Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართველი მეღვინეები აქცენტს ბელორუსსა და ამერიკაზე აკეთებენ

 

რუსული ბაზრის დაბრუნებაზე მათ ხელი ჩაიქნიეს  

საქართველო ვაზისა და ღვინის კონგრესის ჩასატარებლად ემზადება. 33-ე მსოფლიო კონგრესი 2010 წლის ივნისში სიღნაღში გაიმართება.
 
საფრანგეთიდან ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებული სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით, საქართველოს კონგრესის ჩასატარებლად სავალდებულო 367 პუნქტიდან ძირითადი 86 უკვე შესრულებული აქვს. შესათანხმებელი მხოლოდ ტექნიკური საკითხებია. მინისტრი იმედოვნებს, რომ კონგრესის საქართველოში ჩატარება ქართული ღვინის პრესტიჟს გაზრდის. კონგრესის ფარგლებში საქართველოს 126 ქვეყნიდან 900 დელეგატი ესტუმრება.
 
კონგრესის საქართველოში ჩატარებამდე ქართველ მეღვინეებს პრობლემებთან მოუწევთ შეჭიდება. როგორც უკრაინული პრესა წერს, მათი ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში ჩაიძირა. მინიმუმ 7-8 მილიონ უკრაინელს უსამსახუროდ დარჩენა ემუქრება. პრობლემები ექნებათ იმათაც, ვინც სამსახურის შენარჩუნებას მოახერხებს. მათი შემოსავლები, განსაკუთრებით, ქვეყნის აღმოსავლეთ, ინდუსტრიულად განვითარებულ ნაწილში, სულ ცოტა 19-24%-ით შემცირდება. მომხმარებელთა რაოდენობამ უკრაინის რესტორნებში 40-45%-ით დაიკლო. მთლიანად ქვეყნის მასშტაბით 13-17%-ით არის შემცირებული სპირტიანი სამელების რეალიზაცია, ბუნებრივია, ქართული ღვინისთვის იქ თითქმის აღარავის ცხელა.
 
რუსული ემბარგოს შემდეგ, ქართული ღვინის ნავსაყუდელი უკრაინა გახდა. სწორედ უკრაინაზე მოდის ექსპორტზე გაყიდული ქართული ღვინოების 55%. 2008 წელს უკრაინელებმა 6 747 668 ბოთლი ქართული ღვინო შეიძინეს, 2007 წელთან შედარებით 10%-ზე მეტი.
 
2008 წელს სულ ექსპორტზე გავიდა 12 192 475 ბოთლი, რაც 2007 წლის გაყიდვებს 10%-ით აღემატება. უკრაინელების შემდეგ ქართული ღვინის სიყვარულით ყაზახები გამოირჩევიან. მართალია, ყაზახეთში შარშან 2007 წელთან შედარებით 496 270 ბოთლით ნაკლები, ანუ 1 017 070 ბოთლი ქართული ღვინო დაილია, მაგრამ ეს ქვეყანა მაინც მეორე ადგილზეა. სამაგიეროდ, 60%-ით გაიზარდა ექსპორტი ბელორუსში, სადაც 908 731 ბოთლია ათვისებული. გაყიდვები 51%-ით გაიზარდა ლატვიაშიც, სულ 869 909 ბოთლი. საექსპორტი ბაზრებში მეხუთე ადგილზე, 665 024 ბოთლით, პოლონეთი მოხვდა, შემდეგ არის აშშ - 542 346 ბოთლი, ესტონეთი – 314 955 ბოთლი, ლიტვა – 249 216 ბოთლი, ისრაელი – 156 651 ბოთლი, გერმანია - 146 740 ბოთლი.
 
ფაქტი ერთია: ქართულ კომპანიებს ალტერნატიული საექსპორტო ბაზრის მოძიება მოუწევთ. მეღვინეები აცხადებენ, რომ კრიზისის მიუხედავად, რეზერვი მაინც არსებობს ბელორუსთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, დიდ ბრიტანეთთან და გერმანიასთან. მეღვინეებს აშშ-ს იმედიც აქვთ. აშშ საექსპორტო ბაზრებს შორის მეექვსე ადგილზეა. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის გაფორმებას წინ სიეტლსა და ნიუ-იორკში ქართული ღვინის დღეები უსრწებდა. ღონისძიებიდან მობრუნებული ქართული დელეგაცია აშშ-ში ექსპორტის მაჩვენებლის გაორმაგებაზე ალაპარაკდა. რეალურად, ჯერჯერობით, არავინ იცის, რამდენად მოხერხდება ქართული ღვინით აშშ-ის ბაზრის დაპყრობა.
 
რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშჩენკო კი აცხადებს, რომ მიიღო ნიმუშები, რომლებიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაუგზავნა. „ეს ღვინო „როს პოტრებ ნადზორის“ ერთ-ერთ საცავში ინახება, მისი ნახვაც შეიძლება, ხელის მოკიდებაც და ექსკურსიების მოწყობაც, მაგრამ ყოველივე ეს ღვინის სერტიფიცირებასთან არავითარ კავშირში არ არის“ – აცხადებს რუსეთის მთავარი სანიტარი და დასძენს, რომ მის სამსახურში ასევე შევიდა წერილები ღვინის ქართველი მწარმოებლებისგან ღვინის მიწოდებაზე ნებართვის თხოვნით. „მათ პასუხი უკვე მოვუმზადეთ. პრინციპში, ეს თემა დახურული არ არის და მზად ვართ, გარკვეული პირობებით განვიხილოთ“ – აცხადებს ონიშენკო.
 
„საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიაში“ ონიშენკოს ნათქვამზე კომენტარს საერთოდ არ აკეთებენ. რაც შეეხება ქართველ მეღვინეებს, რუსეთის მთავარი სანიტარის განცხადება სარწმუნო არც მათი ნაწილისთვის აღმოჩნდა. როგორც „ქინძმარაულის მარანში“ ამბობენს, რუსული ბაზრის დაბრუნების მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს, რადგან ეს ბაზარი ქართული ღვინისთვის ფაქტიურად დაკეტილია და არც პერსპექტივა ჩანს.
 
ამიტომ, რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის და უკრაინულ ბაზარზე შექმნილი კრიზისული ფონის გათვალისწინებით, უმჯობესია მეღვინეებმა მუშაობა ალტერნატიული ქვეყნების მიმართულებით გააგრძელონ.
 
რადიო “კომეტსანტი”

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული