ნანა კობაიძე
პოპულარულმა ბრიტანულმა ჟურნალმა Harpers Wine & Spirit-მა აპრილის ნომერი მთლიანად საქართველოს დაუთმო. 32-გვერდიან დამატებაში გამოცემის წამყვანი ჟურნალისტი, ჯოზეფ დარელი ქართულ ღვინოკულტურას მიმოიხილავს.
Harpers-ის “ქართული” დამატება 9 სტატიისგან შედგება. თემატურად დალაგებულ წერილებში ავტორი ქართული ღვინის ისტორიაზე, ვაზის ჯიშებზე, მეღვინეობის რეგიონებზე, ღვინის კომპანიებზე, რუსეთის მიერ დაწესებულ ემბარგოზე, ქართული ღვინის ინდუსტრიაზე, მის აწმყოსა და მომავალზე საუბრობს. ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ ღვინით დაინტერესებულმა ინგლისელმა, შესაძლოა, სუპერმარკეტში ქართული ღვინოც მოიკითხოს, რაც უკვე კონკრეტული შედეგი იქნება.
Harpers Wine & Spirit ყოველკვირეული პროფესიონალური ჟურნალია, რომელსაც საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. დიდი ბრიტანეთის ღვინისა და სპირტიანი სასმელების ბაზარი მთავარი ინფორმაციებით სწორედ აქედან “მარაგდება”. ჟურნალი წელიწადში 15-20 სპეციალურ დამატებას უშვებს, სადაც სხვადასხვა ღვინისმწარმოებელი ქვეყნის შესახებ მოგვითხრობს. წელს მათ რიცხვში საქართველოც აღმოჩნდა. ყველაფერი კი 4 თვის წინ დაიწყო, როდესაც ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის, “სამტრესტის” მოწვევით ჩვენთან Harpers-ის ჟურნალისტი, ჯოზეფ დარელი ჩამოვიდა. რამდენიმეგზის სტუმრობისას მან ქართული მეღვინეობის რეგიონები მოინახულა, ამ სფეროში ჩვენს ტრადიციებსა და გამოცდილებას გაეცნო და ქართული ღვინოებიც დააგემოვნა, შემდეგ კი ეს ყველაფერი Harpers-ის ფურცლებზე გადაიტანა. გადაწყდა, რომ გაიმართებოდა კონკურსი 10 საუკეთესო ქართული საფერავის გამოსავლენად, შედეგები კი ჟურნალში გამოქვეყნდებოდა.
27 აპრილს ვენაში ჩატარდა დეგუსტაცია, სადაც საქართველოდან საფერავის 20-ზე მეტი ნიმუში გაიგზავნა. კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომელიც თავად Harpers-მა დააკომპლექტა, 10 საუკეთესო შეარჩია. აი, როგორ გამოიყურება გავლენიანი ბრიტანული ჟურნალის ქართული ტოპ- ათეული:
1. ოროველა 2005
2. ბესინი მუკუზანი 2006
3. კახური მუკუზანი 2004
4. ტიბანელი საფერავი 2005
5. ტიფლისის მარანი 2007
6. თელიანი ველი 2007
7. თბილღვინო 2007
8. ქინძმარაულის მარანი 2005
9. შატო მუხრანი 2007
10. GWS, თამადა 2005
კონკურსის დასრულების შემდეგ ჯოზეფ დარელმა ლონდონის ღვინის გამოფენაზე, რომელიც ერთ- ერთი უდიდესია მსოფლიოში, პროფესიონალი პუბლიკისთვის მასტერ- კლასი გამართა. საათნახევრის განმავლობაში 40-მდე სტუმარი საქართველოს შესახებ ინფორმაციას ისმენდა და ქართულ ღვინოებს აგემოვნებდა.
“ლონდონი და ზოგადად, ინგლისი, ძალზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა მსოფლიო ღვინის ბაზარზე, ამიტომ “სამტრესტი” ყველანაირად ცდილობს ხელი შეუწყოს ქართული კომპანიების იქ შესვლას, - ამბობს “სამტრესტის” დირექტორის მრჩეველი, გოგა თევზაძე. - ამ ეტაპზე ეს ფინანსურ მხარდაჭერაში გამოიხატება, იქნება ინგლისის ღვინის მუზეუმ “ვინოპოლისში” სტენდის დაქირავება, ჯოზეფ დარელის ჩამოსვლის ხარჯების დაფინანსება თუ კიდევ სხვა რამ. მხარდაჭერის კონკრეტული შედეგია Harpers-ის “ქართული” დამატებაც. ვფიქრობ, ეს გამოცემა ნაყოფს გამოიღებს და ინგლისელები ქართული პროდუქციით დაინტერესდებიან.”
დღესდღეობით მსოფლიო ღვინის ბაზარზე 3 ლიდერი ქვეყანაა: დიდი ბრიტანეთი, გერმანია და აშშ. ბოლო ათწლეულის მანძილზე სტაბილური განვითარებით მათგან მხოლოდ ინგლისი დაიტრაბახებს. ღვინის მოხმარება 50 პროცენტით გაიზარდა და ერთ სულ მოსახლეზე 19 ლიტრს შეადგენს. ინგლისური ბაზრის ყველაზე დიდი უპირატესობა მისი მრავალფეროვნებაა. წარმოდგენილია 12 მსხვილი ღვინის მწარმოებელი ქვეყნის პროდუქცია: დაწყებული საფრანგეთითა და იტალიით – ავსტრალიისა და ჩილეს ჩათვლით. მეორეს მხრივ, ინგლისში ღიაა ნიშები იმ ქვეყნების პროდუქციისთვის, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ შემოსვლას მსოფლიო ბაზარზე. მათ შორისაა საბერძნეთი, ხორვატია, საქართველო და უკრაინა. ამ ინფორმაციას უცხოური საიტები ავრცელებენ. როგორც ჩანს, შანსები არის, თუმცა, მსოფლიოს ერთ- ერთ პრესტიჟულ ბაზარზე შესასვლელად განსაკუთრებული ხარისხია საჭირო.
ინგლისელები ძალზე მომთხოვნი მომხმარებლები არიან. ისინი უპირატესობას მაღალხარისხიან და ძვირადღირებულ ღვინოებს ანიჭებენ. ცნობისათვის, ინგლისი ფრანგული შამპანურის მოხმარების თვალსაზრისით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
დღესდღეობით ინგლისურ ბაზარზე 4-5 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. მათ შორისაა “ოროველა,” რომლის საფერავმაც Harpers-ის ტოპ- ათეულში პირველი ადგილი დაიკავა. ცნობილი ღვინის კრიტიკოსი, ჯენსის რობინსონი წერს, რომ “ოროველას” ღვინო საუკეთესოა ყველა ქართულ ღვინოს შორის, რაც კი ოდესმე გაუსინჯავს. კომპანიის ღვინოები ინგლისში 2007 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა და დღეისათვის ლონდონის ყველაზე პრესტიჟულ რესტორნებსა და სუპერმარკეტების ქსელშია წარმოდგენილი. “ოროველას” საფერავი თაროზე 16 ფუნტი ღირს, შედარებით იაფფასიანი ღვინოები - 15-20 დოლარი; ქართულ ბაზარზე ნაწარმი მცირე რაოდენობით გამოაქვთ, რადგან ამ სექტორს თავისი პროდუქციისთვის ნაკლებგანვითარებულად მიიჩნევენ. “საქართველოში უფრო ჩამოსასხმელი ღვინო ფასობს, თუმცა, გაყიდვების გარკვეული რაოდენობა აქაც გვაქვს. ჩვენი ღვინო რამდენიმე სოლიდურ რესტორანში იყიდება.” - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი, გია სულხანიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ “ოროველას” პროდუქცია ლონდონის პრესტიჟულ სუპერმარკეტებში იყიდება, ისინი იქ “უცნობ” კატეგორიაშია წარმოდგენილი, რაც ბევრი მყიდველისთვის შემაფერხებელი ფაქტორია. “ქართული ღვინის ცნობადობის ასამაღლებლად რაც შეიძლება მეტი ინფორმაციაა საჭირო. ამ თვალსაზრისით, თავის სიტყვას იტყვის Harpers Wine & Spirit-ის “ქართული” დამატებაც, - ამბობს გია სულხანიშვილი. - ამ ჟურნალში გასული მასალები ქართული ღვინისთვის კარგია პიარია. მით უფრო, რომ უცხოურ ბაზარზე პირველად მოხდა საქართველოს, როგორც კატეგორიის წარდგენა. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ Harpers-ი პროფესიონალებზეა გათვლილი და არა ფართო მომხმარებელზე, როგორც, მაგალითად, Decanter-ი, ამიტომ, იქ გასული ინფორმაცია ძირითადად სავაჭრო წრეებზე იმოქმედებს.”
Harpers-ის დამატებას საქართველოს შესახებ მნიშვნელოვნად მიიჩნევს ტოპ- ათეულის კიდევ ერთი გამარჯვებული, კომპანია “ბესინის” დირექტორი, არჩილ ლობჟანიძეც: “მეორე ადგილი ისეთი დიდი კომპანიების გვერდით, როგორიცაა “თელიანი ველი,” “ვინოტერა” და სხვები, ძალზე სასიხარულოა, თუმცა, საქართველოსა და ქართული ღვინისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, რომ ასეთმა მნიშვნელოვანმა ჟურნალმა თავისი ფურცლები დაუთმო. დღეისათვის “ბესინის” პროდუქცია ინგლისში არ იყიდება, მაგრამ, ვიმედოვნებთ, სამომავლოდ ბრიტანელები ჩვენი კომპანიის ღვინოებითაც დაინტერესდებიან”.
დაინტერესედებიან თუ არა კონსერვატორი ბრიტანელები მათთვის უცხო პროდუქციით, მომავალი გვიჩვენებს. კარგი იქნება, თუ ღვინისა და ვაზის დეპარტამენტი მსგავს აქციებს გააგრძელებს და სტატიები ქართული ღვინის შესახებ სამომავლოდ Decanter- ში, Fine Wine-სა და სხვა მაღალი კლასის ჟურნალებშიც გამოჩნდება.
© ნანა კობაიძე/vinoge.com
თქვენი კომენტარი