სალომე აფხაზიშვილი
როდესაც ღვინის საყიდლად, ღვინის მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში შევდივართ, პირველი რაც თვალში გვხვდება ღვინის ბოთლია - სხვადსხვა ფორმის, ფერის და შეფუთვის ინდივიდუალური, ზოგჯერ კი ორიგინალური მახასიათებლებით, რომელთა დანიშნულება პირველ რიგში ის არის, რომ მივხვდეთ, რომელი კომპანიის ღვინოსთან გვაქვს საქმე. თუკი ამ სურათს უფრო განვაზოგადებთ და მას საერთაშორისო მასშტაბით შევხედავთ, მივხვდებით, რომ ღვინის იდენტიფიცირებისას, კომპანიის ადგილს ის ქვეყანა დაიკავებს, რომელიც აღნიშნულ ღვინოს აწარმოებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ღვინის არჩევისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ბოთლის დიზაინი ასრულებს, თუმცა მყიდველების ალბათ ძალიან მცირე ნაწილი ფიქრობს იმაზე, თუ სად და როგორ იქმნება ამ ბოთლის დიზაინი. ეს საკითხი მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუმცა საყურადღებოა ღვინის მწარმოებლებისთვის.
კითხვაზე, სად და როგორ მზადდება ქართული ღვინის ბოთლი, პასუხი ცალსახაა - ასეთი საწარმო ღვინის აკვნის სტატუსის მქონე ქვეყანაში არ ფუნციონირებს.
ღვინის ტარის, ანუ ბოთლის დამამზადებელი ერთ-ერთი მსხვილი საწარმო საქართველოში 1987 წელს ქსანში დაარსდა, რომელიც იმ პერიოდისთვის, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, დარგის ერთ-ერთი მძლავრ ქარხანას წარმოადგენდა. 1995 წლიდან ის სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა და სააქციო საზოგადოება„მინა“ ეწოდა. მისი გენერალური დირექტორის გიორგი მგელაძის თქმით, რუსეთის ბაზრის დაკეტვამდე, ქსნის ქრხანა ყოველწლიურად 55-60 მილიონამდე ბოთლს აწარმოებდა, თუმცა რუსულმა ემბარგომ ეს მაჩვნებელი ჯერ 7 მილიონამდე შეამცირა, 2008 წელს კი, დაბალი მოთხოვნილების გამო, მინის მწარმოებელმა ქარხანამ, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელებისთვის განკუთვნილი ბოთლის წარმოება საბოლოოდ გააჩერა.
დღეს, ქართული ღვინის კომპანიების უმრავლესობა წარმოების პროცესში იმპორტირებულ ტარას იყენებს. ბოთლის მწარმოებელ ქვეყნებს შორის ლიდერობას სომხეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, პოლონეთი და იტალია ინარჩუნებენ. უკევ 6 წელია, სწორედ იტალიურ ტარას იყენებს კომპანია „ხარებაც", რომელიც ყოველწლიურად მილიონ ნახევრამდე ტარის იმპორტს ახორციელებს. კომპანიის ლოჯისტიკის მენეჯერის ზაზა ღონღაძის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანი ხარისხიანი ბოთლია, ამიტომ საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით, ისინი სწორედ ევროპას მიმართავენ. ბრენდ კონსულტანტის ლევან კობერიძის თქმით, ეს პროცესი მეწარმეებისთვის დამატებით სირთულეებს ქმნის, რადგან ტარის მწარმოებელ უცხოურ საწარმოებთან მოლაპარაკება და პროდუქციის საქართველოში ტრანსპორტირება დიდ დროს საჭიროებს და მეწარმეებს სხვადსხვა პრობლემებს უქმნის:
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ფინანსებია, იმიტომ რომ, პროდუქციის იმპორტირებისას, წარმოებისთვის საჭირო ინვესტიცია დიდი ხნის განმავლობაში „იყინება“, ანუ საჭირო ხდება დამატებითი ფინანსების არსებობა, რომელიც მეწარმის ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს. ამას არაფლექსიბელურობაც ემატება. ვთქვათ, როცა ღვინის მწარმოებელს სურს, რომ დასაწყისისთვის საცდელი პარტია გამოუშვას ან წარმოებისთვის სხვადსხვა ფერის ბოთლი სჭირდება, დამატებითი ხარჯების ფასად პროდუქცია სხვა ქვეყნდიდან შენიაქვს. სირთულეს, ის ქმნის, რომ სიტუაციასთან მორგება გიწევს. მარკეტინგული თვალსაზრისით კი, ბოთლის დამატებითი ფერების არარსებობა, მნიშვნელოვანი ბარიერია პროდუქციის გაყიდვის დროს“.
ღვინის მსხვილი მწარმოებლები ტარის იმპორტით გამოწვეული პრობლემების გადაჭრას ზოგჯერ ერთობლივი ძალებით ცდილობენ და თანხების დაზოგვის მიზნით, ისინი საერთო შეკვეთებს ახორციელებენ. იგივე გზას მიმართავენ შედარებით, მცირე წარმოების მქონე ოჯახური მარნებიც, რომლებიც წელიწადში ძირითადად, მხოლოდ 1000 ბოთლამდე ღვინოს აწარმოებენ. ადგილობრივი შესაფუთი მასალების დეფიციტი განსაკუთრებით მძიმე პირობებში სწორედ მცირე მარნებს აყენებს. მცირე რაოდენობის შეკვეთის მიღება ბოთლის მწარმოებელ კომპანიას არამომგებიან ბიზნესად მიაჩნია, რის გამოც ე.წ. ოჯახური მარნები იმპორტირებული პროდუქციის გარეშე რჩებიან.
„შეკვეთას ერთად ვაკეთებთ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, ერთ სატვირთო მანქანას მხოლოდ ერთი მწარმოებლის შეკვეთა ჩამოვატანინოთ, რადგან ეს მას საკმაოდ ძვირი უჯდება. ვერცერთი ჩვენთაგანი ვერ შეძლებს ამდენი ბოთლის შემოტანას, იმიტომ რომ ის რაოდენობა, რაც ერთ სატვირთოში ეტევა და რაც, უცხოურ საწარმოს უღირს რომ გამოაგზავნოს, მე პირადად ალბათ, 10-15 წლის განმავლობაში მეყოფა, რაც ნამდვილად არ მჭირდება. საქართველოში რომ იყოს ბოთლის წარმოება, დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდით მათთან“, - აღნიშნავს ქვევრის ღვინის მწარმებელი რამაზ ნიკოლაძე, რომელიც ღვინის ტარის ადგილობრივი წარმოების არარსებობის გამო, ის ხშირად ალტერნატიულ გზებსაც მიმართავს. დაბრკოლებების თავიდან აცილების მიზნით, ბოთლებით მას ხშირად ღვინის მსხვილი კომპანიებიც ეხმარებიან, თუმცა ძირითად შემთხვევებში, „ნიკოლაძეების მარნის“ ხელმძღვანელი მეორად ბოთლებს იყენებს. ღვინის ჩამომსხმადე კი, სტერილიზაციის მიზნით, ბოთლებს სპეციალური საშუალებებით საკუთარი ხელით ამუშავებს. ტარის გამოყენების აღნიშნული მეთოდი მართალია ნაკლებ ფინანსებს, მაგრამ საკმაო დროს მოითხოვს, რაც მათ დამატებით პრობლემებს უქმნის.
სააქციო საზოგადოება „მინას“ გენერალური დირექტორი ახალი ღუმელის ამუშავებას წლის ბოლოს ვარაუდობს. მისი თქმით, ახალი დანადგარი უფრო გამართულად იმუშავებს და გაცილებით მაღალი ხარისხის ბოთლს დაამზადებს, თუმცა სპეციფიკური ტექნოლოგიური მიზეზების გამო, კომპანიებს ბოთლის მრავალფეროვან ასორტიმენტს მაინც ვერ შესთავაზებს. ეს იმ პირობებში, როდესაც პროდუქციის მრავალფეროვნება სტაბილური წარმოების ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია. ბოთლის დამამზადებელი ახალი ღუმელის ამუშავებამდე, ლევან კობერიძე მწარმოებლებს რეკომენდაციებით მიმართავს:
„იმისათვის, რომ ეს საწარმო უფრო მოქნილი გახდეს, აუცილებელია ისეთი ინევსტიცია, რომ უფრო მრავალფეროვანი პროდუქცია შემოგვთავაზოს. მან უნდა შეეძლოს იყოს ფლექსიბელური. მაგალითად, ნებისმიერი იტალიურ მწარმოებელთან მოხვედრისას, ისინი ბოთლის დიზაინის შეექმნაში გეხმარებიან. ფერზე ხომ საუბარი აღარ არის. მათ მარკეტინგული კომუნიკაცია ძალიან კარგად აქვთ აწყობილი, რადგან ეს პროდუქციის გასაღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა“
ვიდრე ქსნის ქარხანა ტარის წარმოებას ახალი ღუმელით აღადგენს, ხაშურში კი, 2012 წლის აპრილში დაწყებული მინის ქარხნის მშენებლობა დაფინანსების პრობლემებს გადაჭრის, აუცილებელია სახელმწიფოსაც და მეწარმეებსაც კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ შესაფუთი მასალების ადგილობრივი წარმოების შექმნა, მეღვინეობის დარგის პარალელურად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზეც იმოქმედებს, რადგან შიდა მოთხოვნილებების დაკმაყოფილასთან ერთად, ბოთლის მწარმოებელ კომპანიები პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც შეძლებენ.
© რადიო "ცხელი შოკოლადი"
თქვენი კომენტარი