Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"საბჭოთა წესი წარსულს უნდა ჩაბარდეს" - რეპორტაჟი გურჯაანიდან

რეპორტაჟი მოამზადა ქეთო ნინიძემ

ქ. გურჯაანში მიგვასწავლეს, რომ მევენახეებს, რომლებიც საპროტესტო აქციაში იღებდნენ მონაწილეობას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვნახავდით. გეზი სოფ. ჩუმლაყისკენ ავიღეთ. ვეძებდით უახლოეს მაღაზიას, ან საფიხვნოს - ე.წ. „ბირჟას“, სადაც ინფორმაცია ყველაზე კარგად იცვლება. აქ, სავარაუდოდ, აქციის მონაწილეებს მიგვასწავლიდნენ, ან, უბრალოდ, ადგილობრივ მევენახეებს შევხვდებოდით. ერთ-ერთ მოსახლესთან გავჩერდით, სადაც ყურძენი გასაყიდად გამოეტანათ. ეზოსთან შუახნის ათიოდე მამაკაცი იყო შეკრებილი. 

სოფ. ჩუმლაყის მკვიდრის, მევენახე ზალიკო ბერიაშვილის ეზოსთან შეკრებილ მევენახეებს ჩვენი მისვლის მიზეზი როცა გავაცანით, სიამოვნებით დაგვთანხმდენ, ესაუბრათ პრობლემებზე, რაც გურჯაანელ მევენახეებს დღეს ყველაზე მეტად აწუხებთ. მასპინძელი თავიდან საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი ჩვენთან საუბრისადმი. 

ზალიკო ბერიაშვილი: „თბილისში კახელი მევენახეების პრობლემები სინამდვილეში არავის არ აღელვებს. გუშინ წაიყვანეს აქედან რამდენიმე კაცი თბილისში, ვითომ, პრობლემებზე სასაუბროდ, მარა არა მგონია, ამ საქმეში რამე შეიცვალოს. მაინც ისე აკეთებენ ყველაფერს, როგორც თვითონ უნდათ... ყველაფრით უკმაყოფილო ვართ. შარშანდელთან შედარებით შეიძლება, რომ ფასები შევადაროთ? შხამ-ქიმიკატების ფასშიც ვერ გამოვდივართ.“

ზალიკო ბერიაშვილს აქ შეკრებილ თანასოფლელებს შორის, ყველაზე დიდი - 2 ჰა ვენახი აქვს, სადაც 0.7 საფერავის წილია, 0.3 - რქაწითელის. მისი წლევანდელი მოსავალი 9 ტ. საფერავსა და 10 ტ. რქაწითელს ითვლის.  ამიტომ აქ შეკრებილთა შორის ის ყველაზე დიდი პრობლემის წინაშე დგას. წლევანდელი კონიუნქტურით უკმაყოფილოა, თუმცა სხვა გამოსავალს ვერ ხედავს და აპირებს, რომ ყურძენი გადასამუშავებლად შესაბამის საწარმოს მიჰყიდოს. 

ბიძინა სამხარაძის აზრით, რომელიც ასევე, სოფ. ჩუმლაყის მკვიდრია, სახელმწიფო არა გლეხების, არამედ - კომპანიების ინტერესებს იცავს. ის ეხმარება ბიზნესმენს, საჭირო რაოდენობით ყურძენი მიიღოს, თუმცა, გლეხისთვის მიუღებელ ფასად.

„მევენახეები სჭირდებათ, რომ მათი საქმე არ დაზარალდეს“ - ამბობს ბიძინა სამხარაძე. მისი აზრით, სახელმწიფო მევენახეების ინტერესებს რომ იცავდეს, სუბსიდიას პირდაპირ მათზე გასცემდა იმის მიუხედავად, მიჰყიდიდნენ თუ არა ისინი საწარმოს ნედლეულს. ამ თანხით კი მევენახე საკუთარ ყურძენს დააბინავებდა.  

ბიძინა სამხარაძის თქმით, რთვლის საკოორდინაციო შტაბის ცხელ ხაზზე მათ პირდაპირ მიუთითებენ იმ კომპანიების შესახებ, სადაც ყურძენი უნდა მიიტანონ. „ეს, ვითომ იმის გამოა მოფიქრებული, რომ ერთ ქარხანასთან რიგები არ დადგეს, მაგრამ რიგები მაინც დგება.“ - დასძენს ის. 

სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი, გიორგი მამათელაშვილი თვლის, რომ სანამ ქართული ღვინის ექსპორტი შემცირებულია, ყურძნენზე მოთხოვნა დაბალი იქნება და გლეხები ძველ ფასად ყურძენს ვეღარ ჩააბარებენ. მისი აზრით, ეს ბუნებრივია. 

„თუ ბიზნესი უნდა განვითარდეს, ეს საბჭოთა წესი, ერთხელ და სამუდამოდ, წარსულს უნდა ჩაბარდეს, როცა მევენახე შეჰყურებდა სახელმწიფოს“ - აღნიშნავს ის. 

გიორგი მამათელაშვილის აზრით, ყველაფერი იქით მიდის, რომ მევენახე მეღვინეობას დაუბრუნდება. წელს თუ ის ცხადად დაინახავს, რომ ყურძნის მაღალი ფასის მოლოდინი ფუჭია, შესაძლოა, ეს კარგი პროცესების დასაწყისი აღმოჩნდეს, კახეთში საოჯახო მეღვინეობის განვითარების საფუძველი გახდეს. გიორგი მამათელაშვილს იქ შეკრებილი მევენახეებიც ეთანხმებიან. 

ზალიკო ბერიაშვილი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ მან საკმაოდ დიდი რაოდენობით ღვინის დაყენება სცადა, თუმცა დუღილის პროცესის გახანგრძლივების გამო ღვინოში მქროლავმა მოიმატა და დაძმარდა. მისი აზრით, რიგით მევენახეს არ აქვს შესაბამისი ცოდნა, რომ თავიდან აირიდოს მოსალოდნელი რისკები - ზადები და დაავადებები, ასევე, მან არ იცის, როგორ იპოვოს პოტენციური მყიდველი, რა ფორმით შესთავაზოს მას საკუთარი ღვინო. 

მევენახეების თქმით, ოჯახური ღვინის წარმოების განვითარების კიდევ ერთი და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია ბაზარზე ფალსიფიცირებული ღვინისადმი მაღალი მოთხოვნა და სანამ ეს პრობლემა ასე მწვავედ დგას მეღვინეობის სფეროს წინაშე, ოჯახური ღვინის წარმოებას, როგორც ბიზნესს, ისინი არარენტაბელურად განიხილავენ. 

ძირითად საკითხებზე - მოთხოვნა და მიწოდების შესაბამისობაზე, რუსეთის ბაზრის არასტაბილურობასა და ამ ბაზრისგან თანმიმდევრულად თავის დაღწევის აუცილებლობაზე - მევენახეები თანხმდებიან. 

ჩვენი მხრიდან საქართველოს ღვინის კლუბის საქმიანობისა და ახალი ღვინის ფესტივალის შესახებ ვუამბეთ. სმარტფონიდან დავათვალიერებინეთ ფესტივალის ფოტოები. მოვიწვიეთ კლუბის ლექციებზე ყოველ მეორე სამშაბათს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც რეგიონებიდან უკვე ბევრი მევენახე და ოჯახური მეღვინეობის წარმომადგენელი დადის ღვინის ცნობიერებისა და ცოდნის ასამაღლებლად.

მევენახეები დაგვპირდნენ, რომ სადეგუსტაციოდ გამოგზავნიან სანიმუშო ღვინოებს ახალი ღვინის ფესტივალზე, სადაც ოჯახური მარნებისთვის მონაწილეობა უფასოა. ბატონმა ზალიკომ კი თავისი 2014 წლის რქაწითელით ხელდამშვენებულები გამოგვიშვა. 

p.s. ზალიკო ბერიაშვილის წლევანდელი მოსავლის რქაწითელი, ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო იქნება 2015 წლის ახალი ღვინის ფესტივალზე. პოლიეთილენის ბოთლში ჩამოსხმულმა ღვინომ (2014), ბალახისა და ციტრუსის არომატებით, პიკანტური ტონებითა და საკმაოდ ხანგრძლივი დაბოლოებით, ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული