ალეკო ცქიტიშვილი
14 მაისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახალი ღვინის ფესტივალი მეღვინეებს საშუალებას მისცემს, პირისპირ შეხვდნენ ღვინის მოყვარულებს და უშუალოდ მათგან მოისმინონ თავიანთი ნაღვაწის პირველი შეფასება. ბოლო მოსავლის ღვინოების პირველი ჭაშნიკი ახალი ღვინის ფესტივალის მთავარი ინტრიგაა. ჯიშური მრავალფეროვნების გარდა, წლევანდელ ფესტივალზე ქვევრის ღვინოების სასიამოვნო სიმრავლეა.
ახალი ღვინის ფესტივალების ტრადიცია მეღვინეობით სახელგანთქმულ ყველა ქვეყანაში არსებობს. მაგალითად: საფრანგეთში – Beaujolais Nouveau, ესპანეთში – Festival Vino Nuevo, იტალიაში – Vino Novello. საქართველოში კი, ღვინის კლუბის ინიციატივით და ქალაქ თბილისის მერიის პატრონაჟით, ასეთი ფესტივალი პირველად გასულ წელს ჩატარდა და ათასობით ღვინის მოყვარულს უმასპინძლა. ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ღვინის კლუბმა საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, რომელსაც განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია ღვინის კულტურის განვითარებაში.
ახალი ღვინის ფესტივალის აუცილებელი პირობაა, ღვინის კომპანიებმა და მარნებმა სტუმრებს წარუდგინონ ახალი, ანუ ამჯერად - 2010 წლის მოსავლის ღვინოები, რომელთა უმეტესობა ჯერ ბოთლებშიც არ ჩამოსხმულა. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ცნობილი ქართული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი (ადკ) ღვინოების უმეტესობა (მშრალი ღვინოები), კანონმდებლობით, ზაფხულში უნდა ჩამოისხას. გამონაკლისია ნახევრადტკბილი ბრენდები, რომელთა ჩამოსხმა ახალი წლის დასაწყისიდან უკვე ნებადართულია. თუმცა, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ თითქმის ყველა ცნობილი მშრალი ადკ ღვინის მასალა და შეაფასონ მისი განვითარების პოტენციალი. ღვინის კომპანიები უკვე ემზადებიან მომხმარებელთან შესახვედრად.
„ახალი ღვინის ფესტივალი კომპანიებისა და მომხმარებელის კომუნიკაციის საუკეთესო შესაძლებლობაა“, - ამბობს „მეღვინეობა ხარებას“ მეღვინე, ღვინის კლუბის წევრი, დავით ჩიჩუა, - „ფესტივალზე მომხმარებელი იღებს ინფორმაციას ღვინოების შესახებ. მას შეუძლია სხვადასხვა ღვინოების შედარება და ეძლევა უნიკალური შანსი, მისთვის საინტერესო კატეგორიაში შეარჩიოს სასურველი პროდუქტი. კვალიფიციურ მეღვინეებთან და სომელიეებთან კონტაქტი, ღვინის დაგემოვნებისას აზრის ურთიერთგაზიარება განაპირობებს მომხმარებლის გემოვნების დახვეწას. ხარისხიანი ღვინის მწარმოებლისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ღვინის ხარისხის ზრდა ვერ მოგვცემს სასურველ ეფექტს, თუკი პარალელურად არ განვითარდა მომხმარებლის გემოვნება“.
როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მეღვინეთა შეფასებით, 2010 წელი წინააღმდეგობრივი და რთული იყო. ზაფხულის გვალვამ და მთელი დღე-ღამის განმავლობაში უცვლელმა მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია ის, რომ კომპანიებმა დიდწილად მიიღეს შედარებით უხეში, მაღალალკოჰოლიანი, დაბალმჟავიანი და ნაკლებად არომატული ღვინოები.
დავით ჩიჩუა, „მეღვინეობა ხარებას“ მეღვინე: „შეიძლება ითქვას, 2010 წელს მოხდა ზონების წანაცვლება: იქ, სადაც კლასიკური თეთრი ღვინოების სამშობლოა, წელს ქვევრის ღვინისთვის ოპტიმალური ნედლეული მივიღეთ, ნესტიან და გრილ ადგილებში ცხელი და ხირხატი ადგილებისათვის დამახასიათებელი ყურძენი მოიწია. წითელი ღვინოებისგან განსხვავებით, თეთრი ღვინოებისათვის ეს ცვლილება, ძირითადად, არასასურველი აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, 2010 წლის მოსავლის ღვინოებიდან ჩვენი კომპანია კახეთის რეგიონში წარმატებულ პროდუქტად მიიჩნევს ქვევრის თეთრ და წითელ ღვინოებს. მე პირადად აღტაცებული ვარ ჩვენი ქვევრის „ქისით“ და „მწვანით“. ახალი ღვინის ფესტივალის სტუმრები, ალბათ, შენიშნავენ, რომ ეს ღვინოები ჯერ მხოლოდ განვითარების გრძელი გზის დასაწყისში არიან და საბოლოო შედეგამდე კიდევ დიდ ყურადღებას მოითხოვენ. ძალიან კარგი შედეგი გვაქვს ქინძმარაულის ვენახებიდან. აქ ნიადაგმა უკეთესად შეინარჩუნა სინესტე. ამავდროულად, ოპტიმალური კონდიციები გვქონდა ნახევრადტკბილი ღვინისათვის“.
კომპანია „კახურის“ კომერციული დირექტორის, არჩილ დოლმაზაშვილის თქმით, 2010 წლის ჭირვეულმა ამინდებმა მოსავლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა. თუმცა, შპს „კახურმა“ თავისი ღვინოებისთვის მხოლოდ საგულადგულოდ შერჩეული, ხარისხიანი ყურძენი გამოიყენა, რის გამოც არასასურველი ბუნებრივი პირობები კომპანიის ახალი ღვინოების ხარისხზე არ ასახულა.
„რთვლამდე ცოტა ხნით ადრე წინანდალში ვენახები ორჯერ დაისეტყვა და წინა წელთან შედარებით ნედლეული ძალიან შემცირდა, შესაბამისად - გაძვირდა. ჩვენ მაინც მოვახერხეთ ღვინო „წინანდლისთვის“ საჭირო ნედლეულის მოპოვება. ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი გვექნება როგორც წინანდლის, ისე სხვა სახელგანთქმული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების მასალა“, - ამბობს არჩილ დოლმაზაშვილი.
კომპანია „კახური“ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება და მომხმარებელს საუკეთესო პროდუქტს სთავაზობს. ცოტა ხნის წინ ღვინის კლუბის დეგუსტაციაზე შპს „კახურის“ 2004 წლის მოსავლის „მუკუზანი ელიტარული“ პირველ ადგილზე გავიდა. ახალი ღვინის ფესტივალის სტუმრებს „კახური“ 2010 წლის მოსავლის „მუკუზნის“ ღვინომასალასაც შესთავაზებს.
„იმერული ღვინის კომპანიას“ ვენახები (28 ჰექტარი) იმერეთის ერთ-ერთ საუკეთესო მიკროზონაში - სოფელ მეორე სვირში აქვს. აქცენტს ჯიშურ მრავალფეროვნებაზე და თამამ ექსპერიმენტებზე აკეთებს. ვაზის ქართული ჯიშების - ციცქას, ცოლიკოურის, ოცხანური საფერეს, ალექსანდრეულის, მუჯურეთულის, ოჯალეშისა და საფერავის გარდა, კომპანიას გაშენებული აქვს ფრანგული ჯიშები - პინო, შარდონე და კაბერნე. ახალი ღვინის ფესტივალზეც ამ ჯიშებისგან მიღებულ ღვინოებს წარმოადგენს.
მურად ჯუღელი, „იმერული ღვინის კომპანია“: „2010 წელს იმერეთში სხვადასხვა ჯიშის ვაზი სხვადასხვანაირად განვითარდა. მოსავალიც განსხვავებული ხარისხით მივიღეთ. ეს გამოწვეული იყო ჭირვეული ამინდით - ზაფხულში გვალვებით და რთველის წინ გადაუღებელი წვიმებით. საადრეო ჯიშები - პინო და შარდონე კარგი იყო. გვალვების გამო ადრე - 5-15 სექტემბრისთვის მოიწია კახური საფერავიც და რაჭული ჯიშებიც - ალექსანდრეული და მუჯურეთული. ამ ჯიშებისგან მიღებული ღვინოებით კმაყოფილი ვარ. ალექსანდრეული და მუჯურეთული 50/50-ზე შევურიეთ. ღვინისთვის ჯერ სახელი არ მოგვიფიქრებია, მაგრამ, რა თქმა უნდა, „ხვანჭკარას“ არ დავარქმევთ. სვირში მოყვანილი კახური საფერავისა და ალექსანდრეული/მუჯურეთულის ღვინოები პირველად გამოგვაქვს ბაზარზე. ამიტომ მოუთმენლად ველით ახალი ღვინის ფესტივალზე მოსული სპეციალისტებისა თუ ღვინის მოყვარულების შეფასებას. რაც შეეხება სხვა ჯიშებს, თეთრი ღვინოებიდან გვექნება ციცქა/კრახუნა (კრახუნა 10%). ჩემი აზრით, კარგი ღვინო გამოვიდა. 2010 წლის მოსავლის „ოცხანური საფერე“ და „კაბერნე“ ისეთი არ არის, როგორიც გვინდოდა. თუმცა, მომხმარებლის შეფასებაც გვაინტერესებს და ფესტივალზე ამ ღვინოებსაც წარმოვადგენთ“.
კომპანია „შუმი“ ახალი ღვინის ფესტივალის სტუმრებს საშუალებას მისცემს, წინა წლების ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებიც გასინჯონ და 2010 წლის მოსავლის შესაბამის ღვინომასალას შეუდარონ. კომპანიის დირექტორის, აკაკი ცოფურაშვილის თქმით, ამ გზით მომხმარებელს უფრო მეტად შეექმნება წარმოდგენა, როგორია ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები განვითარების პირველ სტადიაზე და რა სახეს იღებს იგი საბოლოოდ. თუმცა, „შუმის“ მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი შეთავაზება ფესტივალის სტუმრებისთვის იქნება ბიოღვინო „საფერავი“, რომელიც კომპანიას წელს პირველად გამოაქვს ბაზარზე.
შარშანდელთან შედარებით წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი სტუმრებს უფრო მეტ სიურპრიზს სთავაზობს. ფესტივალში მონაწილე ღვინის კომპანიებისა და ოჯახური მარნების რიცხვიც ერთი-ორად გაიზარდა. კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლეა ქვევრის ღვინის სიმრავლე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვევრი აღარ არის ოჯახური მარნების ეთნოგრაფიული ატრიბუტი. იგი ადგილს თვით მსხვილი კომპანიების წარმოებაშიც იკავებს. ნელი ტემპით, მაგრამ მაინც სულ უფრო მეტი ქართული ვაზის ჯიში უბრუნდება მეღვინეობას. შესაბამისად, წლევანდელ ახალი ღვინის ფესტივალზე გაცილებით მეტი ჯიშური მრავალფეროვნებაა მოსალოდნელი.
ფესტივალის მონაწილე ყველა კომპანიას მომხმარებლისთვის თავისი გამორჩეული სათქმელი აქვს. ცხადია, ერთ სტატიაში ყველას თავს ვერ მოვუყრიდით. ამიტომ მკითხველს ვურჩევთ, 14 მაისს აუცილებლად ეწვიოს ეთნოგრაფიულ მუზეუმს. აქ მათ შეკითხვებს თვითონ მეღვინეები გასცემენ ამომწურავ პასუხებს და თან იქვე საუკეთესო ღვინოებს გაასინჯებენ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი