Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის სტატისტიკა ქართულად

AUDIO

სალომე აფხაზიშვილი

მიმდინარე კვირის დასაწყისში ამერიკელი მეღვინეებისთვის სპეციალური სემინარი გაიმართა, რომელსაც მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელები და ბრენდ–მენეჯერები დაესწრნენ. ღვინის ექსპერტები, რომლებიც ამ სემინარს უძღვებოდნენ კომპანიის ხელმძღვანელებს სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ყურადღებას ინფორმაციის ორგანიზებასა და თავისუფლად გავრცელებაზე უმახვილებდნენ. მსგავსი ღონისძიებების გარდა, ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში ყოველწლიურად ტარდება ღვინის სფეროში მიმდინარე მოვლენების ვრცელი კვლევა, როგორც კონკრეტული ქვეყნების, ისე რეგიონების მიხედვით. ასეთ ქვეყნებში დეტალური კვლევების ჩატარება ბუნებრივად თანამდევი პროცესია იმ მნიშვნელოვანი მოვლენებისა, რაც ღვინის სფეროში ვითარდება. საქართველოში მსგავსი მიმოხილვები სეზონურად – რთველის პერიოდში ან წლის ბოლოს ხდება ხოლმე ცნობილი. პროცესის გაუმართაობის გარდა, ინფორმაციის ორგანიზებისა და გავრცელებისადმი უყურადღებობას ხშირად კერძო კომპანიები და ღვინის მარნებიც იჩენენ.

უწყება, რომელსაც აღნიშნული ინფორმაციის ორგანიზება და გავრცელება ევალება – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული ღვინის ერონული სააგენტო – სამტრესტია. მათგან პირველი, ფლობს ყოველწლიურ ინფორმაციას, ყურძნის ღვინისა და ყურძნის წვენის ექსპორტ–იმპორტის, ასევე ყურძნისა და ღვინის მოხმარებისა და წარმოების შესახებ, ხოლო მეორე ასევე ყოველწლიურ ინფორმაციას, საწარმოებში სითხის ბრუნვისა და სერტიფიკატმინიჭებული ღვინოების ექსპორტ–იმპორტის შესახებ. როგორც ამ ინფორმაციიდან ირკვევა, ყურძნისა და ღვინის სტატისტიკურ ჭრილში განხილვას ორივე სახელმწიფო უწყება თითქმის მსგავსი მიმართულებით ცდილობს. შედეგად, ღვინის ექსპორტ–იმპორტის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ერთად, სამტრესტიც ავრცელებს. გარდა ამისა, ღვინის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად აღრიცხავს დაკრეფილი და გადამუშავებული ყურძნის რაოდენობას რთველის პერიოდში, თუმცა ეს სტატისტიკაც მხოლოდ კახეთის რთველსა და რაჭის რთველს მოიცავს. თუ რატომ არ აღირიცხება საქართველოს სხვა რეგიონებში – იმერეთში, გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში მიმდინარე რთველის შედეგები, ამასთან დაკავშირებით რადიო „ცხელ შოკოალადთან“ სამტრესტის ხელმძღვანელი პაატა ჭავჭანიძე საუბრობს:

„მიზეზი ის არის, რომ დასავლეთ საქართველოში რთველი ძირითადად მწირი და არასამრეწველო ხასიათისაა. აქ ყურძენს, ძირითადად გლეხები აბარებენ. რაც შეეხება ციცქას და ცოლიკაურს, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ის კომპანიები გვაწვდიან, რომლებიც რეგიონებში იბარებენ ყურძენს“.

რთველის სრულყოფილ სტატისტიკასთან ერთად, მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, თუ საქართველოს ტერიტორიის რა ფართობს იკავებს ვენახები და როგორ არის გავრცელებული ესათუის ჯიში. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის არქივში 2004 წლის მონაცამები ინახება, რომელიც საქართველოს დემოგრაფიულ აღწერასთან ერთად გაკეთდა და მას შემდეგ ეს ინფორმაცია აღარ განახლებულა. აღწერის მიხედვით, 2004 წელს ვენახების ფართობმა 37.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. მიუხედვად ამ ინფორმაციის არსებობისა, ღვინის ექსპერტი გიორგი სამანიშვილი ფართობებთან დაკავშირებულ ინფორმაცის არასრულყოფილად მიიჩნევს. მისი თქმით, აღწერა არასრულია, რადგან მათში ვერ მოხვდა იმ ვენახების  ნაწილი, რომელთა მფლობელები საქართველოს დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში ცხოვრობდნენ. ამ გამოტოვებული ფართობების საერთო რაოდენობა დაახლოებით 10 000 ჰექტრამდე მერყეობდა. ვენახების ფართობების შესახებ ინფორმაციას მეორე სამთვარობო უწყება – სამტრესტი საერთოდ არ ფლობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებულ ღვინის ეროვნულ სააგენტოში ასევე არ არის ისეთ დეტალური ინფორმაცია, როგორიცაა – ყურძნის ჯიშების სტატისტიკა ადგილწარმოშობის მიხედვით, ასევე ბოთლის ღვინის წილი ქართულ ბაზარზე. ასევე ის მონაცემები, თუ რა რაოდენობით ქვევრის ღვინო იწარმოება საქართველოში... სამტრესტში ამის მიზეზად აღნიშნული პროცედურებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი რაოდენობის თანხის უქონლობას ასახელებენ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თქმით კი, ვიწრო სპექტრის სტატისტიკის წარმოება სწორედ სოფლის მეურნეობის სამისტროს და მასთან არსებულ სპეციალიზებულ ორგანოებს ევალებათ.

სახელმწიფო ორგანოების გარდა, საკუთარი ვენახებისა და წარმოებული ღვინის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და გაცემას ოჯახური მარნები და მცირე მეწარმეებიც ნაკლებად პრიორიტეტულად თვლიან, მაშინ როდესაც, საქართველოს მეღვინე–მევენახეების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ისინი შეადგენენ. ამის გამო, ქვეყნის მასშტაბით სრულყოფილი ინფორმაციის თავმოყრა ძალიან ფერხდება. ამას უსვამს ხაზს გიორგი სამანიშვილიც რადიო „ცხელ შოკოლადთან“ საუბარში:

„ის, რომ სრულყოფილი სტატისტიკა არ არსებობს, ეს მხოლოდ საქსტატის პრობლემა არ არის. ჩვენთან სისტემა ისეა აწყობილი, რომ ბევრი რაღაცის დათვლა ძალიან ძნელია. ძირითადი პრობლემა არის ის, რომ მოსახლეობის მფლობელობაში ძალიან ბევრი პატარა ვენახია, რის შესახებაც ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. მაგალითად, იმერელმა გლეხმა შეიძლება ნახევარ ჰექტარზე არსებული ვენახი, სიმინდის ყანებით გაანახევროს, რის შესახებაც ზუსტი ინფორმაციის ფლობა შეუძლებელი ხდება. ამას ემატება ისიც, რომ ბევრი მეღვინე, რომელიც ღვინოს სახლში აყენებს, ზუსტად არ ამხელს, რა რაოდენობის ღვინოს აყენებს ყოველწლიურად“.

სახელმწიფო უწყებების მსგავსად, კერძო მეწარმეების საქმიანობაში მნიშვნელოვან რგოლს სწორედ სტატისტიკური ინფორმაცია წარმოადგენს, ამიტომ რაოდენობრივი მონაცემების არარსებობა ან მისი არასრულყოფილება მნიშვნელოვნად აფერხებს გონივრულ დაგეგმარებას, რაც შემდეგ წარუმატებელ და არასასურველ შედეგებში აისახება. იზრდება პროდუქციის ფალსიფიკაციის შემთხვევებიც, რადგან წარმოებული ღვინისა და მოყვანილი ჯიშების შესახებ არაზუსტი ინფორმაცია, ადამიანებს პროდუქციის გაყალბების პროცესს უმარტივებს.  გიორგი სამანიშვილი სტატისტიკური ინფორმაციის გამრავალფეროვნების მოთხოვნას შემდეგი არგუმენტებით ამყარებს:

„ამ ინფორმაციის არსებობა პირველ რიგში სწორედ სახელმწიფოს სჭირდება, როდესაც ის სოფლის მეურნეობის ამ დარგის დაგეგმვას ახორციელებს და წყვეტს მეღვინეობა–მევენახოების რომელ დარგში უნდა გასცეს სუბსიდიები, ან საერთოდ უნდა გასცეს თუ არა. როდესაც ზუსტი სტატისტიკა არ გაქვს, ამაზე საუბარი რთული ხდება. გარდა ამისა, პრობლემა ადგილობრივ მწარმოებლებსაც ეხებათ, როდესაც ადგილობრივი ბაზრის შესახებ ინფორმაციის არარსებობის გამო, თავის სტრატეგიას ვარაუდის დონეზე გეგმავს“.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული