენ სიას და საკუთარი მოსაზრებები წარედგინათ სპეციალური კომისიისთვის, რომელიც მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა.

     ამავე დროს, ევროკავშირს ქართულმა მხარემ საკუთარი სია გადასცა, რომელშიც წარმოდგენილი იყო 18 დასახელების ქართული ღვინო, კერძოდ კი: "ხვანჭკარა", "მუკუზანი", "წინანდალი", "ახაშენი", "გურჯაანი", "ქინძმარაული", "მანავი", "კახეთი", "ნაფარეული", "თელიანი", "ატენი" ("ატენური"), "სვირი", "ვაზისუბანი", "კარდენახი", "ტიბაანი", "ტვიში", "ყვარელი", "კოტეხი". ირაკლი ღვალაძის თქმით, ეს მხოლოდ პირველ ეტაპზე შემუშავებული სიაა. შეთანხმება ითვალისწინებს ერთ დადებით მომენტს - ქართულ მხარეს აქვს უფლება, პერიოდულად ახალი დასახელებები წარადგინოს განსახილველად. ამიტომ საქპატენტში აცხადებენ, რომ მომავალში ეს სია აუცილებლად გაიზრდება და სულ ცოტა 50 დასახელების ღვინოს დაიტევს. ამასთან, ღვინო არ არის ერთადერთი ქართული პროდუქტი, რომლის პრესტიჟის დაცვაზეც ევროკავშირის სამართალდამცავები იზრუნებენ. ქართულ მხარეს უკვე შედგენილი აქვს რუკა საქართველოში ყველის წარმეობის შესახებ და მომავალში დადგენილი წესით აუცილებლად მოხდება ამ პროდუქტის დაცვაც.

     საქპატენტში გაცილებით შორს მიმავალი გეგმებიც აქვთ. გარდა იმისა, რომ კანონი ყურძნის ახალი ჯიშების დაპატენტებას ითვალისწინებს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი დაინტერესებულნი არიან იმითაც, რომ ძველი, ტრადიციული ჯიშების დაცვაც მოხდეს. ბუნებრივია, არ შეიძლება აკრძალო იგივე საფერავის გახარება სხვა ქვეყნებსა და კონტინენტებზე, თუმცა აქ სხვაგვარი მექანიზმი იმუშავებს. ქართული მხარის მთავარი ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ შესაბამისი ნორმატიული აქტით მოხდეს წარმოშობის ფაქტორის დაცვა, ანუ ყველა უცხოელი, რომელიც საფერავისგან ღვინოს ჩამოასხამს, ვალდებული უნდა იყოს მიუთითოს, რომ ეს ქართული ჯიშის ყურძნისგანაა ნაწარმოები.

     საქპატენტის გენერალურმა დირექტორმა ერთი უცნაური ამბავიც მომიყვა. თურმე, ბოლო პერიოდში წამოსულა ინიციატივები, რომ მოხდეს ღვინის დაყენების მეთოდების დაპატენტებაც. ბუნებრივია, ეს ნონსენსია, რადგან ქვევრის ტრადიცია მთლიანად ქართველი ერის სიმდიდრეა და არა რომელიმე ერთი პირის, რომ ვინმეს ინტელექტუალური საკუთრების უფლება გადაეცეს. ასეთ შემთხვევაში სხვებს ამ წესით სარგებლობა აეკრძალებოდათ, შესაბამისად, კანონი ამას არ ითვალისწინებს და საკითხიც, საბედნიეროდ, ღია დარჩება.

     პარაფირებული შეთანხმება საბოლოოდ სავარაუდოდ მომავალი წლის აპრილიდან შევა ძალაში. მანამდე კი, საქპატენტში აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ აღნიშნული შეთანხმებისა და ქართული სიის შესახებ რაც შეიძლება ფართოდ გახდეს ცნობილი, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში. ამ მიზნით მათ ინდუსტრიული საკუთრების სპეციალური, ოფიციალური ბიულეტენი გამოსცეს ინგლისურ ენაზე, სადაც დაწვრილებით არის მოთხრობილი თვრამეტი დასახელების ღვინის გეოგრაფიული წარმოშობის, კლიმატის, თვისებების შესახებ. "პირველ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცოდეს, ქართველებს რა დასახელებები გვაქვს, ამიტომ ეს ბიულეტენი დაეგზავნა ყველა საელჩოს ევროკავშირის ქვეყნებში, ვაპირებთ ასევე დავუგზავნოთ დიასპორებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, რათა რაც შეიძლება მეტმა ქართველმა იცოდეს, რომ ასეთი დოკუმენტი არსებობს და თუ რაიმე დარღვევა აღმოაჩინეს, გვაცნობონ", - ამბობს ღვალაძე.

     აღნიშნული შეთანხმების გაფორმება არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პრესტიჟისა და ხარისხის დაცვას, არამედ ის ასევე წინ გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შელშეკრულების დადებისკენ. "შეთანხმება სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ" იმ დიდი ცვლილებების მოხდენის ერთ-ერთი წინაპირობაა, რომლებსაც ქართულ მეწარმეობას ევროკავშირთან სავაჭრო ბარიერების გაუქმება მოუტანს.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

 



სამწუხაროდ, ქართული ღვინის იმიჯზე ზრუნვა მხოლოდ ქართველებს შეგვიძლია. ევროკავშირს საკუთარი პრობლემებიც ეყოფა. www.vino.ge


არის საკითხები, სადაც ევროკავშირმა უნდა იზრუნოს. მაგ. ადგილწარმოშობის დასახელებები. მხოლოდ ჩვენი "ზრუნვით" სამწუხაროდ მანდ ვერაფერს გავხდებით:

http://vinoge.com/qarTuli-Rvino/falsifikaciis-dasavluri-rakursi



მე კი მგონია, რომ ამ პრობლემის გასაღები მაინც ჩვენს ხელშია. ნუთუ საეჭვოა ის,რომ ხვანჭკარის ფალსიფიკაციას მხოლოდ იმიტომ აქვს აზრი, რომ ბულგარეთში დამზადებული "ხვანჭკარა" შეიძლება გორში დამზადებულ ქართულზე უკეთესი აღმოჩნდეს.ჯერ ესა გვაქვს მოსაგვარებელი და ევროკავშირის იმედი ამაში ტყუილად ნუ გვექნება.


ევროკავშირმა ევროპაში უნდა დაგვიცვას. ლინკიც მაგიტომ დავდე, სადაც სწორედ ევროპულ ფალსიფიკაციაზე იყო საუბარი. თქვენ რასაც ამბობთ ეგ სხვა პრობლემაა, მაგაზე არავინ კამათობს.



ყველაზე კარგი დამცავი მექანიზმი მაინც ხარისხია. მარტივ მაგალითს მოვიყვან – ამერიკული paul masson–ი უშვებს შაბლის, მაგრამ ფრანგებს სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ. www.vino.ge


მე ხომ ხარისხზე არ გედავებით? თქვენს მიერ მოყვანილ მაგალითზე უფრო მარტივ რაღაცას ვგულისხმობდი, ნუთუ ასე ძნელია ამის გაგება? :) სხვათაშორის, ბევრი უხარისხო შაბლიც არსებობს, ისეთი, რომ პოლ მასონს შეუძლიათ ორდენიც კი დაკიდონ ფრანგებმა მათთან შედარებით :)


მეგობრებო, აქ საუბარია სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე რომელიც საშუალებას მოგვცემს დავიცვათ ჩვენი ადგილწარმოშობის დასახელებები.ადგილწარმოშობის დასახელება წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს და შასაბამისად მის დასაცავად საჭიროა დაგენილი წესით რეგისტრაცია. მას შემდეგ რაც ძალაში შევა ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულება ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების გამოყენება დაცული იქნება ევროკავშირის ქვეყნებში, ანუ მარტივად რომ ვთქვათ დასახელება ხვანჩკარა,მუკუზანი,ქინძმარაული და სხვა შეიძლება იყოს მხოლოდ ქართული და ევროკავშირის ქვეყნებში ამ დასახელების ვერც ღვინოს ჩამოასხამენ და ვერც დასახელებას გამოიყენებენ. თუ მაინც დაფიქსირდება ასეთი ფაქტები ჩვენ გვექნება სამართლებრივი საფუძვლები ასეთი ქმედებების აღსაკვეთად.რაც შეეხება ღვინის ხარისხს ესეც მკაცრად რეგლამენტირებულია, კონკრეტული მიკრო ზონით და კონკრეტული ყურძნის ჯიშებით. დეტალური ინფორმაცია თითოეული ადგილწარმოსობის დასახელები ღვინის შესახე შეგიძლიათ ნახოთ www.Sakpatenti.org.ge

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული