Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინით ახალი საქართველოსაკენ!

”ახალი ღვინის ფესტივალს” წელს 12 ათასამდე ადამიანი დაესწრო

ლევან სეფისკვერაძე

ბოლო სამი წელია, მაისის მეორე შაბათი, თბილისელი ღვინის და არამხოლოდ  ღვინის მოყვარულებისათვის ჭეშმარიტად სახალხო ზეიმად არის ქცეული. 12 მაისს ღვინის კლუბმა თბილისის მერიის მხარდაჭერით, კუს ტბის გზაზე მდებარე საქართველოს ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე უკვე მესამედ ჩაატარა ”ახალი ღვინის ფესტივალი”. ქართველ ღვინის მოყვარულთა მოლოდინები წელსაც გამართლდა. მათ საშუალება ჰქონდათ სრულიად უფასოდ გაესინჯათ და დაეგემოვნებინათ როგორც ოჯახური მარნების (გლეხების) მიერ წარმოდგენილი ღვინის ნიმუშები, ასევე ქართული ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიების მიერ ჩამოსხმული ღვინოები. წელს არჩევანი გაცილებით უფრო დიდი იყო, რაც კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, თუ წლიდან-წლამდე როგორ ვითარდება ”ახალი ღვინის ფესტივალი”

ჩვენ გვიყვარს ქვევრის ღვინო!

საფერავი, რქაწითელი, ხიხვი, ქისი, მწვანე კახური, მცვივანი, ოცხანური საფერე, ციცქა, ცოლიკოური, ჩხავერი, ოჯალეში, ხვანჭკარა, ჩინური, თავკვერი, უსახელოური... ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ღვინოებისა, რისი დაგემოვნების საშუალებაც ფესტივალზე მიწვეულ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუმრებს ჰქონდათ. ფესტივალზე შარშან დამკვიდრებული კარგი ტრადიციები წელსაც გაგრძელდა. ღვინის კლუბის წვერებთან ერთად, წელსაც ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში ჩარგულ ქვევრს თავი ქალაქის მერმა გიგი უგულავამ მოხადა და ფესტივალზე პირველი სადღეგრძელოც მან შესვა. წელს, საფესტივალოდ გარეცხილ და გაწმენდილ ქვევრში ღვინის ჩასხმის პატივი, ჭიკაანელ მეღვინეს, კობა ქვაჭრელიშვილს ხვდა წილად. ბატონი კობას ქვევრის ქისმა საყოველთაო დაფასება და მოწონება დაიმსახურა.

”უკვე მესამედ ვიღებ ღვინის ფესტივალში მონაწილეობას და საკუთარი თვალით ვხედავ, წლიდან-წლამდე თუ როგორ უმჯობესდება ყველაფერი. განსაკუთრებით კარგი სიტყვები ჩემს მიერ პირველად გასინჯულ ღვინოებზე მინდა ვთქვა. რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა, რომ საფესტივალო ქვევრში ჩემი მარნის ღვინო ჩაისხა. ეს ღვინის კლუბის მხრიდან ჩემი დიდი დაფასებაა და მომავალში ალბათ ბევრ რამეში დამეხმარება. ბევრი კარგი ღვინო ვნახე გლეხებთანაც და კომპანიებთანაც. ჩემი აზრით, დღეს ყველა მეღვინე განსაკუთრებულად უნდა დავაფასოთ” – ეს სიტყვები კობა ქვაჭრელიშვილს ეკუთვნის, რომელმაც გადაწყვიტა თავად მომსახურებოდა ფესტივალის სტუმრებს და ღვინის კლუბის სიმბოლოდ ქცეული ორშიმოდან, საკუთარი ხელით უსხამდა ღვინოს ფესტივალის სტუმრებს.

ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებული ფესტივალი წელს გამორჩეული მრავალი თვალსაზრისით იყო. თუნდაც ის რად ღირს, რომ წელს სტუმრებს საფესტივალო ლოგითი დამშვენებული მაისურების გარდა, ასევე შეეძლოთ მეტად ორიგინალური დიზაინის მქონე მაისურების შეძენაც. აღნიშნული მაისურის ლოგის შექმნის იდეა მეღვინე გიორგი ბარისაშვილს ეკუთვნის და ამ იდეას "ღვინის კლუბმა" შეასხა ხორცი. ”მე მიყვარს ღვინო” – ასეთ წარწერაში ერთი შეხედვით განსაკუთრებით ორიგინალური თითქოს ბევრი არაფერია, თუმცა, თუკი სიყვარულის აღმნიშვნელი გულის ფორმის გამოსახურების ნაცვლად, ქვევრის გამოსახულებას ჩავსვამთ, მართლაც რომ ორიგინალურ წარწერას მივიღებთ. წარწერას რომელის შინაარსიც დაახლოებით ასეთია: ”მე მიყვარს ქვევრის ღვინო”. ფესტივალზე მაისურების გარდა, ამ ლოგითი დამშვენებულ სხვა ლამაზ საფესტივალო აქსესუარებსაც ნახავდით.

გოგი ბარათაშვილი, ფესტივალის სტუმარი, მუსიკოსი: ”საქართველოში ბევრ ღონისძიებას ტყუილად არქმევენ ხოლმე ფესტივალს. ბევრმა არც კი იცის სიტყვა ”ფესტივალის” ზუსტი მნიშვნელობა და ყველა თუნდაც მცირე მასშტაბის ღონისძიებას ფესტივალად ასაღებენ. საქართველოში რასაც ნამდვილად შემიძლია ფესტივალი ვუწოდო, სწორედ ეს დიდებული ღონისძიებაა. შარშან საქართველოში არ ვიყავი და ამიტომ ვერ შევძელი ფესტივალზე ამოსვლა. შარშანწინ და წელს კი, მე და ჩემი ძმა მგონი პირველები ამოვქანდით ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ყველაფერი მომწონს. ყველაფერი შესანიშნავია. შარშანწინდელთან შედარებით აშკარად უფრო მეტი ღვინოა და როგორც ღვინის საქმეში ჩემზე კარგად ჩახედულმა ადამიანებმა მითხრეს, ღვინის ხარისხმაც მოიმატა. წელს გასინჯული ღვინოებიდან ჯაყელების საფერავი მინდა გამოვარჩიო. ამ დღეებში ამ ღვინოს ღვინის მაღაზიაში აუცილებლად შევიძენ და მეგობრებსაც გავასინჯებ”

”რქაწითელი საუკეთესო ფრანგულ ღვინოს არ ჩამოუვარდება”

ისევე როგორც გასულ წლებში, “ახალი ღვინის ფესტივალზე“ წელსაც ბევრი ცნობილი ადამიანი იყო მისული. განსაკუთრებით და ტრადიციულად რა თქმა უნდა პოლიტიკოსები აქტიურობდნენ. თუმცა ჩვენი ყურადღება ყველაზე მეტად მაინც უცხოელებმა მიიქციეს, რომლებიც კომპანია ”ხოხბის ცრემლების” მფლობელის, ამერიკელის მეღვინის, ჯონი ვურდემანისგან, ქართული ღვინის შესახებ ინგლისურ ენაზე საინტერესო განმარტებებს ისმენდნენ. წლევანდელ ფესტივალზე უცხოელმა სტუმრებმა სიღნაღელ ჯონის ღვინის გიდის ფუნქციებიც დააკისრეს, რასაც ქართველების ამერიკელი სიძე დაუზარებლად ასრულებდა.

ორონ შერადი, სტუმარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან”ჩემი ფესვები ინდოეთშია და ძალიან მიყვარს ინდური კულტურაც და სამზარეულოც. მაგრამ, ინდოეთში ღვინო ძირითადად საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შედის. თქვენი ღვინო ისე მომეწონა, რომ ამიერიდან ყველა ქვეყნის ბიზნესმენს ვურჩევ, შესანიშნავი ქართული ღვინის გატანით დაინტერესდნენ. განსაკუთრებულად მომწონს თქვენი რქაწითელი, რომელიც ხარისხით საუკეთესო ფრანგულ ღვინოს არ ჩამოუვარდება. გარდა ამისა, ამ ღია ცის ქვეშ მდებარე მუზეუმში ძველი ქართული სახლებიც დავათვალიერე.Mმომწონს წარსულს ასე რომ აფასებთ”

2010 წელს, როდესაც ”ახალი ღვინის ფესტივალი” პირველად გაიმართა, ღვინის კლუბის წევრებსა და მეღვინეებს, მაშინ დაახლოებით 6 ათასამდე სტუმრის მასპინძლობა მოუწიათ. მაშინ, ასეთი მასშტაბური ღვინის ფესტივალი ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ იყო ჩატარებული და ყველა ღვინით დაინტერესებული ადამიანების სიმრავლეზე საუბრობდა. ამის შემდეგ მხოლოდ ორი წელი გავიდა და 2012 წლის 12 მაისს გამართულმა ფესტივალმა აჩვენა, რომ სტუმართა რაოდენობა გაორმაგებულია. წელს, ღვინის ფესტივალს დაახლოებით 12 ათასი ადამიანი სტუმრობდა, რაც ღვინის კლუბის წევრებს სიამაყის მიზეზსაც აძლევს.

ფესტივალი ყველასათვის და ყველა ფესტივალისათვის

მალხაზ ხარბედია, ღვინის კლუბის პრეზიდენტი: ”წლევანდელი ”ახალი ღვინის ფესტივალი” განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე ახალი მცირე მარნისთვის. მცირე მარნების ასეთი მრავალფეროვნება აქამდე არ ყოფილა ”ახალი ღვინის ფესტივალზე“. რა თქმა უნდა, ფესტივალზე ტრადიციული მონაწილეებიც იყვნენ, ჩვენი მეგობრები, ღვინის კლუბის წევრი მცირე მარნებიც, მაგრამ ერთბაშად რამდენიმე ძალიან საინტერესო ღვინის მწარმოებლის გამოჩენამ (აქამდე მათ არავინ იცნობდა), კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა თანამედროვე ქართული ღვინის სურათი – ასეთები იყვნენ, ავთანდილ ბედენაშვილის მარანი კარდენახიდან, ბაბანეურის მარანი, ბექა გოცაძის საგვარეულო მარანი, ვლადიმერ გულაშვილის მარანი, სალხინოს დადიანების მარანი.

ძალიან სასიამოვნო იყო იმ ღვინის კომპანიების მონაწილეობა, რომელთაც პირველად მიიღეს მონაწილეობა ”ახალი ღვინის ფესტივალში“ – “ასკანელი ძმები“, “ბადაგონი“, “კახური ტრადიციული მეღვინეობა“, “ჩელთი“... დარწმუნებული ვარ, ეს კომპანიები ჩვენი ფესტივალის ერთგული მონაწილეები გახდებიან. ცალკე საუბრის თემაა ”აგროს”, ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის მონაწილეობა ფესტივალში, რომელთაც ძალიან ბევრი იშვიათი ჯიში წარმოადგინეს დასაჭაშნიკებლად. და რაც მთავარია, ოჯახური მარნების მონაწილეობა, როგორც ყოველთვის, ძალიან ამშვენებს ხოლმე  ჩვენს ფესტივალს. ყოველ წელს სულ ახალ–ახალი სახეები, ახალი ჯიშები, ახალი ტიპის ღვინოები ჩნდება ამ ფლანგზე, იმ დიდ ”ფარდულში”, რომელსაც მევენახე–გლეხების ღვინოები ჰქვია. მათ შორის ყველაზე ეკზოტიკური რეგიონებიდანაც..."

თბილისში ქართული ღვინის ზეიმი კიდევ ერთხელ შედგა. ახალი ღვინის დასაჭაშნიკებლად ეთნოგრაფიულ მუზეუმში ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ასვლა, ბოლო სამი წელია, რაც ბევრი თბილისელისათვის ერთგვარ ლამაზ ტრადიციად ჩამოყალიბდა. ასევე შესანიშნავი ტრადიციაა ისიც, რომ  ფესტივალის მიმდინარებოს მანძილზე (დილის 9 საათიდან საღამომდე) არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია.

ერთი წელი ზოგადად ძალიან ცოტა დროა. მაგრამ სამაგიეროდ ერთი წელი დიდი პერიოდია მათთვის, ვისაც ქართული ღვინო უყვარს და ღვინის ახალი ნიმუშების გასინჯვას ფესტივალებზე ესწრაფვის. ”ახალი ღვინის ფესტივალი” კვალავ ერთი წლით გვემშვიდობება. ერთი წლის შემდეგ, კავკასიაში ღვინის ყველაზე მასშტაბური ფესტივალი, ქართულ მეღვინებაში მიმდინარე კარგი და სასიამოვნო სიახლეებით აუცილებლად დაგვიბრუნდება!  

© ღვინის კლუბი/Weekend



ზუსტად ასეთი კაბა აცვია ჯულია რობეტს "ლამაზმანში", პოლოს მატჩზე. (http://www.youtube.com/watch?v=FeRe_NIjqzQ). ნეტა ღვინის ფესტივალზეც ხომ არ ?!. :):):) შესანიშნავი დღე იყო 12 მაისი, აი ისეთი მთელი ცხოვრება რომ გემეხსოვრება. ყოჩაღ,ყოჩაღ,ყოჩაღ,ყოჩაღ,ყოჩაღ, ღვინის კლუბს


ჩელთის და ბაბანეურის ღვინოებმა მეც დამამახსოვრა თავი. კაი ხანს ვუტრიალე ბაბანეურს და კაი ნაცნობობაც გავაბი. კავკასიაში კი არა, ასე თუ იმატა ხალხმა, მალე ბევრს არ დავუდებთ ტოლს!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.