Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ძმები გარგანოების “პარადიზო”

სოლომონ ცაიშვილი

გენუაში, ზღვის ნაპირიდან შორიახლოს, შემაღლებულზე, ყვავილებიან და მარადმწვანე ხეებიან ბაღში დგას ვილა “პარადიზო”. დიდი, თლილი ქვებით ნაგები ძველი შენობის მესამე და მეოთხე სართულებზე სავაჭრო კომპანია  “ველიერის” ოფისია. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაარსებული ეს ფირმა თავდაპირველად გენუის პორტში სახლობდა და ჩრდილოეთ იტალიაში შემოჰქონდა ალკოჰოლიანი სასმელები, ჩაი, კაკაო და სხვა. მაშინ ფირმის წლიური ბრუნვა რამდენიმე ათასი დოლარი იყო. მას შემდეგ რაც “ველიერი” გარგანოების ოჯახის ხელში გადავიდა, შემოსავლებმა იმატა და ოფისმაც საპორტო ორომტრიალიდან ვილა “პარადიზოს” სქელი კედლებით დაცულ სივრცეში დაიდო ბინა. დღეს კომპანიის წლიური ბრუნვა ოც მილიონ ევროს აღემატება. ვინმემ შეიძლება თქვას, ეს ოცი მილიონი ვითომ რა არისო. საერთაშორისო მასშტაბით საშუალო ფირმაა და ამათ შესახებ ლაპარაკი და მითუმეტეს წერა რისი მაქნისიაო. აქაოდა მსოფლიომ იცის ბევრი მაგალითი, როცა მავანს 1000 დოლარით დაუწყია საქმე და ერთ-ორ წელიწადში მილიარდები უშოვნია. ამ ჰიპოთეტურ ნათქვამს დავუმატებ, “ველიერის” პრეზიდენტი ლუკა გარგანო და მისი ძმა, ფირმის თანამფლობელი პაოლო რომ ჩვეულებრივი აგრესიული ვაჭრები (გინდა ბიზნესმენები) ყოფილიყვნენ, თავიანთი ნიჭის, ენერგიის, კომუნიკაბელობის მეშვეობით დღეს შეიძლება მართლაც ყოფილიყვნენ მულტიმილიონერები. მაგრამ საქმეც ისაა, რომ გარგანოების არც ერთი თაობა, არც გარგანო მამა და არც მისი შვილები არ არიან ჩვეულებრივი ვაჭრები. ამას მაშინვე იგრძნობთ, როგორც კი “ველიერის” ოფისში შედგავ ფეხს. გულთბილი სალამი, ურთიერთ მოკითხვა, მერე ლუკას ოთახში მოკალათდები და რამდენიმე წუთში თხლად დაჭრილი ლორი, ყველი და პური უკვე მაგიდაზეა. ღვინის სასმისებიც არ იგვიანებს და რამდენიმენაირი ღვინოც აქვეა. გარგანოების მეღვინეები (და სხვა პროდუქციის მწარმოებლებიც), გარგანოების მეგობრები არიან. ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია.
ჩვენ მაინც ნამდვილად ისე გვეპყრობიან, როგორც ახლობელ ადამიანებს და არა როგორც ბიზნეს ობიექტებს. ჯერ არასოდეს გამოუთქვამთ პრეტენზიები, მითუმეტეს კონტრიბუციის სურვილი, ვთქვათ ირიბად დაკრული ან გაცრეცილი ეტიკეტის, თუ ბოთლის შელახული კაფსულის თაობაზე. შენიშვნა შეიძლება მოგცენ, უფრო პაოლომ, მაგრამ იმავე წუთს დახმარებას შემოგთავაზებენ ეტიკეტს ჩვენ დაგიბეჭდავთო, კაპსულებს იტალიდან გამოგიგზავნითო და ასე შემდეგ. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ბიზნესის კანონები არ იციან, ძალიან კარგადაც იციან, მაგრამ ესმით, ჩვენ დამწყები ხალხი ვართ, ფული ცოტა გვაქვს, ყველფრის ხელით გაკეთება გვიხდება და ამ ეტაპზე შეცდომები მოსალოდნელია. მათთვის უფრო მთავარია ის, რაც ბოთლში ასხია და არა ის რაც ბოთლს გარედან აქვს დაკრული. მთავარია დაარწმუნო, რომ შენ საქმეს სიყვარულით და დაუზარელად ეკიდები, რაც კარგი (გინდა მომგებიანი) მომავლის საწინდარია.
            2007 წლის ზაფხულში ლუკა გარგანო და ფაბიო ლულიო (ფირმის დეგუსტატორია) პირველად ჩამოვიდნენ საქართვლოში. ზღაპარში რო ხდება ხოლმე, ისეთი დამთხვევების წყალობით ისინი გიორგი მაყაშვილის სახლში, თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე ჩვენს მაშინდელ მარანში აღმოჩნდნენ. რა დამავიწყებს იმ წუთებს, როდესაც ფაბიომ თხელი და მოგრძო ცხვირი ღვინიან სასმისში ჩაყო (უნდა გამოვტყდე, აქედან მოყოლებული ამ კაცის მიმართ ცოტა შიში დამჩემდა და მას ჩემთვის ხუმრობით “ფობიოს” ვეძახი). მერე დეგუსტატორმა წრუპუნწრუპუნით მოსვა ერთი ყლუპი და მცირე პაუზის შემდგომ ლუკას რაღაც გადაულაპარაკა იტალიურად. ლუკამაც დალია და ალაპარაკდა... მეორე დღეს ჩვენს შორის სიტყვიერი შეთანხმება მოხდა ღვინის იტალიაში იმპორტირების თაობაზე. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ის იყო, რომ ეს კაცი სრულიად უცნობ ადამიანებს გვენდო და ფული ყოველგვარი გარანტიის გარეშე, ერთი თვის თავზე, ღვინის გაგზავნამდე კარგა ხნით ადრე  გადმოგვირიცხა. მეორე, ჩემთვის დაუვიწყარი ეპიზოდი მოხდა მომდევნო წელს, ჩემთან ოჯახში სუფრასთან. მაშინ ლუკა და პაოლო იყვნენ ჩამოსულები. დასაწყისშივე განვუცხადე სტუმრებს - დღეს საღამოს ღვინოს კი არ ვსინჯავთ, არამედ ვსვამთ მეთქი. და შევუყევით მცირე ზომის სასმისებით. ვხედავდი თანდათან როგორ იპყრობდა სტუმრების გულებს ცეცხლისფერი კახური, ამის კვალობაზე მე და ჩემს მეგობრებსაც გვეუფლებოდა აღმაფრენა. აპოთეოზი კი  მაშინ დადგა, როცა მრავალჟამიერი წამოვიწყეთ. ჩვენ ასე კარგად მანამადე ალბათ არასოდეს გვიმღერია, ძმები გარგანოების თვალები კი ცრემლით იყო სავსე. ამ წუთიდან მოყოლებული ჩვენი თბილი ურთიერთობა  გულითად მეგობრობაში გადაიზარდა.
            ახლა ისევ ვილა “პარადიზოში” დავბრუნდეთ. სხვაც ბევრი გულღია და სასიამოვნო ადამიანი მუშაობს ამ შენობაში. ფაბიო ლულიოზე უკვე გითხარით ორიოდე სიტყვა. რამდენიმე მათგანზე ახლა გეტყვით. მაგალითად დონ მარჩელო და მისი უაღრესად სანდომიანი, განუყრელი მეუღლე, ან როგორც დონ მარჩელო ეძახის “unika molia”. ეს წყვილი მუდამ ერთადაა, მანქანაში, სამსახურში, რესტორანში. დონ მარჩელო ორი რამის გამო მესიმპათიურება განსაკუთრებით - ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს და თან სიგარეტს ეწევა. ვსხედვართ, ვთქვათ რესტორანში, უცებ მეტყვის ხოლმე “Fumare amare” ე. ი. მოწევა სიყვარულიაო და გავდივართ სადმე მოფარებულში გასაბოლებლად.
            მდივანი მსოფლიოში ყველა ფირმის ხელმძღვანელს ყავს, მაგრამ პაოლოს და ლუკას მდივნები სულ სხვანაირები არიან. მშვენიერი ახალგაზრდა ქალები სოფი რიბი და პაოლა რონკო სიყვარულით და ოდნავი დაზარების გარეშე აკეთებენ თავიანთ საქმეს, საქმე კი ძალიან ბევრი აქვთ, ისინი არიან “ველიერის” მრავალეროვან პარტნიორ მეწარმეთა ნამდვილი პატრონები. ყოველდღე ასობით შეკითხვა სხვადასხვა ენაზე და ამდენივე დაწვრილებითი პასუხი, ზრუნვა ბილეთებზე, სასტუმროზე, ვიზებზე... სოფიმ თავადაც შესანიშნავად იცის ღვინის ავანჩავანი, ხოლო პაოლა ნიჭიერი მწერალია. სულ ცოტა ხნის წინ გამოიცა მისი რომანი, რომელმაც მკითხველების დიდი მოწონება დაიმსახურა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ ადამიანებს მართლა უყვართ თავიანთი სამსახური და ძმები გარგანოების ერთგული თანამოაზრეები არიან.
ყველაზე საინტერესო და მნივნელოვანი პერსონა უფროსი, ანუ მამა (იტალიურად papa) გარგანოა. ეს მაღალი, ოთხმოც წელს გადაცილებული კაცი დღემდე დადის სამსახურში, მონაწილეობს ფირმის მართვაში, სინჯავს სასმელებს და თავის კომპეტენტურ, ხშირად განსხვავებულ აზრსაც გამოთქვამს ხოლმე. Papa გარგანო იმ თაობას ეკუთვნის, ვისაც ახსოვს ნამდვილი შეურყვნელი ღვინის გემო, როცა ბაროლო მართლა ბაროლო იყო და ბორდო მართლა ბორდო. მართალია, არც ლუკასთვის მიკითხავს ოდესმე და არც პაოლოსთვის, მაგრამ მაინც ვფიქრობ - ის უაღრესად რისკიანი ნაბიჯი, რომელიც ძმებმა გადადგეს, მათ გარკვეულწილად ნამდვილი ღვინის შესახებ მამის მონათხრობმა გააბედინათ.
საფრთხე მართლაც დიდი იყო, როცა წარმატების გზაზე მდგარმა კომპანიამ  რადიკალურად შეცვალა გეზი და ე.წ. ნატურალური ღვინის მწარმოებლებს დაუჭირა მხარი. მაშინ პიარზე, რეკლამაზე, ბრენდებზე მიჯაჭვულ მომხმარებელთა უდიდესი უმრავლესობა არც კი ფიქრობდა, რომ მათი საყვარელი ღვინო თურმე არა ბუნების, არამედ ენოქიმიკოსების მიერ არის შექმნილი. რომ თურმე, მათი ყნოსვის და გემოს რეცეპტორები კი არ აღიქვამენ შესაბამის სიგნალებს, არამედ ენოინდუსტრიის მიერ შემზადებული ტვინის რომელიღაც უბანი იძლევა სათანადო ბრძანებებს. მაგრამ ერთი კი იყო, დალეული ღვინის მიზეზით გასიებულ თავებს, საერთო სისუტეს და უხალისობას, ანუ ე.წ. “პახმელიას” არაფერი შველოდა. აი სწორედ ამ დროს ნიკოლა ჟოლიმ და კიდევ რამდენიმე მევენახე-მეღვინემ გადაწყვიტა ადამიანთა გამოყვანა ამ გაუთავებელი ნაბახუსევიდან. მათ მოინდომეს ღვინისთვის დაებრუნებინათ ჭეშმარიტი გემო, სურნელი, ჯანი, სიხალისე და მარგებლობა. მაგრამ ამ ხალხის შრომა და მონდომება არ იყო საკმარისი. საჭირო იყო კაპტალი, ბიზნეს გამოცდილება და კონტაქტები, თანაც ეს ყველაფერი უნდა ჰქონოდა ისეთ ადამიანს, ვისაც ფანტაზია და გულიც გააჩნდა. ეს კაცი აღმოჩნდა ლუკა გარგანო, იმჟამად უკვე ფირმა ”ველიერის” პრეზიდენტი. მან მიიღო უაღრესად სარისკო გადაწყვეტილება და დაიწყო ნატურალური ღვინოების შესყიდვა და ბაზარზე მათი დამკვიდრება. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებით მან შეაფერხა კომპანიის ფინანსური კეთილდღეობის ზრდა და ეს იმ ეპოქაში მოხდა, როცა ფული შედარებით ადვილად იშოვებოდა, საკმარისი იყო სატაბილური საქმიანობა და გაკვალულ გზებზე სარული.
            ლუკა გარგანოს არ ხიბლავს გაკვალული გზები, პირიქით. იგი რამდენიმე წელი პოლინეზიის კუნძულზე ცხოვრობდა, როგორც აბორიგენი, გახურებული სამოქალაქო ომის დროს ლიბანში ჩავიდა და იქიდან სერჟ ჰოკარის არაჩვეულებრივი ღვინო “შატო მუსარი” ჩაიტანა ევროპაში, მონღოლეთის ტრამალებში რძის არაყი შეისყიდა, იტალიას გააცნო ქართლის პატარა სოფელ ჩარდახში მდებარე არასრული ერთ ჰექტრიანი ვენახის შესანიშნავი ჩინური და ა.შ.
            მაშ, ასეთი მარად მოგზაური პრეზიდენტის ხელში რა ძალა იფარავს “ველიერს” ჩაძირვისგან? ეს ძალაა პაოლო გარგანოს მშვიდი და ფხიზელი ბუნება. იგი უმეტეს დროს ოფისშია და ახერხებს საიმედოდ დაიცვას კომპანიის დადებით ფინანსური ბალანსი ლუკას ექსპერიმენტებისგან; თუმცა პაოლოს კარგად ესმის, რომ არა ლუკას რომანტიზმი, ცხოვრება და საქმიანობა გაცილებით მოსაწყენი და საზოგადოდ უსარგებლო გახდება, ამიტომ იგი არ ზღუდავს და თითქმის ყოველთვის მხარს უჭერს თავისი ძმის სარისკო წამოწყებებს. მე ისიც მგონია, რომ პაოლო შინაგანად ლუკაზე არანაკლები რომანტიკოსია, მაგრამ საჭიროების გამო თავს იკავებს და ფხიზელი გაწონასწორებული ბიზნესმენის ნიღაბი აქვს მორგებული. ერთი ნამდვილად ვიცი, მას თავდავიწყებით უყვარს მუსიკა. ერთხელ ნასვამი თითქოს რაღაც ცოდვაში გამომიტყდა: მუსიკა უფრო მიყვარს ვიდრე ღვინოო. სასტუმროს ფოიეში ვიჯექით ამას რომ ამბობდა და მერე, ეტყობა მუსიკის უპირატესობის დასამტკიცებლად მთელი ხმით ცნობილი არია “Nesun dorma” იმღერა თავიდან ბოლომდე.
            გაზეთის ფორმატი არ მაძლევს საშუალებას განვაგრძო ეს არაკის მაგვარი ტექსტი კომპანია “ველიერის” შესახებ. კიდევ ბევრი ადამიანი დამრჩა მოსახსენებელი, კიდევ ბევრი კეთილი საქმე მოსათხრობი. იძულებული ვარ, როგორც წესია, ამ არაკის მორალი გაგანდოთ და ამით დავასრულო ამბავი. მორალი კი შემდეგშია: საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობა წინ ვერ წავა, მხოლოდ ამ დარგის მუშაკთა პატიოსანი და მუყაითი შრომის ანაბარად, თუნდაც ხელისუფლების მხრიდან სათანადო ხელისშეწყობის პირობებში. სრულებით აუცილებელია ასპარეზზე ისეთი გულშემატკივარი და გამბედავი ვაჭრების გამოჩენა, როგორებიც არიან ძმები ლუკა და პაოლო გარგანოები. ჩვენ გვჭირდება ჩვენი “ვილა პარადიზო”, სადაც არა მხოლოდ ზრდილობიანად, არამედ მეგობრულად შეგვხვდებიან, ჩვენ ჭირს და ლხინს გაიზიარებენ, დაგვენდობიან და კომერციის ლაბირინთებში გზას გაგვიკვალავენ.   
  
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.