Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

65 თეთრი საარჩევნო ხმებისთვის

გიორგი ჩოჩიშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა კვლავ იცრუა კახელებთან რთველის თაობაზე - ყველაფერი მშვენივრად მიმდინარეობს და გლეხები კმაყოფილები არიანო. ამ ტყუილის მთელი მასშტაბი თვალწინ დაგიდგებათ, თუკი კახეთის ნებისმიერ სოფელში გაივლით და მევენახე გლეხებს თავად დაელაპარაკებით.
   როცა, რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, შესასყიდი საფერავის ფასმა ღვინის ქარხნებში 1,70-1,80 ლარს მიაწია (ზოგან ორსაც კი), ბევრმა კახელმა გლეხმა მაშინ იწყო ამ უნიკალური ჯიშის ვაზის ჩაყრა, რადგან პერსპექტივა მართლაც საიმედო ჩანდა. ახლა ეს იმედი თანდათან, წლიდან წლამდე ილევა და ახლა, ფაქტობრივად, ნულამდეა დასული. შარშან 1 კილოგრამი საფერავი ღვინის ქარხნებმა 45 თეთრად ჩაიბარეს, პლუს 25 თეთრი კი სახელმწიფო სუბსიდია იყო. ეს 70 თეთრი ის ზღვარი გახლდათ, სადაც მევენახეს შეიძლება რაღაც თანხა მოეგო, ანდა ეზარალა. უფრო დაბალი ფასი კი მას სწრაფად დააყენებდა გაკოტრებისკენ მიმავალ გზაზე.
   იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს წლეულს ხუთიოდე თეთრი მაინც მოემატებინა ისედაც მწირი სახელმწიფო სუბსიდიისთვის (რაც მცირე იმედს მაინც გააჩენდა გლეხებში), პირიქით - წლეულს სწორედ ამდენი დააკლეს და ახლა მევენახე სულ 65 თეთრს იღებს ჩაბარებულ 1 კგ საფერავში. რქაწითელის ჯიშის ყურძენში კი სულაც 45 თეთრს, საიდანაც 20 თეთრი სახელმწიფო დახმარებაა.
   ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შემობრუნება მეგონა ნიკა გილაურის საზაფხულო განცხადება, რომ საფერავს ამ წლის რთვლობისას 1,5 ლარად ჩაიბარებდნენ. ეს, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, არა მხოლოდ მევენახეობის აღმავლობის დასაწყისი იქნებოდა, რადგან მევენახე გლეხს მარტო ყურძენი არ მოჰყავს.  მაგრამ დაპირებული ლარნახევარი ჩვეულებრივი და ტრადიციული სამთავრობო ბლეფი აღმოჩნდა, და გლეხები 65-თეთრიანი ალტერნატივის წინაშე დატოვეს, - თუ არ გინდათ, კისერიც გიტეხიათო. 65 თეთრი რომ ლარნახევარზე გაცილებით ნაკლებია, ეს მგონი, თვით ბაკურ კვეზერელმაც იცის.
   ეს ფასიც კი, შარშანდელთან შედარებით, გაცილებით უბარაქოა სოფლის მოსახლეობისათვის, რადგან ამ ერთ წელიწადში ტრადიციულად მკვეთრად გაძვირდა ტექნიკის მომსახურება, შხამქიმიკატები, და თითქოს ფარული, მაგრამ რეალურად გაჭენებული ინფლაციაც შეუბრალებლად "ჭამს" გლეხის ისედაც მწირ ბიუჯეტს.
   ჩემმა ახლობელმა მევენახემ, დღედაღამ ფუტკარივით მშრომელმა კაცმა, ჩემ თვალწინ დაიანგარიშა ვალები, ასაღები თანხის რაოდენობა (ყურძნის ჩაბარებისა და დაწურული ღვინის გაყიდვის შემდეგ) და სწორედ ნულოვანი ბალანსი მიიღო: მოსალოდნელი შემოსავალი სწორედ იმისთვის კმაროდა, რომ ვალები გაესტუმრებინა, მაგრამ რით უნდა ეცხოვრა მის ოჯახს მომავალ რთველამდე - ამ კითხვის გასწვრივ ბარაქიანი ნულის მეტი არაფერი ჩანდა.
   იქვე ახლოს ჩემი თვალით ვნახე 6 ჰექტარი საფერავის ვენახი, ანუ ყოფილი ვენახი, რომელიც მის იმედიან პატრონს 7 წლის წინ ჩაეყარა, მაგრამ შარშან, უკვე იმედგადაწურულს, ერთიანად გაეჩეხა და იმ ტერიტორიაზე ახლა ლამის კაცის სიმაღლე მყრალა ბალახი ჯეჯილობდა. ასეთია ჩვენი ხელისუფლების მართლაც მყრალი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა.
   გლეხები კახეთში აღარც კამათობენ ხელისუფლების ავკარგიანობაზე და არც ოპოზიციას ახსენებენ კეთილი სიტყვებით, რადგან მიაჩნიათ, რომ ბევრი მათგანი ფარულად ხელისუფლების ინტერესებს იცავს. სოფლად ხელისუფლების დასაყრდენი, ძირითადად, მხოლოდ სახელმწიფო ჯამაგირებზე მყოფი ხალხია.
   ჩვენთან საწვავზე ფასები მსოფლიო ბაზრის რყევების მიხედვით კი არ იცვლება, არამედ მის მონოპოლისტ შემომტანთა მადის კვალობაზე. ესოდენ საჭირო საწვავი, ძირითადად, შემოდგომასა და გაზაფხულზე ძვირდება ხოლმე, თითქოს განგებ, რომ გლეხს კიდევ უფრო მოუჭირონ ყელზე. ასეთი ვითარება სრულ უნისონშია ხელისუფლების პოლიტიკასთან. მთელმა საქართველომ იცის, ვინ არიან საწვავის მონოპოლისტ-იმოპორტიორები.
   თვითონ საფერავის ჩაბარება, ესეც უნდა ითქვას, მართლაც წყნარად, ყოველგვარი რიგების, ღამისთევისა და დავიდარაბის გარეშე მიმდინარეობდა და ახლაც ასეა, მაგრამ წლევანდელი რთველი სრულებით არ გახლდათ ქორწილი, როგორც ერთ სიმღერაშია, - იგი უფრო პანაშვიდს ჩამოგავდა. ღვინის კერძო ქარხნებს ხელისუფლება უწესებს შესასყიდი ყურძნის ფასებს და ავალებს კიდეც მათ შეძენას... სიტყვა "თავისუფალი" მათთვის ყველაზე საძულველი სიტყვაა და დღევანდელი მონოპოლიზმის თუ დიქტატის პირობებში ჩვენში თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბება წარმოუდგენელია.
   საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს სავენახე მიწების მეპატრონეების ცვლა. ამ მხრივ აქტიურობენ ღვინის ქარხნებიც. ერთმა 1000 ჰექტარიც კი იყიდა. დიდ-დიდ ვენახებს იძენენ ცნობილი ადამიანებიც. მაგალითად, ნინო ანანიაშვილმა, პაატა ბურჭულაძემ, სოსო პავლიაშვილმა, დაახლოებით, ას-ასი ჰექტარი ვენახი შეიძინეს, ბიძინა ივანიშვილმა - გაცილებით მეტი. ეს შეიძლება მოდის კარნახი იყოს (უცხოეთში ბევრი ცნობილი ადამიანი აწარმოებს საკუთარი დასახელების ღვინოს), კაპიტალის დაბანდების კარგი საშუალება, ანდა, უბრალოდ, "თვალსაჩინო მაგალითი". მაგრამ არის სხვა დიდი ვენახებიც, მაღალი ზღუდით შემოკრული და დაცვით გამაგრებული, რომელთა მეპატრონეების დადგენა ახლა ძალიან ძნელია, შეუძლებელი თუ არა. და ხალხი სამართლიანად ფიქრობს, რომ ეს ახალი მეპატრონეები ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან არიან, რომლებსაც ამ ეტაპზე ხელ არ აძლევს მოპარული ფულის სახალხოდ გამომზეურება. ვენახი იქით იყოს და თვით ყოვლისმცოდნე ტაქსის მძღოლებმა ვერ დაადგინეს, ვის ეკუთვნის გურჯაანის ცენტრში მდებარე მშვენიერი, სამსართულიანი სუპერმარკეტი.
   გლეხმა არ იცის, რისთვის არსებობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო სოფლისა და რაიონის ნაციონალი თავკაცების ერთადერთი საზრუნავი მათივე ოჯახები და ხელისუფლების სამსახურია. მოკლედ, საქართველოს ხელისუფლებას სრულებით აქვს გაწყვეტილი კავშირი გლეხობასთან, წელიწადში ორიოდე საპიარო აქციას თუ არ მივიღებთ მხედველობაში. "გაკოტრებული და მიწასთან გასწორებულია ყველა, ვინც კი ვაზისკენ გაიხედა", - პირდაპირ ასე მითხრეს სოფელში.
   ადრე მაინც იყო საინფორმაციო სამსახურები, რომლებიც სოფლის მოსახლეობას აწვდიდნენ საჭირო ცნობებს - რომელ კულტურაში იმ წელს რა ავადმყოფობა იყო მოსალოდნელი, სავარაუდოდ, როგორი იქნებოდა ბაზარი და რომელ პროდუქციას ექნებოდა უკეთესი მაზანდა და ა.შ. ეს სამსახურები გააუქმეს, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტრო დღესაც ისეა გლეხებისთვის, როგორც ყოველთვის - სფინქსივით დუმს. ის თითო ტომარა გვარჯილაც ისე მიუგდეს გლეხობას, როგორც მათხოვარს ოცთეთრიანი. თანაც, "მწყალობლებმა", ჩანს, გვარიანი ფულიც გააკეთეს. საქმე ისაა, რომ ტომარა გვარჯილის ფასმა 35 ლარი შეადგინა გაზაფხულზე, მეზობელ თურქეთში კი ამაზე ორჯერ ნაკლები ღირდა. მოკლედ, გლეხების დახმარების საბაბით ვიღაცამ ხელისუფლებიდან გვარიანად იხეირა სახელმწიფო ხარჯზე.
   თანაც, რას ეყოფა ერთი ტომარა გვარჯილა? ერთ ჰექტარს სულ ცოტა 250-300 კგ სჭირდება. მოკლედ, აუშენებიათ გლეხობა და ეგ არის... მართალია, ყველა სოფელს დაურიგეს თითო-თითო ჩინური ტრაქტორი, მაგრამ თითოგამოშვებით მანქანებს მისაბმელი არ ჰქონდათ - ორ სოფელს ერთიც ეყოფაო. რადგან ეს ტრაქტორები მთლიანი კომპლექტით იყიდება, გლეხები საფუძვლიან ეჭვს გამოთქვამენ, რომ ყოველი მეორე მისაბმელი ისევ მთავრობის ხალხმა მიაყიდა თავისი ჯიბის სასარგებლოდ. თან ტრაქტორებს მარაგნაწილები არ მოჰყვა და თუკი რამე გაუფუჭდა, კარგად იყავით - მთელი სეზონი იდგება იქაური ოჩანი ვირივით.
   დღევანდელობისათვის, ანუ ცივილიზაციის მოსურნე ქვეყნისთვის, მისი მოსახლეობის 50 პროცენტის სოფლად ცხოვრება ნონსენსია. მაგალითად, ამერიკაში ფერმერთა რიცხვი მოსახლეობის 5 პროცენტს არ აჭარბებს და მათ მოჰყავთ ქვეყნისთვის საჭიროზე ორჯერ მეტი საკვები პროდუქცია, ზოგიერთ კულტურაში კი 3-ჯერ მეტიც. ჩვენი ხელისუფლება და მის მიერ შექმნილი "ბაზარი" არავითარ ალტერნატივას არ სთავაზობს გაღარიბებულ გხლეხს - საქართველო, ფაქტობრივად, არაფერს აწარმოებს საკვები პროდუქტის გარდა, ისედაც საჭიროზე ოთხჯერ ნაკლებს. მთელი წარმოება ისედაც ჩაკლეს უაზრო და უსამართლო კანონებით და მუდმივი და მზარდი სახელმწიფო რეკეტით. ამიტომ, ჩვენი ექსპორტის "ლიდერი" მუდამ ჯართი და ხე-ტყეა, და კიდევ წიაღისეული. მთელი ქვეყანა კი ერთიანად ვაჭარი ვერ იქნება, რომელიც ნავთლუღში რაღაცას იყიდის და "დელისის" მეტროსთან გაყიდის. ჩვენთან შედარებით გიგანტურ თურქეთთან დადებული ნულოვანი სავაჭრო რეჟიმი კი ჩვენი სოფლის მეურნეობის ქვეშ დადებული უზარმაზარი ბომბია.
   ხელისუფლებას სოფლად მცხოვრები ხალხი, უკვე გითხარით, ცალ ფეხზე ჰკიდია და თითო ადამიანს თითო საარჩევნო ხმად აფასებს, თორემ საერთოდ იმ 65 თეთრსაც სანატრებლად გაუხდიდა. ხმები კი თვლითაა და ამიტომ ღვინის ქარხნებს აუკრძალეს იმათი ყურძნის ჩაბარება, ვისაც 10 ჰექტარზე მეტი ვენახი აქვს, ანუ მცირერიცხოვანი და შეძლებული ადამიანების მოსავლისა. თუმცა, ზოგიერთი მათგანი მაინც ახერხებს ყურძნის გასაღებას ქარხნებში. სამაგიეროდ, ხელისუფლება დამწვარი თითივით უფრთხილდება და ეფოფინება საარჩევნო ხმების მათთვის შემგროვებლებს: მაგალითად, გამგებლებსა და მათ მოადგილეებს, ანუ უსაქმურთა მთელ ბანდებს, რომლებსაც, სოფლის კვალობაზე, გრანდიოზულ ჯამაგირებს უხდის. ამ შემგროვებელთა ავანგარდში არიან სკოლების დირექტორები და ბევრი მასწავლებელიც. ადგილობრივი თვითმმართველობის მთელი მოვალეობა სწორედ ესაა და, კიდევ ვიტყვი, საკუთარ ოჯახებზე ზრუნვა. ძველი კოლმეურნეობის თავმჯდომარე რომ სანატრებელი გაგიხდება, რაღა უნდა ითქვას.
   მოკლედ, ამჟამად მიმდინარეობს უეჭველად საგულდაგულოდ ჩაფიქრებული პროცესი  - გლეხობა ტოვებს სოფელს და ყიდის ვენახებს. სოფელ კალაურის ერთ პატარა უბანში 10 გამოკეტილი სახლი დავითვალე. ახალი პლანტატორები კი მუშახელს ამჟამად შედარებით კარგად უხდიან და ადგილობრივებიდან ბევრი მიდის მათთან დაქირავებულ მუშახელად. მოჯამაგირეობა კი მეტი რაღა არის, ოღონდ თანამედროვე, ანუ ნაციონალური.
   ისიც ნათელია, რომ წვირგლეხური მეურნეობა ყველა შემთხვევაში უეჭველად წავა კლებისკენ, - ასეთია დღევანდელი რეალობა, მაგრამ ამ პროცესს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი მდინარება და არა ხელოვნური, ანუ ფაქტობრივად ძალადობრივი.
   სადაც ვიყავი, ანუ გურჯაანის რაიონში, ახლომახლო, ცხადია, სულ ვენახი იყო, და კიდევ სიმინდი და ატმის ბაღები. ხუთიოდე წლის წინ ოსები ჩამოდიოდნენ და ატამს, პირდაპირ მსხმოიარეს, 1,5 ლარად ყიდულობდნენ, ანუ თვითონვე კრეფდნენ და თვითონვე გაჰქონდათ. მაგრამ შემდეგ ორჯონიკიძისაკენ გზა სრულად ჩაიხერგა და ჩვენი გლეხებისათვის ეს სერიოზული შეღავათიც გაქრა. ბოლო ხანს მათ ერთგვარ მშველელად აზერბაიჯანელები გამოუჩნდნენ, რომლებსაც პარტნიორობას ხშირად სამეგრელოს მკვიდრნი უწევენ. საკმაოდ მოხერხებული გარიგებაა - ჩვენიანების კაპიტალი, აზერბაიჯანელების ტრანსპორტი და მათი ტერიტორიიდან რუსეთში ხილის გატანა: მოგეხსენებათ, რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშჩენკოს შლაგბაუმი მათთვის ღიაა.
   ჩვენი მეზობლები, ცხადია, იმათ აკითხავენ, ვისაც დიდი ბაღები აქვთ და ფასს, ვითარების კვალობაზე, საკმაოდ ნორმალურს უხდიან - 70 თეთრს კილოგრამში. უფრო მცირე ბაღების პატრონები კი იძულებულები არიან ხშირად ვედრო ატამი 2 ლარად გაყიდონ. ბევრი გლეხი ფიქრობს, რომ რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა ხელოვნურად არის გამოწვეული და ამაში ჩვენი ხელისუფლების განზრახვაც იკვეთება. 2006 წლის გაზაფხულამდე ჩვენი ღვინის ექსპორტმა 47 მილიონ ლიტრს მიაღწია, რუსული ემბარგოს შემდეგ კი 8 მლნ ლიტრამდე დაეცა, დღეს კი სულ 12 მლნ ლიტრს შეადგენს, ანუ 4-ჯერ ნაკლებს, მაშინდელთან შედარებით.
მოკლედ, ჩვენი სოფლის მოსახლეობა, ამ შემთხვევაში მევენახეები მყავს მხედველობაში, კვლავ უმძიმეს დღეშია და ვითარება უფრო მძიმდება. მაგრამ ბევრი მაინც ვერ ეშვება თავის ვენახს და მიწას, ჯიუტად აგრძელებენ მამაპაპურ ტრადიციას. ეტყობა, ამდენი კონტრზომების მიუხედავად, ეს აგიჟებს საქართველოს ხელისუფლებას და ახალ-ახალ გიჟურ გადაწყეტილებებს იღებს ამ ათასწლოვანი ეროვნული მემკვიდრეობის წინააღმდეგ.
 
© "რეზონანსი"


ძალიან კარგი თემაა ყველაფერი ღიად არის ნათქვამი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.