ინგლისში, ქალაქ ლიდსის მახლობლად მდებარე ცნობილი სასახლის - ჰარვუდ ჰაუსის მარანში 1780 წლით დათარიღებული 10 ბოთლი რომი აღმოაჩინეს. ცხადია, რომი Christie's-ის აუქციონზე გაიტანეს გასაყიდად და რეკორდული თანხაც მოხსნეს.
სასახლის ამჟამინდელმა მფლობელმა, ჰარვუდის გრაფმა, ჯორჯ ლასელსმა განაცხადა: "დიდი ხანია, ამ ბოთლების არსებობის შესახებ ვიცი, თუმცა არასოდეს დავინტერესებულვარ, მზის შუქზე გამომეტანა"-ო. ექსპერტებმა თითო ბოთლი რომი 600-800 გირვანქა სტერლინგად შეაფასეს, თუმცა აუქციონზე ფასი ბევრად გაიზარდა და თითო ბოთლი რამდენიმე ათას გირვანქად გაიყიდა. საერთო ჯამში მფლობელმა 78, 255 გირვანქა სტერლინგი აიღო.
Christie's-ის აუქციონის ღვინის განყოფილების დირექტორმა დევიდ ელსვუდის თქმით, ასეთ გაცხარებულ ვაჭრობას თავადაც არ ელოდნენ. მანვე აღნიშნა, რომ Christie's-ის აუქციონზე ამაზე ძველი და ამაზე ძვირფასი რომი არასოდეს გამოუტანიათ.
ცნობისათვის, ჰარვუდების სასახლე XVIII საუკუნეშია აშენებული და დღეს დიდი ბრიტანეთის ისტორიულ-არქიტექტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ სასახლე კვლავ ჰარვუდების ოჯახის საკუთრებაა, ის ტურისტულ ღირსშესანიშნაობად არის გამოცხადებული.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი