უკრაინელი მეღვინეები, მიუხედავად ომისა და იქ განვითარებული მოვლენებისა, ექსპორტის გაზრდას ცდილობენ. ევროკავშირიდან იკვლევენ, შეიძლება თუ არა ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან თანხების გამოყოფა უკრაინის რეკონსტრუქციისთვის, ეს იდეა კი უკრაინელი მეღვინეებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომლებზეც ძალიან იმოქმედა რუსეთის შეჭრამ: “ჩვენ ევროკომისიას გაყინული თანხების საკითხს ვუსვამთ.” - განუცხადა Decanter-ს ვოლოდიმირ კუჩერენკომ, Ukrvinprom-ის, უკრაინის ღვინის ინსტიტუტის დირექტორმა. ევროპული ღვინის სავაჭრო ორგანომ (CEEV) კი განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ამ ნაბიჯს, თუმცა ითქვა ისიც, რომ თანხების დიდი ნაწილი შეიძლება უფრო მეტად ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის იყოს საჭირო.
ღვინის საწარმოები და ვენახები ძირითადად ქვეყნის სამხრეთით და აღმოსავლეთითაა: “ჩვენთან ბევრი დაზიანებული ვენახი და მარანია მასიური სარაკეტო თავდასხმების გამო, ოკუპირებულია ზაპოროჟიის, მიკოლაივის, ხერსონისა და დონეცკის ოლქების ზოგიერთი ღვინის საწარმოც” - აღნიშნავს კუჩერენკო. მან დასძინა ისიც, რომ 2019 წლიდან ქვეყანაში ღვინის წარმოება და გაყიდვები შემცირებულია, 2019-2021 წლებში ღვინის წარმოება 18,6%-ით შემცირდა, ომის დაწყების შემდეგ კი სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა.
უკრაინული ღვინის საწარმოები ფრონტის ხაზზე
ვალერი ზავოროტნიმ, Olvia-ს და ტაიროვოს ღვინის საწარმოების ხელმძღვანელლმა თქვა, რომ 585 ჰექტარი, მისი ვენახების ნახევარზე მეტი, გასული წლის განმავლობაში დაზიანდა: “მატერიალური ზარალი მძიმეა, ბევრმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, ჩვენი 100 თანამშრომელი კი ომში იბრძვის.” - აღნიშნავს ზავოროტნი.
ხერსონის რეგიონში მდებარე ისტორიული პრინც ტრუბეცკოის ღვინის საწარმოს გენერალურმა მენეჯერმა ანდრიი სტრელეცმა თქვა, რომ რუსებმა 1 მლნ. დოლარის ღირებულების ღვინის კოლექცია გაძარცვეს, 32 000 ბოთლი ღვინო და შენობები კი დაბომბვის შედეგად განადგურდა: “ჩვენი მეღვინეობა მდინარე დნეპრის მარჯვენა მხარეს მდებარეობს, რომელიც ახლა თავისუფალია, თუმცა ამ დროისთვის ვერ ვახერხებთ იქ მისვლას და ზარალის სრულად შეფასებას, რადგან მდინარის მარცხენა სანაპირო რუსეთის ცეცხლის ქვეშაა.” - აღიშნავს სტრელეცი.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი უკრაინელი ღვინის მწარმოებელი ქვეყნის ჯარს ღვინითა და ბრენდით ამარაგებს, შიდა ბაზარი ძალიან დასუსტებულია, კომპანიები ექსპორტზე პროდუქციის გატანას ცდილობენ: “უკრაინაში ცქრიალა ღვინის 65%-ს ქალები მოიხმარდნენ, ახლა კი მილიონობით ქალმა დატოვა ქვეყანა” - ამბობს გიორგი იუკურიძე, “შაბოს” თანადამფუძნებელი, რომელიც 1200 ჰექტარს ფლობს შავი ზღვის პირას, სოფელ შაბოში: “საბედნიეროდ, ჩვენ მოვახერხეთ 105 000 ბოთლი ღვინის ექსპორტირება დანიაში და ვიმედოვნებთ, რომ წელს ამ რიცხვს მილიონ ბოთლამდე გავზრდით” - აღნიშნავს იგი.
უკრაინაში მიმდინარე ვითარების მიუხედავად, 2022 წელს მაინც მოახერხეს რთველის ჩატარება: “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო მოსავალი უკრაინის უახლეს ისტორიაში კლიმატის თვალსაზრისით, თითქოს ღმერთები გვეხმარებოდნენ.” - აღნიშნავს იუკურიძე. სტატიას უფრო ვრცლად Decanter-ზე გაეცნობით.
©ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი