გამოქვეყნებულია: 21 ნოემბერი, 2012 - 02:09
ჯიმშერ რეხვიაშვილი
ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში 7 პროცენტზე მეტია. წლიდან წლამდე იზრდება სასტუმროებისა და რესტორნების საქონელბრუნვა, რომელიც, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2004 წელს 81 მილიონი ლარი იყო, 2011 წელს კი - 574 მილიონი. დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ითამაშოს ღვინის ტურიზმმა, რომლის პერსპექტივა დიდი უნდა იყოს საქართველოს ღვინოების სიმრავლის, რელიეფის თავისებურების, კერძებისა და ფოლკლორული მრავალფეროვნების გამო. რა სარგებლის მოტანა შეუძლია ღვინის ტურიზმს და რა აფერხებს მის განვითარებას?
მალხაზ ჯაყელი ორგანულ მევენახეობა-მეღვინეობას მისდევს გარე კახეთის სოფელ ხაშმში, სადაც დაახლოებით 5,5 ჰექტარზე საფერავის ვენახი აქვს გაშენებული. ხაშმის საფერავი, რომელსაც ხალხმა დევის სისხლი შეარქვა, საუკუთესოდ ითვლება. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ „ჯაყელების ღვინოების“ წლიური საქონელბრუნვა 20 ათას ლარს აღწევს, თუმცა თავად მალხაზ ჯაყელი იმედოვნებს, რომ ღვინის ტურიზმში ჩაბმით შემოსავლის კიდევ უფრო მეტად გაზრდას შეძლებს:
„ღვინის ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია! ამას მომავალში უფრო დავაფასებთ ჩვენნაირი პატარა მარნები, რადგანაც ის იძლევა რეკლამისა და ღვინის პირდაპირი გაყიდვის საშუალებას. შენთან მოსულ ტურისტს თუ მოეწონა გასინჯული ღვინო, თვითონაც იყიდის და სხვასაც მოიყვანს. ერთი სიტყვით, ძალიან კარგი საქმეა. მსოფლიო გამოცდილებაც დადებითია. ვიცი, როგორ ხდება იტალიაში, საფრანგეთში... შვეიცარიაში მინახავს, როგორ კარგად მუშაობს და შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ აქვთ გახიდილი“.
მალხაზ ჯაყელი ღვინის ტურიზმისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას სამომავლოდ აპირებს, თუმცა საქართველოში მოქმედი ტუროპერატორები დაინტერესებულ ტურისტებს უკვე სთავაზობენ ღვინის ტურებს როგორც ზვრებსა და მარნებში, ასევე კვების ობიექტებში. თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე რესტორან „აზარფეშას“ მფლობელი ლუარსაბ ტოგონიძე ტურისტების მოზიდვას ცდილობს საუკეთესო ღვინოებითა და ქართული ტრადიციული სასმისების მდიდარი კოლექციით, რომელშიც უხვადაა წარმოდგენილი როგორც ყანწები, ასევე თიხის, სპილენძის, ვერცხლისა და მინის ჭურჭელი:
„ეს ყანწი ნიამორის რქისგან არის გაკეთებული და აწერია: „სპირიდონ ჩიტაევი. ალავერდი იახში იოლ! 1871 წელი.“ ეს კი აზარფეშაა, ძალიან მომწონს ტრადიციულობისა და ზომიერი მოცულობის გამო. ეს კი ნამდვილი კულაა. დასავლეთში კულას ეძახიან ორშიმოსმაგვარ ჭურჭელს, მაგრამ ნამდვილი კულა ეს არის: ხისგანაა გაკეთებული და სმის დროს რაკ-რაკი გაუდის“.
რაც შეეხება ღვინის ტურებს ტრადიციული მევენახეობის რეგიონებში, ტურისტებს საშუალება ეძლევათ ეწვიონ ღვინის მსხვილსა და მცირე კომპანიებს, გლეხურ მეურნეობებს, მარნებს, ვენახებს და მონაწილეობა მიიღონ რთველში, გაეცნონ ფოლკლორსა და ადგილობრივ ტრადიციებს.
მეღვინეობა-მევენახეობის მკვლევარის გიორგი ბარისაშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია დეგუსტაციისას ღვინოსთან მხოლოდ ადგილობრივი კერძების შეხამება, ისევე როგორც მნიშვნელოვანია ტიპიური არქიტექტურის, ჩაცმულობისა და ღვინის ჭურჭლის შერჩევა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ყოველივე ეს მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული და გარკვეულწილად ღვინის ტურიზმის განვითარებას აფერხებს.
„პრობლემა ფულშია, თუმცა არამხოლოდ ამაში! დიდ საწარმოებს აქვთ ბევრი ფული და არ აინტერესებთ ტურიზმიდან შემოსავალი. მცირე მეწარმეებსა და გლეხურ მეურნეობებს კი აქვთ მცირე შემოსავალი და ცოტა ფული და ვერ ახერხებენ მარნების კეთილმოწყობას, შესაბამისად აღჭურვას. ასევე საჭიროა ხელსაბანი, ტუალეტი, მარანთან მისასვლელი გზა, რათა ტალახში არ მოუწიოთ ტურისტებს სიარული“, უთხრა გიორგი ბარისაშვილმა რადიო თავისუფლებას.
თუმცა უსახსრობა არ არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ღვინის ტურიზმი საქართველოში ჯეროვნად ვერ ვითარდება. ეკოტურიზმის განვითარების ცენტრის წარმომადგენლის ზაზა გაგუას თქმით, მნიშვნელოვანი პრობლემაა გიდების დაბალი კვალიფიკაცია:
„თვალშისაცემია გიდების განათლებისა და სერტიფიცირების პრობლემა. ყველას შეუძლია იყოს გიდი, არანაირი დამადასტურებელი მოწმობა მას არ სჭირდება. ზოგი გადამზადებულია, ზოგი - არა. ეს პრობლემა მძაფრად დგას ღვინის ტურიზმში, რომელიც ახლა იკიდებს ფეხს და ცოდნა ამ მიმართულებით არის ძალიან დაბალი. არადა, სხვა გიდებთან შედარებით, ღვინის ტურიზმში მეტი ცოდნაა საჭირო. გიდი კარგად უნდა ფლობდეს სპეციალურ ტერმინოლოგიას... მართალია, ნაბიჯები იდგმება, მკვიდრდება გარკვეული სტანდარტები, მაგრამ არაფერი გამოვა, თუ თავად არ იზრუნეს ღვინის კომპანიებმა საკუთარ გიდებსა და მათ მომზადებაზე“.
ეკოტურიზმის განვითარების ცენტრმა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით განახორციელა პროექტი „საქართველოს ღვინის გზა“, რომლის ფარგლებში რეკომენდაცია გაეწია 50-მდე მარანს, თუმცა, როგორც „ღვინის კლუბის“ პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია ამბობს, ხშირ შემთხვევაში საქმის წარმოებას ხელს უშლის სტუმარმასპინძლობის ქართული ტრადიცია.
მაგალითისთვის, დასავლეთ საქართველოში - იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში - უკვირთ და უხერხულად გრძნობენ თავს, როცა ფულის გადახდაზე მიდგება საქმე. ამბობენ, სტუმარს ფული როგორ გადავახდევინო სამ ჭიქა ღვინის გასინჯვაში, ხილის ან ყველისა და პურის მიყოლებაშიო. ესეც ერთგვარი პრობლემაა, არადა, ღვინის ტურიზმი საუკეთესო საშუალებაა გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა სტუმარს და, რაც მთავარია, ეს არის საშუალება გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს, ანუ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის ამაყობენ იმით, რომ საქართველო არის ღვინის აკვანი, რომ საოცარი ღვინო დგება აქ, მაგრამ წარმოდგენა არა აქვთ ქართულ ღვინოზე, არ არიან ნამყოფი არც რთველში, არც მარანში, არც ჭურის მოხდაზე, ერთდროულად არ გაუსინჯავთ ხუთი-ექვსი ქართული ღვინო და ა.შ. ქეიფი და სმა ყველას შეუძლია, ხოლო ცოდნის მოგროვება და მისი შენარჩუნება-გადაცემა სულ სხვა საქმეა“, უთხრა რადიო თავისუფლებას მალხაზ ხარბედიამ, რომლის თქმით, ღვინის ტურიზმის განვითარება იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მცირე მარნების გადარჩენისა და, შესაბამისად, ქართული ღვინოების მრავალფეროვნების შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ამასთან, როგორც ტურისტული კომპანია „თებულოტურის“ მფლობელი პაატა ვარდანაშვილი ამბობს, ღვინის ტურებზე მოთხოვნა განუხრელად იზრდება:
„საქართველოში ჩამოსული ტურისტების 100% თუ არა, 80% მაინც ითხოვს ღვინოების გასინჯვას. ჩვენც, ვინც ჩამოგვყავს, ერთხელ მაინც მიგვყავს ღვინის დეგუსტაციაზე“.
თუმცა პაატა ვარდანაშვილი იმასაც ამბობს, რომ, მოუწყობელი ინფრასტრუქტურისა და დაბალი ხარისხის სერვისის გამო, მიწოდება ყოველთვის ვერ აუდის მოთხოვნას, რაც, თავის მხრივ, ჩრდილს აყენებს ღვინის სამშობლოს სტატუსის მატარებელი ქვეყნის რეპუტაციას და საეჭვოს ხდის ქართველი მეღვინეების მტკიცებას, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც უკანასკნელი 8 ათასი წლის განმავლობაში უწყვეტად ტარდება რთველი.
© radiotavisupleba.ge
თქვენი კომენტარი