Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩხავერის რთველი - მოულოდნელი პრობლემები აჭარაში (სტატია)

ალეკო ცქიტიშვილი

საქართველოში რთველი დასასრულს უახლოვდება. ყურძენი მხოლოდ დასავლეთ საქართველოს რეგიონებშია დასაკრეფი - რაჭა-ლეჩხუმში, გურია-სამეგრელოსა და აჭარაში, სადაც ვაზის აბორიგენული საგვიანო ჯიშებია გავრცელებული. ამ რეგიონებში ყურძენი, ძირითადად, მევენახე-გლეხების ვენახებში იკრიფება. ღვინის მსხვილი კომპანიები რთვლის პერიოდში შედარებით აქტიურობენ რაჭა-ლეჩხუმში, სადაც პერიოდულად პოპულარული ღვინოებისთვის - „ხვანჭკარის“, „ტვიშისა“ და „უსახელაურისთვის“ იბარებენ ყურძენს. გურია-სამეგრელოსა და აჭარაში გავრცელებული ვაზის ჯიშებით კი მხოლოდ ორიოდე მცირე მარანია დაინტერესებული. ამიტომ ამ რეგიონებში, კახეთისგან განსხვავებით, რთველი უხმაუროდ მიმდინარეობს ხოლმე.

მესამე წელია, აჭარაში კომპანია „აჭარული ღვინის სახლი“ ადგილობრივი მევენახე-გლეხებისგან ჩხავერის ჯიშის ყურძენს იბარებს. გასულ წელს დამატებით ცოლიკოურიც მიიღო. ამ მცირე წარმადობის საწარმომ, რომელსაც ყოველწლიურად მაქსიმუმ 50 000 ბოთლი ღვინის ჩამოსხმა შეუძლია, აჭარაში  სტიმული მისცა იშვიათი ვაზის ჯიშის - ჩხავერის ახალი ვენახების გაშენებას. 2010-11 წლებში „აჭარულმა ღვინის სახლმა“ მევენახე-გლეხებისგან 10-10 ტონამდე ჩხავერი 4-5 ლარად შეიძინა. ასეთი მაღალი ფასის გამო გლეხებმა უფრო მეტად მოუარეს თავიანთ ვენახებს, გაზარდეს მოსავლიანობა და ამავე დროს, პირველად საბჭოთა კავშირის შემდეგ, ახალი ვენახების გაშენებაზეც დაიწყეს ფიქრი.

როგორც ჩანს, ამ ერთ პატარა საწარმოს - „აჭარულ ღვინის სახლს“ ზედმეტად დიდი მოლოდინები დაუკავშირდა. წელს აჭარის მევენახეობის რაიონებში ჭარბწარმოების პრობლემა შეიქმნა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში 90 ტონამდე ჩხავერია დასაკრეფი. აქედან 30 ტონას მევენახე-გლეხები თავიანთ ოჯახებში დაწურავენ, დანარჩენი 60 ტონა კი არ იციან, სად წაიღონ, რადგან „აჭარული ღვინის სახლი“ ამ რაოდენობის ყურძნის ჩაბარებაზე უარს აცხადებს.

ლევან ბოლქვაძე, აჭარის ა/რ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი:„ჩხავერის შესახებ ინფორმაცია, ძირითადად, ქედისა და შუახევის თემის რწმუნებულებისგან გვაქვს. რამდენიმე სოფელში ჩვენი სამინისტროს თანამშრომლებიც ჩავიდნენ და ადგილზე შეისწავლეს ვითარება. ჩხავერის ყურძენში შაქრიანობა 21-22 %-ზე ნაკლები არსად არ არის. ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში 70 ტონამდე მოსავალს ელიან. აქედან 20 ტონას თავისთვის დაწურავენ და ნაწილს კერძო პირები იყიდიან. დარჩება 50 ტონა, რომლის რეალიზაციის პრობლემა მოსაგვარებელია. ქედის მუნიციპალიტეტის გარდა, წელს შუახევში გვაქვს 20 ტონამდე პირველი სრული მოსავალი ვაზის იმ ნერგებიდან, რომლებიც ჩვენ 2006-07 წლებში დავურიგეთ გლეხებს. აქედან 10 ტონა ყურძენი გასაყიდია, 10 ტონას კი თვითონ დაწურავენ. აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში საბჭოთა პერიოდის შემდეგ მევენახეობა იმდენად

დაკნინდა, რომ გასაყიდი ჩხავერი არავის აქვს. საერთო ჯამში, აჭარაში 60 ტონამდე ჩხავერის რეალიზაცია არის საჭირო. აქედან 7-8 ტონას „აჭარული ღვინის სახლი“ ჩაიბარებს, დანარჩენი მოსავლით კი ვცდილობთ, სხვა კომპანიებიც დავაინტერესოთ. ამ პროცესში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროც არის ჩართული“.

ლევან ბოლქვაძის თქმით, ჩხავერის რეალიზაციის პრობლემებს სამინისტრო  არ ელოდა, რადგან „აჭარული ღვინის სახლი“ წინა წელს გლეხებს მოსავლის სრულად ჩაბარებას დაპირდა. ამ დაპირების გამო გლეხებს წელს კერძო კლიენტები აღარ უძებნიათ.

„აჭარული ღვინის სახლის“ გენერალური დირექტორი, გიორგი ხუციშვილი „მარანთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კომპანიას აჭარის რეგიონის ჩხავერის მთელი მოსავლის ჩაბარება დაგეგმილი არ ჰქონია და არც მსგავსი დაპირება გაუცია: „მოსახლეობამ სწორად უნდა გაიგოს, რომ ჩვენი კომპანია არ არის ღვინის დიდი ქარხანა, რომელსაც შეუძლია ერთი ჯიშის ყურძნის დიდი რაოდენობით ჩაბარება. წელიწადში 10 ტონაზე მეტ ჩხავერს ჯერჯერობოთ არ ვიბარებთ. ჩვენი მთავარი საზრუნავი ახლა წინა წლების ღვინოების ნაშთის გაყიდვაა. 2010 წელს 7000 ბოთლი ჩამოვასხით და აქედან 2500 ბოთლი ჯერ კიდევ გასაყიდია. 2011 წლის მოსავლის ღვინო კი ბოთლებშიც არ ჩამოგვისხამს, ისევ რეზერვუარებში გვაქვს. შარშან ასევე დავწურეთ 7 ტონა ცოლიკოური, რომელიც ახლა შეგვაქვს ღვინის მაღაზიებში. ამ ნაშთების მიუხედავად, წელს 7-8 ტონა ჩხავერს მაინც ჩავიბარებთ. თუმცა, წინა წლების შეცდომების გამეორებას აღარ ვაპირებთ. წელს აღარ ვიყიდით დაბალშაქრიან ყურძენს, რომლისგანაც გასულ წლებში ხარისხიანი და სასურველი კონდიციების ღვინის დაყენება ძალიან გაგვიძნელდა. მაგალითად, შარშან აჭარაში დაკრეფილი ცოლიკოური იმდენად დაბალშაქრიანი იყო, იძულებული გავხდით, იმერეთიდან დამატებით ტკბილი ჩამოგვეტანა და კუპაჟი გაგვეკეთებინა. ფაქტობრივად, ორმაგი ხარჯი გავწიეთ, მაგრამ ასე რომ არ მოვქცეულიყავით, ღვინო ისეთი მჟავე გამოვიდოდა, მას არავინ დალევდა. გლეხებს ურჩევნიათ, მათგან ყურძენი ახლავე ვიყიდოთ, რადგან მას ახლა მეტი წონა აქვს. ჩვენ კი ჩხავერის დაკრეფას დეკემბრის მეორე კვირაში ვგეგმავთ, როცა ცოტა ყინვას დაარტყამს და ჩვენთვის სასურველი შაქრიანობა ექნება. მართალია, ამ დროს ყურძენი წონაში დაიკლებს და გლეხი იმდენ შემოსავალს ვერ მიიღებს, რამდენსაც ახლა, მაგრამ ჩვენ ჩვენი ინტერესი გვაქვს, რომელსაც ვერ გადავუხვევთ“.

ჩხავერი საგვიანო ჯიშია და ცნობილია, რომ მას ზამთრისპირზე, ზოგჯერ დეკემბრის ბოლოსაც კი კრეფენ. „აჭარული ღვინის სახლი“ წელს სასურველი კონდიციების ჩხავერის დაწურვას და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას გეგმავს. ასევე აპირებს, გაამრავალფეროვნოს საკუთარი ენოთეკა. ამიტომ ლეჩხუმში 1 ტონა უსახელოური, კახეთში კი (კერძოდ - მანავში) 1,5 ტონა მწვანე კახური შეიძინა და მომავალ წელს საცდელად „უსახელაურსა“ და „მანავის მწვანეს“ ჩამოასხამს.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტების კოორდინატორი, ღვინის კლუბის წევრი, რეზო გეთიაშვილი საზოგადოების აჭარელი მევენახეების თანადგომისკენ მოუწოდებს. „კარგი იქნებოდა, წარმოქმნილი პრობლემის მოგვარებაში ჩაერთონ ინიციატივიანი ადამიანები, ან კომპანიები, რომლებსაც ექნებათ სურვილი, შეიძინონ უნიკალური ჯიში - ჩხავერი და ამ გზით დაეხმარონ აჭარელ მევენახეებს. ამ გლეხების თანადგომა სამოქალაქო თანადგომის მართლაც კარგი მაგალითი იქნებოდა და ფაქტობრივად – საქველმოქმედო რთველი აჭარაში. წელს აჭარაში ჩხავერი კარგი ხარისხით გამოირჩევა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მქონდა ამ თემაზე საუბარი და მითხრეს, რომ თუკი ვინმე დიდი რაოდენობით შეიძენს ამ ყურძენს, სამინისტრო შეეცდება, ტრანსპორტირება გაუწიოს ყურძენს თბილისში ან საქართველოს სხვა რეგიონში“, - ამბობს რეზო გეთიაშვილი.

„მარანი“ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის გამგებელს როლანდ წითელაძესაც დაუკავშირდა. ამ სოფელში CENN-მა დაღვინის კლუბმა წელს ერთობლივი პილოტური პროექტი - „ჩხავერი მეწყერის წინააღმდეგ“ განახორციელა და მერისელ გლეხებს 1500 ძირი ჩხავერის ნერგი დაურიგა. როლანდ წითელაძის თქმით, ნერგების 95 პროცენტმა გაიხარა და მევენახეებს იმედი აქვს, რომ ჩხავერზე ინტერესი და ფასი არათუ დაიკლებს, არამედ კიდევ უფრო გაიზრდება.

„მერისში დაახლოებით 15-20 ტონა ჩხავერია გასაყიდი. შაქრიანობა გავზომეთ და 22%-ზე დაბლა არსად არ არის. კომპანია „კახეთის ტრადიციული მეღვინეობიდან“ იყვნენ ასევე წარმომადგენლები და თავიანთ ლაბორატორიაში წაიღეს ყურძნის მტევნები - უნდათ დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად ჩხავერია და არა სხვა ჯიში, ასევე შაქრიანობასაც გაზომავენ. ახლა აქ ყველა სხვა ჯიში დაკრეფილი და დაწურულია. მხოლოდ ჩხავერი დარჩა დასაკრეფი. „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“ გვპირდება, რომ თუ ხარისხი დააკმაყოფილებთ, მთლიანად წაიღებენ არსებულ მოსავალს“, - ამბობს როლანდ წითელაძე.

ლევან ბოლქვაძე ვარაუდობს, რომ წვიმიანი ამინდების შემდეგ ჩხავერის შაქრიანობა 22%-ს სავარაუდოდ აღარ ასცდება. ამიტომ რთვლის დეკემბერში დაგეგმვას აზრი არა აქვს. უმჯობესია, „აჭარულმა ღვინის სახლმა“ რთველი ძალიან არ გადადოს. მით უმეტეს, ბოლო ინფორმაციით, კომპანია „ასკანელი ძმების“ წარმომადგენლებმა ყურძენი მოიწონეს და თუკი გლეხებისთვის მათ მიერ შეთავაზებული ფასი (1 კგ ჩხავერში 2,5 ლარი) მისაღები აღმოჩნდა, შესაძლოა, პრობლემური 60 ტონა ჩხავერი მან მთლიანად შეიძინოს.

აჭარის მევენახეობა-მეღვინეობაში არსებული პრობლემები კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს მთავარი ამოცანა არა მევენახე-გლეხების სუბსიდირება, არამედ მათი ოჯახური მარნების განვითარების წახალისებაა. ვაზისა და ღვინის სამშობლოსთვის მართლაც პარადოქსული ვითარებაა, როცა მთელ რეგიონს სულ რაღაც 60 ტონა ძვირფასი ყურძნის გადამუშავება უჭირს. კარგი ჩანაფიქრია ქედაში ოდესღაც მოქმედი ღვინის ქარხნის განახლება, რაზეც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფიქრობს. თუმცა, ისიც დასაფიქრებელია, რომ ეს ქარხანა საბჭოთა პერიოდში 1000 ტონამდე ადგილობრივ ყურძენს გადაამუშავებდა. ამჟამად კი ამ რაოდენობის ყურძნის მოყვანა აჭარაში ოცნების სფეროა. 

© ღვინის კლუბი/Weekend



საინტერესო და პრობლემური სტატიაა. არ ვიცოდი, ჩხავერის ასეთი მცირე მოსავალი თუ მოდიოდა აჭარაში, ამიტომ, გლეხებს რომ გული არ აუცრუვდეთ, ყველა გზა უნდა მოინახოს მათ დასახმარებლად, როგორც მთავრობის, ასევე სხვების მიერ. არაფერი არ ვიცით ჯანის შესახებ, თითქოს მისი აღდგენაც მოხერხდა კარგი იქნება, თუ ამის თაობაზეც რაიმე დაიწერება. იქნებ "მარანის" პირველ გვერდზე დაბეჭდილი ფოტოც გამოიტანოთ (ავტორის მითითებით), ძალზე შთამბეჭდავია. წინასწარ გიხდით მადლობას. თამაზ ხიზანიშვილი.


ჯანის შესახებ ფორუმზე გვაქვს საუბარი. http://vinoge.com/forum/index.php?showtopic=78 "მარნისთვის" სტატიის დაწერა დროულია. უბრალოდ, ველოდები ერთ-ორ მევენახეს გურიაში, როგორ ღვინოს დააყენებენ. როგორც ვიცი, წელს დაწურეს პირველი მოსავალი. პირველი მოსავლისგან განსაკუთრებულ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ წინასწარ ინფორმაციას მივიღებთ.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.