Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო ჩინეთის ბაზარზე

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული მარკეტინგული სტრატეგიის მიხედვით, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციის  პროცესში ჩინეთს ერთ-ერთი წამყვანი როლი ეკისრება. ზოგადად, ჩინეთი მსოფლიოში ღვინის ყველაზე მზარდი ბაზარია, მიუხედავად იმისა, რომ აქ ღვინის მოხმარებაში შიდა გაყიდვები, დაახლოებით, 20-ჯერ აღემატება ექსპორტის მაჩვენებელს. 2011 წლის მონაცემებით ჩინეთში ექსპორტირებული ღვინის მოცულობამ 245 მლნ, 2012-ში 272 მლნ, ხოლო 2013-ში კი -  288 მლნ ლიტრი.

სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს ხედვა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ქართული ღვინის პოპულარიზაცია ჩინეთში. შემუშავებულია მთელი რიგი ღონისძიებების ნუსხა, რაც 2015 წლის მანძილზე უნდა განხორციელდეს. ამ მიზნით საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური წარმომადგენელი, მაია ცქიტიშვილი ჩინეთის დედაქალაქშია მივლენილი სამთვიანი ვიზიტით, ადგილობრივ სამეცნიერო-კვლევით და მედია ცენტრებთან პარტნიორობის მიზნით.  

ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა პეკინში, კვებისა და ფერმენტაციის ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის  (CNRIFFI) ორგანიზებით, რომელსაც ესწრებოდნენ ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით აფციაური, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, მაია ცქიტიშვილი და ჩინეთში ქართული ღვინის დისტრიბუტორები. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯამეს 2014 წლის შედეგები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.  2014 წელს ჩინეთის ბაზარზე 1 205 898 ბოთლი ქართული ღვინო გავიდა, რაც 34 %-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს. წელს ღვინის ცნობადობის ამაღლების მიზნით გაცილებით ფართომასშტაბიანი ღონისძიებებია დაგეგმილი, რაც, დისტრიბუტორების ვარაუდით, ექსპორტის ხარისხს დამატებით, 30 %-ით გაზრდის. 

სულ ახლახანს, CNRIFFI-სა და ღვინის ეროვნული სააგენტოს პარტნიორობის ფარგლებში დაარსდა „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი“ (Georgian Wine Promotion Centre), რომელიც უკვე აქტიურად მუშაობს ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებაზე. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს Meiburg Wine Media-სთან, რომელიც მსოფლიოში ღვინის ცნობილი დიდოსტატის, დებრა მეიბურგის (MW) მედია ორგანიზაციას წარმოადგენს. მართალია, მეიბურგი მოღვაწეობს ჰონგ კონგში, მაგრამ მისი საქმიანობის არეალში მოიაზრება ჩინეთის რამდენიმე დიდი ქალაქი და შეიძლება ითქვას, რომ ეს ექსპერტი ჩინეთისა და ჰონგ კონგის ღვინის ბაზრების ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია.  

დებრა მეიბურგი გაუძღვება ქართული ღვინის შესახებ საგანმანათლებლო სემინარებს და სპეციალურ დეგუსტაციებს, სადაც ჩართულნი იქნებიან სომელიეები, ბაიერები, დისტრიბუტორები, მედიის წარმომადგენლები, სხვადასხვა კომერციული პირები ჩინეთიდან და ჰონგ კონგიდან. ამგვარი ღონისძიება მიმდინარე წლის განმავლობაში, სულ 6-ჯერ ჩატარდება პეკინში, შანხაისა და გუანჯოუში. 

ქართული ღვინოები ჩინეთსა და ჰონგ კონგში წარმოდგენილი იქნება ისეთ ფართომასშტაბიან ღონისძიებებზე, როგორებიცაა: Test Your Palate,  Hong Kong Restaurant and Bar Show, WineSPIT, The 15th China (Guangzhou) International Wine and Spirits Exhibitions (IWSE), 92nd Wine and Food expo Chengdu და სხვ.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანია ჩინეთში მოიცავს მთელ რიგ აქტივობებს - არამხოლოდ გამოფენებში, სემინარებსა და კონკურსებში მონაწილეობას, არამედ უფრო ღრმა და საფუძვლიანი ამოცანების განხორციელებას. ქართული ღვინის ისტორიისა და ახლანდელი მდგომარეობის, ასევე, ქართული ღვინის კომპანიების შესახებ მასალების მნიშნვლოვანი ნაწილის თარგმნას. ჩინურად ითარგმნება საქართველოს ღვინის კლუბის მიერ გამოცემული „ქართული ღვინის გზამკვლევის“ ბოლო გამოშვება (მალხაზ ხარბედიას „ღვინის გზამკვლევის“ პირველი ჩინური თარგმანი შესრულებულია 2012 წელს) მასალების დიდი ნაწილი განთავსდება ვებ-პორტალზე, რომელიც შეიქმნება სპეციალურად ჩინელი აუდიტორიისთვის და მუდმივად განახლდება. 

მედია კამპანიის ნაწილია China Geographic Tourism-ში სულ ახლახანს გამოქვეყნებული სტატიაც საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ და სპეციალური ღვინის ტურები საქართველოში, რომელიც 2015 წელს მოეწყობა ჩინეთიდან და ჰონგ კონგიდან მოწვეული ღვინის წამყვანი ჟურნალისტებისთვის. 

ქართული ღვინის ექსპორტირებას ჩინეთში ხელს უწყობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სარკინიგზო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარ-თებერვალში ამოქმედდა. საქართველო-ჩინეთს შორის სარკინიგზო ტვირთის პირდაპირი გადაზიდვები, რომელიც „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის ნაწილია, გაამარტივებს და უფრო მოქნილს გახდის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტს და ხელს შეუწყობს ახალი ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებას.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული