Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

WinExpo Georgia 2013 – წითელი ღვინოების ტრიუმფი

ალეკო ცქიტიშვილი

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეექვსე საერთაშორისო გამოფენამ და კონკურსმა - WinExpo Georgia 2013  ქართული მეღვინეობის ბოლოდროინდელი ტენდენციები შეაჯამა. საინტერესოა, რომ ოქროს მედლები, ძირითადად, წითელმა ღვინოებმა დაიმსახურა. თეთრ ღვინოებში მხოლოდ ქვევრის ორმა მშრალმა ღვინომ მიიღო ოქროს მედალი. ამ ნომინაციაში "ვინექსპოს" ჟიურის ფავორიტები "თბილღვინოსა" და "ვაზი+"-ს ღვინოები აღმოჩნდნენ. კლასიკური წესით დაყენებულ თეთრ ღვინოებს კი მხოლოდ ვერცხლის მედლები შეხვდა.

საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" მიერ ორგანიზებულ WinExpo Georgia 2013-ზე მართლაც შესანიშნავი წითელი ღვინოები იყო წარმოდგენილი. ზოგიერთი მედლის გარეშეც დარჩა, რადგან გამოფენის მონაწილე რამდენიმე მარანმა თავიანთი ღვინოები კონკურსზე, უბრალოდ, არ წარადგინა. ზოგადად, კონკურსის შედეგებმა ერთგვარად დაადასტურა ტენდენცია, რაზეც ღვინის კლუბში რამდენიმე კვირის წინ, ახალი ღვინის ფესტივალისთვის ოჯახური ღვინოების შესარჩევ დეგუსტაციაზე გამახვილდა ყურადღება - ბოლო მოსავლის წითელი ღვინოები, განსაკუთრებით - "საფერავები" თეთრ ღვინოებზე უფრო ეფექტურია. ამავე დროს, ჯიშური სიწმინდის გარდა, ამ ღვინოებს დაეტყო სხვადასხვა ცნობილი მიკროზონების კეთილი ზეგავლენა, რის შედეგადაც ყვარლის, ახმეტის, თელავის, გურჯაანისა თუ გარე კახეთის (განსაკუთრებით – ხაშმის) "საფერავები" ერთმანეთისგან განსხვავებულია და ინდივიდუალური ღირსებებით გამოირჩევა. წინა წლებში "საფერავების" ასეთი მრავალფეროვნება ნაკლებად შესამჩნევი იყო.

            წითელი ღვინოების ტრიუმფის პირველი მიზეზი, ჩემი აზრით, ბუნებაა, რომელმაც თავად ინება, რომ ბოლო წლების (2011-12 წწ.) წითელყურძნიან ვაზის ჯიშებს უფრო ღირსეული ღვინოები მიეცა ადამიანებისთვის. ამავე დროს, რა თქმა უნდა, მეღვინეებსაც არ უნდა დავუკარგოთ გარჯა, განსაკუთრებით მათ, ვინც შრომით და საინტერესო ექსპერიმენტებით მიაღწიეს წარმატებას. მსხვილი კომპანიები კარგად იყენებენ თავიანთ ტექნოლოგიურ თუ ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს და ცდილობენ, "საფერავისგან" ექსკლუზიური ღვინოები დააყენონ. მცირე მარნები კი, უმეტესწილად, ნატურალური მეღვინეობის საუკეთესო ტრადიციების დაცვით თუ აღორძინებით აღწევენ მაღალ შედეგებს.

"მეღვინეობა ხარებას" 2011 წლის მოსავლის წითელი მშრალი ღვინო - "ხარება" 1 წლით კასრშია დაძველებული. ეს საფირმო ღვინო მიღებულია კახეთის რამდენიმე რაიონის ვენახებში დაკრეფილი საფერავის სხვადასხვა ღვინომასალის ეგალიზაციით (ღვინის მასალის პატარ-პატარა პარტიების გაერთიანება დიდ ერთგვაროვან პარტიებად). შესაბამისად, ღვინო "ხარებაში" გამოყენებულია 30% ღვინომასალა, რომლისგანაც "მეღვინეობა ხარება" აყენებს თავის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ღვინოს - "საფერავ პრემიუმს", 5% - ეს არის ღვინომასალა, რომელიც გამოირჩევა ხილის ტონებით, ხოლო დანარჩენი ღვინომასალა ასევე დამზადებულია სხვა ხარისხიანი საფერავისგან. ამ გზით ღვინოში მიიღწევა ტანინებისა და მჟავიანობის ბალანსი, რასაც ემატება მუხის მსუბუქი ტონები. მთელი ეს კონცეფცია და შრომა "ვინექსპოს" ჟიურიმ ოქროს მედლით აღნიშნა.

ოქროს მედალი მიიღო კომპანია "შუმის" ასეთივე ექსკლუზიურმა, საფირმო ღვინომ "შუმი". ეს "მუკუზნის" ტიპის ღვინო სხვადასხვა ვენახში შერჩევით დაკრეფილი ხარისხიანი საფერავისგან არის დაყენებული, რის შემდეგაც 9 თვე მუხის კასრში გაატარა. ზოგადად, საფერავისგან დაყენებული "შუმის" ღვინოები ყოველთვის გამოირჩევა მაღალი ხარისხით, განსაკუთრებით კი - "შუმი", "მუკუზანი" და "ქინძმარაული". აქვე დავძენ, რომ 2012 წლის მოსავლის "ქინძმარაული" "ვინექსპოს" კონკურსზე ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. კომპანიის გენერალური დირექტორის, აკაკი ცოფურაშვილის თქმით, დაჯილდოვებული ღვინოების ექსპორტი იგეგმება ლატვიაში და მოლდავეთში, სადაც აქამდე ქართული ღვინო რატომღაც არავის გაჰქონდა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მცირე მარნების წარმატება, რომლებიც მეღვინეობაში პირველ ნაბიჯებს დგამენ. "ვინექსპოს" ჟიურიმ ოქროს მედლები არგუნა ბექა გოცაძის საგვარეულო მარნის, კომპანია "ლუკასისა" და "მონასტრის ნობათის" "საფერავებს". ამათგან "მონასტრის ნობათის" "საფერავი" ბოლო მოსავლის ღვინოა, ხოლო ბექა გოცაძისა და "ლუკასის" ღვინოები 2011 წლით თარიღდება.

"აქამდე ღვინოებს არ ვყიდდით და მხოლოდ კერძო მოხმარებისთვის გვქონდა. ოქროს მედალი ჩვენთვის დიდი სტიმულია და ამავე დროს, ვალდებულებაც, რომ ეს ღვინო, რომელიც სულ რაღაც 1500 ბოთლი გვაქვს, გავაცნოთ საზოგადოებას. ჩვენი მარანი მცირე წარმადობისაა. 2011 წლის მოსავლის ყველა ღვინო, ერთად აღებული, 5000 ბოთლამდე გამოვა. 2012 წლის ღვინოებს კი შედარებით მეტი რაოდენობით ჩამოვასხამთ, ოღონდ - შემოდგომით, როცა სრულყოფილებას მიაღწევს. ჩვენი ღვინოები უკვე ამ კვირიდან გამოჩნდება ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში", - გვითხრა "ლუკასის" დირექტორმა ქეთი გერსამიამ.

"მონასტრის ნობათის" ღვინოები შექმნილია წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის მამათა და წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრების ერთობლივი შრომის შედეგად. რაოდენობა აქაც შეზღუდულია. ოქროსმედალოსანი "საფერავი, 2012" მხოლოდ 1500 ბოთლი იქნება.

ბექა გოცაძეს ყურძენი ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალის მიმდებარე ფერდობზე გაშენებული ვენახიდან მოაქვს და მისგან ღვინოებს კიკეთში, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე, გრილ კლიმატურ პირობებში აყენებს. ამავე დროს, "ბექა გოცაძის საგვარეულო მარნის" ღვინოები ტრადიციული კახური წესით, ყოველგვარი ტექნოლოგიური დანამატების გარეშე, ქვევრებშია დაყენებული. ბექამ ცოტა ხნის წინ აშშ-ში მთლიანად ექსპორტზე გაიტანა 2011 წლის "საფერავი", რომელმაც "ვინექსპოზე" ოქროს მედალი მიიღო (ამავე დროს წითელ მშრალ ღვინოებს შორის ყველაზე მაღალი – 88 ქულა დაიმსახურა). რამდენიმე თვის წინ ეს ღვინო ნატურალური ღვინოების ერთ-ერთმა უცხოელმა ნეგოციანტმა გასინჯა, წლის ღვინოდ გამოაცხადა, შემდეგ კი კიკეთიდან აშშ-ში მთელი პარტია წაიღო და 18 საათში მთლიანად გაყიდა. ბექას საცავს ამ ღვინის მხოლოდ რამდენიმე ბოთლი შემორჩა. სამაგიეროდ, ქართველ გურმანებს შეუძლიათ, ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში მოიკითხონ "ბექა გოცაძის საგვარეულო მარნის" 2012 წლის "საფერავი", რომელიც წინა წლის ოქროსმედალოსან ღვინოს არაფრით ჩამოუვარდება.

ქვევრის ღვინოები WinExpo Georgia 2013-ზე, გამოფენის ფორმატში, წინა წლებთან შედარებით,Yკიდევ უფრო ბევრი იყო წარმოდგენილი. ქართულ მეღვინეობაში წლიდან წლამდე იზრდება იმ მცირე მარნების რაოდენობა, რომლებიც ქვევრის ნატურალურ ღვინოებს ტრადიციული ქართული მეთოდებით აწარმოებენ და უარს ამბობენ თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებაზე. საინტერესოა, რომ მცირე მარნების უმეტესობამ კონკურსზე თავიანთი ღვინოები არ წარადგინა და ამით ერთგვარად გამოხატა პოზიცია ამ კონკურსის მიმართ, სადაც ძირითადად თანამედროვე, კლასიკური ტექნოლოგიებით დაყენებული ღვინოები მონაწილეობს.

ამავე დროს, WinExpo Georgia 2013-ს ფარგლებში 7 ივნისს ცალკე პავილიონში ჩატარდა ქვევრის ღვინის მე-2 საერთაშორისო სიმპოზიუმი, სადაც მხოლოდ ქვევრში დაყენებული ნატურალური ღვინოები იყო წარმოდგენილი. სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს არა მარტო ქართველმა, არამედ უცხოელმა მეღვინეებმაც (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და ა.შ.), რომლებიც უძველეს ქართულ საღვინე ჭურჭელში - ქვევრში უკვე წლებია, აყენებენ ღვინოებს. სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარდა ქართული და უცხოური ქვევრის ღვინოების დახურული დეგუსტაცია რესტორატორებისთვის, ღვინის მწარმოებლებისთვის და ჟურნალისტებითვის. სიმპოზიუმზე ასევე მოეწყო ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, თეიმურაზ ღლონტისა და ზურაბ ღლონტის ერთობლივი ნაშრომის - "ქვევრის ღვინის გამორჩეულობა" პრეზენტაცია. როგორც ნაშრომის ანოტაციაში ვკითხულობთ, იგი ეძღვნება ქვევრის, როგორც ღვინის დასადუღებლი და დასავარგებელი საღვინე ჭურჭლის გამორჩეულობის დადგენას, ქვევრსა და სხვა საღვინე ჭურჭლებში დაყენებული ღვინოების, აგრეთვე - თიხის ქვევრის მასის ქიმიური და ფიზიკურ-ქიმიური გამოკვლევების საფუძველზე. ნაშრომში განხილულია თიხის ქვევრის ქიმიური შედგენილობის ზეგავლენის საკითხი კახური ღვინის დადუღება-დავარგებისას მიმდინარე პროცესებზე, ღვინის ხარისხობრივი მაჩვენებლების ჩამოყალიბებაზე.  

რამდენიმე მცირე მარნის ნატურალურმა ღვინომ, რომელმაც WinExpo Georgia 2013-ს კონკურსში მიიღო მონაწილეობა, ჟიურის ყურადღებაც მიიპყრო. ბექა გოცაძისა და "მონასტრის ნობათის" წითელი ღვინოების გარდა, აღსანიშნავია საქველმოქმედო კავშირ "თემის" ქვევრის თეთრი მშრალი ღვინის - "რქაწითელი 2012"-ს ვერცხლის მედალი. "თემი" ეს არის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში სამეურვეო ადამიანთათვის შექმნილი საცხოვრებელი ტერიტორია. აქ მცხოვრები ასამდე მოქალაქიდან დაახლოებით ორმოცი გონებრივად შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. ვენახში მუშაობა და სხვა ტიპის მეურნეობაში მონაწილეობა მათთვის რეაბილიტაციის საუკეთესო საშუალებაა. "თემის" მარანი 2007 წლიდან ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" წევრია. წელს კი "თემმა" "კავკასსერტის" საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღო, რაც ფაქტობრივად, ამ საქველმოქმედო კავშირის ბიოღვინოების დიდი აღიარებაა.

წითელი ღვინოების ტრიუმფის მიუხედავად, გასული წლის "ვინექსპოსგან" განსხვავებით, წლევანდელ კონკურსში დიდი ოქროს მედალი არც ერთ ღვინოს არ მიუღია. ორგანიზატორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მაღალი შეფასება (88,5 ქულა) და ოქროს მედალი "კორპორაცია ქართული ღვინის" ნახევრადტკბილმა ღვინომ "ქინძმარაულმა 2012"-მა დაიმსახურა. რელიზში კიდევ ოთხი კომპანიის - "შუმის", "თბილღვინოს" "ვაინმენისა" და "დუგლაძეების ღვინის კომპანიის" "ქინძმარაულია" დასახელებული. ეს ღვინოები ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.

დასასრულს, ერთ ჩემ ფავორიტ ღვინოსაც გაგაცნობთ, რომელიც წლევანდელ "ვინექსპოზე" განსაკუთრებით მომეწონა. ეს არის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო "კარდენახი", რომლის მწარმოებელია კომპანია "შალვინო". როგორც ცნობილია, ქართულ მეღვინეობაში 18 ადგილწარმოშობის დასახელებაა რეგისტრირებული. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში ამ დასახელებებმა რეგისტრაცია გაიარეს ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში, ასევე ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც. ამ 18 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს შორის "კარდენახი" ერთადერთი სადესერტო შემაგრებული ღვინოა, რომელიც ქართულ ბაზარზე, ფაქტობრივად, საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ გამოჩენილა. კომპანიის დირექტორი და მეღვინე ქალბატონია - ნანა წიკლაური, რომელიც პროფესიონალი ენოლოგია. ჩვენთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ თავდაპირველად კომპანიას სურდა, "კარდენახის" სახელწოდებით მშრალი თეთრი ღვინო დაეყენებინა, მაგრამ ამჟამინდელი კანონმდებლობა ამის უფლებას არ იძლევა. ნანა წიკლაური აპირებს, მოამზადოს საკანონმდებლო შუამდგომლობა ღვინის ეროვნული სააგენტოს წინაშე, რათა კომპანიებს სამომავლოდ უფლება მიეცეთ, "კარდენახის" სახელწოდებით აწარმოონ არა მარტო სადესერტო, არამედ კახური წესით დაყენებული მშრალი ღვინოებიც.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული